ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გატეხილი ზღვა | ნატა სოფრომაძის და ირინა სადჩიკოვას ფოტოპროექტი

2016 წელს ანტუან დაგატას ფოტო ვორქშოპზე, რომელიც უფრო ფსიქოლოგიურ ტრენინგს წააგავდა, გავიცანი ირა სადჩიკოვა, რომელმაც გადაწყვიტა სოხუმში ემოგზაურა ჩემი ბავშვობის მიხედვით.

მას ფირით უნდა გადაეღო ის ადგილები, რომელიც ჩემ მეხსიერებაში დღემდე არსებობს. ყველაზე მეტად მინდოდა დაეფიქსირებინა ჩემი სახლი, სადაც ვიზრდებოდი. ეზო, კალინინის ქუჩა, სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელიც დენდრო პარკთან მდებარეობდა.

შემდეგ ეს ფირები ირას ჩემთვის უნდა ჩამოეტანა ან გამოემგზავნა. გაუმჟღავნებელი, რა თქმა უნდა და ამავე ფირზე უნდა გადამეღო ჩემი ყოველდღიურობა. თავიდან ბოლომდე ბრმად მივყვებოდით და არ ვიცოდით რა კადრი რას დაედებოდა. ბევრი მოულოდნელი და სიმბოლური დამთხვევა აღმოვაჩინეთ და ვფიქრობ, რომ ეს აღმოჩენები და ეს დამთხვევები ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია ამ პროექტში.

მაგალითად, ირას მიერ სოხუმში გადაღებული ზღვის ხედი და ჩემ მიერ თბილისში გადაღებული ცეცხლი ისე გაერთიანდა ერთ ფოტოში, რომ საბოლოო ჯამში მივიღეთ აალებული ზღვა.

მე გადავიღე ჩემი შვილის პორტრეტი თბილისში, ირამ სოხუმში ჩემი სახლის ხედი და ეს ორი კადრი ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ თითქოს გუგა იგივე ასაკის, რაც მე ვიყავი დაახლოებით დგას სოხუმის სახლის ფონზე.

"გატეხილი ზღვა" დავარქვით მარტივად, რადგან ზღვა ორ ნაწილად გაიყო, ისევე როგორც ცხოვრება.