გაწყვეტილი სიმის ხმა | საუნდი ოპერის ენასა და სცენაზე
ბუტოს დასი „სანკაი ჯუკუ“, დადგმა „კუმკაიტის მარცვალი“,
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, 2017
„სცენა ერთხანს ცარიელია. გარედან ისმის, როგორ კეტავენ კარებს, დარაბებს, როგორ მიდიან ეტლები... შემდეგ სრული სიჩუმე დაისადგურებს. უცებ, შორიდან, გაწყვეტილი სიმის ხმა შემოიჭრება. იგი თითქოს მაღლიდან ეშვება – მწუხარე, ნაღვლიანი და თანდათან მიწყდება... მხოლოდ ცულის კაკუნი არღვევს სიჩუმეს და ისმის როგორ ჭრიან ალუბლის ხეებს“.
ეს ანტონ ჩეხოვის ბოლო პიესის, „ალუბლის ბაღის“ ბოლო რემარკაა. ტექსტი, რომელიც 1904 წელს, მწერლისა და დრამატურგის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწერა და რომელმაც მეოცე საუკუნის თეატრის მასშტაბი, მნიშვნელობა, კრიზისი თუ კარს მომდგარი აბსურდი აირეკლა და იწინასწარმეტყველა. სწორედ ეს სიმბოლური და ეული „გაწყვეტილი სიმის ხმა“ შეიძლება განვიხილოთ თანამედროვე მუსიკალური თეატრის უმთავრეს ჟღერადობად.
თუმცა, დავიწყოთ თავიდან.
ჯერ კიდევ ძველბერძნული დიონისური დღესასწაულებიდან მოყო