Geoff Presha – Way of The Samurai
Geoff Presha, იგივე DJ Presha-ს ისტორია 90-იან წლებიდან იწყება, პირველი სამსახურით ერთ-ერთ ზელანდიურ კლუბში - რეზიდენტად. თვითონ იხსენებს, რომ მაშინ Drum ‘n Bass მისთვის სრულიად უცხო მუსიკა იყო და კლუბში ძირითადად ჰაუს და ტექნოს უკრავდა. მერე Goldie-ს ჩანაწერებს გადააწყდა - და მთელი დანარჩენი სამყარო Samurai Music-ის შექმნას სწორედ ამ ბედნიერ შემთხვევას უნდა უმადლოდეს.
პატიოსნება, სიმამაცე, პატივისცემა, ერთგულება, ღირსება, სიკეთე, სიბრძნე - ბუშიდო, სამურაების ღირსების კოდექსია. ცნებები, რომლებიც მათ ცხოვრების გზას კარნახობს - „ეს კონსტრუქტები დღესაც მოქმედებენ ჩვენზე. მხოლოდ ეს სიტყვები უკვე ამბობენ მთელ სათქმელს.“ Geoff Presha-ს Samurai Music-ის უკან სამი ლეიბლი დგას - ელექტონული მუსიკის სამყაროში Drum ‘n Bass-ის საუკეთესო პლატფორმა.
Presha-ს პირველი ლეიბლი Subtronix Recordings იყო, რომელსაც ის ჯერ კიდევ 90-იან წლებში ხელმძღვანელობდა. Subtronix-ის, ისევე როგორ Samurai-ის სერიაში შესული ლეიბლების ძირითადი მიზანი ახალი ზელანდიის მუსიკალური სცენის ათვისება იყო. თუმცა, მოგვიანებით მასშტაბი გაიზარდა და Presha ლეიბლებიც საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.
რთულია გამოიცნო რა იმალება Horo-ს ქოლგის ქვეშ - იმ უკიდურესი მინიმალიზმის და შემოქმედებითი ექსპერიმენტების მიღმა. Samurai Horo-ს რელიზებზე ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ეს მუსიკა არც არის და საქმე ხელოვნების რაღაც სხვა ფორმასთან გვაქვს. ლეიბლის ბოსი აღიარებს, რომ მისი მიზანი მუსიკალური საზღვრების პერიფერიებში დაფანტული კონცეფციების ვინილზე გადატანაა, ამიტომ "ნაცრისფერი მუსიკა" მისგან არც მომავალში უნდა გაგვიკვირდეს. Drum ‘n Bass-ის უფრო ღრმა, უფრო კონცეპტუალური ხასიათისთვის კი არსებობს Samurai Red Seal, სადაც, ისეთ არტისტებს ვიპოვით, როგორებიც არიან ASC, Tokyo Prose, Indigo, Ena და ა.შ.
Samurai Music-ის მართვის პარალელურად DJ Presha მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკრავს და მისი სეტები ყოველთვის ახალ ზელანდიელი დიჯეის მუსიკალურ იდეოლოგიას გამოხატავს. „სამწუხაროდ, სცენა პროდუსერებზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე დიჯეებზე. დიჯეისთვის მუსიკის წერა აუცილებელი სულ არ არის. მუსიკას მაშინ კი არ უნდა წერდე, როცა გინდა სადმე მიგიწვიონ დასაკრავად, არამედ მაშინ, როდესაც შემოქმედებითი ენერგია მოითხოვს ამას.”
DJ Presha 14 მაისს, კლუბში "მტკვარზე" დაუკრავს.