გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბაში-აჩუკი ჩემო სამშობლო მხარეო

შენთვის სიცოცხლე მაღირსა | გიორგი ჭკადუა

♪ ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო ♪

ვცეკვავთ. რა კარგია, რომ არ იწვიმა. ან შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, ეწვიმა. ბოლომდე ჩავკარგულიყავით.

♪ ცრემლით გადანამულო, ჩემო სამშობლო მხარეო ♪

სიბნელეა და სცენიდან მოფენილი სინათლე მხოლოდ ცისკენ აღმართულ ხელებს აციმციმებს. ზურგიდანაც საოცარი სანახავია. ვფიქრობ - ესაა ალბათ სამშობლო. ერთი სიმღერის მომღერალი, მომღიმარი, მომდინარი მთლიანობა, სადაც აწეული ხელები ათითოებს, ხოლო ერთმანეთზე მიბჯენილი მხრები ამთლიანებს, თითო-თითოს კრეფს და შეკრებს ერთს. ნუ დაგიკარგავს იმედი, შენი მზისა და მთვარისა. აგერ ვართ ხალხი და გიმღერით. ჩემო სამშობლო მხარეო. შენთვის სიკვდილი მაღირსა.

და ვჩერდები. მუხლები მიშეშდება, ლისის წებოვან მიწაში. ჭაობებში შეხვედრილი გაუგებარი ლერწმებივით, ფუტურო და უსულო, უსახსრო ხდება ჩემი ფეხები. ცა შავია და ხმელეთი წებოვანი. და მახსენდება ყველა სიკვდილი, რომელიც შემემთხვა, ან თითქმის შეგვემთხვა. მარშუტკებიდან მომდინარე სისხლი. ჩიტაძის, ჭიჭინაძის, ჯორჯაძის, ფურცელაძის, ჭანტურიას ქუჩები - ამ სადარბაზოში ხომ არ შევვარდე. ქვაფენილზე არ წავიქცე. ვერ ვსუნთქავ. იმ სადარბაზოში შეიძლება. არა, გუშინ ჩასაფრებები იყო. ხელი არ გამიშვა. წვა გაივლის. არ გეგონოს, რომ იგუდები. გაივლის. ნუ გეშინია.

ნუ გეშინია, პროფესიონალები არიან, ისე გცემენ რომ არ მოკვდე.

იუსტიცია. გადაკეტილ გზაზე შემოვარდნილი მანქანა. გადამარჩინე, გამიტანდა. მართლა გამიტანდა.

მზია. შეწყვიტოს. ცოცხალი გვჭირდება.

მსხვერპლი გვჭირდება. უნდა ჩაეკიროს. გმირი გახდება, საუკუნო მსხვერპლი.

სიკვდილი გვჭირდება.

სიკვდილი მაღირსა.

რა ჯანდაბას ვმღერით. ნინი, რა ჯანდაბაზე ვცეკვავთ? ვეუბნები და ვიხედები გვერდით. ნინის მუხლებიც ლერწმებია. ისიც იქ არის. იქ. იუსტიციასთან რომ მკრა ხელი და მანქანას გამოაცალა ჩემი თავი.

ცისკენ აწეული ხელები, ხტუნვა და ხტუნვისას მიხეთქილი მხრები ერთმანეთზე, ერთი ხალხი, კისკისი, სიცილი, სიკვდილი, სიკვდილს ნატრობენ. და იმ მუსიკოსსაც უხარია, თავს აქნევს, თმებს იქნევს და ხალხს აცეკვებს.

ქალი ბარიკადებზე დროშით ხელში. ეროვნულობის და ნაციონალიზმის კონტექსტი. დროშააწეული ქალი რობოკოპების წინ წყლის ჭავლით ილუმპება. საფრანგეთის რევოლუცია და ფრანგობის იდეა. ქალი ბარიკადებზე, რომელიც გვერდით იხედება და უყურებს ხალხს. იქ, იმ მომენტში ეს ხალხი უკვე ფრანგი ხალხია. იქამდე ფრანგი, როგორც ხალხი, არარსებულია. ახლა კი ქალის გვერდით შეტრიალებული კისერი და მზერა მის თანამემამულეს ეცემა აღმართული მხრის ზემოდან. აქამდე თანამემამულე მხოლოდ გვერდით მცხოვრებს ნიშნავს. ხოლო აღმართულ ხელს მხოლოდ შენი მამულის მფლობელის ბაირაღი უჭირავს. ეს ბაირაღი კონკრეტულია. იმხელა მიწას აღნიშნავს, რამხელასაც ფეხით მოივლი, ცხენით - მით უფრო. ეკუთვნის ჰერცოგს, იმ გვარს, რომლის მიწაზეც, რომლის მამულზეც, ანუ მიწა-წყალზე, ცხოვრობ. შენ გლეხი ხარ.

- მოურავო, როდის მოხველ?
- წუხელის უდროოდ სოფლიდგან გიახელ. თქვენთან დრო არ იყო, გხლებოდით, ჩემს სახლში ჩემს ხიზანთან გახლდით, - მოახსენა.
- შენი ხიზანი ნაკლებობაში ხომ არ დაგხვდა?
- თქვენ ცოცხალი ბრძანდებოდეთ... თქვენს მოწყალებით ჩვენს დღეში ნაკლებობაში არ ვიქნებით.

ჰყვება ალექსანდრე ორბელიანი ტექსტში „ჩვენი ძველი სახლეულობანი“.

ალექსანდრე ორბელიანის მიხედვით, ღვთის მიერ დაწესებული წესრიგია ის, სადაც გლეხი უნდა შრომობდეს მამულისთვის, რომელიც ეკუთვნის ბატონს. ბატონია პატრონი და მშობელი, ღმერთი და მცველი ქვეყნისა, მამულისა; და მიწაზე დაბმულ გლეხს თვალუწვდენელი და უკიდეგანოც კი ეჩვენება ეს მამული. და შეიძლება მხოლოდ სმენია, რომ ამ მამულის იქით სხვისი მამულია, იმ მამულის იქით კიდევ სხვა მამული, და იქით ქედია და ქედის იქეთ არიან იმერლები, გურულები, მეგრელები. მწევრებზე გადაცვლილი გლეხები. მლაშე და ნესტიანი ჰაერი და საოსმალოში გაყიდულები. შეიძლება უკეთეს ბედზეც გაყიდულები. ზოგიც გაქცეული. გლეხობას გაქცეული. თავისი ნებით გამხდარი მონა.

ქართველს რომ დაიძახებ, მხოლოდ ქართლელი გამოგხედავს.

ჰოდა, შესაქმნელი იყო, მოსაგონარი და გამოსაგონებელი. როგორც ფრანგობა საფრანგეთში, ისე ქართველობა საქართველოში. მამული უნდა გადიდებულიყო, ადიდებულიყო და გადასულიყო გვერდითა სოფელში, იქიდან მეორე სოფელში, იქიდან ქედზე აბობღებულიყო და იმერში გადაზვირთებულიყო, შეერთებოდა ზღვას.

ილია ერის მამა შეიძლება სწორედ ამიტომაც იყოს, რომ მამულის იდეას ფეოდალური საზღვრები დაუნგრია. „მამულს მიგცა ზეცამა“ - წერს ილია და ამატებს, რომ თავად სისხლი, რომელიც ძარღვებში გაქვს, მამულისგანაა.

ამ შემთხვევაში, ტერიტორიას, რომელიც ფეოდალური აღქმით ძალიან კონკრეტული იყო, საკრალურ, ფართო იდეად გარდაქმნის და უტოლებს ხალხს, წინაპრებს. ის 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, ბერი ფილადელფოს კიკნაძის მამულის წმინდა იდეას სრულყოფს. ფილადელფოსი მამულის შესახებ წერისას განზრახ იყენებდა საღვთო ენას.

საკრალური არსება კი ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს:

მამულს მიგცა ზეცამა
და თუ ზედ დააკვდები,
ნუგეშ იცეს დედამა,
რომ კაცი კაცად ჰკვდები.
…

ვისაც ძე არ შეუკლავს,
როს მამულს სჭირებია,
შვილო, იმ ვაგლახ დედას
შვილი არ ჰყვარებია!

ილიას ლექსი „ნანა“ კი ამ სიტყვებით მთავრდება:

ნანა, მამულის მსხვერპლო,
პაწაწინა ქართველო!

მამულისათვის ჰეროიკული თავგანწირვა რომანტიკული იდეაა და მას თავისი ისტორიული ადგილი აქვს. ეს ჰეროიზმი ცოცხლდება მაშინ, „როს მამულს სჭირებია“.

თუმცა, რა ხდება, როცა ჰეროიკული რომანტიზმი მოდერნულ რეალიზმად არ გარდაიქმნება? როცა ნიკო ნიკოლაძის „მამულის სიყვარული და მსახურება“ უკანა პლანზე იწევს? როცა მამული მსხვერპლით ვერ ძღება და იმ გველეშაპს ემსგავსება, ზღაპრებში რომ 100 ქალს და 100 ვაჟს სანსლავდა, და რომელსაც ბოლოს წმინდა გიორგი ამარცხებდა.

რა ხდება და მამულის სიყვარული გულწრფელ და საზეპირო სიყვარულად იქცევა.

იდგა სიბნელეში 1000 ქალი და 1000 ვაჟი, ხტუნავდა და ცისკენ აშვერილი ხელებით ღმერთს შესთხოვდა, სამშობლოს სთხოვდა, შენთვის სიკვდილი მაღირსაო.

სამშობლო გველეშაპიაო, რომლისთვისაც მხოლოდ სიკვდილი შეიძლება.

შეხედეთ თქვენს შვილებს, ან პაწაწინა ნათესავებს, თუნდაც ბავშვებს ქუჩაში შეხედეთ. წარმოიდგინეთ, რომ ხელში არწევთ და უმღერით:

♪ მამულის მსხვერპლო, ნანა. მამულის მსხვერპლო, ნანააა ა-ა-ა, ნანააა ა-ა-ა ♪

ეს ილიას ბრალი არ არის. არც ბარათაშვილის ბრალია, რომ დღემდე განწირულის სულისკვეთება გვგონია ცხოვრების მამოძრავებელი ენერგია. დაბადებიდანვე განწირულიაო პაწაწინა ქართველი. ბრალი ჩვენი, რომ ასე გვესმის. და ასე რომ გვესმის, ეს ჩვენი ისტორიის შედეგია. იმისიც, რომ არასდროს ეყო მამულს მსხვერპლი და მსხერპლშეწირვა დღემდე აქტუალურია. იმისიც, რომ სტალინიზმის პერიოდში ილია ქართული ნაციონალიზმის მთავარ შემოქმედად, ოღონდ მხოლოდ რომანტიკული ეროვნული იდეების საბჭოური ტრანსფორმაციის გამგრძელებლად შემოგვასაღეს. რომ „მომავალი ჩვენი“ არასდროს არ იქნება, რადგან მომავალი იდეალური უნდა იყოს, ის უნდა იყოს კომუნისტური, უნაკლო, და უნდა იყოს არასდროს.

აწმყოში მხოლოდ სიკვდილი გვქონდეს და წარსული საწვავად, რომელსაც თავზე გადავისხამთ და თვალებიდან გადმოცვენილი ნაპერწკალი აგვაალებს.

პირდაპირი მნიშვნელობით დაგვფერფლავს. ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი აუტანელ აწმყოში ზამირ კვეკვესკირისთვის. რადგან გველეშაპს არ ეყო სხვა ყველაფერი - 9 აპრილი, სამაჩაბლო, აფხაზეთი და მერე ერთმანეთი.

დედა, დეეეედა, დე, გამომხედე. დე, წავიკითხე ეს მოთხრობა და არსად შემხვდა ის სიმღერა. აი, ის სიმღერა შარშანდელ ზეიმზე მუსიკის მასწავლებელი რომ მამღერებდა პოლისჯოხზე შემომჯდარს. საერთოდ არ ყოფილა ეს სიმღერა აქ.

სინამდვილეში სამშობლომ ცვლილება მოახერხა, ოღონდ ჩვენ არ დაგვამახსოვრდა. ინტუიუციურად ვგრძნობთ, მაგრამ მყარი საყრდენის შექმნა არ გამოგვდის. თავი უნდა გადადოო, ამბობენ. უნდა შეეწირო სამშობლოს, ისე, აბა როგორ. ამ სტატიასაც რომ ვწერ, თან უნდა მახსოვდეს, რომ სერგეი მესხი „დროებას“ რომ წერდა, თან სიცივისგან გათოშილ ხელებს შიგადაშიგ იორთქლებდა. რომ ამ გაზეთს შესწირა მთელი ქონება. რომ ფილტვები რკინის მტვრით აივსო. თითქმის იგივე არ დაემართა ივანე კერესელიძეს? „კერესელიძის ცნობის ფურცელი“ აბა, როგორ შეიქმნებოდა? გველეშაპს ჭამა ხომ უნდა?! და იმ ბავშვებს, დიუშენით დაავადებლთათვის ფული რომ აგროვეს, სოფელ-სოფელ იარეს, ღამეები არ ეძინათ, რა ეგონათ?! დაიცავი ილიაუნიო, ჰქვიათ და ალბათ იმ ამბის მერე რაღაც დღეებში სძინავთ კიდეც. შეიძლება შუალედურებისთვისაც კი ემზადებოდნენ. ქირის ფულისთვის მუშაობდნენ კიდევაც იქნებ. ვერა, ვერ შედგნენ სამშობლოს გუშაგებად.

სინამდვილეში ინტუიცია მართალია, მაგრამ მეხსიერებით ვერ ვამაგრებთ. წარსულს მხოლოდ გველეშაპი იყენებს, აწმყოში რომ შეგვსანსლოს, მომავლისთვის, რომელსაც ვერ მოვესწრებით. აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია, ოღონდ მთლად შენი კი არაა. აი, მომავალი თაობის.

ოღონდ ეს მომავალი თაობაც შენი შვილიც კი არაა. აი, შვილის შვილი, ან კიდევ იმისი შვილი. შთამომავლობა. წინაპრები და შთამომავლობა. ორი აბსტრაქცია. წარსული და მომავალი, ვერც ერთ აწმყოში რომ ვერ ხვდებიან ერთმანეთს.

თვალებს ვხუჭავ ხოლმე და წარმოვიდგენ, თითქოს ის ადამიანი ვარ, ვინც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნას მოესწრო, თბილისში ჩამოვიდა, აქ მუშების გაფიცვები და დემონსტრაციები ნახა, ნახა პროკლამაციები და არა მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ უფლებებისთვისაც, გველეშაპის წინააღმდეგ. როგორ გაიზარდა და სოფელ-სოფელ შეიქმნა თვითორგანიზებული ერთობები, ერობები და მოესწრო იმასაც, როგორ გზავნიდნენ ამავე სოფლებიდან თითო წყვილ წინდას გასაყიდად, უნივერსიტეტის აშენებისთვის. ნახა რესპუბლიკა.

1918 წელს გაზეთ „ერთობაში“ წაიკითხა: ჩვენ დღეს შეგვიძლია შევიდეთ ევროპის ხალხთა შორის პირდაპირ, უშუამდგომლოთ, - ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ და ამ გზას არასოდეს არ მოვშორდებით.

1920-ში კი: გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი, მთელმა ევროპამ განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება კეთილი იყოს მობრძანება და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი „ევროპიელი“.

ოღონდ არ მაცდის გონება. მიჩიჩხინებს. გაიხსენე 1905 წლის რევოლუციის მცდელობა და რეპრესიები. გაიხსენე რესპუბლიკის ბრძოლა ოსეთში, აფხაზეთში. სასაზღვრო ბრძოლები სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. თავდაცვითი ბრძოლები თურქებთან. გაიხსენე, ხელახალი ოკუპაცია. გაიხსენე გველეშაპი. გველეშაპი, რომელიც 1924 წლიდან გაძლიერებულ კვებაზე გადავიყვანეთ. ისე გავასუქეთ და მოვაძლიერეთ, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტებაც დავამარცხებინეთ. მელინტონ ქანთარიავ, რაიხსტაგზე წითელი ბაირაღის ამწევო, ჩვენო სიამაყევ.

1930-იან წლებში პეტრე ოცხელის მიერ დახატული და ჩაცმული მსახიობები თამაშობენ სიმონ მთვარაძის სპექტაკლში „სურამის ციხეს“. სპექტაკლი იდგმება ყველა ქალაქში. 1859 წელს დაბეჭდილი მოთხრობა კომუნისტურ დროში ხელახლა და სულ სხვა მნიშვნელობით იბადება. 1941 წელს დადგმა მიაქვთ მოსკოვში. ცხადია, 37-ში დახვრეტილი ოცხელის გვარის გარეშე, მაგრამ მისი კოსტიუმებით. ჯერ საქართველომ უნდა გაიხსენოს და შემდეგ მთელმა საბჭოეთმა, რომ მამულისთვის, სამამულოდ, ჩავეკირებით კედელში.

ოღონდ პარალელურად, ნიკო ლორთქიფანიძე 1939-1944 წლებში წერს მოთხრობას „ქედუხრელნი“ - ისიც „სურამის ციხის“ ინტერპრეტაციას. აქ მსხვერპლს ხალხი გამოიხსნის კედლიდან. მიხვდებიან, რომ ამ ციხეს გველეშაპი აშენებს თავად, თავად ეს ხალხი უნდა გამოკეტოს შიგნით და ნელ-ნელა შესანსლოს. მშვიდობის სახელით.

- მეფე რომ ჩვენსავე ხალხს აპატიმრებს, ჩვენი მტრის „ხელმწიფის ფეხთა მტვერს“ ეძახის თავს, არ გვზოგავს... თუ მასვე ექნება ციხე, უფრო არ გაზვიადდება და უფრო არ დაგვჩაგრავს.
- დროებით... გარეშე მტერს მაინც მოვიშორებთ... მეფეს ჩვენვე გავუსწორდებით. დამშვიდებული ქვეყანა გასწორდება წელში, მოიცემს ძალას და მეფესაც თავის ადგილს უჩვენებს.

და იწყება ჩაკირვა. სადამდის დედი? მუხლამდის დედი. ასხამენ კირს. ნელა და ფრთხილად. სადამდის დედი? წელამდის დედი. იწელება. ჭიანურდება. გაუსაძლისია.

- ასეთი არც ციხე მინდა და არც ტახტი! - წამოცდა ვიღაც მანდილოსანს.
- შვილო, ზურაბ, სადამდის? - ძლივს ჩაიკვნესა დედამ.
- ვაიმე დედა პირ... - სიტყვა არ გაეთავებია ზურაბს, რომ მოისმა გამყინავი ხმის მთელის ძალით ყვირილი:
- გაჩერდით ხალხო! რას შვებით, რამ გადაგრიათ?

კალატოზები გაშეშდენ, დედა შემობრუნდა და გაქვავდა. სიჩუმე დააწვა სულიერსა და უსულოს.

დიდი ხუროთმოძღვარი, რომელიც ამ არეულობის დროს ჯამბაზსა და დარაჯებს ამოეყვანათ, საპატიმროს კოშკიდან ყვიროდა:

- ვინც თქვენთვის თავს სდებს, მას ჰქოლავთ?! ძველს თქმულებას აზრათ ჰქონდა, უეჭველად გამოეცადა, არის თუ არა ქვეყნისათვის თავდადებული, თორემ ნამდვილი ჩაკირვა ვის სჭირდება?! ეს გადმოცემა დაივიწყა კიდეც ხალხმა, როგორც ველური, და ახლა გინდათ ისევ აღადგინოთ?!

თუ ერთი ადამიანი მაინც არის მზად, რომ სამშობლოსთვის თავი გაწიროს, მაშინ სიმაგრე უკვე აშენებულია, თავად ხალხია სიმაგრე, უძლეველი, ქედუხრელი ხალხი - დაიყვირებს კაცი მოთხრობაში და გაჩაღდება ბრძოლა მეფის წინააღმდეგ - გველეშაპის წინააღმდეგ.

ლორთქიფანიძის მოთხრობის გააზრება დღევანდელობასთან მიმართებით ორგვარია. პირველ რიგში, მცდარია მოსაზრება, თითქოს მშვიდობის სახელით დიქტატორი უნდა დაითმინო. მეორე რიგში კი მსხვერპლი, ადამიანის სიკვდილი, საჭირო არ არის გამარჯვებისთვის. ხანრგძლივი გამარჯვება მხოლოდ ერთობამ შეიძლება მოიტანოს. სიცოცხლისთვის შეკრებილმა ერთობამ, რომელიც სისხლით და დანაშაულით კი არ შეწებდება, არამედ - ერთმანეთის იმედით.

ამ ერთობის გარეშე კი თითოეულ ადამიანს მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ სანამ სხვას ჭამს გველეშაპი, შენ ცოცხალი ხარ. იქნებ, კარგა ხანს არ შეგჭამოს და მოასწრო ცხოვრება. ან იქნებ, გველეშაპს ამოუდგე გვერდით - თანამშრომელი ვარ - თქვა და გველეშაპის მორჩენილი საჭმლით იკვებო.

ხან თითები შეგვხდეს, ხან წვივები, თუ გაგიმართლა - გულ-ღვიძლი. კაი, კაი, ყაურმა. იფ. და ვერ ხვდებოდე, რომ გველეშაპმა კარგად ჩაგასუქა, საახალწლოდ რომ წაგაგდებინოს თავი.

ამ გველეშაპის დამარცხებით იწყება აკაკის „ბაში-აჩუკი“. სიზმარი, რომელშიც სამ მებრძოლს წმინდა გიორგი მშველელად გამოეცხადება, შუბით განგმირავს გველეშაპს. მოისმენს სიზმარს ზაალ ერისთავი და შეეშინდება. ის სამი მებრძოლი იღუპება. ისევ მსხვერპლია საჭირო. ისევ სიკვდილი. იფიქრებს ზაალ არაგვის ერისთავი. და გაქრება მოთხრობიდან. უარს იტყვის იყოს პერსონაჟი, მონაწილეობა მიიღოს აჯანყებაში, მხოლოდღა გამარჯვების შემდეგ, მეფის ნადიმზე ბრუნდება. ასე იფიქრა ზაალ ერისთავმა. ასეთი ინტერპრეტაცია შესთავაზა გამოცდილებამ.

ამ ამბის შემდეგ არ გაუვლია დიდ ხანს, რომ შალვა, ელიზბარი და ბიძინა აღმოსავლეთისაკენ გზას ადგენ და სპარსეთისკენ მიდიოდნენ. სწორედ იმავე დროს დასავლეთისაკენ გადაეშვნენ კორტოხს სამი ცხენოსანი: აბდუშაჰილი, პირიმზისა და ბაში-აჩუკი. ხმაამოუღებლივ მიაჩქარებდნენ ცხენებს სხვადასხვა ფიქრებით მოცულნი.

სამი აღმოსავლეთით და სამი დასავლეთით. სამი სასიკვდილოდ და სამი სამომავლოდ. და იმ სამსაც შეეძლო დარჩენა, შეეძლოთ არ ხლებოდნენ შაჰს სპარსეთში. მაშინ თუ არა, დღეს კი ნამდვილად შეუძლიათ.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ლაშა თაბუკაშვილმა კორექტირებები შეიტანა თავის პიესაში „ნატაძრალზე“. ინტერვიუში თავადვე ამბობს, რომ მას სურდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის გასცენება, თუმცა 9 აპრილის შემდეგ სცენარმა მიიღო საბოლოო სახე. კედლიდან გამოხსნილ ნამსხვერპლალს არ სჯერა, რომ სიკვდილის გარეშე სიმაგრის აშენება შეიძლება. „აშენდება?“ იკითხავს ნამსხვერპლალი. „აშენდება კი არა, ავაშენებთ“ - პასუხობს ხალხი. „ავაშენებთ?“ - მსახიობები ეკითხებიან მაყურებლებს და ასე მთავრდება სპექტაკლი.

ინტუიციურად უამრავ ადამიანს უცდია, რომ ისტორია წრფივად ექცია და წარსულის მსხვერპლი მომავლის სიცოცხლედ გარდაექმნა. მხოლოდ გველეშაპია, ვისაც ეს არ აწმყობს, ვინც ჩაგვაგონებს, რომ მხოლოდ სიკვდილია გზა; რომ გზა მხოლოდ ქრისტესია და ეკლის გვირგვინის, ჯვარცმის და აღდგომის, სადღაც, მომავალში.

თუ ეგრეა, ვიცეკვოთ. აქნიე თავი მუსიკოსო, იქნიე თმა. თუკი დავცინებთ, გველეშაპი ძალას დაკარგავს. თუკი ვიცინებთ იმ აბსურდზე, რომ წარსულში მხოლოდ მსხვერპლია, გზაც მხოლოდ სიკვდილი აღარ იქნება. ეს თუ გაცეკვებდათ, იმ ღამით, ეს თუ გვაჭყივლებდა, იქნებ ამ ხტუნვით გამოვუძვრეთ წარსულის ჯადოს. აღელდეს აწმყო. სულ სხვა ამბით. ჯერ ხომ არ დაწერილა ჩვენი ამბავი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა