მანიფესტი | QUEMMEKH
რატომ გახდა მანიფესტი საჭირო? რატომ არ შეიძლება უბრალოდ სიმღერები(tunes)დაწერო და მათ თავად იპოვონ მსმენელი და საკუთარი მუსიკალური, პოლიტიკური თუ სამარტოო ცხოვრება?
წლების განმავლობაში ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქვეყანაში ცხოვრებით და მუშაობით, სიყვარულით და სიძულვილით, ბრძოლით და დასვენებით - ძალიან ბევრი რამ ვისწავლე - ეს ცოდნა მნიშვნელოვანია თუ არა, ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს მომენტები, როდესაც ნამუშევარს წინ უნდა გაუძღვეს რაღაც - არა ახსნა, არა დამარცვლა და განმარტება (ეს ალბათ უფრო მელომანების და მკვლევრების საქმეა), არამედ პოზიცია.
არა იმისთვის, რომ ვინმეს აზრი უკარნახოს, არამედ იმისთვის, რომ მკითხველმა და მსმენელმა ზუსტად იცოდეს, რა მიწაში იზრდება და ითესება გარკვეული ტიპის აზროვნება. ეს არის პოზიცია.
მანიფესტი67 [six-seven]
ეს ალბომი თანაგრძნობას არ ითხოვს, ის საბოლოოდ ამყარებს დისტანციას.
მე არ მაინტერესებს აღსარება, თვითთერაპია და მოწყვლადობის სანახაობად ქცევა.
ეს ყველაფერი სისტემამ უკვე შეითვისა, გადაამუშავა და გასაყიდ პროდუქტად გამოფინა მოლებში. ეს უინტერესოა.
მაინტერესებს სიზუსტე, სიმეტრია, ემოციური თავშეკავებულობა და აქედან გამომდინარე არქიტექტურული ძალადობა.
გარედან ქაოსი არ ჩანს. დაძაბულობა აკუმულირდება მხოლოდ ბირთვში.
კონტროლი
აქ ემოციები არ იღვრება, არამედ კონსტრუირდება.
სხეული სიახლოვის ნიშანი არ არის, უბრალოდ ფიზიკური არსებობის მტკიცებულებაა
კუნთი, ძალა ფიტნესის შედეგი არ არის, გრამატიკაა, როგორც რიტმი არ ემსახურება სიამოვნებას, არამედ დისციპლინაა.
თუ ყველაფერი ცივად გეჩვენება, ასე უნდა იყოს.
სიცივე ყველაზე მკაფიო მეტალის მდგომარეობაა და ეს ფაქტია.
ადამიანი, როგორც დახურული სისტემა
აქ გამოსყიდვის ისტორია არ არსებობს.
არ არსებობს პროგრესის მითი.
არც მორალური ამაღლება.
ამ ალბომის ადამიანი ჩაკეტილია ინსტიტუტებში, რიტუალებში, ფორმებში, ჩვევებში, მაგრამ ჩვევას დამოკიდებულება აღარ ძერწავს და ის უკვე სისტემის გარდაუვალი ნაწილია. შეგიძლია სისტემას ჩვევა დაუძახო? კი.
ეს არ არის ამბოხის მუსიკა, რევოლუციის მე აღარ მჯერა.
მე მაინტერესებს, რა ემართება ადამიანს მაშინ, როცა წინააღმდეგობაც ყოველდღიურ რუტინად იქცევა, ხოლო სხვაზე (და მრავალზე) ძალაუფლება - ჩვეულებრივ მდგომარეობად.
პოლიტიკა ლოზუნგების გარეშე
აქ არ არიან გმირები. არც დროშები, არც მტრები.
ძალაუფლება მოქმედებს; არქიტექტურით, გამეორებით, დუმილით, პროცედურით და იშვიათად იმაღლებს ხმას. ის ადმინისტრაციულია.
საშინელება იმაში კი არ არის, რომ სისტემა ბოროტია. საშინელება ისაა, რომ იგი მუშაობს და თავისი საკანონმდებლო და კომფორტულად აუტანელი რუტინა აქვს.
არა წრფივი დრო
წარსული, აწმყო და მომავალი ერთ მექანიკურ წრეში იკეცება.
ისტორია არ გვასწავლის. ისტორია გვიმეორებს, რომ პროგრესი ესთეტიკური ილუზიაა. ტექნოლოგია კი მხოლოდ კონტროლს აუმჯობესებს, არა მნიშვნელობას, არამედ გამოცდილებას. ეს ალბომი პროგრესი არ არის, ის წინ არ მიდის, არც წარსულში ბრუნდება ნოსტალგიურად. ის არის და ამას უნდა შეეგუო.
რატომ არსებობს ეს ალბომი
რადგან გადაჭარბებულმა თვითგამოხატვამ საკუთარი ძალა დაკარგა - რადგან ირონია კომფორტის ფორმად იქცა.
რადგან გულწრფელობა ვეღარ მონეტიზდება და QUEMMEKH შეკავებას ირჩევს, როგორც აგრესიის ფორმას და ჰბაძავს ავტორიტარიზმს ბიუროკრატიაში და პატივს სცემს, როგორც თვით დასჯის რუტინას, როგორც მამას. უფროსს, ხელმძღვანელს, მაგალითს და ამბავს. ამ ნამუშევარს საკუთარი თავის ახსნა არ სჭირდება და თუ ამ სამყაროში თავს უცხოდ იგრძნობ, ეს ნიშნავს, რომ კარგად იმუშავა.
მარიამ ანდღულაძის ფოტო
გირჩევთ
ვიტრინის აქილევსები | სანდრო ქერაული
01.05.2025