გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ფეხბურთი მუნდიალი მსოფლიო ჩემპიონატი გია ხადური

მუსიკალური მოგზაურობა საფეხბურთო მუნდიალებზე | გია ხადური

ძველად, საომარი ლაშქრობებისას, ჯარს ყოველთვის თან ახლდა „ბუკი და ნაღარა“, დასარტყამი ინსტრუმენტი, სასულე სექცია, პლუს პათეტიკური სასიმღერო დეკლამაციები, ასეთი ხასიათის აკომპანემენტს ბრძოლის ჟინი და სულისკვეთება უნდა გაეძლიერებინა მეომრებში. სტადიონებზე გულშემატკივართა ორგანიზებული, ლამის ვოკალურ-ინსტრუმენტული ყიჟინა-პერფორმანსი, რომელიც ფავორიტი გუნდის გასამხნევებლად და საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად სრულდება ხოლმე სტადიონებზე, სწორედ იმ ძველი საომარი „ბუკი და ნაღარას“ გამოძახილია, თითქმის იგივე ფუნქცია აქვს (ცხადია, მიზნობრივი ხოცვა-ჟლეტის გარეშე).

საფეხბურთო მუსიკალური რიტუალები უფრო მეტად საკლუბო საფეხბურთო მძაფრ ბატალიებს უკავშირდება, ვიდრე - სანაკრებოს. ზოგადად, სანაკრებო ფეხბურთისთვის დამახასიათებელია ჰიმნები და სიმღერები. საკლუბო ჰიმნი-სიმღერებიც არსებობს, მაგრამ ისინი ხშირად არსებულ მუსიკალურ მასალას ეყრდნობა, მათ წარმოშობას სპონტანური ხასიათი აქვს და ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება. აი, ეროვნული ნაკრებებისთვის სიმღერები თუ ჰიმნები სპეციალურად იწერება და უმთავრესად უკავშირდება სანაკრებო ფეხბურთის უმაღლეს ფორუმს, მსოფლიო ჩემპიონატებს.

დღესდღეობით ე.წ. სამუნდიალო მუსიკალური ტერიტორია დიდია და შთამბეჭდავი ისტორიაც გააჩნია. მსოფლიო ჩემპიონატები ფეხბურთში დიდი კომერციული ბიზნეს-ივენთიცაა, რომლის განუყოფელი ნაწილი გახდა დასპონსორებული მუსიკალური პროდუქცია, ვარსკვლავური ალბომები თუ სინგლები, შეკვეთილი მიძღვნები თუ არაოფიციალური დამოუკიდებელი სიმღერები.

სამუნდიალო მუსიკაში, სიმღერებსა თუ ჰიმნებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ავტორები ცდილობენ, შექმნან ისეთი კომპოზიციები, რომელთანაც იდენტიფიცირებული იქნება ესა თუ ის ქვეყანა ეთნო-კულტურულად. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი შემდგომი მუნდიალისთვის ახალი ჰიმნი და სიმღერა იწერება (ხანდახან რამდენიმეც კი), ავტორები ხშირად ითვალისწინებენ წინა სამუნდიალო გამოცდილებებს, წარმატებებსა თუ ფიასკოებს.

ბრიტანულები

გასაკვირი არაა, რომ ყველაზე აქტიური და ინტენსიური ამ მხრივ არის ბრიტანული სეგმენტი, ყველაზე ტრავმირებულიც, განსაკუთრებით შოტლანდიურ-ინგლისური.

მიუხედავად მუდმივი წარუმატებლობისა, შოტლანდიელები იხტიბარს არასდროს იტეხენ და სისტემატურად ქმნიან სიამაყით გამსჭვალულ მხარდასაჭერ სიმღერებს, რომელთაგან ბევრი ნამდვილი ჰიტიც კი გახდა ბრიტანულ ჩარტებში.

მაგალითად, 1978 წლის არგენტინის მუნდიალისთვის სამბას რიტმებზე აგებული Ole Ola (Mulher Brasileira), რომელიც როდ სტიუარტმა ჩაწერა შოტლანდიის ნაკრებთან ერთად (#4 ჩარტებში), ანდაც მომდევნო, 1982 წლის მუნდიალისთვის შექმნილი We Have a Dream (#5 ჩარტებში), Say It with Pride უკვე 1990 წლის მუნდიალისთვის ჩაწერილი სიმღერა, რომელიც ასევე გაჰიტდა. ამ ორივე ჰიმნს მხოლოდ შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელები ასრულებენ. ამ სიმღერებში არის ნაციონალური აქცენტებიც, ოპტიმიზმის სულისკვეთებაც და ერთგვარი სევდაც, გამომდინარე იქიდან, რომ შოტლანდიის ნაკრები ყოველთვის ფიასკოს განიცდის და ნაადრევად ტოვებს მუნდიალს. ამ მხრივ ნიშანდობლივია სიმღერა Don't Come Home Too Soon, რომელიც 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ჩაწერა შოტლანდიურმა ალტერნატიულმა როკ-ბენდმა Del Amitri.

გაცილებით მრავალფეროვანია ინგლისის ნაკრების მხარდამჭერი სიმღერები, რომლებიც შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. პირველი - ოფიციალური ჰიმნები, რომლებსაც მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელები ასრულებენ, ასეთი სიმღერები, ტრადიციულად, პათეტიკურია, როგორც ტექსტით, ისე მუსიკით - This Time (We'll Get It Right) (1982), We've Got the Whole World at Our Feet (1986) და ა.შ. და მეორე - როდესაც ამა თუ იმ ბენდისა თუ მუსიკოსის პირადი დამოკიდებულებაა გაჟღერებული, სადაც ირონია, ოპტიმიზმი, ერთგულება და პათოსი ერთმანეთშია არეული მაგ. How Does It Feel to Be) On Top of the World, 1998 მუნდიალისთვის რომ ჩაწერა ინგლისურმა პოპ-როკ ელიტამ. როკ ბენდ Embrace-ის მიერ შექმნილი World at Your Feet, ნაკრების ოფიციალური ჰიმნიც კი გახდა 2006 წლის მუნდიალისთვის. ამ სიმღერების სათაურიდანაც ჩანს, რომ ინგლისელები უსაფუძვლო ტრაბახს ვერ გადაეჩვივნენ. ჩემი ფავორიტი „ინგლისურები“ არის ორი სიმღერა, პირველი, 1990 წლის იტალიის სამუნდიალო World in Motion, რომელიც New Order-მა ჩაწერა ინგლისის ნაკრებთან ერთად. მეორე, ჯგუფ Fat Les-ის მიერ ჩაწერილი Vindaloo, გროტესკული, ხულიგნური და ირონიულად ბრავადული, სიმღერა - ვიდეო, რომელიც მოულოდნელად გახდა არაოფიციალური ჰიმნი ინგლისი ნაკრებისა, 1998 წელს საფრანგეთში მუნდიალის მოსაგებად როცა მიეშურებოდა, მაშინ.

ბრიტანული სეგმენტი შეგვიძლია დავხუროთ ორი ირლანდიური სიმღერით, 1990 წლის Put 'Em Under Pressure და The Boys in Green (1998), ორივე ამ სიმღერას შესანიშნავად ასრულებს ირლანდიის ეროვნული ნაკრები, შესაბამისად, 1990 და 1998 წლის ფორმაციის. ჯანსაღი პატრიოტული პათოსით და პათეტიკით გაჯერებული როკ სიმღერები, ისეთი, როგორიც მხოლოდ ირლანდიელებმა იციან.

გერმანულები

გერმანელები სერიოზულად, კონცეპტუალ-პედანტურად უდგებოდნენ ამ საკითხს. მთავარი შემსრულებლები თითქმის ყოველთვის არიან თავად ფეხბურთელები. ეს სიმღერები სისტემატურად ვარირებდნენ ჟანრულად, 1978 არგენტინის მუნდიალისთვის სამხრეთ ამერიკული სტილის სიმღერა ჩაწერეს - Buenos Dias Argentina, ვინმე უდო იურგენსთან ერთად. 1994 წელს რახან ამერიკაში იყო, დისკო ლეგენდა Village People-თან კოლაბორაციაში შეასრულეს Far Away in America. 1986 წლის მექსიკური მუნდიალისთვის წაუექსპერიმენტეს კიდეც, ტიპური გერმანული შლაგერი (პაპსა) და ფსევდო-მექსიკური მოტივების შეჯერება სცადეს, მიიღეს Mexico Mi Amor. აი, 1974 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც მშობლიურ დასავლეთ გერმანიაში ჩატარდა, იმღერეს Fussball Ist Unser Leben, რომელიც ძალიან წააგავს გერმანულ სამხედრო მარშებს, ისეთს, ვერმახტი რომ მღეროდა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში სამხედრო მსვლელობებისას.

სამხრეთ ამერიკულები

არ შეიძლება, არ გავიხსენო 1978 წლის არგენტინული მუნდიალისთვის არგენტინის ნაკრების მხარდასაჭერი Argentina Te Queremos Ver Campeón [არგენტინა, გვინდა გიხილოთ ჩემპიონებად], რომელსაც ეფექტურად ასრულებს სახელდახელოდ შეკოწიწებული მხარდამჭერი გუნდი Los Campeones; ეს სიმღერა დღეს ლამის ამოშლილია მუნდიალების ისტორიიდან, სამხედრო დიქტატორ ვიდალას რომ უკავშირდება უშუალოდ, იმიტომაც, ჩემში კი ნოსტალგიას აღძრავს, რადგანაც ხშირად ჟღერდა იმ ეპოქის სამამულო საფეხბურთო გადაცემებში, დავით ქლიბაძის ინიციატივით რომ გადიოდა საქართველოს ტელევიზიით.

ისტორიულად პირველი სიმღერა-მიძღვნა ეროვნულ ნაკრებისადმი არის 1926 წელს დაწერილი Uruguayos Campeones, რომელიც შეასრულა ხოზე პეპინიო მინისტერიმ, თავდაპირველად სიმღერა ეძღვნებოდა იმ ურუგვაული ნაკრებს, რომელმა 1924-28 წლებში ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი;

პირველ, 1930 წლის მუნდიალზე საკუთარ კედლებში ურუგვაის გაჩემპიონებამ ყველაფერი გადაწონა და სიმღერა უკვე ასოცირებული გახდა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებასთან და 1950 წელსაც კი ამოტივტივდა, როდესაც ურუგვაი მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიაში.

არადა მაგ მუნდიალზე უპირობო ფავორიტი ბრაზილია იყო, სიმღერაც კი ჩაწერეს წინასწარ ბრაზილიელთა ტრიუმფზე - MARCHA DO SCRATCH BRASILEIRO, თუმცა მარაკანას „ტრაგედიის“ შემდეგ, საშვილიშვილოდ მიივიწყეს ეს მომხიბლავი კომპოზიცია. ისე, ცოტა გასაკვირია, რომ ამხელა მუსიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი ეთნო-იდენტობის განუყოფელი ნაწილია, არცერთი ხეირიანი ბრაზილიური სამუნდიალო სიმღერა არ გამახსენდა (თუმცა ასეთები, ცხადია, იქნება), ერთადერთი, რომელიც ჩავთვალე ღირსად, ჩემს სიაში შემეყვანა ბრაზილიური კვოტით, არის შესანიშნავი მექსიკური არტ-პოპ, როკ ფსიქოდელიური ბენდის The Rebels Of Tijuana სიმღერა Brazil 70. ეს ტრეკი 2017 წელსაა ჩაწერილი, 37 წლის წინანდელ პერიპეტიებს ეხება, მაგრამ მაინც არ ჟღერს ანაქრონისტულად, ალბათ იმიტომ, რომ იმ 1970 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად ითვლება დღემდე.

წლევანდელები

სანაკრებო განყოფილება მინდა დავასრულო ორი უახლესი სიმღერით, რომელიც ახლა მიმდინარე 2026 წლის მუნდიალს უკავშირდება. ჯერ ვინმე Jeon-ის Mama Wa' (The Blue Wave), რომელიც კიურასაოს ნაკრების ოფიციალური მხარდასაჭერი სიმღერაა. ესაა ეფექტური ლითონო-აფრო პოპი, კარიბის აუზის აკუსტიკური არომატით, რომელშიც ოსტატურადაა შეხამებული ის რიტმულ-მელოდიური ჰარმონიები რაც დომინირებს დღესდღეობით ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში. ხოლო მეორე - ეს არის USA - Take Me to America, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრების ოფიციალური მხარდასაჭერი სიმღერაა და რომელიც ჩაწერა კოლექტივმა Dubioza Kolektiv, აქ სახეზეა ერთგვარი სალაღობო ბალკანური სკა-რეგი, კლეზმერის მოტივებით გამდიდრებული. ვფიქრობ, ეს სიმღერა საუკეთესოა, რაც 2026 წლის ჩემპიონატთან კავშირშია შექმნილი, არადა შექმნილი ძალიან ბევრია.

მუნდიალების ჰიმნები

უნდა ითქვას, რომ ე.წ. ოფიციალური FIFA სამუნდიალო ჰიმნები მე დიდად არ მომწონს, არც ძველი და არც ახალი, არადა 70-დან იქმნებოდა და იქმნება გამოჩენილი კომპოზიტორების მიერ, იქნება ეს ენიო მორიკონე (El Mundial, 1978), ვანგელისი (Anthem, 2002) თუ ჟან მიშელ ჟარი (1998) - ამ ე.წ. ოფიციალური სამუნდიალო სიმღერებიდან რამდენიმე მაინც ვახსენოთ. პირველ რიგში, ლამის საუკეთესოდ აღიარებული Un'estate italiana, 1990 წლის მუნდიალის ოფიციალური სიმღერა, რომელიც ჯიორჯო მოროდერის ძალისხმევით ჩაწერეს ჯიანა ნანინიმ და ედუარდო ბენატომ. შეგვიძლია გავიხსენოთ რიკი მარტინის La Copa de la Vida, რომელიც 1998 წლის საფრანგეთის მუნდიალის ოფიციალურ ჰიმნ-სიმღერადაც კი დასახელდა.

რიკი მარტინის ნამუშევარი იდეალურად ასახავს საფეხბურთო ინდუსტრიის გლობალიზაციის მაშინდელ პროცესს, ლათინურ-ევროპულ-აფრიკულ მოტივებში ჩაძირული, ჰედონისტური და კრეატიული, ზეიმის განცდასაც რომ ტოვებს და სადღაც მიყრუებულ ეგზოტიკურ კლუბსაც რომ მიესადაგება.

პირადად ჩემი უდავო ფავორიტები კი არის წარსულის სამი ოფიციალური სამუნდიალო სიმღერა: ჯერ 1962 წლის ჩილეს მუნდიალისთვის შექმნილი El Rock del Mundial, ანუ საჩემპიონატო როკი, ჩაწერა ადგილობრივმა როკ ჯგუფმა Los Ramblers. ეს სიმღერა რომ ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სიმღერად ითვლება ჩილეში, ყველაფერზე მეტყველებს და მეტ კომენტარს არ საჭიროებს. შემდეგ 1966 წლის ინგლისის ჩემპიონატისთვის მიძღვნილი ლონი დონეგანის World Cup Willie - ვილი თალისმანი იყო იმ ჩემპიონატის, ხოლო ლონი დონეგანი კი პიონერი ლეგენდა, ვისგანაც იწყება წმინდა ბრიტანული პოპ-როკ ესთეტიკა. ეს სიმღერაც წმინდა ბრიტანულია, ვინტაჟური მიუზიკ-ჰოლის და ანგლო-საქსური ფოლკ ინიექციებით გაჯერებული, ბოლო და მესამე - Fútbol México 70, რომელიც შეასრულა ბენდმა Los hermanos Zavala, აქ ლათინური საცეკვაო მელოდიები, მექსიკური სასიმღერო იდიომები, ბრაზილიური ბოსანოვა, ექსცენტრიკა და აკუსტიკური მოქნილობა იდეალურად არის შეთავსებული.

სამუნდიალო მუსიკალური ალბომები მიზანმიმართულად იქმნება უკვე 1994 წლიდან. ყურადღებით გავეცანი ამჟამად მიმდინარე საჩემპიონატო „ტრიბუტ“ ალბომს, რომელიც მაისის ბოლოს გამოვიდა და 18 ტრეკს მოიცავს. მიუხედავად სერიოზული მობილიზებული კადრებისა (ნელი ფურტადო, შაკირა, Burna Boy, ანდრია ბოჩელი და თვით Rolling Stones), არცერთი ტრეკი არ მომეწონა, ერთის გარდა - ეს არის Belinda & Los Ángeles Azules-ის მახვილგონივრული, მსუბუქი, „ოლდ სქულ“, ორკესტრირებული მექსიკური პოპ სიმღერა Por Ella, რომელიც თავისთავადაა საინტერესო, ყოველგვარი მიძღვნების გარეშე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა