გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თქვენ ვის გადაურჩენიხართ? | ანი ცქიტიშვილი

ერთი შეხედვით, არაფერია იმაში გასაოცარი, რომ ლიტერატურა და მუსიკა თანაბრად გიყვარდეს. ოღონდ სადღაც, გულის სიღრმეში, ერთ-ერთი მაინც უფრო მეტად გიყვარს. ან არ ვიცი. შეიძლება, ორივე იმ დონეზე გიყვარს, სულ ცდილობ, აჩხუბო, შეაჯიბრო და გამარჯვებული გამოავლინო. დედა უფრო გიყვარსო თუ მამა და თან სად გიყვარსო (ეს ბოლო მართლა მკლავს ხოლმე), რომ ჩააჯინდებიან ხოლმე ბავშვს, დაახლოებით, ეგ ამბავია. განსხვავება ერთია - ამას ვიღაც აბეზარი ნათესავი კი არ გეკითხება, საკუთარ თავს თავადვე ეკითხები. მეც ასე მჭირს. სულ ვაჯიბრებ ლიტერატურასა და მუსიკას. მინდა, რომელიმეს მამამ მეორისას დაარტყას და ამერიკაში გააფრინოს. იქნებ, მერე მეც რამე მეშველოს.

ზაზა ბურჭულაძის „ჩემი სიმღერა“ არაერთგან შემომხვდა - დოკუმენტური პროზაო, ასე ეწერა. წიგნში დიდი რაოდენობით მუსიკაა, ოღონდ მუსიკაზე არააო. იოლად გავები.

ზოგადად, იოლად არ ვებმები, მაგრამ რაღაცამ მიმიზიდა, მგონი, სწორედ იმან, რომ ასე გამალებით ამტკიცებდნენ, მუსიკაზე არააო ეს წიგნი. თავის დროზე ჩემთვის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა ავტორმა, თომას ბერნჰარდმა, დამანახა, რომ შეიძლება მუსიკაზე და გენიოსებზე (უფრო სწორად ერთ გენიოსზე, გლენ გულდზე, რომლის გენიოსობის შემხედვარე დანარჩენებს ცხოვრება ფაჩიკოს გარმონივით შემოემსხვრევათ) ისე წერო, რომ ბანალურად ,,მუსიკის შესახებ წერა“ მაინც არ გამოგივიდეს.

თან გლენ გულდის გენიაზე წერა იოლი როდია. რომ მახსენდება ის განუმეორებელი ემოცია, როდესაც ფორტეპიანოს პედაგოგის რჩევით, მეორე კლასში (ათწლედში ეს ის ხანაა, ბახის ინვენციების დაკვრა რომ „გეკუთვნის“ უკვე) გლენ გულდს მოვუსმინე, ზუსტად ვიცი, ვერასდროს, ვერც ერთი წლის შემდეგ შევეგუები, მასზე ვინმემ ასე წეროს: „დაიბადა ამა და ამ წელს ტორონტოში...“. ეს მკრეხელობაც არაა. მკრეხელობის იქითაა კიდევ. ხომ ხვდებით? სრულიად არარელევანტური ინფორმაციაა, სად დაიბადა, როდის აიდგა ენა, ფეხი, ხელი, რომელი კონსერვატორია დაამთავრა, როდესაც საქმე ღმერთებს ან ნახევრად ღმერთებს ეხებათ. მიკელანჯელი, გულდი. ამ სახელებს, რასაკვირველია, ზაზა ბურჭულაძეც ახსენებს თავის ბოლო რომანში. რომ იცოდეთ, ეს იმ დონის „რასაკვირველია“ იყო, როგორიც კლდიაშვილთანაა, „სამანიშვილის დედინაცვლის“ დასაწყისში. იმიტომ, რომ, დიახაც, რასაკვირველია. აბა, ამ სახელების გარეშე საერთოდ რამეს აზრი აქვს? 

...

დოკუმენტური პროზა იწყება ათარბეგოვის ქუჩაზე (ამჟამინდელი ზუბალაშვილების ქუჩაზე) ყაყაჩოს ხარშვით, გრძელდება შუა ფალიაშვილზე პოლიცია რომ გაჩერებს და გაკაჩავებს - დაახლოებით ამით, ბოლოს კი ამ ყველაფერს აგვირგვინებს ბერლინური ქრონიკები. ოღონდ ეს ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში არაერთხელ გადასინჯულ-გადამღერებული თემები ამ წიგნში რომანსივით ჟღერს - ლოკალურ-თბილისურ თუ ბერლინურ სიუჟეტთა თხრობას კით ჯარეტი, მაილზ დეივისი, აჰმად ჯამალი, ტრეინი (კოლტრეინის მეტსახელია), ჩარლზ მინგუსი, თელონიუს მონქი და სხვები ავსებენ; თანაც ისე ორგანულად, რომ საერთოდ ვერ გრძნობ, კითხვაც არ გიჩნდება, რა შუაში არიან ერთმანეთთან ეს პატიოსანი (განსაკუთრებით დეივისის პატიოსნებაზე დადის ლეგენდები) ხალხი და ამ კაცის მოყოლილი ამბები ვინმე გაგაზე, „კალაშნიკოვი“ რომ მაგიდაზე დარჩა და თვითონ გაქრა. მაშინ ყველა ქრებოდაო. საერთოდ, რაზე გვიყვება ავტორი?

მთავარი ზაზა ბურჭულაძის ,,ჩემს სიმღერაში’’ მაინც კით ჯარეტია. ამას წიგნიც სათაურიც მოწმობს. არა, ამ ლოგიკით გალაკტიონიც შეიძლება იყოს მთავარი, მაგრამ გალაკტიონსა და მის სიმღერაზე - მოგვიანებით, სულ ბოლოს. მოკლედ, ჯარეტი იმიტომ კი არაა მთავარი, რომ წიგნში მოხსენიებულ მუსიკოსთა შორის ყველაზე დიდია (თან ისიც არ დაგვავიწყდეს, თავიდან იმით შეგვაბეს, ეს წიგნი მუსიკაზე არააო), უბრალოდ იმიტომ, რომ ჯარეტმა ის მოახერხა, რაც მანამდე ვერავინ:

„ჩემს ყურებში მუდამ შემოდიოდა რაღაც მუსიკა, თუნდაც მარტო შინ, რომელიც სხვაგან არსად ისმოდა. ასე მოხდა. ამისთვის მე არაფერი გამიკეთებია. მანამდე კი ჩემზე არაფერს მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება, ერთ დღესაც ჯარეტმა რომ მოახდინა. არც ყოფილა ის შთაბეჭდილება, ზიარებას უფრო ჰგავდა. ეგეც ცოტათი მეტსაც, როგორიც მორწმუნისთვისაა ცეცხლის გარდამოსვლა“.

ასე მგონია, ასეთი ვინმე ჩვენ ყველას გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ვისაც მუსიკა გვიყვარს, ნამდვილად გვყავს. თუ ძალიან გაგიმართლებს, შეიძლება, რამდენიმეც გყავდეს. ოღონდ ბურჭულაძესთან ის მომეწონა, რომ რახან ჯარეტმა აზიარა, ის a priori გენიოსად არ შეურაცხავს. ასე ვთქვათ, ობიექტურობა არ დაუკარგავს. როგორც წესი, ის, ვინც რაღაც დიდსა და ღვთაებრივს გვაზიარებს, უზენაესად მიგვაჩნია ხოლმე. რაღაცნაირად წმინდად და ხელშეუხებლად. იმასაც კი ამბობს, არაერთი სუსტი ჩანაწერი აქვს ჯარეტსო. ჩემი საყვარელი მუსიკოსიც კი არააო. ჯაზგასული ლიმონათია ჯარეტიო. მოკლედ, ჯარეტისტებს უთუოდ შეელახებოდათ რელიგიური გრძნობები. ისე, მე სრულიად ვეთანხმები ავტორს, როდესაც წერს: „ჯარეტი არ არის გენიოსი, მისი მუსიკა დიდი შრომის შედეგია. შრომამ შექმნა ჯარეტი, მაგრამ ამ შრომაში უცბად ისეთი სევდა გამოჟონავს ხოლმე, თხემით ტერფამდე შეგაჟრიალებს“.

ერთი სიტყვით, არ მოიხსენიებს გენიოსად და, მგონი, ამით უფრო ამაღლებს. მე კი ასე გავიგე და, შესაძლოა, ასე არც იყოს. თომას ბერნჰარდის „დაღმამავალი“ არაერთხელ გამახსენდა ამაზე - წიგნი, რომელშიც მთავარი გმირი გლენ გულდია. ამ რომანში გულდის შემხედვარეები ფარ-ხმალს ყრიან. მისი გენია ხელს ააღებინებთ საკუთარ მოწოდებაზე, მუსიკაზე. 

ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ვინმე შეიძლება ჩამოთვალო დიდ ჯაზში, რომელთა შემხედვარე ჯარეტსაც თავისუფლად შეეძლო, რომ ყველაფერზე ხელი აეღო? ფაქტობრივად, ყველა სახელი, რომელსაც ბურჭულაძე რომანში ახსენებს და კიდევ ერთი მაგდენი ზემოდან. რა ჯაზი, რის ჯაზი მოუნდებოდა? თან თუ ის დიაგნოზი ჰქონდა, რაზეც ზაზა ბურჭულაძე გვიყვება: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ხომ მაინც ადგა და გადაატრიალა მსოფლიო? მგონი, მართლა არავინ დარჩა დედამიწის ზურგზე, მისი „კიოლნის კონცერტისთვის“ ყური რომ მაინც არ ჰქონდეს მოკრული. მათაც კი იციან, ახლა რომ კამათობენ, ტეილორ სვიფტი „წლის ადამიანი“ უნდა გამხდარიყო თუ არა.

კიდევ ერთი: ჯარეტისთვის როგორ და რა განწყობაზე არ მომისმენია, რა თვალით არ შემიხედავს, მაგრამ მის იერში ზღვის ცხენთევზა არასდროს დამიჭერია. ისე სკრუპულოზურად აღწერს ავტორი, რით ჩამოჰგავს ჯარეტი ცხენთევზას, რომ რაღაცნაირად უპირობოდ დავიჯერე. არც გადამიმოწმებია, როგორ გამოიყურება ცხენთევზა.

ერთი თემა, რომელიც, ასე ვთქვათ, ამ რომანს ლაიტმოტივად გასდევს, არის ბილი ჰოლიდეის „God Bless the Child“ („ღმერთო, დალოცე ბავშვი“), რომელსაც, მოგეხსენებათ, კით ჯარეტის ტრიოც ასრულებს (შემადგენლობა: ჯარეტი, გარი პიკოკი და ჯეკ დეჟონეტი). აქ -ც ნაწილაკი მეხამუშება კიდეც. ეგენი ასრულებენ თუ ასრულებენ. მერე ავტორი უკვე წყნეთის ქუჩაზე კი არა, ბერლინის ქუჩებში სეირნობისას უსმენს ამ ინტერპრეტაციას და თან პაულ ცელანის „სიკვდილის ფუგა“ აგონდება. ამან ხომ საერთოდ ბოლომდე გამათამამა. უპირველესად იმიტომ, რომ ცელანი ჩემი შემარყეველია (როგორც ჯარეტისთვის აჰმად ჯამალი, ოღონდ იმ მცირეოდენი განსხვავებით, რომ მე ლექსებს ვერ ვწერ და ვერც თვითონ მწერს), მერე კი მეორე - მეც დავიჭირე ეს მსგავსება. ოღონდ მსგავსება ასე ხილული არაა, მაგრამ თუ დაიჭერ, შექმნი ამ მსგავსებას, მაშინ იქნება.

„ლექსი კი რაა უმუსიკოდ? მუსიკა - უსიკვდილოდ? სიკვდილი - უსიცოცხლოდ? სიცოცხლე - უშენოდ? შენ - სასწაულების გარეშე, რომლებიც უკვე მოხდა?“

ამ წიგნთან ვალში ვარ ისევე, როგორც ბურჭულაძეა ვალში ჯარეტთან. ბევრი საოცარი ჩანაწერი გამახსენა, რამდენიმე ახალიც აღმომაჩენინა. ერთი პირობა ვიფიქრე, Spotify-ს პლეილისტი ხომ არ გამეკეთებინა-მეთქი ყველა იმ კომპოზიციისგან, რომელიც რომანშია ნახსენები, მაგრამ მთელ მუღამს მოვკლავდი. შენ თვითონ უნდა მიხვდე, რომელი ჩართო. ან სულაც არც ერთი არ უნდა ჩართო და გააგრძელო იმის მოსმენა, რასაც უსმენ. მთავარია, მუსიკას უსმენდე და, როგორც ავტორი გვეუბნება, სულ ერთია, რას. თუ მუსიკას უსმენ, ე.ი. გასაღებიც მოგეძებნება. გინდ გულდის ღმუილი იყოს და გინდაც ჯარეტის კვნესა.

ერთხელ ერთ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანსა და მასწავლებელს ბად პაუელის შესრულებით „I Should Care” გავუგზავნე. ზოგადად, ხშირად ვუზიარებდით ხოლმე ერთმანეთს მუსიკას, მაგრამ მაინცდამაინც მაშინ იყო, რომ მკითხა, „ნემუზიკალნები“ ნეტა რით იქარვებენ კაეშანსო? ზაზა ბურჭულაძეც იმავე შეკითხვას სვამს. ნეტავ რას შვრებიან და რით ცოცხლობენ ისინი, ვისაც არც ლიტერატურა, არც კინო და არც მუსიკა აინტერესებთ? არაფერს კითხულობენ, არაფერს უყურებენ ან უსმენენ?

„ზოგს რაღაც ფილმი ალმოდოვარის, ზოგს ვარდი წიგნში ჩანატოვარი, საფერფლე მამის დანატოვარი - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“

- გალაკტიონის ეს არაჩვეულებრივი რემინისცენციაც არ მინდა, დავუკარგო ავტორს. მოკლედ, მე მაშინ იმ ადამიანს ვერც ვერაფერი ვუპასუხე, ვერც ვუპასუხებდი და ვეღარც ვუპასუხებ, ცოცხალი რომც იყოს, რადგან ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს.

„ჯარეტს გადავურჩენივარ კიდეც. უშუქობის, უწყლობის, უგაზობის, უკანონობის, უფულობისა და სრული უპერსპექტივობის დროს“ - ამგვარად მიდის დასასრულისკენ რომანი სახელად „ჩემი სიმღერა“.

თქვენ ვის გადაურჩენიხართ?

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა