ქალაქის მკითხველი | მარიამ ნოზაძე
რა არის ურბანული რომანი?
ურბანული რომანი ისეთი წიგნია, სადაც მოქმედება რომელიმე ქალაქში ხდება და მთავარი გმირის თავგადასავალი ქალაქში გადაადგილების პარალელურად ვითარდება. ვიცით მსოფლიო ლიტერატურის არაერთი შედევრი, რომელშიც ნაწარმოების პერსონაჟი ან პერსონაჟები ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, თეატრს, პაბს, მდინარის სანაპიროს სტუმრობენ. ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ მთავარი გმირის, ლეოპოლდ ბლუმის მიერ განვლილ მარშრუტს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩატარებულ ყოველწლიურ ფესტივალ „ბლუმსდეიზე“ წიგნის მოყვარულები ფეხით გადიან[1], პაბ Davy Byrnes-ში მიირთმევენ ლანჩს, სადაც ლეოპოლდ ბლუმმა გორგონძოლას სენდვიჩი და ბურგუნდიული ღვინო შეუკვეთა შუადღის 13:00 საათზე. „ულისეს“ მარშრუტი დუბლინის ტურისტული ცხოვრების ნაწილად იქცა, ლიტერატურული ნაწარმოები და რეალური ურბანული ცხოვრება ასე გადაეჯაჭვა ერთმანეთს.
„ულისე“ არაა მხოლოდ ურბანული ტექსტი, არამედ უამრავი სხვა მხატვრული განზომილების გამო გვიყვარს. სინამდვილეში, არც მკითხველი კითხულობს ურბანულ რომანს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაც იმავე ბიბლიოთეკაში შევიდეს, რომელშიც რომანის მთავარი პერსონაჟი, ან იმავე პარკში გაისეირნოს, სადაც მისი საყვარელი გმირი სკამზე ჩამოჯდა. ურბანული რომანი ქალაქის პლურალიზმის, ენერგიის, დაძაბულობისა და, ქალაქში ადამიანის არსებობის დამარცვლას გვთავაზობს.
როლან ბარტი ცნობილ ესსეში „სემიოლოგია და ქალაქი“[2] წერს, რომ ჩვენ ყველა „ქალაქის მკითხველები“ [Reader of the city] ვართ. ქალაქის მკითხველია ყველა, ვინც ქალაქის მკვიდრია; ისიც, ვინც ქალაქს სტუმრობს -
მკვიდრიც და სტუმარიც ურბანულ ნიშნობრივ სისტემებთან ურთიერთობს; აკვირდება და აღმოაჩენს ქალაქის თვისებებს - გეოგრაფიული ლანდშაფტი და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ტრანსპორტი, საგზაო ნიშნები, ქალაქის რუკა და ქალაქის ბოჰემური რუკა.
ქალაქის ნიშნობრივი სისტემების პლურალიზმი, ბარტის თქმით, ორი მთავარი ელემენტით ყალიბდება: ქალაქის ფუნქციური და ქალაქის კულტურულ-ემოციური ნაწილი. ეს ორი მუდმივ კონფლიქტში შეიძლება იყოს ერთმანეთთან, როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განახლების მხრივ, ისე კულტურული მახსოვრობის. თავად ბარტს მოჰყავს რომის მაგალითი[3], სადაც ტურისტისთვის სხვადასხვა ეპოქის კულტურული შრეები სხვადასხვა ტიპის სანახაობაა; მაშინ, როცა იგივე არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობები რომელიმე კონკრეტული ოჯახისთვის არის სახლი.
ქალაქის ფუნქციური და ემოციური განზომილებები, ქალაქის კულტურული მახსოვრობა, ყოფითი ცხოვრება და ყოველდღიური თავსატეხები სამ ბოლოდროინდელ ქართულ წიგნში:
აკა მორჩილაძე - „ჩრდილი გზაზე“
აკა მორჩილაძის "ჩრდილი გზაზე" 2014 წელს გამოვიდა. წიგნი მე-20 საუკუნის თბილისის ურბანული ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის აღწერის გარდა, საბჭოთა დროინდელ საქართველოში ადამიანების ქცევისა და შეხედულებების გაანალიზების მცდელობაა.„ჩრდილი გზაზე“ თბილისის ურბანული ფუნქციონირების ლაფსუსებისა და საბჭოთა ქალაქში დალხენილი ცხოვრების ილუზორული სტერეოტიპების ცხადი მოგონებებით მხილებაა.
საბჭოთა საქართველო, როგორც მასობრივი ქრთამისა და „ატნაშენიების“ ქვეყანა, სადაც ადვილია ისეთი სოციალური მექანიზმების რომანტიზება, როგორიცაა კრიმინალი და ქურდობა. თბილისი ცხოვრობს რეალობაში, სადაც მოჩვენებითი სოციალური განწყობების შექმნა ნორმაა.იმდროინდელი თბილისის ურბანული სისტემების აღქმას პროპაგანდა განაპირობებს.
„პლეხანოვზე რომ სოსისს გადატეხდი, მისი ხმა გამოღმაც ისმოდა.“
ურბანული წესრიგის გარანტი იყო სტალინის ხატი, ომში გამარჯვებიდან სტალინის სიცოცხლის ბოლომდე. მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა უარესდება, კორუფცია, მასობრივი ქრთამი და დიდი ბელადის დროინდელი წესრიგის ნოსტალგია იმატებს. ქალაქის ქუჩებში მალე ყველგან რიგები დადგება - რიგები იქცევა ქალაქის ვიზუალურ სახედ; დაწესდება საჭმლის დღიური ნორმები; პურის ან კარაქის გამყიდველი პროდუქტის სქელ ქაღალდში გახვევით მოატყუებს მყიდველს და რაღაც მოგებას ნახავს.
წიგნი უყურადღებოდ არ ტოვებს საბჭოთა თბილისში არსებულ ურბანული სეგრეგაციის პრობლემას. ქალაქის უბნების თვითმყოფადობა განსაზღვრულია საბჭოთა ინტელიგენციის, მუშათა კლასისა და ძირძველი თბილისელობის სტატუსობრივი დაყოფით. უბნებს შორის ხშირადაა მტრობა და შუღლი, (ვაკისა და ვერის დაპირისპირება, ვაკისა და საბურთალოს დაპირისპირება, მარჯვენა სანაპიროსა და მარცხენა სანაპიროს კრიმინალური ძალების ჭიდილი და ა.შ.).
უბნებშორისი შუღლის ფარულ მიზეზთაგან სახელდება ერთი - სრულიად ურბანული პრობლემა - ქალაქის ფუნქციური თანრიგის საკითხი: წყალგაყვანილობასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობა. ქალაქში რესურსი არათანაბრადაა გადანაწილებული. ერთოთახიან „ხრუშჩოვკებში“ შესახლებულ მუშათა კლასს იმაზე უკეთესი აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა, ვიდრე საუკუნის დასაწყისში აშენებულ, მდიდრებისთვის ჩამორთმეულ და მრავალსულიანი ოჯახებისთვის მიკუთვნებულ არტ-ნუვოს არქიტექტურის სახლებს, სადაც საპირფარეშო და სამზარეულო ხანდახან ოც ადამიანს უნდა გაენაწილებინა. ამ ინფრასტრუქტურული საკითხის გამო ქალაქში ჟღერს საყვედურები:
ჩვენ, „ნაღდი“ თბილისელები აბანოში დავდივართ და მუშათა კლასს საკუთარი აბაზანა აქვს ერთოთახიან 30 კვ.მ. ბინაში.
საბჭოთა თბილისის ურბანული რეალობა ხელისუფლებაში მოსული ყოველი ახალი მმართველის მმართველების ხანაში უფრო და უფრო უარესდება; მატულობს მხოლოდ და მხოლოდ სიდუხჭირე და თავის მოტყუება.
თემო რეხვიაშვილი - „კურიერის ამბები“
თემო რეხვიაშვილის „კურიერის ამბები“ თანამედროვე თბილისის ურბანული დღიურია. წიგნის ავტორი და მთავარი პერსონაჟი მსახიობია, რომელმაც თავის სარჩენად კურიერობა გადაწყვიტა. დინამიკა თბილისის სხვადასხვა უბანში მოპედით გადაადგილებისას მომხდარი ან გახსენებული ისტორიების თხრობას მიყვება.
თანამედროვე თბილისის მთავარი გამოწვევა ქუჩებში საცობები და საბინაო პოლიტიკაა, რაც, ამ ტექსტის ამბის მდინარების მუდმივობაა. წიგნში თბილისის თითქმის ყველა უბანია მოკლედ აღწერილი. თითოეული უბნის შესახებ ავტორი სხვა კურიერებს პროფესიულ რჩევებს აძლევს და „თბილისის კურიერის პერსონალური რუკას“ ადგენს.
იმისთვის, რომ ქალაქში გადავრჩეთ, არა მხოლოდ მოკლე გზების ცოდნა გამოგვადგება, არამედ „რაიმე ემოციური დამოკიდებულება ან გადახდენილი ამბავი დაგჭირდებათ, რათა თბილისში კურიერად „მუშაობა“ ასატანი გახდეს."
დიღმის მასივში ტყე-პარკი გაჩეხეს; დიდ დიღომში ქარია; აფრიკის დასახლებაში ერთ-ერთ ქვეუბანს „ჯუნგლების უბანი“ ჰქვია; ვაკეში ბინები ძვირია.
„კურიერის ამბებში“ ბინის ყიდვა თუ ქირავნობა ქალაქური ეგზისტენციის მთავარი დიქოტომიაა - ქალაქის მკვიდრობა და ქალაქში ქირით ცხოვრება სივრცის აღქმის სისტემებს ცვლის და განსხვავებული რაკურსით აჩენს. ისტორიული და ესთეტიკური სენტიმენტები ქარწყლდება, როცა საბინაო პოლიტიკის საკითხი არჩევანის საშუალებას არ გვიტოვებს: ავტორს ლიტერატურული პრემიებისა და ნობელის პრემიის მოგება იმიტომ უნდა, რომ მოგებული ფულით თბილისში ბინა იყიდოს.
წიგნის ფინალი თბილისის ურბანულ გარემოს სცდება, მაგრამ იძენს გამძაფრებულ ურბანულ დინამიკას - მთავარი პერსონაჟი და ავტორი ბერლინის გავლით ჰამბურგში მიემგზავრება და უცნობი ქალაქის გამოწვევებს ეჯახება. თუკი თბილისი ადგილია, სადაც ავტორმა ყველა უბნის ემოციური და ფუნქციური აღწერა თავად დაგვიწერა, ბერლინი და ჰამბურგი არის ის ქალაქები, რომლებშიც არც ერთი ნიშანთა სისტემა არაა მისთვის ცნობილი; არც მოსახლეობასთან კომუნიკაციაა ისეთივე ადვილი, როგორც მშობლიურ ქალაქში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში კარი თავისით არ იღება,, შეიძლება ერთის ნაცვლად მეორე სადგურზე აღმოჩნდე შეცდომით და ავტობუსმა გაგასწროს. ის ურბანული ემოციური რუკა, რომელიც თბილისში თავად შევქმენით, არაა ვალიდური სხვაგან.
თბილისური მანქანების საცობები არაფერია გერმანული ქალაქების გონებრივ საცობებთან შედარებით - როცა ვერ აღიქვამ ქალაქში გადარჩენისთვის აუცილებელ ნიშანთა სისტემებს და საკომუნიკაციო არხებს.
ზაზა ბურჭულაძე - „ვარდის სურნელი“
„ვარდის სურნელი“ კომპლექსური ნარატივების წიგნია. დიდია ურბანიზმი, თუმცა არ ვიქნებით მართლები, ხელაღებით განვსაზღვროთ წიგნის ჟანრული კუთვნილება. ერთადერთი, რაც წიგნში უტყუარი და უცვლელია, არის თავად ავტორი, ზაზა ბურჭულაძე, რომელიც პირდაპირი და უზუსტესი ენით გვიცხადებს ფიქრებს, დაკვირვებებს, სამყაროსთან მიმართებას.
„ვარდის სურნელი“ ბერლინის ურბანული რეალობაა, მაგრამ ეს არაა თანამედროვე ბერლინის ტურისტული სურათი, სადაც თითქოს ყველანაირი კულტურა, სანახაობა და თავშესაქცევი არსებობს.
ზაზა ბურჭულაძის ბერლინის თავზე ცა ცემენტისფერი და უმზეოა, არა მხოლოდ კლიმატიდან გამომდინარე, არამედ - საცხოვრებელი სახლის, უბნისა და შემოგარენის. სამეზობლოში ბავშვები ისე ხშირად ქრებიან, მათი დაკარგვის შესახებ გამოკრულ განცხადებებში აღწერებს ადამიანი ვეღარც იმახსოვრებს. ავტორის სახლის ფანჯრიდან ძველი წმ. მათეს სასაფლაო ჩანს, სადაც ღამღამობით მკვდარი ბავშვების ლანდები თამაშობენ.
ქალაქის აღქმის ასეთ ემოციურ განზომილებას ყოფითი და ფუნქციური პრობლემებიც ახლავს: ტიპური ურბანული ოპოზიცია „ქალაქის მკვიდრი“ – „ჩასული“, მოქალაქე - არამოქალაქე, ზაზა ბურჭულაძის ტექსტშიც არაერთი მხატვრული ეპიზოდითაა გამოხატული. პერსონაჟი უყურებს სახლის ფანჯრიდან ქოსა თურქს, რომელიც ტრადიციულ თურქულ ნაგაზს კი არ ასეირნებს, როგორც ეს ბერლინელ თურქებს სჩვევიათ, არამედ ე.წ. „კონტინენტურ“ თეთრ პუდელს კუდზე ორი პომპონით. პერსონაჟი ფიქრობს, ამ ძაღლს მასზე „სოლიდური პასპორტი ექნება“. თავის მხრივ, ქოსა თურქის ძაღლს ჰამლეტი ჰქვია და, ალბათ, იზიარებს შექსპირის ჰამლეტის თვისებებს, როგორიცაა „მერყეობა, ეჭვიანობა, რეფლექსიურობა და შურისძიების აუტანელი სურვილი“.
ზაზა ბურჭულაძის რომანის უპირველესი მახასიათებელი ცნობიერების დაუფარავად გადმოტანაა. მხატვრულ მინიშნებებს ანაცვლებს პირდაპირი განაცხადები, რომ მისი ცხოვრება დანტეს „ჯოჯოხეთია“; რომ ავტორის მეუღლე, მარიკა - ვერგილიუსი და მათი უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსის 8 ლიფტს სინამდვილეში ჯოჯოხეთის სკნელებში დავყავართ. უზარმაზარი კორპუსების კომპლექსი, სადაც ავტორი, მისი ოჯახი და მილო და მილა პოდესვების ოჯახები ცხოვრობენ, ნაგავსაყრელის სუნში იხრჩობა. ყოველდღიურად კორპუსი მიწის სიღრმეში უფრო და უფრო იძირება:
„ჩვენ ყოველდღე თითო სანტიმეტრით მივიწევთ ქვევით. ასეთია სტატისტიკა. სანტიმეტრი თითქოს ბევრი არ არის. წელიწადში მთელი სართული ჩადის ქვეშ.“
მთავარი ეგზისტენციალური კრიზისი, რაც ბერლინის ამ საცხოვრებელი კომპლექსის, „ნორმას“ მცხოვრებლებს ახასიათებთ: იქ ადამიანები სულ უფრო და უფრო გადასხვაფერდებიან, ფერმკრთალდებიან, სქესის სხვაობა ეკარგებათ და „მათ შორის ადამიანად არ ითვლება ის, ვისაც ერთხელაც არ უფიქრია, ყოფილიყო რობოტი“. ადამიანად ყოფნის ვალიდაციისთვის საკმარისია მხოლოდ იმის დადასტურება, რომ „არ ვართ რობოტები“ - „Please show you’re not a robot“ - შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც ერთგვაროვან, ფლეგმატურ და ცემენტისფერ რეალობაში ადამიანს უჭირს.
...
არის თუ არა ურბანული ყოფა ყოველთვის მძიმე, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია, - ცხოვრება ბუკოლიკურ რეალობაშიც ეგზისტენციალური სიმძიმის იყო. თანამედროვე სამყარო ურბანულ ცხოვრებას ირჩევს და მასში ადამიანის როლის და ფუნქციის განსაზღვრა ებმის ცალკეული ქალაქების ურბანულ სისტემებს. ურბანული ტექსტების ესთეტიკური და პერსონალური ამბები რომანში „ქალაქის მკითხველს“ ხშირად იმას ეუბნება, რომ ქალაქის ნიშნებს თავად ქმნის და მოიხმარს.
______________________________
[1] https://thefoodellers.com/en/james-joyces-ulysses-route-dublin;
[2] „We are somewhat like this avant-garde reader when we are in a city.“ Barthes R., Semiology and the Urban,1974, Mythologies. A. Lavers, translator. New York: Hill and Wang.,1986 (orig. 1971), In M. Gottdiener and A. Ph. Lagopoulos, editors, The City and the Sign: An lntroduction to Urban Semiotics, 87-98. New York: Columbia University Press;
[3] „Rome involves a permanent conflict between the functional necessities of modern life and the semantic charge given to the city by its history.”, Barthes, 1971.