ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“ | რეცენზია
“ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რეალობა-ჯადოსნურობის მიჯნაზე მოარული მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ და ერთმანეთში არეული ათასი სურნელით თავბრუს დაგახვევთ.”
აღწერა, რომელიც რომანს “ვარდის სურნელი” მოჰყვება, არა, ბონუსად კი არ გერგებათ წიგნის შეძენისას, გამომცემლობის ვებგვერდზე, მაღაზიების ფეიჯებსა თუ სოციალურ პლატფორმებზე ერთვის თან, საკმაოდ შეუსაბამოა. არანაირი ჯადოსნურობა ამ ნაწარმოებს არ აქვს. ერთი შეხედვით, დაუჯერებელი და პრაქტიკაში განუხორციელებელი ეპიზოდები ნამდვილად გვხვდება, მაგრამ მასთან ისეთ ზღაპრულ და ლამაზ სიტყვას, როგორიც ჯადოსნურობაა, არაფერი ესაქმება. ”მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ” - საშინლად ტრაფარეტული მინიშნებაა, მით უმეტეს არც ჩათრევა-ჩაყოლას უნდა ელოდეთ. ეს წიგნი სულ სხვა ესთეტიკითაა დაწერილი, რაც გამძლეობას და წინასწარ მზაობას საჭიროებს.
კითხვის დასაწყისშივე გამახსენდა ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, კარლ უვე კნაუსგორი და მისი ავტობიოგრაფიული რომანი “ჩემი ბრძოლა”. კნაუსგორთან დინამიკურად მივყვებით მის ცხოვრებას, საწყის რამდენიმე გვერდზე მწერალი გარდაცვლილი მამის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესს აღწერს. არც ის ავიწყდება, რა სარეცხი საშუალება იყიდა სახლის დასალაგებლად, სადაც მამის გვამი ხრწნის პროცესში დახვდა. თანამედროვე პრუსტად წოდებული კარვ უვე დეტალურად მოგვითხრობს საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, პირადი ბრძოლის ველზე - ასეთი საჯაროობის გამო გადარჩენილმა მოქმედმა პირებმა მას რეალურ ცხოვრებაში უჩივლეს კიდეც. ზაზას მცდელობამ, რომ დიდწილად ავტობიოგრაფიული რომანი დაეწერა, კნაუსგორთან გადამამისამართა, თუმცა “ვარდის სურნელი” სადმე ამ ტიპის წიგნად იყოს მოხსენიებული, არ მაგონდება. ავტობიოგრაფიულობაზე დაგვაფიქრებს რეალური ადამიანების სახელები და გვარები, მათ ეპიზოდებს მწერალი ოსტატური გულახდილობით აღწერს.
ჩემთვის, როგორც რიგითი, საშუალო სტატისტიკური მკითხველისთვის, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, ეს არის რომანი, რომელიც სახის ნაკვთებზე ნაგვის სახით გეზილება, მჭიდროდ გაჯდება ცხვირის კუთხეებში, თვალის უპეებსა და ყურის ნიჟარებში, მძაფრი სიმყრალით გონებას გაკარგვინებს. ამ ნაგვის არომატი უცხო არაა, მის დასაფარად როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისე მისი უხეირო მთავრობა, ხშირად ძვირადღირებულ სუნამოს იპკურებს.
“შეეგებე მონსტრს სიმღერით. და ამაყად, როგორც დელფინი. იმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი. გადაუგდე ნიავს ყელი და იმღერე შენი შხამიანი იავნანა. გახსნილ ფილტვებში უფრო იოლად შემოდის სიმყრალე. ჩვენ აქ თავაწეულები იმიტომ კი არ დავდივართ, რომ ქედმაღლები ვართ, უბრალოდ ყელამდე ნაგავში ვდგავართ. და ჩვენ ვამაყობთ ამით. არა იმიტომ, რომ ეს ნაგავი შუშხუნებს ღვინოსავით, არამედ რადგან დაახლოებით წარმოგვიდგენია, რა გველის წინ. ან რა გველოდა უკან, გააჩნია საიდან შეხედავ.”
ზაზა ბევრი წელია, ბერლინში ცხოვრობს, რომანის მოქმედი პირები ბერლინის ქუჩებიდან და სახლებიდან არიან. თხრობის მოტივები შესაძლოა საზოგადო, ეროვნებისა და ლოკაციის მიღმა მოგვეჩვენოს, თუმცა თბილისიდან წაკითხულ “ვარდის სურნელს” ჩვენი ქალაქის სუნი დაჰყვება, გემოც. წიგნს, კნაუსგორის “ჩემი ბრძოლის” მსგავსად, არაპრონოზირებადი თხრობის ფორმა აქვს - ამბის განვითარებას, კულმინაციასა და დასასრულს მკითხველი არ ელოდება, დრამატურგია სხვა სტრუქტურაზეა აგებული. დღეები, ამბები წარსულიდან თუ აწმყოდან ფრაგმენტული და ერთმანეთში გადაზავებულია.
“ვარდის სურნელში” მწყობრადაა პარალელური თხრობა. წიგნი, ფაქტობრივად, ორ რომანს აერთიანებს: ერთი პირველ პირში მოთხრობილი კაცის ცხოვრებაა, რომელიც საყვარელ ქალთან და შვილთან ერთად ცხოვრობს; მეორე კი არის ნაწარმოები - “სიტყვების გამოფენა”, რომელსაც პროტაგონისტს, როგორც ცნობილ მწერალს, წასაკითხად ნაცნობი აძლევს. აქვე, მცირე დოზით ბანალურობას შევეკედლები და შედარებას “ჰამლეტთან” გავაკეთებ: როგორც შექსპირის პიესაშია თეატრი თეატრში, ისეა “ვარდის სურნელში” - რომანი რომანში. ამ საკითხზე ზაზაც წერს:
“ადრე ვფიქრობდი, ყველაზე ბანალურია, წიგნში რომ დაინახავ-მეთქი სხვა წიგნს. კითხულობ შენთვის რამეს და ხედავ, რომ სიტყვებს მიღმა სულ სხვა წიგნი ლივლივებს, ეგებ იმაზე მშვენიერიც შენ რომ კითხულობ, რომელიც ავტორმა ვერ შენიშნა-მეთქი.”
ამ განმარტებამ მომაქცია ბანალურობის ტყვეობაში, თითქმის არ არსებობს წიგნი, რომელშიც სხვა ტექსტების ანარეკლს ვერ ვხედავ, ზაზა ბურჭულაძესთან რომ ინტერვიუ ჩამეწერა, აუცილებლად ვკითხავდი, თუ რას ფიქრობს კნაუსგორზე; არის კი ჰამლეტი პირველი პოსტმოდერნისტი პერსონაჟი? (ამ კითხვას მის რომანთან საერთო არ აქვს) და კიდევ, რა საჭირო იყო ამდენი გალაკტიონი?
უკანასკნელ კითხვას განმარტებაც სჭირდება: გალაკტიონი ერთ-ერთი მთავარი წყაროა ზაზას რომანში:
“ეგებ არცერთს ღერი თმა არ გვერხეოდა მოკვერცხილ თავებზე და ორთავეს ერთნაირი გვამშვენებდა ულვაშები, იერი მაინც სხვადასხვაგავრი გვქონდა. გვქონდა გვირგვინნი ჩვენ რამით მსგავსი, ლამაზი შუქთა მარადი ნთებით ? არამც და არამც. ვერც გვექნებოდა, უმარტივესი მიზეზის გამო: ის მეფე იყო, მე -სუპერკარგო, არარსებული ფლოტის მსახური.”
ირაკლი ჩარკვიანის ამოცნობა ამ ეპიზოდში რთული არ არის , მათთვის კი, ვისაც პოეზია უყვარს, არც გალაკტიონის ამოკითხვა გაჭირდება:
“ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით”
ალუზიები არა მხოლოდ გალაკტიონთან, სხვა ავტორებთანაც გვხვდება, პირველივე ციტატაში ქართული სიმღერაც ადვილად იცნობა. დასაწყისში ასეთ მხატვრულ გადაწყვეტას თავისი ხიბლი აქვს, ტექსტი უფრო მშობლიური ხდება, რაც მწერალთან საერთო ენის გამონახვას ჰგავს, მაგრამ ათი, ოცი და ოცდაათი გვერდის შემდეგ კითხვის პროცესი გადადის პარანოიაში - სადაც არ არის, იქაც ალუზიები გეჩვენება და ფიქრობ, რომ რაღაც გამოგრჩა, იქნებ, ნაღმების აფეთქება ვერ შეძელი. ავტორი ალუზიების ხიბლშია, მაგრამ ასეთი თხრობის მანერას მაინც ხელშეუხებლად დავტოვებდი, მხოლოდ, ინტენსივობის ინტერვალის გაზრდა, ალბათ, მოლოდინის სიმძაფრეს გაზრდიდა.
“ვარდის სურნელს” ხან ერთი, ხანაც მეორე მხირდან ვუარე, ზემოდან, ქვემოდან და სიღრმეშიც ვეცადე შეძრომა, მაგრამ ახლა ბირთვის დროა, სადაც ისეთი სიმხურვალეა - წვავს. ზაზა ბურჭულაძის ახალ რომანში მკვდარი ბავშვების ხმა ისმის, წიგნიც უპირველეს ყოვლისა, ისევ ჩემი, რიგითი, საშუალო სტატისტიკური მკითხველის ხედვით, მათზეა და მერე სხვა დანარჩენზე.
“მკვდარი ბავშვები დიდ, ბოლავარდნილ ქვაბს მოასვენებენ სამგლოვიარო ზეიმოვნებით, საერთო კუბოსავით, საიდანაც მოხარშული ზღარბები ცდილობენ ამოძრომას, პირიდანაც ბოლქვა-ბოლქვად ამოსდით შავი ჭვარტლი, როგორც აფრიალებული ყორნების გუნდი, ხროვა. ან უკანასკნელი ამოსუნთქვა.”
ბავშვები სახელებით და უსახელოდ, მოკლული, თავიანთი სიკვდილით მკვდარი, ბავშვები საფლავებში, ცხედრებზე დადგმული ქვებით, მათი სხეულიდან გამოსული ნათებით, გაჟლეტილი ბავშვები და კითხვა - “მაგრამ, რამე ხომ უნდა ვუქნათ?!”. პროტაგონისტი სხვადასხვა სირთულის გზაზე დადის და ისევ გამქრალ ბავშვებს უბრუნდება. ფიქრის საბაბი ზაზას წიგნმა გააჩინა! ეგებ მე, შენ და ჩვენ ერთად ვკლავთ მათ? სად არის ბავშვების ადგილი? კითხვისას წარმოვიდგენდი, რომ მკვდარი ბავშვი “ვარდის სურნელიდან” შედის ახალ კლასში, სადაც ყველა მერხი დაკავებულია, არც ერთი მოსწავლე იღიმის და ბრმა ტყვია ახალ პოტენციურ კლასელს კლავს, რადგან მისთვის თავისუფალი სკამი არ არსებობს.
მესიჯის იგნორირებას, რომელიც გატყობინებს, რომ შვილი გყავს, შეიძლება თუ არა, ჰქონდეს სუნი? ფიქრობ, რომ არა? წარმოიდგინე, რომ გორილას ვარდის სურნელი ასდის და ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი წაიკითხე.
ავტორი: მარიამო ჯანელიძე