კურიერ-მსახიობის ნაამბობი | გიორგი მაისურაძე
„პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაზარმა კურიერად დამარეგულირა...“ - ასე გვაცნობს საკუთარ თავს „კურიერის ამბების“ მთხრობელი თემორე, ხოლო თავად წიგნის ავტორი თემო რეხვიაშვილი ახალი ქართული იდიომის „ბაზარმა დამარეგულირას“ შექმნით შემოდის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ქართული ენის ეს სიახლე 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მრწამსიდან - „ბაზარი დაარეგულირებს“ - წარმოდგება და ყოვლისმარეგულირებელი ბაზრის ზემოქმედების შედეგს აჩვენებს, რომელსაც ერთი შეხედვით ორი, ერთმანეთისთვის თითქოს შეუფერებელი პროფესიის - მსახიობობისა და კურიერობის - შეთავსება შეუძლია.
ბოლო წლებში საქართველოში ბაზარმა მრავალი ახალგაზრდა დაარეგულირა კურიერად.
ზოგისთვის კურიერობა პირველი სამუშაო გამოცდილება იყო, თუმცა უმეტესობისთვის ის ძველ პროფესიას ჩაენაცვლა, ან შეეთავსა. „კურიერის ამბების“ მთავარი გმირი იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც კურიერობა არსებულ პროფესიას შეერწყა. ამ უჩვეულო სინთეზმა შეიძლება ახალი პროფესიული მუტაციები გამოიწვია, როგორიცაა გაკურიერებული მსახიობის მწერლად გადაქცევა.
დღევანდელი ქართველი მწერალი კურიერია. ამას არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობა მოითხოვს, არამედ თავად მწერლის ტრადიციული დანიშნულება, რომელიც სხვა არაფერია, გარდა კურიერობისა: მწერალი ყოველთვის შუამავალი იყო, რომელსაც ღმერთების, სამშობლოს, ხალხის თუ პარტიის გზავნილი, ან, უკიდურეს შემთხვევაში საკუთარი გულის ნადები მკითხველთან უნდა მიეტანა. თანამედროვე მწერალი კი უფრო მეტად დაუახლოვდა თანამედროვე კურიერის პროფესიას: მას ის მოაქვს, რასაც უკვეთავენ. მწერლობაც დიდი ხანია ბაზარს ჰყავს დარეგულირებული.
თემო რეხვიაშვილი თავად კურიერობას აქცევს ხედვის ადგილად და მკითხველთან, შეკვეთების ნაცვლად, კურიერის მოპედიდან დანახული ცხოვრების სურათები მიაქვს.
მოპედიდან დანახული თბილისი განსხვავდება ტურისტების, სერიალებისა თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიერ შეთხზული თბილისისგან, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „კურიერის ამბებში“ არაფერია შეთხზული და გამოგონილი. თემო რეხვიაშვილი არ იგონებს ისტორიებს, ის მათ ფორმას და დრამატურგიას აძლევს და სცენაზე გადააქვს. ტოპოგრაფიული სიზუსტით აღწერილი თბილისის უბნებით იქმნება თეატრალური სცენა, რომელზეც მთავარი როლის შემსრულებელი მოძრაობს და მაყურებლის, რომელსაც მკითხველი ჰქვია, გამხიარულებას ცდილობს. გასამხიარულებლად კი მას სევდიანი ამბები უფრო აქვს მოსაყოლი, ვიდრე სასაცილო, მაგრამ მთხრობელი მსახიობია და სევდიან, ტკივილიან ისტორიებსაც ისე ჰყვება, რომ მკითხველ-მაყურებელმა გადაიხარხაროს. გეცინება, როცა მთავარი გმირი თემორე რიყეზე ლომის ფორმაშია გამოწყობილი, ბავშვები რომ გაამხიარულოს, მაგრამ ბავშვები „ლომს“ სიგამხდრის გამო იწუნებენ და წიხლებს ურტყამენ. მთხრობლის ირონია მუდამ საკუთარი თავისკენაა მიმართული, მუდამ საკუთარ წარუმატებლობებზე, უხერხულობებსა და გაჭირვებაზე ჰყვება. „კურიერის ამბების“ მთავარი გმირის პათოსი შორსაა ყოველგვარი ჰეროიზმისგან, მაშინაც, როდესაც რუსთავის თეატრის სცენაზე „გმირთა ვარამში“ დავით ბატონიშვილის როლს თამაშობს: ყველაზე მეტად პათეტიკურ სცენაში, იმ დღეს უკვე ოთხ სხვა სპექტაკლში ნათამაშებ და მთელი დღის ნაშიმშილებ თემორეს პარტნიორი მსახიობი რეკვიზიტით თავს უსისხლიანებს. რომანის მთავარი გმირი ღონემიხდილი და თავდასისხლიანებული გდია და ცრემლებს ღვრის. ასე იწყება უიღბლობათა კასკადი, რომელიც თხრობის მთელ მანძილზე უცვლელად მიყვება და გმირს ახალ-ახალ უხერხულობებში აგდებს. იუმორი, სიცილის მომგვრელი ვითარება სწორედ ასეთი შეუსაბამობებისგან იქმნება, როცა უფლისწულს განასახიერებ და შიმშილისგან გონებას კარგავ, ან როცა ლომი გინდა გამოსახო და სიგამხდრის გამო ბავშვები გიწუნებენ.
ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მსახიობი ხარ პროფესიით და შენი ხელობა სპექტაკლში 12 ლარად ფასობს და იძულებული ხარ დღეში ზოგჯერ ხუთ სპექტაკლში ითამაშო, რომ საარსებო თანხა შეგიგროვდეს.
თემო რეხვიაშვილის რომანი, მიუხედავად ავტორის აპოლიტიკური მიზანსწრაფვისა, გამორჩეულად მძაფრი სოციალური კრიტიკის დოკუმენტია, რომელსაც გაჭირვების და სოციალური უთანასწორობის ტკივილი მკითხველის სხეულთან მიაქვს. ეს არაა რეფლექსია სოციალურ ჩაგვრაზე, მთელი თავისი თეორიული წიაღსვლებითა თუ ალუზიებით, - ამ მხრივ, წიგნიც და ავტორიც სრულიად უმწიკვლოა, - არამედ „კურიერის ამბების“ ყოველი ცალკეული ამბავი, ახლო წარსულიდან თუ ბავშვობიდან გახსენებული, დამზაფვრელი სოციალური რეალობის ანაბეჭდებია, ყველაფერს უსახსრობის დაღი რომ ასვია. სოციალური კრიტიკის არტიკულაცია წიგნში ერთხელ ხდება, ისიც იმდენად პაროდიულ-თვითირონიული ფორმით, რომ თხრობა სრულ კარნავალესკად გადაიქცევა, როდესაც ნობელის პრემიაზე მეოცნებე თემორე „სანობელე ლექციას“ წინასწარ წერს. თუ რომელიმე ლიტერატურული ანალოგია შეიძლებოდა მოგვეძებნა, თემორე ამ სცენაში კაფკას მოთხრობის „წერილი აკადემიას“ გმირს, გაადამიანებულ მაიმუნს ჰგავს, რომელიც აკადემიკოსებს საკუთარი გაადამიანების ისტორიას უყვება.
თემორეს ისტორიას აქვს თავისი მიზანი, რომელიც პირველსავე წინადადებაშივეა განცხადებული და მუდამ აჩრდილივით თან დაჰყვება თხრობას: ესაა ჰამბურგში ჩასვლის ამბავი, რომელიც თემორეს უდიდესი ოცნების ასრულებას - ნიკ ქეივის კონცერტზე მოხვედრას - უკავშირდება. რომანის სტრუქტურული თავისებურება კი ისაა, რომ ეს მიზანი, რომელიც ბოლო თავებშია მოთხრობილი, ქრონოლოგიურად წინ უსწრებს წიგნში მოყოლილ ყველა სხვა ისტორიას. თემორეს ცხოვრების ყველაზე მთავარი და ღირსშესანიშნავი მოვლენა კურიერობამდელ წარსულშია, ბედნიერების წუთები, რომელიც მას განუცდია, კომპენსაცია უნდა იყოს იმ აწმყოსი, რომელშიც მსახიობი კურიერად დეკლასირდა.
ენობრივად ეს საკმაოდ რთული ტემპორალური ამოცანა თემო რეხვიაშვილს შთამბეჭდავი ინფორმაციული სიმჭიდროვით აგებულ პირველ ორ წინადადებაში აქვს გადაწყვეტილი: „იქნებ ოდესმე ის ცნობილი ისტორიაც გიამბოთ, ლისის ტბაზე მეგობრებთან ერთად სასეირნოდ გამოსული, რამდენიმე საათში როგორ აღმოვჩნდი ჰამბურგში, და როგორ დავიკარგე მის ბნელ ქუჩებში. მაგრამ სანამ მე და თქვენ ისე გავიცნობთ ერთმანეთს, რომ საქმე აქამდე მივა, მანამდე ალბათ კიდევ რამდენიმე ათას კილომეტრს დავფარავ ჩემი მოპედით, რომელიც ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ მეგობრის სახელზე განვადებით გამოვიტანე.“ ამ ორ წინადადებაში მოცემულია მთელი მოსათხრობი ისტორიების კომპოზიცია და მათი თანდათანობით დაახლოება საბოლოო მიზანთან - ჰამბურგის ამბავთან, რომელმაც, მოლოდინის მიხედვით, ნათელი ფერებითა და თემორეს ტრიუმფით უნდა გადაფაროს უკვე მონათხრობი კურიერული მომავლის სიმძიმეები. თემორე ამას წარმატებით ახერხებს, თუმცა არა ტრიუმფალური მუსიკის თანხლებით, არამედ უხერხულობებისა და უიღბლობების რაოდენობითა და მტკივნეულობით, რომლებიც მისი ცხოვრების უბედნიერეს მომენტს თან ახლავს. თემორეს ცხოვრების მთავარი ოცნება ახდა, თან იმაზე მეტადაც, ვიდრე ამაზე უოცნებია, როცა ის შემთხვევით თავად ნიკ ქეივის გვერდით აღმოჩნდება და მას თავად ლეგენდარული მომღერალი გაუწვდის თავის მიკროფონს და მასთან ერთად წამღერებას შესთავაზებს. მაგრამ სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში თემო რეხვიაშვილი ერთგული რჩება, როგორც თემორეს ბედისწერის, ასევე საკუთარი თხრობის ტრადიციის და ბედნიერებისგან თავბრუდახვეული მთავარი გმირი მორიგ ფიასკოს განიცდის. მთავარი გმირი თითქოს კუდამოძუებული ტოვებს სცენას და ყოველდღიურობაში იკარგება. ასეთი ფიასკოებისგან კი სევდიანი და იუმორიანი, ორიგინალური ფორმისა და სტილის, მრავალმხრივ აქტუალური და ცოცხალი ლიტერატურა იქმნება.