გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კურიერის ჩანაწერები

კურიერის ჩანაწერები | ბექა შათირიშვილი

ამ ტექსტის წერის პერიოდში მანქანა დამეჯახა. მანამდე ვხვდებოდი, რომ ტექსტს რაღაც აკლდა და როგორც აღმოჩნდა, ეგ რაღაც კურიერის ბედისწერის დროულად აღწერა ყოფილა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, რომელიც პირველი “ავარია“ იყო, ეს ინციდენტი ჩემი ბრალია. მაშინ დიდ ტრაგედიად არ მიმიღია, არადა კინაღამ გადამიარა მანქანამ. სხვა კურიერების ამბებს რომ მოისმენ და ნახავ გზაზე რა ხდება, ელოდები შენი დრო როდის მოვა და მეც, ემოციურად ძალიან მომზადებული შევხვდი იმ დაჯახებას.

როცა პატრულიც და მანქანიდან გადმოსული ქალიც ჩემზე მეტად ზრუნავდნენ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე (განსაკუთრებული არაფერი მჭირდა, არც მე და არც რომელიმე ტრანსპორტს), მე ძირს ვიჯექი და ნერვიულობასთან ერთად იმაზე ვიყავი განრისხებული, რის გამოც მიწევდა რომ იშვიათად, მაგრამ მაინც დამერღვია წესები და მგზავრობისას კურიერისთვის უკვე ნაცნობ და ჩვევად ქცეული ხრიკებისთვის მიმემართა, მხოლოდ იმიტომ რომ დროულად მიმეტანა შეკვეთა. განრისხება ძირითადად დამპალი დამსაქმებლისკენაა მიმართული, რომელიც მშრომელის ნაცვლად გეძახის “პარტნიორს” და თავიდან ირიდებს დამატებით ვალდებულებებს. , ეს დამსაქმებელი შეკვეთის მისატანად ისე ცოტა დროს გაძლევს, რომ რაც არ უნდა სწრაფად გაქანდე, შეუძლებელია ჩაეტიო და შეკვეთა დროზე მიიტანო. ეს როცა იცი, ცდილობ იეშმაკო, მიმართო ხრიკებს, ცოტა აქ დაარღვიო, ცოტა იქ და მერე ბრახ - ავარია!

სანამ ამ საქმეში ჩავერთვებოდი, სადმე კურიერობაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი, ყველაზე მეტად ფინანსური მხარე იქცევდა ყურადღებას - როგორ მარტივად შოულობენ ბევრ ფულს კურიერები. საეჭვოდ ნათელ ფერებში დახატული სიტუაცია ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანების მიერ - ეს სცენა ძალიან ბევრჯერ გაქვს ცხოვრებაში ნანახი და არ ტყუვდები. წლების უნახავი კლასელის შეხვედრასავითაა, რომელიც ფინანსურ პირამიდაში ცდილობს შენს ჩათრევას არარეალისტური სცენების წარმოდგენით.

მე მაინც ვეცადე და ვიფიქრე, რომ ეს საქმე სხვა თუ არაფერი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მაინც იქნებოდა. სამწუხაროდ გულუბრყვილო აღმოვჩნდი - საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოსაწყენმა და დამღლელმა ჩაანაცვლა და ბონუსად სახიფათო დაემატა.

პირველ დღეს ჩანთა მომცეს და გამიშვეს კურიერების ბირჟაზე. მითხრეს, რომ იქ დეტალებში უფრო გამარკვევდნენ.. შეკვეთის მოლოდინში დროის გასაყვანად შეჯგუფებული ამ ადამიანების დანახვა, ყოველ ჯერზე რაღაც სცენას აცოცხლებს ჩემს გონებაში - ძველ დროში, ცივ ადგილებში ექსპედიციით წასული ადამიანების შავ-თეთრი ჯგუფური ფოტოკადრის მსგავსს. კურიერების მოცულობითი ჩაცმულობა და ეკიპირება იგივეა. განწყობა და ბუნდოვანი მომავალიც ძალიან უხდება ერთმანეთს - ზუსტად არ იცი სად მიდიხარ, მაგრამ სადაც არ უნდა მიდიოდე, გზა სახიფათოა.

ამ ე.წ. ბირჟაზე ზოგადი საუბრების გარდა, პროფესიული თემების მიმოხილვისას, როგორიცაა - შეკვეთები, საცობები, რომელი ობიექტი რამდენ ხანს გალოდინებს, საიდან არ ღირს შეკვეთის წაღება და ა.შ. კურიერისთვის მარტივად, სხვებისთვის კი რთულად გასაგები განსაკუთრებული სალაპარაკო ენის ფორმირება ხდება. პირველად რომ მკითხეს - რამდენზე ხარ? ცოტა დრო დამჭირდა კითხვის გასაგებად. ანუ რამდენი შეკვეთა გაქვს დღეს წაღებული. მეც რომ გავეცი პასუხი, მისი რეაქცია იყო - დღეს არ იძლევა საერთოდ (აპლიკაცია არ გწყალობს შეკვეთებით/უბრალოდ ცუდი დღეა). ეს ენა უფრო ფართოვდება და შედარებით ნაცნობი ხდება, როცა ხელოსანთან გაქვს საქმე და საქმე ხშირად გაქვს. პროფილაქტიკაზე პირველად მისულს სცენა დამხვდა - ნახევრად დაშლილი მოპედის ერთ მხარეს საქმეზე კონცენტრირებული ხელოსანი, რომელიც უკან დაყრილ პატარა ნაწილებს გახედვის გარეშე აგნებს და მარტივად არგებს მოპედს. მეორე მხარეს კი ჩაფუთნული პატრონი, რომელიც დაიხარა, მოპედს ხელი დაადო და მშვიდი ტონით თქვა - გუშინ 45 შეკვეთა წამაღებინა. ამის გაგონებაზე ხელოსნის სერიოზული სახე ისე გაბრწყინდა, მასწავლებელი და მშობელი რომ ორივე კმაყოფილია და ამაყობს პატარა მოსწავლით.ზუსტად ეგ აურა ტრიალებდა იმ ბინძურ სახელოსნოში. ორივე იზიარებდა პასუხისმგებლობასა და წარმატებას. და ამ დროს მივედი მე, ცუდი მშობელი, ჩემი გაფუჭებული მოპედით. ხელოსანი მოკლე კითხვებზე ასევე მოკლე პასუხებს ელოდა, რომ დიაგნოზი მალე დაესვა, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა იყო ჩემი დამსახურებით. ბოლოს მაინც უშველა მოპედს. ირიბად ცოტა დამამუნათა, ასეთი უყურადღებო პატრონი რომ ვარ და მეც ძალიან დარცხვენილი წამოვედი სახლში.

ბირჟაზე ჩანთით მისულს, იქ მყოფ ჩემს აწ უკვე კოლეგებს შორის გამართული გეოგრაფიის მინი ქვიზი დამხვდა - ვინ უფრო კარგად იცოდა რესტორნებისა და კაფეების ზუსტი მისამართი. ეს შეჯიბრებითობა სულაც არაა ახალი ან კურიერების ექსკლუზივი. ნებისმიერ ადგილას, სადაც კაცების თავშეყრაა, მსგავსი შეჯიბრი ხდება ყველანაირ თემაზე.

კურიერების ბირჟაზეც ხშირად მოისმენთ ვინ უფრო მეტი შეკვეთა მიიტანა, ერთი უბნიდან მეორეში რამდენად სწრაფად მიდის, ობიექტიდან შეკვეთას სხვაზე მალე როგორ იღებს, უკეთესი მძღოლია - „ჩემ ადგილას სხვა მძღოლი რომ ყოფილიყო, უეჭველი ტრუპი იქნებოდა“ და ა.შ.

ისიც აუცილებლად აღსანიშნია, რომ ეს შეჯიბრება არაა მხოლოდ „პოზიტიური“ ხასიათის. უსიამოვნო რაღაცებშიც კი იგივე პრინციპი მოქმედებს. ვინმე რომ ჰყვება, როგორ ცუდად დაარღვია მგზავრობის წესები, წამში იქვე სხვაც გამოჩნდება, უარეს დარღვევაზე რომ მოჰყვება ისტორიას.

მოცემული ჩანთა ისევ კურიერებმა ამაწყობინეს და დეტალებში მართლა უკეთესად გამარკვიეს ვიდრე კომპანიამ. სოლიდარობა და ერთმანეთის დახმარება ძალიან ბუნებრივი და თავისთავადია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ახალი საურთიერთო ენის კიდევ ერთი მაგალითია შემხვედრი მოპედის მძღოლების ერთმანეთისთვის დასიგნალებითა და თავის დაქნევით მისალმება. თავიდან ვერ ვხვდებოდი ამ ჟესტის მნიშვნელობას. მოგვიანებით, გავიაზრე, რომ ეს ერთიანობის გამოხატულება, გამხნევების ფორმაა.

სოლიდარობის მორიგი მაგალითი საპროტესტო აქციების დაგეგმვა და მონაწილეობაა - გლოვოსა და ბოლტის კურიერების გაფიცვა და ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში აქტიურად ჩართვა. კურიერების ეს პატარა შეჯგუფებები, რომელთა პირველადი მიზანი დროის გაყვანა და გართობა იყო, მარტივად იქცა თვითორგანიზების ცენტრებად. გლოვოს კურიერების აქცია კონკრეტულ სფეროში დასაქმებული ადამიანების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოსვლა იყო. მართალია ამ დროს პრობლემას უფრო ებრძვიან და არა მიზეზს - ჩვენზე უკეთეს ევროპაში აქციებით იქამდე მივიდნენ, რომ ზემოთ ნახსენები  პარტნიორის სტატუსი დასაქმებულად შეიცვალა და ახლა მიტანის სერვისის წარმომადგენლებს ბევრად უკეთესი პირობები აქვთ.

სამწუხაროდ სოლიდარობა ამ ვიწრო წრეს არ სცდება. მოპედით სიარულს რომ იწყებ ერთ-ერთი რასაც იაზრებ არის ის, რომ რამდენადაც ხილული ხარ მოპედის სხვა მძღოლებისთვის, იმდენად უხილავი ხარ უფრო დიდ ტრანსპორტში მყოფი ადამიანისთვის.

მთელი დღე რომ შეკვეთები დაგაქვს, ეს ქაოსი, ხმაური და დაძაბულობა რაღაც დროის მერე საერთოდ გთიშავს და ყველაფრის მიმართ გეკარგება მგრძნობელობა. ამ დროს, მარტო მანქანაში მჯდომი ადამიანისთვის აღარ ხარ უხილავი. შენი თავისთვისაც უფერულდები და ქრები. ამ დროს წარმოვიდგენ, რომ ჩემი პიროვნება მხოლოდ შეკვეთის მომლოდინე მომხმარებლის აპლიკაციის რუკაზე მოძრავი კურიერის ფიგურამდე დაიყვანება. ზოგჯერ ასე დიდხანს არ გრძელდება და მაშინ, როცა გათიშვის მდგომარეობაში ხარ, საჭესთან მჯდომი, ცალი ხელით მომესიჯე ადამიანი თითქმის გეჯახება. ამ დროს თუ იგრძნობ, რომ ისევ ცოცხალი ხარ და გული გამალებით გიცემს. თავიდან ეს ყველაფერი ძალიან დამთრგუნველი და უცხოა. ახლობელ ადამიანს უყვები, რომ დღეს ვიღაცა კინაღამ დაგეჯახა, ან შენ დაეჯახე, მაგრამ დროთა განმავლობაში ეჩვევი, გაუცხოება და გაზიარება ქრება, მხოლოდ გული რჩება აჩქარებული.

თბილისის ქუჩები და უბნები ყველა ამ სიკეთესთან ერთად ისტორიებისა და მოგონებების უშრეტი წყაროა. ვიმახსოვრებ კონკრეტულ ადგილებს და ადამიანებს, სადაც ან ვისთანაც გავლა რამდენჯერმე მიწევს. ვიმახსოვრებ ყველას, იქნება ეს ბუკინისტი, თუ მეთონე. ქალაქის ცენტრში მისასვლელად სანაპიროზე გავლა მიწევს და გზის პირას ჯერ სექს-მუშაკები მხვდებიან, შემდეგ, ვახუშტის ხიდთან, სამუშაოს მაძიებელი მუშები..პანდემიამ შუაგულ ქუჩაში მდგარი ფულის მთხოვნელი ადამიანების რიცხვი ბევრად გაზარდა. ამ ადამიანებისა და მძღოლების ყველაზე გამორჩეული ურთიერთობა ფალიაშვილის ქუჩაზე შემინიშნავს. აქ ჯერ სკოლის წინ ერთ ქალს ახლო ურთიერთობა აქვს ზოგიერთ მანქანის პატრონთან. აი ისეთი, ოჯახით რომ მოიკითხავს და ისინიც სითბოთი პასუხობენ. ცოტა ზემოთ, ლიმონის გამყიდველი ქალისა და უბრალოდ აქტიური კაცის ტანდემია, რომლებიც ძალიან უცნაური ნიშნებისა და ხმების ენით კონტაქტობენ. მათაც თავისი სანაცნობო წრე ჰყავთ და განსაკუთრებით ეს კაცი, ძალიან აჟიტირდება ხოლმე ნაცნობი მანქანების დანახვისას. ორივეს შემთხვევაში, ფულზე მეტად ადამიანური გრძნობები და ურთიერთობებია წინ, ცალკე საკითხია რამდენად რეალურია ეგ ყველაფერი, მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია. ჩემთვის არასდროს არავის უთხოვია ფული, როცა მოპედით გავჩერებულვარ შუქნიშანზე. გარდა იმისა, რომ ალბათ დიდი იმედი არ აქვთ კურიერების ფინანსური შესაძლებლობების, ამ ადამიანებისთვის ჩვენ უფრო კლასობრივად ახლოს ვართ მათთან და ფულის თხოვნის მაგივრად მე მოპედზე, კურიერობაზე, ამ ქალაქში რომ გაჩერება არ ღირს და მსგავს თემებზე მესაუბრებიან. მზრუნველობითი ჭკუის დარიგებაც კი არის, რომ კაცს ვარდისფერი ჩაფხუტი დიდად არ შეშვენის და ჯობია შევცვალო.


სამუშაოს დაწყებიდან პირველ კვირას მივხვდი, რომ ყველაზე სწრაფად სამსახურიდან სახლში მივდიოდი და არა რომელიმე შეკვეთის წაღებისას. ისევ ასე ვარ. ამით მგონია, რომ ჩემს წინაპრებს ცოტა ვარცხვენ. დედაჩემის თქმით, ჩემი გვარის წარმომადგენლები ოდესღაც მეფის შიკრიკები იყვნენ(ეს მითი არ გადამიმოწმებია) და მეც ამ საქმის თანამედროვე ვარიანტის გამგრძელებელი ვარ. ჩემი მაქსიმუმი 10-11 შეკვეთაა დღის განმავლობაში. მეტი არაკურიერობისთვის მოწყობილ ჩემს სხეულსა და გონებას არ შეუძლია.  საქმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია კი ბონუსზე გასვლაა. იქნება ეს დღიური, თუ კვირის ბონუსი. კურიერის გონება მთლიანად ამაზე ფიქრს აქვს მოცული. 

არც თუ ისე ხანგრძლივი კარიერის შემდეგ, ამიერიდან უკვე კერძო რესტორნის კურიერი ვარ. აქამდე მთელი დღე გარეთ ყოფნა და ცხოვრების ამ სტილთან ადაპტირება მიწევდა. ადრე თუ ისეთი განცდა მქონდა, რომ უპატრონო ცხოველი ვიყავი, ახლა შინაური გავხდი და რესტორნის ფანჯრებიდან ვაკვირდები ძველ მეგობრებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა