პატარა ინტროვერტი ბიჭი დიდ სცენაზე | ინტერვიუ ჯეი-ჯეი იოჰანსონთან
ჯეი ჯეი იოჰანსონი, ალბათ, თბილისის ყველაზე ხშირი სტუმარია იმ საერთაშორისო არტისტებს შორის, ვინც ამ ქალაქში ბოლო წლებში ჩამოსულან. მისი პირველი კონცერტი აქ 2016 წელს გაიმართა, მას შემდეგ არაერთხელ დაბრუნდა და სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს მაისში თბილისში მოდის კვირეულის (Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi) ფარგლებში ჩამოვიდა და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა კონცერტი.
ეს, ალბათ, იოჰანსონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული წარმოდგენა იყო საქართველოში. ორკესტრმა მის მუსიკას ახალი განზომილება, სიღრმე და ოდნავ აკადემიური ელფერიც შესძინა. წარმოდგენის ბოლოს, ჯეი ჯეიმ მისი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა, Heard Somebody Whistle, ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებული კრიმანჭულის ფონზე იმღერა. მელანქოლიური პოპისა და ქართული მრავალხმიანობის ამ უჩვეულო მუსიკალურმა გადაკვეთამ განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია და კონცერტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.
სულ ბოლოს მუსიკოსმა ფრენკ სინატრას My Way-ის სიდ ვიშეზისეული ვერსია შეასრულა და მთელი საღამოს განმავლობაში დაგროვილი აკადემიურობა ერთიანად თავდაყირა დააყენა. რამდენიმე წუთით ის სიმფონიური ორკესტრის სოლისტიდან პანკ-ვარსკვლავად გადაიქცა, სიმღერის დროს სცენიდან ჩამოვიდა, მსმენელებს შეერია და ფოტოები გადაიღო, შემდეგ კი დარბაზის უკანა ნაწილში გადავიდა და სკამებზე შემდგარმა გააგრძელა სიმღერა. ასე დაემშვიდობა მაყურებელს – არა სცენიდან, არამედ მათ შორის მდგომი.
ისე მოხდა, რომ ჯეი-ჯეის პირადად ვიცნობ. დაახლოებით, სამი წლის წინ, მისი ერთ-ერთი თბილისური ლაივის შემდეგ, საერთო მეგობარმა მის პიანისტთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად ღვინოზე დაგვპატიჟა. არ გამკვირვებია, რომ იოჰანსონი მუსიკის მიღმაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, კარგი იუმორით და უამრავი სახალისო ისტორიით. ბევრი ვილაპარაკეთ მუსიკაზე, მოგზაურობაზე, ცხოვრებაზე და ათას სხვა რამეზე. იმ მომენტში ინტერვიუს აღებაზე არც მიფიქრია. პროფესიული ფორმატის შემოტანა იმ გარემოში უადგილო იქნებოდა. უმჯობესი იყო, ის საღამო ზუსტად იმ სახით დარჩენილიყო ჩემს მეხსიერებაში, როგორიც იყო – მეგობრული, სპონტანური და დაუგეგმავი.
მას შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია ინსტაგრამზე: ხან მისი მუსიკის, ხანაც Balenciaga-ს ჩვენებაზე მისი გამოსვლის შესახებ. როცა გავიგე, რომ თბილისში ისევ ჩამოდიოდა, მივწერე და ინტერვიუს იდეა შევთავაზე, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა. უკვე შვედეთში მყოფს, ვიდეოზარით დავუკავშირდი.
როგორც თქვა, სტოკჰოლმის ერთ-ერთ მშვიდ გარეუბანში ცხოვრობს. ჩვენი საუბრის დროს სამზარეულოში იჯდა და მის უკან კედლებზე გაკრული მისივე დიზაინით აწყობილი ალბომების ყდების ფოტოებიც დამათვალიერებინა. ხატვა და გრაფიკული დიზაინი მისი კიდევ ერთი პროფესია და ინტერესის სფეროა, რასაც მუსიკაშიც იყენებს. ჯეი-ჯეის ოთახის ეს ატმოსფერო და მშვიდი, თბილი გარემო თითქოს რაღაცით ჰგავდა კიდეც მის მუსიკას, რომელიც, ერთი შეხედვით, მინიმალისტური, მაგრამ ყურადღებით დაკვირვებისას უამრავი ისტორიის შემცველია.
ჯეი-ჯეი იოჰანსონი Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი ჰედლაინერია.
...
ინდიგო: საქართველოსთან უკვე საკმაოდ დიდხნიანი და ინტენსიური შემოქმედებითი კავშირი გაქვთ. რა გაბრუნებთ ისევ და ისევ აქ?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: პირველად თბილისში დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოვედი და მახსოვს, მაშინვე ვიგრძენი განსაკუთრებული გარემო, რაზეც სამომავლო კავშირების დაშენება იქნებოდა შესაძლებელი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მომდევნო წელსაც დამპატიჟეს და ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. თანდათან ძალიან თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ქართულ აუდიტორიასთან. ამ წლების განმავლობაში თბილისშიც ბევრი რამ შეიცვალა – გაჩნდა უფრო დიდი და უკეთ აღჭურვილი საკონცერტო სივრცეები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ატმოსფერო მაინც მყუდრო და ანდერგრაუნდის სულისკვეთების დარჩა.
ყველაფერი კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც 2022 წელს დემნასთან დავიწყე თანამშრომლობა. ამან ჩემს ქართულ გამოცდილებას ახალი განზომილება შემატა. ვმუშაობდი ქართველ დიზაინერთან, გავიცანი მისი ოჯახი, მშობლებიც კი, რამაც კიდევ უფრო განმიმტკიცა კავშირი საქართველოსთან. უფრო მეტმა ახალმა ადამიანმა გამიცნო იქ, გაიზარდა ინტერესიც ჩემი მუსიკის მიმართ.
ჩემი ბოლო ვიზიტი მოდის კვირეულზე იყო, რაც ჩემთვის უჩვეულო სულაც არაა, რადგან ხელოვნების მრავალი მიმართულება მაინტერესებს. და ეს, დაახლოებით, 30 წლის წინ საფრანგეთში დაიწყო. თავიდან კონცერტებზე მეპატიჟებოდნენ, შემდეგ, კინოფესტივალებზე, მოდის კვირეულებზე. ცდილობდნენ, თავიანთ პროგრამაში ჩემი მუსიკისთვისაც ეპოვათ ადგილი. საქართველოშიც თანდათან ყალიბდება მსგავსი კულტურული გარემო. აქ ჩემი კოლაბორაცია მხოლოდ მუსიკას სცდება და უფრო ფართო კულტურულ სივრცეს მოიცავს. ზოგადად, ძალიან მიყვარს საუბარი შემოქმედებით პროცესზე, იდეების დაბადებასა და განვითარებაზე. მუსიკოსი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ კინორეჟისორი, მხატვარი ან რაიმე მსგავსი ვიქნებოდი. არაერთხელ დამიკრავს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში. ბევრმა იცის, რომ ოთხი წელი არქიტექტურას ვსწავლობდი, შემდეგ კიდევ ოთხი წელი – ხელოვნებას. ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერადაც.
ინდიგო: დემნა ახსენეთ და რადგან ისედაც ვფიქრობდი ამ თემაზე მეკითხა, ბარემ მოგვიყევით, როგორ მოხვდით მის ჩვენებაზე 2023 წელს და რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: 2022 წლის გაზაფხულზე Balenciaga-ს შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში ჩემი კომპოზიცია Girl With a Sun in Her Eyes გამოიყენეს. ეს ნაწარმოები ფორტეპიანოსთვის მქონდა დაწერილი 2017–2018 წლებში. ჩემი გამომცემელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ამ მუსიკის გამოყენება სურდათ. იმავე კვირაში ინსტაგრამზე შეტყობინება მივიღე ლოიკისგან, დემნას მეუღლისგან. „დემნა ყოველდღე გისმენს, მუდმივად მესმის შენი მუსიკა სახლში“, – მწერდა ის. სწორედ ამ პატარა მესიჯით დაიწყო ჩვენი ხშირი კომუნიკაცია. ამის შემდეგ, უკვე პირადად გავიცანით ერთმანეთი და ყოველ ჯერზე, როცა პარიზში ჩავდიოდი, მათაც ვნახულობდი. შევხვდით ჟენევაშიც, მათ სახლში, ლონდონში, სხვა ადგილებშიც... დროთა განმავლობაში ძალიან დავახლოვდით და ახლო მეგობრები გავხდით. მათ ჰქონდათ სპეციალური მუსიკალური სია, Balenciaga Music, რომელიც მაღაზიებში იყო ჩართული და ონლაინ პლატფორმებზეც შეიძლებოდა მოსმენა. თუმცა, მისი განახლება გადაწყვიტეს და ეს საქმე მე მომანდეს, რის შედეგადაც ახალი, 30-სიმღერიანი ფლეილისთი გავაკეთე. იმავე პერიოდში Balenciaga-ს ჩვენებაზეც მიმიწვიეს, როგორც მოდელი.
იქ დემნას ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენი დაახლოება დაემთხვა Balenciaga-სთვის საკმაოდ რთულ პერიოდს. იმ დროს ბრენდი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის მწვერვალზე იყო. დემნა მუდმივად ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის სათავეში ექცეოდა. ბრენდის მთავარი სახეები მეგავარსკვლავები, კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი იყვნენ. Balenciaga ისეთ სიმაღლეზე იყო, სადაც მოდის ინდუსტრიაში იშვიათად ადის რომელიმე ბრენდი. თუმცა ამას თავისი საფასურიც აქვს. როდესაც ამდენად დიდი ხდები, ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენს შეცდომას ელოდებიან. ზოგჯერ ძალიან მცირე დეტალიც საკმარისია, რომ კრიტიკისა და სიძულვილის უზარმაზარი ტალღა დაგატყდეს თავზე.
ყველამ, ვინც დემნას შემოქმედებით პროცესს ახლოს იცნობს, კარგად იცის, როგორ განვითარდა მოვლენები, რომლებმაც, საბოლოოდ, ამ მასშტაბის კონტროვერსია გამოიწვია. ყველაფერი დაიწყო ფოტოგრაფის პროექტიდან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ბავშვებს მათ საყვარელ სათამაშოებთან ერთად იღებდა.
ამ ფოტოგრაფს სთხოვეს, Balenciaga-ს საშობაო კამპანიაზე ემუშავა. შემდეგ გამოჩნდა ის ცნობილი გამოსახულებები, ბავშვები ჩოქერებით – ყელზე მჭიდროდ მიბჯენილი მეტალის ყელსაბამებით. გარკვეული ვიზუალური ელემენტების კომბინაციამ ადამიანებში სხვადასხვა ასოციაცია გააჩინა, რასაც ბრალდებების, სპეკულაციებისა და აგრესიის უდიდესი ტალღა მოჰყვა. გულწრფელად რომ ვთქვა, ნაწილობრივ მესმის კიდეც, რატომ ხდება ხოლმე მსგავსი რამ. როდესაც შენი კარიერა პროვოკაციაზე, საზღვრების მოსინჯვაზე და არსებულ წესრიგთან თამაშზეა აგებული, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ერთ დღეს ეს საზღვარი შემთხვევით ან განზრახ გადაიკვეთოს. ბალენსიაგა კი ნამდვილად იყო კონტროვერსიაზე აგებული და ზღვარზე მოსიარულე ბრენდი.
ისე დაემთხვა, რომ ზუსტად იმ პერიოდში მე მათთან ძალიან ახლოს ვიყავი და ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად მხარში დავუდექი კიდეც. ზოგჯერ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია არა გავლენიანი ან ცნობილი მეგობრები, არამედ უბრალო, გულწრფელი მხარდაჭერა და მეგობრობა, რომელიც პატიოსნებაზე, სიმართლესა და სიკეთეზეა დაფუძნებული. ჩვენს მეგობრობაზე საჯაროდ თითქმის არასდროს მისაუბრია. არ გამიზიარებია ჩვენი ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსელებში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფოტო გვაქვს გადაღებული. ვფიქრობ, ეს პრივატულობა და სიმშვიდე მათაც მოსწონდათ და ამიტომ იყო განსაკუთრებული ჩვენი ეს კავშირი.
ინდიგო: ისევ გაქვთ ახლა ურთიერთობა? და ფიქრობთ თუ არა მომავალში თანამშრომლობაზე მას შემდეგ, რაც დემნა Gucci-ში გადავიდა?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: Gucci-ში გადასვლის შემდეგ აქტიური კავშირი აღარ გვაქვს. ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა ეს სრულიად ბუნებრივია – მეც ძალიან დაკავებული ვარ და ისინიც. ახლა ისინი, ძირითადად, ლოს-ანჯელესსა და მილანში ცხოვრობენ. რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, არც ეს ვიცი. Gucci სრულიად განსხვავებული სამყაროა Balenciaga-სგან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო პერიოდი, როდესაც ხელოვნებისა და იდეების სივრცეში ერთად ვმოძრაობდით.
ინდიგო: თქვენს ბოლო კონცერტს რომ დავუბრუნდეთ საქართველოში, ორკესტრთან ერთად გამოხვედით სცენაზე, ბოლოს კი ფოლკ-ჯგუფთან ერთად იმღერეთ. როგორი იყო ეს?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: ორკესტრთან ერთად კონცერტის ჩატარების შემოთავაზება აქამდეც მქონია, მაგრამ რატომღაც დიდად არასდროს დავინტერესებულვარ. ამჯერად ალბათ სწორი დრო და გარემო იყო და უფრო შეეფერებოდა ჩემს განწყობას და გადავწყვიტე დათანხმება. როდესაც ნიკოლოზთან (ნიკოლოზ რაჭველი) მიმოწერა დავიწყე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც კარგი უნდა გამოსულიყო. გადაწყვეტილების სისწორეში პირველივე რეპეტიციაზე დავრწმუნდი. საბოლოოდ, მართლაც ძალიან კარგი და საინტერესო გამოცდილება იყო, როგორც ორკესტრი, ისე – ფოლკლორულ ანსამბლთან დუეტი. ერთადერთი ცუდი, რაც ამ ამბავს ახლდა, ის იყო, რომ წინა დღეებში ძალიან ბევრ სასმელზე დამპატიჟეს და კონცერტის დღეს საშინლად ნაბახუსევი ვიყავი. განსაკუთრებით ჭაჭამ მომიღო ბოლო. როგორც წესი, კონცერტის დღეს ვცდილობ, რომ საუკეთესოდ ფორმაში ვიყო. თუმცა, წინა საღამოს აშკარად ზედმეტი მომივიდა.
კონცერტის დღეს, დილის საათებში, იმასაც კი ვფიქრობდი, რომ სცენაზე ფეხზე ვერ დავდგებოდი. განადგურებული ვიყავი, ნამდვილი მკვლელია ეს სასმელი. მაგრამ, საბოლოოდ, მაინც შევძელი სიმღერა.
ინდიგო: ამდენი წლის შემდეგ თქვენი მუსიკა კვლავ ინარჩუნებს ავთენტურობას და გამორჩეულ ხელწერას, თუმცა ყოველი ალბომი თითქოს ახალ ხასიათს, ჟღერადობასა და თემატურ მიმართულებას გვთავაზობს. როგორ ახერხებთ საკუთარი თავის მუდმივ „განახლებას“ ისე, რომ თქვენი არტისტული იდენტობა უცვლელი და ამოსაცნობი დარჩეს? და როგორია თქვენი სამუშაო პროცესი?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: ჩემი სიმღერები ჩემთვის თითქმის ყოველთვის ერთნაირად „შეიგრძნობა“, მელოდიაც, ტემპიც და თხრობის ხასიათიც. განსხვავება ჩაწერიდან, არანჟირებიდან და პროდიუსინგიდან მოდის. როცა ვწერ, ვცდილობ გავლენებისგან თავისუფალი ვიყო, მაგრამ პროდიუსინგის დროს გავლენები ძალიან მიყვარს. ბევრს ვუსმენ ძველ მუსიკას, 30-40-იანი წლებიდან დაწყებული, 60-70-იანი წლების ფსიქოდელიითა და 90-იანი წლების ტრიპ-ჰოპით დამთავრებული. ბოლო დროს უფრო ხშირად კლასიკურ მუსიკას ვუსმენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა ფორტეპიანოს სწავლა დაიწყო და სახლში სულ რახმანინოვი და შოპენი ისმის. კლასიკურ მუსიკაში განათლება არ მაქვს და ძალიან დამაინტერესა ამ სამყარომ.
15 ალბომი მაქვს ჩაწერილი 30 წელიწადში, ახლა მე-16-ზე ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში რასაც ვაკეთებ, თითქმის ერთსა იმავე სტრუქტურას მიჰყვება: ვწერთ ალბომს, შემდეგ ერთი წელი ტურნე, ისევ ჩაწერა, ისევ ტურნე. ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა – ტურნეები ხშირად უფრო დიდხანს გრძელდება, ამიტომ ზოგჯერ წერასაც ამ დროს ვიწყებ.
რეალურად, არასდროს ვწყვეტ წერას. ყოველთვის თან მაქვს ფურცელი, რომ მუსიკის ფრაგმენტები და იდეები ჩავიწერო. შემდეგ, როცა სახლში ვარ და ამ ყველაფერს ვაგროვებ, ვცდილობ, ამ ფრაგმენტებისგან სიმღერები შევკრა.
როცა ძირითადი ნაწილი მზად მაქვს, ვეძახი პიანისტს, რომ პიანინოს პარტიების იდეები განვავითაროთ, შემდეგ დრამერს, რომ ბითისა და რითმის იდეები დავხვეწოთ, და ამის შემდეგ ვწერთ დემოს, რომ დავინახოთ, რა აკლია ამა თუ იმ სიმღერას.
ვიცი, რომ არტისტების ნაწილი სხვანაირად მუშაობს: პროდიუსერები ინსტრუმენტალს სტუდიაში ამზადებენ და შემდეგ ვოკალისტს უგზავნიან, რომ მასზე ვოკალი დაადოს, ანუ შექმნილ მუსიკაზე, ბექგრაუნდ მუსიკაზე დაწეროს სიმღერა. თუმცა, ჩემთვის ეს სრულიად საპირისპირო პროცესია. არაერთ ცნობილ პროდიუსერს გამოუგზავნია ინსტრუმენტალი და შემოუთავაზებია იგივე, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო ასეთ დროს. მე ჯერ სიმღერას ვწერ და შემდეგ ვიწყებთ არანჟირებას, პროდიუსინგს და დანარჩენ პროცესს. ჩემთვის ეს არის მუშაობის სწორი ფორმა და თანმიმდევრობა, სხვანაირად არ შემიძლია.
მუსიკის წერის პროცესის უწყვეტობის გამო, ჩემთვის ახალი ალბომი რეალურად არც არის ხოლმე სრულიად ახალი პროექტი და უფრო წინა ალბომის ბუნებრივი გაგრძელებაა. მაგალითად, ზუსტად ვიცი, რა იყო ბოლო სიმღერა წინა ალბომში, „Fetish“, და პირველი სიმღერა, რომელიც „Backstage“-ისთვის ჩავწერეთ. მათ შორის მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო სხვაობა.
ინდიგო: რა ახდენს ხოლმე გავლენას წერის დროს? რა იყო ბოლო ალბომის, Backstage-ის ინსპირაცია?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: ჩემი სიმღერების თემები მარტივია, თუმცა უნივერსალური: გატეხილი გული, სიყვარული, მარტოობის შიში… კარიერის დასაწყისში, პირველ ხუთ ალბომში, ეს სიმღერები უფრო მარტოსული გულის პერსპექტივიდან იწერებოდა. როცა დავქორწინდი და შვილები გამიჩნდა, უკვე ისეთი ადამიანის ხედვით, რომელსაც ხშირად უწევს სახლიდან შორს დიდი დროის გატარება. შემოვიდა სინანულის თემა იმაზე, რომ ოჯახს ხშირად ვტოვებ. ზოგჯერ ამას პარანოიაც ემატება: რა ხდება სახლში, როცა იქ არ ვარ? ეს უკვე სხვანაირი „გატეხილი გულია“, განსხვავებული იმ პერიოდისგან, როცა მარტო ვცხოვრობდი. თუმცა, საბოლოოდ, მაინც იმავე თემებზე ვმღერი. ჩემი სურვილია, მაქსიმალურად ახლოს ვიყო ჩემს აუდიტორიასთან და ბოლო წლებში ამას განსაკუთრებით ვცდილობ. ამიტომ დავარქვი ამ ალბომს Backstage.
ეს არის სივრცე, სადაც, როგორც წესი, არავის ეპატიჟები და მხოლოდ მე, მუსიკოსები და ხმის რეჟისორი ვართ. ამჯერად კი მინდოდა, მსმენელი ჩემს პატარა, პირად სამყაროში მომეწვია.
ინდიგო: თუ იყო თქვენს ცხოვრებაში რაიმე გამორჩეული მომენტი – კონკრეტული ამბავი, არტისტი ან ხელოვნების ნაწარმოები, რამაც საბოლოოდ გადაგაწყვეტინათ, რომ მუსიკოსი გამხდარიყავით?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო. მამაჩემი ახალგაზრდობიდან ჯაზის დიდი მოყვარული იყო და ხშირად დადიოდა კონცერტებზე, როცა შვედეთში ცნობილი ჯაზ-მუსიკოსები ჩამოდიოდნენ. მსგავსი შოუები, ძირითადად, სტოკჰოლმში ან ზოგჯერ გოტენბურგში ტარდებოდა. ჩემს ბავშვობაში ჩვენ ამ ორ ქალაქს შორის ერთ პატარა დასახლებაში, პატარა ქალაქ სკარაში ვცხოვრობდით, სადაც იმ დროს დაახლოებით 7000 მაცხოვრებელი იყო.
80-იანი წლების დასაწყისში მამაჩემმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ამ ქალაქშიც გაეკეთებინათ ისეთი მუსიკალური სივრცე და სასტუმრო, რომ საერთაშორისო არტისტების გამასპინძლება შეძლებოდათ. მათ მართლაც დაარსეს ძალიან კარგი პატარა ჯაზ-კლუბი და სასტუმრო, სადაც არაერთი დიდი არტისტი დაითანხმეს კონცერტის ჩატარებაზე.
სტოკჰოლმის მერე ან მანამდე ისინი ჩვენს პატარა ქალაქშიც ჩამოდიოდნენ ხოლმე და მათ მეც ხშირად ვხვდებოდი თუმცა, ჩემთვის მაშინ ეს ოდნავ მოსაწყენი იყო, რადგან, ძირითადად, ასაკიანი კაცები იყვნენ ხოლმე და თან მაშინ ჯაზის დიდი მოყვარული არ ვიყავი. ისე კი ბავშვობიდან ვწერდი სიმღერებს ჩემთვის, პოპ სიმღერებს, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, რადგან მეგონა, რომ თუ მომღერალი გინდა იყო, აუცილებლად ექსტროვერტი, გახსნილი და თავისუფალი უნდა იყო. მე კი ძალიან მორცხვი და ინტროვერტი ბავშვი ვიყავი. ყველა ის არტისტი, ვინც მაშინ მიყვარდა, ძალიან ხმამაღალი, ლაღი და თამამი იყო, იქნებოდა ეს ოზი ოსბორნი, KISS, Divine, Boy George თუ სხვები.
1984 წლის ერთ ღამეს მამამ მითხრა: „გინდა დღეს კლუბში წამოხვიდე? ჩეტ ბეიკერი გვყავს“. ვუპასუხე, რომ გოგოს ზარს ველოდებოდი, პაემანზე მივდიოდი და ვერ მოვახერხებდი. თუმცა, იმ გოგომ, კამილამ არ დარეკა და არც მას მერე გამოჩენილა. საბოლოოდ, კონცერტზე წავედი. მაშინ 16 წლის ვიყავი.
მახსოვს, როცა ჩეტ ბეიკერი სცენაზე გამოვიდა, პირველი, რაც გააკეთა, სკამი ცენტრიდან ცოტა მოშოროებით, სცენის სიღრმეში გადადგა, სადაც განათება აღარ იყო აქცენტირებული და იქ დაჯდა. შემდეგ კი, თავისი ნაზი, მშვიდი ხმით სევდიანი სიმღერების შესრულება დაიწყო. მართალია, მას უკვე აღარ ჰქონდა ისეთი სუფთა ხმა, როგორიც ახალგაზრდობაში, და, ალბათ, ნარკოტიკებსაც საკუთარი კვალი დაემჩნია, მაგრამ ეს საღამო ჩემთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. გავიფიქრე: თუ ოდესმე სცენაზე გამოვალ, ზუსტად ასეთი ვიქნები, ჩრდილში მყოფი, ყურადღების ცენტრის მიღმა. მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო, აუდიტორიის წინაშეც შეგენარჩუნებინა შენი პირადი სივრცე. პირველად გავაცნობიერე, რომ მეც შემეძლო მუსიკოსი გავმხდარიყავი და სცენაზე დგომა ჩემი საქმიანობის ნაწილი ყოფილიყო. ამ ამბის შემდეგ ჩემს სიმღერებსაც დაეტყო ჯაზის გავლენა და რამდენიმე წელი ამ მიმდინარეობით ვიყავი გატაცებული.
მეორე მნიშვნელოვანი ამბავი 1994 წელს უკავშირდება. თუმცა, ამის პრეისტორიასაც მოვყვები: 1991-ში სტოკჰოლმში გადავედი საცხოვრებლად და ხშირად დავდიოდი ჯაზ-კლუბებში, რომ მუსიკოსები გამეცნო. მინდოდა მენახა ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიმუშავებდი. რამდენიმე მცდელობა მქონდა კიდეც, კონცერტებიც ჩავატარეთ მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ზედმეტად ძველმოდური და რეტრო იყო. ჯაზი კარგი იყო, მაგრამ მე უფრო თანამედროვე მუსიკა მიზიდავდა. 1993 წელს ლონდონში აღმოვჩნდი, სადაც ცნობილ ჟურნალ i-D Magazine-ში გრაფიკულ დიზაინერად და შემდეგ არტ-დირექტორად ვმუშაობდი. მუსიკალური თვალსაზრისით ლონდონში მაშინ ძალიან საინტერესო პერიოდი იყო: ახალი გამოსული იყო Massive Attack-ის ალბომი Blue Lines, Soul II Soul-ის, Aphex Twin-ის პირველი ჩანაწერები. ჯერ კიდევ არავინ ამბობდა სიტყვას „ტრიპ-ჰოპი“, მაგრამ ის, რასაც Massive Attack აკეთებდა, ძალიან გამორჩეული იყო.
როცა სტოკჰოლმში დავბრუნდი, მუსიკალურ ჟურნალში დავიწყე მუშაობა. ეს ჟურნალები, როგორც წესი, ხმის ჩამწერი სტუდიებისგან იღებენ პრომო ჩანაწერებს იმ ალბომებისა, რომელთა მიმოხილვის დაწერასაც გეგმავენ მათ გამოსვლამდე. 1994 წლის აპრილში ჩვენ მივიღეთ Portishead-ის პირველი სინგლი Numb – დღემდე ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა.
მაისში კი უკვე მთლიანი ალბომი, Dummy მოგვივიდა, რომელიც სექტემბერში უნდა გამოსულიყო და მანამდე მიმოხილვა უნდა დაგვეწერა. რადგან პირველი სიმღერა ძალიან მომეწონა, რედაქციაში ვიკითხე, თუ შემეძლო ეს კასეტა სახლში წამეღო, როცა ზაფხულის არდადეგებზე წავიდოდით. მითხრეს, რომ შეიძლებოდა, რადგან რევიუს დაწერას ჯერ მაინც არ აპირებდნენ. წავედი სახლში და დავიწყე ჩანაწერის მოსმენა. მგონი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ ალბომს მოუსმინა. ამის მერე საბოლოოდ მივხვდი, რომ ჯაზის მუსიკოსებთან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი. მხოლოდ ჩემი პიანისტი, ერიკი მჭირდებოდა და აუცილებლად რაღაც ახალი, უფრო თანამედროვე უნდა გაგვეკეთებინა.
ჩვენი პირველი შოუ მეგობრის დაბადების დღეზე შედგა, იქ პირველად ვიმღერეთ. აღმოჩნდა, რომ იქ BMG Records-ის წარმომადგენელიც იყო, რომელიც ახალ არტისტებს ეძებდა. საბოლოოდ, მან მიგვიწვია სტუდიაში და პირველი ალბომიც ასე ჩავწერეთ.
ასე რომ, ორი მთავარი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში: ჩეტ ბეიკერი 1984 წელს და Portishead 1994 წელს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ორი გავლენა დღემდე ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ჩემი შემოქმედების მთავარ ელემენტებად რჩება.
ინდიგო: თქვენი კარიერა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე სტრიმინგ პლატფორმები გაჩნდებოდა. როგორ ფიქრობთ, ციფრულ ეპოქაში მუსიკის შექმნა და მსმენელამდე მიტანა უფრო გამარტივდა თუ გართულდა? როგორ შეცვალა ამან არტისტსა და მსმენელს შორის ურთიერთობა?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: გულწრფელად გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მუსიკის წერა და ამ სფეროში მუშაობა 90-იან წლებში დავიწყე. ძალიან გამიმართლა, რომ ხმის ჩამწერი ლეიბლი მყავდა. ვფიქრობ, ახლა რომ დამეწყო ყველაფერი, ამის გაკეთებას ვეღარ შევძლებდი. იმ დროს არტისტებს ჰქონდათ საშუალება, საკუთარი მუსიკა ხმის ჩამწერი კომპანიებისთვის მოესმენინებინათ. დღეს ერთი მხრივ, მუსიკის შექმნა და მისი აუდიტორიამდე მიტანა გაცილებით მარტივია, მაგრამ, მეორე მხრივ, მილიონობით არტისტი ცდილობს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას და კონკურენციაც უფრო დიდია. ვფიქრობ, ჩემი მუსიკისა და მუშაობის სტილიდან გამომდინარე, დღეს ბევრად უფრო გამიჭირდებოდა.
ახლა რომ დამეწყო ეს ყველაფერი, მგონია, ამ პროცესით ვეღარ ვისიამოვნებდი. მუდმივი წნეხის შეგრძნებაა – ყოველდღე ონლაინ უნდა იყო და რაღაც ატვირთო. მუდმივად უნდა ჩანდე, რომ ხალხმა შეგამჩნიოს.
ეს ჩემთვის ძალიან სტრესულია. ამისთვის ცოტა სხვანაირი ხასიათი უნდა გქონდეს, ყველას არ შეუძლია ამას გაუმკლავდეს. თუმცა, მგონია, რომ ახლა ამ ყველაფრის პიკში ვართ და დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება.
ინდიგო: ტურის გამოცდილება თუ შეცვალა ამ ყველაფერმა?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: დღეს ტურს, ჩემი აზრით, გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. კონცერტზე მუსიკის მოსმენა ბევრად განსხვავებული გამოცდილებაა, ვიდრე ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან. დღეს მუსიკა, თითქოს, ყველგან თან გვაქვს, მაგრამ ხშირად ძალიან ფრაგმენტულად ვუსმენთ, რამდენიმე წამს ერთ სიმღერას, შემდეგ მეორეზე გადავდივართ. 90-იანებში თითქმის ყველას ჰქონდა სახლში კარგი აუდიოსისტემა და უფრო კონცენტრირებულად ვუსმენდით მუსიკას. ალბომის გამოცდილებაც სრულიად განსხვავებული იყო – ჩართავდი და თავიდან ბოლომდე უსმენდი. დღეს კი მუსიკის ყოველდღიურ მოსმენასა და მის ლაივში განცდას შორის უზარმაზარი კონტრასტია. გარკვეული თვალსაზრისით, ეს კარგიც არის, კონცერტი ახალგაზრდა მსმენელისთვის უფრო უნიკალურ მოვლენად იქცა.
იყო პერიოდი, როდესაც ვამჩნევდი, რომ ჩემი აუდიტორია ჩემთან ერთად იზრდებოდა და ასაკში შედიოდა, მაგრამ ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ უკვე ახალი თაობაც დადის. ვფიქრობ, მათთვის ეს გამოცდილება იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე თავად წარმოედგინათ.
ინდიგო: როგორ ფიქრობთ, რა დაკარგა და რა მოიგო დღევანდელმა თაობამ იმ სამყაროსთან შედარებით, რომელშიც თქვენ იზრდებოდით? თქვენს შვილთან თუ გაქვთ ხოლმე მსგავს თემებზე დისკუსიები და ასევე, რამდენად განსხვავდება თქვენი და მისი დამოკიდებულება მუსიკის მოსმენის თუ ახალი მუსიკის აღმოჩენის მიმართ?
ჯეი-ჯეი იოჰანსონი: ჩემი შვილი ახლა 18 წლისაა. მუსიკა ნამდვილად არის მისი და მისი მეგობრების ყოველდღიური ცხოვრების და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. უბრალოდ, ზოგჯერ მგონია, რომ ისინი მუსიკას სხვანაირად განიცდიან. თითქოს, აღარ არიან მასში ისეთი ვნებითა და ემოციით ჩაფლულები, როგორც ჩვენ ვიყავით. აღარ ეძებენ ახალ მუსიკას იმავე ჟინით და არ იქექებიან ტექსტებში ისე, როგორ ჩვენ. ვიცი, რომ ახლა მოხუცი კაცივით ვლაპარაკობ, მაგრამ მახსოვს, როგორ ვკითხულობდით სიმღერების ტექსტებს, რამდენჯერ ვუსმენდით ერთსა და იმავე ალბომს, როგორ ვცდილობდით თითოეული დეტალის აღმოჩენას.
როცა ჩემს შვილს ამაზე ველაპარაკები, ჰგონია, რომ უბრალოდ ძველმოდური ვარ. დარწმუნებულია, რომ მუსიკას ისიც ღრმად უსმენს, უბრალოდ, მე ამას ვერ ვხედავ. შესაძლოა, მართლაც ასეა.
მათ საკუთარი გზები, საკუთარი წესები და საკუთარი კულტურა აქვთ. ყველა თაობას თავისი ცხოვრების სტილი აქვს. ყველას ჰგონია, რომ სწორედ მან აღმოაჩინა რაღაც ახალი და რომ წინა თაობას მისი აღარ ესმის. თუმცა, ერთი რამ, რაც აშკარად თვალშისაცემია, მისი თაობა და მათზე ოდნავ უფროსებიც გარეთ გაცილებით ნაკლებ დროს ატარებენ. ისინი იშვიათად დადიან ბარებსა და კლუბებში ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ, ფაქტობრივად, ბარებში ვცხოვრობდით.
დღეს ახალგაზრდები ბევრად მეტ დროს ონლაინ ატარებენ, ონლაინ მეგობრები ჰყავთ და იქ ურთიერთობენ. ისინი ნაკლებს სვამენ, ნაკლებად მოიხმარენ ნარკოტიკებს, უფრო ჯანსაღად ცხოვრობენ, რაც თავისთავად ძალიან კარგია. თუმცა, ასევე, ნაკლებად დადიან პაემნებზე და, ზოგადად, ნაკლებად ხვდებიან ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში. მათი ურთიერთობების დიდმა ნაწილმა ონლაინ გადაინაცვლა.
ეს ტენდენცია პირველად, დაახლოებით, ოცი წლის წინ იაპონიაში დაიწყო. ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ ინტერნეტში, ჰყავდათ ონლაინ შეყვარებულები და მეგობრები. თითქოს, ერთგვარი ვირტუალური რეალობა შეიქმნა, რომელმაც რეალური ურთიერთობები ნაწილობრივ ჩაანაცვლა. იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც მოსახლეობის შემცირება სერიოზულ პრობემად იქცა – უფრო მეტი ადამიანი კვდებოდა, ვიდრე იბადებოდა. დღეს მსგავსი პროცესები უკვე თითქმის მთელ დასავლურ სამყაროში შეინიშნება. სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება, ხოლო ადამიანებს შორის ცოცხალი, უშუალო ურთიერთობები იკლებს.
ინდიგო: დღეს, როდესაც საზოგადოება სულ უფრო პოლარიზებული და დაპირისპირებული ხდება, როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა მუსიკას და ზოგადად ხელოვნებას, ადამიანები გააერთიანოს და მათ შეხედულებებზე რეალური გავლენა მოახდინოს? ამ კონტექსტში, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პოლიტიკური ან სოციალური გზავნილების მქონე ხელოვნება?
კარიერის დასაწყისშივე მივხვდი, რომ ეს დიდად კარგად არ გამომივიდოდა და ჩემი მიმართულება არ იყო. თითქმის არასდროს ვწერ პოლიტიკურ ტექსტებს. არსებობენ არტისტები, რომლებიც ამას ჩემზე ბევრად უკეთ აკეთებენ. მათ უფრო ძლიერი ხმა აქვთ, რომ ეს საკითხები წინ წამოსწიონ და ეს ძალიან დასაფასებელია. რა თქმა უნდა, გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან, დემონსტრაციებზე დადიან, ან ამ თემებზე მღერიან და ასე უსვამენ ხაზს პრობლემის აქტუალობას. უბრალოდ, მე ასეთი ადამიანი არ ვარ.
ალბათ ზედმეტად ინტროვერტი და მგრძნობიარე ვარ ამისთვის. ჩემი მუსიკა უფრო ინტროსპექტიულია და პირად სივრცეზეა მიმართული. ადამიანური ისტორიების მოყოლა უფრო კარგად გამომდის და მგონია, რომ ეს ჩემს მუსიკასაც უფრო უხდება. ვფიქრობ, ეს სენსიტიური მხარეც მნიშვნელოვანია მსმენელისთვის.
მინდა, რომ ჩემს კონცერტზე მოსულმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ჩვენი კავშირი ორმხრივია. ბევრი არტისტი სცენაზე გადის, კონცერტს ასრულებს და მიდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენო, რომ ისინი მეც შევამჩნიე. ეს მადლობის გადახდის ერთგვარი მეთოდია.
გირჩევთ
ინტერვიუ ტედ ჯიოიასთან | ნიკო ნერგაძე
26.07.2024
ჩემი პროტესტის საუნდტრეკი | მარიამ თვალავაძე
24.10.2024
ტომ იორკი დათვის თანავარსკვლავედში
06.02.2024
თქვენ ვის გადაურჩენიხართ? | ანი ცქიტიშვილი
24.01.2024