გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
David August

David August-ის ახალი ტრაექტორია


David August-ს პირველად 10 წლის წინ შევხდი, როდესაც ის თავისი შემოქმედებითი პოტენციალით უფრო ფასობდა, ვიდრე დისკოგრაფიით. მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ გერმანელმა არტისტმა თავის ყველა შემოქმედებით იდეას ხორცი შეასხა, მაინც ძნელად თუ გამოიცნობდა ვინმე იმ ტრაექტორიას, რომლითაც David August-ის კარიერა განვითარდა.  1 სექტემბერს ის თბილისში ადგილობრივ მსმენელს კიდევ ერთხელ შეხვდება და დეკოდერის საფესტივალო ღამეზე ცისკარი გარდენში დაუკრავს.

მისი მუსიკალური გზა შეგვიძლია რამდენიმე ეტაპად დავყოთ, სადაც ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა ყოველთვის რადიკალურ ტრანსფორმაციას მოითხოვდა. ამ ინტერვიუში, სადაც რესპონდენტი ბევრად უფრო გულწრფელი მეჩვენა, ვიდრე წლების წინ იყო, ზუსტად ამ ტრანსფორმაციებსა და შემოქმედებით მანევრებზე ვსაუბრობთ.


ინდიგო: ქართველ მსმენელთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვთ, რადგან საქართველოს არაერთხელ სტუმრობდით. როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება ამ ქვეყანაზე? და შეიცვალა ის დროთა განმავლობაში?

David August: საქართველოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მგონი ამ ქვეყანაში პირველად 10 წლის წინ დავუკარი, არა? მაშინ მსმენელი ძალიან თბილად დამხვდა. შემდეგ ტურნეების დროს ბათუმსა და ანაკლიაშიც დავუკარი, თუმცა დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ და ძალიან ველოდები. გარდა ამისა, რადგან ჩემი მეგობარი გოგონა ქართველ/უკრაინელია, აქ ყოველი ვიზიტი ემოციურად მაინც განსაკუთრებულია.

ინდიგო: საინტერესოა, რომ ქართველი მსმენელი თქვენი  ყველა მუსიკალური ტრანსფორმაციის მოწმე გახდა. მახსოვს, პირველად ჩამოსვლისას, დიჯეის სტატუსი გქონდათ, ყოველ შემდეგ ჯერზე კი სხვადასხვა პროექტებით და ექსპერიმენტული იდეებით გვიბრუნდებოდით. თქვენი დაკვირვებით როგორ რეაგირებდა ამ ცვლილებებზე ქართველი მსმენელი? ზოგადად რთული არ არის, როცა ერთი და იმავე აუდიტორიის წინაშე ხშირად გიწევს დაკვრა?

 David August: ზოგადად ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავზე რეფლექსირებას. ხშირად ადამიანებს ხშირად უჭირთ ცვლილებების მიღება, რადგან მათთვის ცალკეული პიროვნება კონკრეტულ მუსიკალურ ჟღერადობასთან ასოცირდება. მაგრამ ჩვენში ხომ ბევრი რამ იცვლება, რაც შემდეგ ჩვენსავე შემოქმედებაზეც აისახება.

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებების და ტრანსფორმაციების არ უნდა გეშინოდეს. შესაბამისად, ვცდილობ მსმენელს შევთავაზო ისეთი რამ, რასაც ის კონკრეტული კულტურული სივრცე აირეკლავს, სადაც ვიმყოფები. მაგალითად, ლაივი ლისაბონსა და სტოკჰოლმში ორი ძალიან განსხვავებული მოცემულობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მსმენელთან მუდმივი დიალოგი მქონდეს.

ინდიგო: თქვენი მუსიკალური მოგზაურობა და ზოგადად დისკოგრაფიაც აჩვენებს, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებულ შემოქმედებით ნაკადებს მიჰყვებოდით. თუმცა კარიერის საწყის წლებში გითქვამთ თითქოს ზოგჯერ საკუთარ კომპოზიციებთან ემოციური კავშირის დაჭერა გიჭირდათ. ახლა, როცა ამდენი ჩანაწერი დაგიგროვდათ, როგორ აფასებთ ადრეულ ეტაპზე შექმნილ მუსიკას და იმ მიდგომებს, რომელიც ადრე გქონდათ? ცნობთ თავს წლების წინ შექმნილ კომპოზიციებში?

 David August: შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ხშირად შესაძლებლობებით არის განპირობებული. მუსიკა, რომელსაც ახლა ვქმნი, 6 წლის წინ უბრალოდ ვერ იარსებებდა. როცა რაღაცას აკეთებ, შენ შეზღუდული ხარ შენივე შესაძლებლობებით, იქნება ეს ტექნიკური, სულიერი თუ სხვა ტიპის მოცემულობა. ის, რასაც თქვენ მიდგომას უწოდებთ, ყოველთვის არჩევანით არ არის განპირობებული. ხშირად ეს არის ძრავა, რომელიც გაზრდისთვის და შინაგანი განვითარებისთვის გჭირდება. ძველ კატალოგებში ქექვა ხშირად წინააღმდეგობრივ კავშირშია იმასთან თუ ვინ ხარ შენ დღეს და ვინ იყავი ცხოვრების იმ კონკრეტულ ეტაპზე, როდესაც იმ მუსიკას მქნიდი. ვცდილობ, საკუთარი თავის მიმართ ლმობიერი ვიყო, მაგრამ კრიტიკასაც არასდროს ვივიწყებ.

ინდიგო: დაახლოებით 15 წელია ყოველდღიურად ქმნით მუსიკას და მართავთ ტურნეებს. რა არის ის მთავარი მოტივაცია, რის გამოც ამ რთულ პროცესს არასდროს მოწყვეტილხართ?

David August: ჩემთვის მუსიკა არის მედიუმი, რომელიც საშუალებას მაძლევს გადმოვცე ის, რის თარგმნაც სიტყვებში არ შემიძლია. თავისუფლება, რასაც ეს პროცესი მანიჭებს, ყველაზე მეტად მჭირდება. აქ არ არის საზღვრები, აქ ყველაფერი შესაძლებელია და ეს მე ძალიან მანუგეშებს.

ინდიგო: როგორც ჩანს, კოლაბორაციული პროექტებითაც დიდ სიამოვნებას იღებთ. მაგალითად, ავიღოთ პროექტი Aşa, სადაც Cansu Tanrikulu-სთან ითანამშრომლეთ, ან Madrā, რომელიც თქვენი და Sushma Soma-ს ერთობლივი პროექტია. შეიძლება უფრო ღრმად ჩაგვახედოთ იმ გამოწვევებში, რომელიც სხვა არტისტებთან თანამშრომლობას თან სდევს?

David August: ორივე შემთხვევაში ყველაფერი ძალიან უმტკივნეულოდ წავიდა -  Cansu და Sushma-სთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. თითოეული მათგანი ძალიან განსხვავებული ვოკალისტია, სხვადასხვა მიდგომებითა და კულტურული გამოცდილებით. Sushma  სინგაპურში ცხოვრობს და დისტანციურად გვიწევდა მუშაობა, Cansu-თან კი ბერლინში ვიყოფდი სტუდიას, ამიტომ ფაქტობრივად არანაირი შეფერხება არ გვქონია.

ინდიგო: ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, სადაც ბოლო პერიოდში გნახეთ იყო პალესტინურ Radio Alhara-ში  ერთწლიანი რეზიდენტობა, სადაც Suzanne Ciani, Donato Dozzy, KMRU და სხვა არტისტებთან ითანამშრომლეთ. საიდან დაიწყო ეს პროექტი და რა განსხვავებული შთაბეჭდილებები მოგიტანა?

 

David August: 2020 წელს რამდენიმე დიჯეი მიქსი ჩავწერე და საუნდკლაუდზე ავტვირთე. მაშინ პანდემიის პერიოდი იყო და ვფიქრობდი, რომ მუსიკის გაზიარება ერთადერთი იყო, რაც შემეძლო. იმ დროს ამ სერიებს დავარქვი “Tomorrow Is Forever”.  წლის ბოლოს Radio Alhara-დან მომწერეს და მთხოვეს თუ შემეძლო მათი რადიოშოუსთვის მიქსის ჩაწერა და მათ მე “Tomorrow Is Forever” პროექტის შესახებ მოვუყევი. ასევე შევთავაზე, რომ პროექტი ჩემი ლეიბლიც ჩამერთო. ასე მოვიფიქრეთ ყოველთვიური ფორმატი, სადაც სხვადასხვა არტისტებს ვეპატიჟებოდი და ერთი სახელის ქვეშ მუსიკას ვაზიარებდით.

ინდიგო: ლეიბლი ახსენეთ და თქვენი პლატფორმა 99CHANTS უკვე 5 წელია არსებობს. რა იყო ამ ლეიბლის შექმნის მიზანი? საკუთარი პლატფორმის ქვეშ მუსიკის გამოცემა თუ სხვა გეგმებიც გქონდათ?

David August: ლეიბლის შექმნა აუცილებლობამ განაპირობა, თუმცა ეს იდეა წლების განმავლობაში მქონდა. ვინაიდან ლეიბლის კონცეპტი კარგად ვერ დავამუშავე, იდეა ბევრჯერ გადავდე. 2017 წლის ბოლო, ემბიენთ ალბომი DCXXXIX A.C. ჩავწერე, შემდეგ კი ჩემში იტალიურმა ფესვებმა გაიღვიძა და კიდევ ერთი ალბომი D’ANGELO ჩავწერე. რადგან DCXXXIX A.C. თავისი ჟღერადობით ძალიან განსხვავდებოდა წინა ნამუშევრებისგან, მინდოდა, დამოუკიდებელი სიცოცხლე ჰქონოდა. მაშინ ლეიბლის სახელი უკვე მქონდა გონებაში, მაგრამ არ ვიცოდი რას ნიშნავს საკუთარი პლატფორმის მართვა. მეგობრების და პარტნიორების დახმარებით ეს საკითხიც ადვილად გადაიჭრა და  99CHANTS დაიბადა.

ინდიგო: ამ ლეიბლზე უკვე გყავდათ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Louis Sterling, Bunita Marcus, Giulio Aldinucci და სხვა. როგორია პლატფორმის მომავალი? რა გეგმები აქვს?

David August:  სულ ხოტა ხნის წინ გამოვეცით არაკომერციული კომპილაცია “Imaginary Landscapes”, სადაც ბევრი საინტერესო მუსიკა გვხვდება. 6 ოქტომბერს კი ჩემს ალბომს VĪS გამოვცემ.

ინდიგო: იმედია რამდენიმე სიტყვას სამომავლო გეგმებსა და საქართველოში ვიზიტზეც გვეტყვი.

 David August:  ბოლო პერიოდში ძირითადად დიჯეი სეტებს ვუკრავდი და ამ ყველაფერს არც საქართველო დაკლებია. ახალი ლაივ შოუს იდეა კი ოქტომბერში იხილავს დღის სინათლეს. ეს იქნება უფრო მეტად თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ჩემს ალბომს VĪS მიეძღვნება. აქ იქნება ქორეოგრაფია, სცენოგრაფია და სცენაზე პერკუსიონისტთან ერთად ვიდგები.

ფოტო: Alia Malin

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა