გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ოდა დემენციაზე

            

მუსიკა ტვინის იმ ნაწილს აღვიძებს, რომელიც დემენციას არ დაუზიანებია და ისეთ საპასუხო ქცევებს იწვევს, როგორიცაა სიმღერა, მოძრაობა და ახლობლებთან ურთიერთობის ხანმოკლე მომენტები  - Dr Maggie Haertsch, CEO of the Arts Health Institute

Everywhere at the end of the time ელექტრონული მუსიკოს ჯეიმს ლეილანდ კირბის პროექტია. 2016-2019 წლებში, The Caretaker ფსევდონიმით გამოშვებული ექვსი ალბომი ერთგვარი არტისტული რეფლექსიაა დემენციაზე. მეხსიერების დაკარგვა და მოგონებები ყოველთვის იყო ლეილანდის ინსპირაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო და დემენციას მიძღვნილი ექვს საათნახევრიანი მუსიკალური პროექტი ბოლო ნაშრომია, რომელიც მუსიკოსმა The Caretaker მეტსახელით გამოსცა.

ექვსი ალბომი, ანუ ექვსი სტადია მუსიკალური თვალსაზრისით დაახლოებით ისევე პროგრესირებს, როგორც თავად დაავადება. ზოგადად დემენციის განვითარებას არ აქვს კონკრეტული ტემპი და ერთი განსაზღვრული სიმპტომატიკა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის დემენცია აქვს ადამიანს, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის საერთოა - ის აუცილებლად პროგრესირებს და სიკვდილი გარდაუვალია. 

დემენციის მქონე ადამიანების გამოცდილი მომვლელების (ძირითადად ოჯახის წევრები) ისტორიებს რომ ვკითხულობდი, ყველა მოუწოდებდა სხვა მსგავს მდგომარეობაში მყოფთ  რომ რაღაც დროის მერე მზად ყოფილიყვნენ პროფესიონალი მომვლელის ასაყვანად. დემენცია სასჯელია როგორც ავადმყოფისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისათვის. მკვეთრად გამოხატული მეხსიერების დაკარგვისა და ბევრი სხვა სიმპტომის გარდა, დემენციის მქონე ადამიანები ძალიან ხშირ შემთხვევაში ხასიათდებიან აგრესიული ქმედებებით. ეს შეიძლება იყოს როგორც ვერბალური, ასევე ფიზიკური. მისკომუნიკაციის გამო ზოგჯერ ძალიან რთულია დემენციის მქონე ადამიანის ელემენტარური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ავადმყოფი ხშირად ვერ ხვდება სად არის და ვინ არიან მის ირგვლივ მყოფი ადამიანები. იქმნება ფრუსტრაცია და გაუცხოება. ეს მუდმივი დაძაბულობა და სტრესი, რომელიც თან სდევს ავადმყოფს, ლეილანდმა ექსპერიმენტალური მუსიკის ქვეჟანრების მონაცვლეობით გადმოსცა.

სტადია 1 :



ალბომი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდის „სამეჯლისო დარბაზის“ მუსიკის სემპლებით იწყება, სადაც ამ ჟღერადობით მანიპულაცია და მსუბუქი ექსპერიმენტებია. ფირსაკრავზე დაკრული მუსიკა, რომელმაც ლეილანდის არტისტულ ფილტრში გაიარა და ასე მოვიდა მსმენელამდე. პირველივე წამებიდან ეს მუსიკა ისეთი პერიოდის ნოსტალგიას მიქმნის, რომლის ნაწილიც მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს წარმოდგენებში შავ-თეთრი კინოს პერიოდში ვარ, აივანზე ვზივარ და მოსეირნე და მოცეკვავე წყვილებს ვუყურებ. მეორე მსოფლიო ომამდელი ჯაზის ლეილანდის ვერსიები ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. ალბომი  მშვიდი და სარელაქსაციოა, მაგრამ თავისი უცნაური სევდა აქვს. როგორც მე, მის მერე, რაც ეს ჩემი ილუზორული წარმოდგენები ქრება და მელანქოლია დაუფლებული რეალობას ვუბრუნდები. დემენციის საწყის ეტაპზე ადამიანს სიმპტომები თითქმის არ შეენიშნება და ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. ეს ალბომი ჯერ ისევ ამ მზიანი და ნათელი პერიოდის გამოხატულებაა - სიმშვიდე, შტორმის წინ.

                                                                                       სტადია 2:



მე-2 ალბომის პირველ წამებს ვუდი ალენის ნიუ იორკში აღარ გადავყავარ. ჩემი გონება მუსიკის ფონზე უცნაურ და უსიამოვნო ხმებსა და შიშხინს ეჩვევა. პირველი ალბომიდან წამოსული ჰარმონიული ვალსი ნელ-ნელა კარგავს სიხალისეს. მუსიკა დეფორმირებული და გაწელილია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის,  როგორც მოგონებები, მშვიდი, ნათელი და მარტივად გარჩევადია. ჩემ წარმოდგენაში წყვილები ვალსზე ისევ რიტმულად ცეკვავენ. აქა-იქ კადრები წყდება და დეფექტი შეინიშნება, მაგრამ მთლიანი სურათი შენარჩუნებულია. What Does It Matter How My Heart Breaks მგონია, რომ სადღაც მაქვს მოსმენილი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. მეცინება იმის გააზრებაზე, რომ ეს მელოდია ცოტა ხნის წინ შემხვდა. პირველი ალბომის პირველივე ტრეკში - it’s just a burning memory. სტადია 2-ის ვერსია უფრო შენელებული და უცხოა - ამჯერად მხოლოდ ერთი ვიოლინო და ერთი ტრომბონი ნელა ეცვლებიან ერთმანეთს. I Steel Feel Who I Am აცხადებს ქეირთეიქერი ალბომის შუა ტრეკში და სიმფონიური მუსიკა გრძელდება. ეს ალბომი იმის გააზრებაზეა, რომ რაღაც ისე ვერაა, მაგრამ არ გინდა, რომ ამ გარდაუვალ ცვლილებას შეეგუო. როგორც არ გინდა დაიჯერო, რომ დიდი ხნის მანძილზე  მოლოდინე წერილში შენთვის ცუდი ამბავია. არ იჯერებ და წერილს სანაგვეში აგდებ, მაგრამ ვერ ისვენებ და რაღაც დროის მერე თავიდან გინდა გადაიკითხო. კიდე ერთხელ დარწმუნდე - იქნებ რამე გამოგრჩა, მაგრამ წერილი სად წაიღე აღარ გახსოვს. ეს ერთ საათიანი ალბომი ერთგვარი მოგზაურობაა, პაციენტის მიერ - უარყოფა, ბრაზი, სასოწარკვეთა, შიში და საბოლოოდ შეგუების მდგომარეობაში.

                                                                                სტადია 3: 



ეს სტადია დემენციის განვითარების გარდამავალი პერიოდის ეკვივალენტია. დემენციის საწყის ეტაპზე მეხსიერების დაკარგვა, დეზორიენტაცია, განწყობის უეცარი ცვლილება და სხვა სიმპტომები მსუბუქ ფორმებშია გამოხატული. გარდამავალ პერიოდში პაციენტის მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ვერ იხსენებენ საკუთარი წარსულს ან ახლანდელ ამბებს - სად ცხოვრობენ, გაზრდილი მოთხოვნილება გარეთ გასვლის და ხეტიალის, რის შემდეგაც ხშირად იკარგებიან, პიროვნული და ქცევითი ცვლილებები, ბოდვა და გაზრდილი ეჭვიანობა.

მესამე სტადია მძიმე აკორდების მონაცვლეობით იწყება და მალევე აგრესიული ხმებიც ემატება. მელოდია, რომელიც მოვისმინე, დაყოვნების უცნაური ეფექტის შემდეგ რამდენიმე წამში ისევ მეორდება, თითქოს მანამდე არც ყოფილა. ეს ისეთ განცდას ქმნის, რომ პაციენტი ჯიუტად ცდილობს მოგონებები მოიხელთოს და ერთი კონკრეტული მოგონება მთლიანად გაიხსენოს, მაგრამ ვერ ახერხებს და მცდელობას თავიდან იწყებს. And heart breaks უკვე კარგად ნაცნობი მუსიკაა. აი ის, რომელიც წინა ორშიც გვხვდება და ვერ მივხვდი, საიდან მეცნობოდა. ყოველ ალბომში ეს მუსიკა უფრო და უფრო დეგრადირებს. ვიხსენებ, თუ როგორი სასიამოვნო იყო პირველ ჯერზე it’s just a burning memory-ს მოსმენა და მინდა ისევ პირვანდელ ვერსიას დავუბრუნდე და ეგ მიტრიალებდეს გონებაში, მაგრამ უკვე გვიანია. უცნაური ექო, რომელიც თან სდევს ამ სტადიის ვერსიას, მაფიქრებინებს, რომ გამოქვაბულში ვზივარ, მარტო და შორიდან მესმის ხმები. გამოტოვებები და შეფერხებები უფრო ექსტრემალური ხდება ალბომის განმავლობაში. სამეჯლისო დარბაზის სასიამოვნო მუსიკა კარგავს თავის ხიბლს და კონკრეტული მიმართულების გარეშე დეგრადირებს. Drifting time misplaced პიანინოზე დაკრული მუსიკაა, რომელიც ექოდ უფრო იქცევა, ვიდრე მელოდიად და სანამ შენთან მოვა - გამოქვაბულში მჯდარ მსმენელთან, სიცარიელეს შეერევა და იკარგება, ისევე როგორც ავადმყოფის მოგონება, რომელიც ბუნდოვნად ახსოვს და სანამ დეტალებს სრულად აღიდგენს, მთელი მოგონება უსასრულობაში გაიბნევა.

                                                                              სტადია 4:



ამ სტადიის დასაწყისი დაბალ ხმიან ელექტრო გიტარაზე ძალიან უცნაური ექსპერიმენტებით გამოცემულ ხმებს გავს. გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ გამოცდილებით ვხვდები, რომ აქაც სამეჯლისო დარბაზის მუსიკაა, მაგრამ მთლიანად დაშლილი და დეფორმირებული. რაღაც მომენტში ეს ნაცნობი მელოდია უფრო გარკვევით ისმის და მახსენდება, საწყის ეტაპზე როგორ სასიამოვნო სცენებს წარმოვიდგენდი ამ მუსიკის სმენისას, მაგრამ ახლა ეს დაბლარული მოგონებები მუსიკასავით გაუფერულებული და დამახინჯებულია. აღარ მინდა, მირჩევნია ისევ უცნაურ ხმაურს ვისმენდე. ვხვდები, რომ ამ ბნელ ხმაურსა და ვინილის კაწვრაში უეცრად და ცოტა ხნით იმ სასიამოვნო მელოდიის გამოჩენა ერთგვარი პროვოკაციაა. ლეილანდი, ისევე როგორც დემენცია, ამ შავ-ბნელ უსასრულობაში პატარა იმედს გაძლევს და გტანჯავს -  როგორც ხანგრძლივი, ცივი ზამთრისას ღრუბლიან ცაზე ცოტა ხნით მზის გამოჩენა. გახსენდება ის დრო, როცა ყველაფერი ლამაზი და თბილი იყო, მაგრამ სულ ცოტა ხნით, მზეს ისევ ღრუბელი ფარავს, ვალსის მუსიკას არაამქვეყნიური უცნაური ხმა ცვლის და ლამაზი მოგონებები  ქვიშასავით ხელში გეშლება.

სტადია 4-ში შეიძლება იცნო რომელიმე ტრეკის ნაწილი წინა ეტაპებიდან, მაგრამ ამ ალბომის მთელი იდეაც ეგაა - დანაწევრებული, შუაში გაწყვეტილი მუსიკალური მომენტები გამუდმებით მეორდება, ერთმანეთზე გროვდება და იშლება ატონალური ხმაურის ღრმა, ბნელ უფსკრულში. აზრი აღარაფერს აქვს. მოგონებებს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევ. ყველაფერი თეთრი ხმაურია.

The Eyes Of Others 2019 წელს გამოცემული კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავდა დემენციის მქონე ადამიანების ყოველდღიური ყოფის უკეთ გაგებას. კვლევაში მონაწილე პირები დღიურს წერდნენ. მის მერე რაც ადამიანები ხვდებოდნენ, რომ რაღაც სერიოზულად ცუდად იყო, ისინი მეტ ყურადღებას აქცევდნენ საკუთარ სხეულს - უჩვეულო ქცევების, მოუხერხებელი ჟესტების, შეუსაბამო ენისა და უკონტროლო გონების გამო. სხეული, რომელსაც ისინი ყოველთვის ენდობოდნენ, ნელ-ნელა მათ ღალატობდა. კვლევაში მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, როგორ მალე იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება და როგორ კარგავენ როლს სოციუმში. კვლევის მონაწილეები მიუხედავად იმისა რომ იაზრებენ საკუთარ მდგომარეობას, ძალიან განიცდიან, რომ მათ სერიოზულად აღარ აღიქვამენ და სრულიად უფუნქციოდ არიან დარჩენილები. წუხილი იმაზე, რომ მათ მდგომარეობას გასაგებად ვერ გამოხატავენ და ახლობელი ადამიანებისგან ნელ-ნელა დისტანცირებაზე მომენტების წაკითხვა ძალიან სევდიანია:

“როდესაც ვხედავ როგორი დაკავებულები არიან სხვები, როგორ ასრულებენ ბევრ საქმეს, ადვილად იხსენებენ რა აქვთ გასაკეთებელი, ვფიქრობ: მეც ასეთი ვიყავი, მაგრამ აღარ შემიძლია. ყველაფერი უნდა ჩავიწერო. ახლა ყველაფერი უფრო ნელა მიმდინარეობს. ვიტანჯები ამის გამო? არა, არც მაინცდამაინც. ვამჩნევ ამ ყოველივეს და წუთით ვღიზიანდები, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს ვეუბნები: ეს ცხოვრების ნაწილია, ესაა ხანგრძლივი სიცოცხლის, სიბერის საფასური. ამას ვერ შევცვლი.”

ადამიანი როცა ბერდება ტვინის მოცულობა რაღაც პროცენტით მცირდება, მაგრამ ის დიდი რაოდენობით არ კარგავს ნეირონს. ალცჰაიმერის შემთხვევაში ნეირონების დაზიანება ძალიან ფართოდაა გავრცელებული. ტვინის ზოგიერთი რეგიონი განსაკუთრებულად მიდრეკილია amyloid plaque (ამილოიდის დაფა) განვითარებისკენ. გამოსარჩევია ჰიპოკამპუსი. ჰიპოკამპუსი მნიშვნელოვანია მოკლე ვადიანი მეხსიერების გრძელ ვადიან მეხსიერებად დამუშავებისთვის და დაზიანებები ტვინის ამ ნაწილში დაკავშირებულია ალცჰაიმერის განვითარებასთან. განსაკუთრებულად ტოქსიკური ცხიმის ეს წებოვანი გლობურები ნეირონებს ემატება და ახშობს მათ. ზუსტად ამ ამილოიდის დაფას მიუძღვნა მეხუთე სტადიის ორი ტრეკი ლეილანდმა.

                                                                                        სტადია 5:



ამ სტადიას  ძალიან ქაოსური და გამორჩეულად შემზარავი დასაწყისი აქვს. მუსიკას ყურსასმენებში ვუსმენ და ორივე ყურში სხვადასხვა სცენარი ვითარდება. პირველად ისმის ადამიანის ხმები, რომლებიც გაურკვევლად ნისლში ჩაინთქმება. ზოგ ხმას ძაღლის ყეფას ვადარებ და ზოგს ძლიერი ქარის ყრუ ქროლას. მგონია რომ რორშახის ტესტია, ოღონდ ყურებისთვის. მეოთხე წუთზე მთელი ეს ქაოსი წყდება და ვბრუნდები სამეჯლისო დარბაზში და მის აივანზე. სულ რაღაც 30 წამით, მაგრამ ამ რაღაც დაძაბული მდგომარეობიდან ისევ უკან დაბრუნება, იმ ადგილას, რაც აღარც მახსოვს ისევ თუ არსებობდა, ძალიან ემოციური მომენტია. ქაოსისგან შემდეგი წყვეტა ინსტრუმენტების მინელებით ხდება, ახლა ვინილის ხრაშუნი და ტკაცუნი ძლიერი წვიმის ხმას ჰგავს.

ჩვენ გონებას ერთი ასეთი ხრიკი აქვს, როცა რაღაც  ხმაური დიდი ხნის განმავლობაში მეორდება, გონება მის სიჩუმეში მიჩქმალვას იწყებს. შეგუებას ხმაურთან. ხმაური არ ქრება, მაგრამ ბევრად ატანადია. წინა სტადიებისგან განსხვავებით აქ პირველი ტრეკის შემდეგ უეცარი ნახტომებისა და ხმოვანი სიურპრიზების ნაკლებობაა. ეს ბუნებრივია, მაგრამ თან შემზარავი. ქეირთეიქერმა საბოლოოდ მიაღწია უძრაობის მდგომარეობას. მან დაკარგა წინააღმდეგობისა და სხვა ყველაფრის უნარი - ის შეეგუა და  ჩემთვის ამის მოსმენა და გააზრება ყველაზე შემაწუხებელი და სევდიანია აქამდე გამოვლილ 5 საათიან მუსიკალურ მოგზაურობაში.

                                                                                        სტადია 6:



მეექვსე სტადია სრული განადგურების ხმაა. გონებას წაერთვა ყველაფრის უნარი, გარდა დაკვირვებისა. ამ ეტაპის უმეტესი ნაწილი სტატიკური, ხრაშუნა Drone მუსიკაა. ველოდი, რომ ყველაფერი სიურპრიზების გარეშე დასრულდებოდა, მაგრამ ბოლოს ქალთა მომღერალი გუნდის შორეული ხმები ისმის. არ ვიცი ლეილანდის სპირიტუალიზმი რამდენად ძლიერია და ეს ანგელოზების მიერ უკვე გარდაცვლილი ადამიანის სიმღერით შეგებებაა თუ არა, მაგრამ წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით, რამდენიმე საათიანი ხმაურიანი მუსიკის შემდეგ ეს უეცარი ცვლილება ძალიან ეფექტურია.

ალბომების ქავერებზე ლეილანდის მეგობარმა - Ival Seal-მა იმუშავა. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მეოთხე სტადიის ქავერია.  ეს ნახატი მეოთხე სტადიაში ნახსენები  გაუცხოების იდეალური გამოხატულებაა.

Ode to Dementia


Ivan Seal-ის მიერ გაფორმებული ალბომის ქავერები რა თქმა უნდა დემენციასთანაა კავშირში. რთულია რამე კონკრეტული აზრი გამოიტანო ამ ნახატებიდან და მთელი იდეაც ეგაა. ბოლო ალბომის ნამუშევარს დიდად არ დავკვირვებივარ, სანამ უეცრად არ გავიაზრე, რომ ქავერზე სახატავი ტილოა გამოსახული, რომელსაც უკანა მხრიდან ვუყურებ.  არ ვიცით წინ რა ხდება, რა ნახატია შესრულებული ამ ტილოზე. არ ჩავძიებივარ ივანის მიზანს, მაგრამ ჩემთვის ეს პირველი სტადიის ნახატის უკანა ნაწილია. ნახატი, რომელიც ნანახი მაქვს და რომელიც ყველაზე მშვიდი სტადიის გამოხატულებაა, მაგრამ ჩემთვის ის აღარ არსებობს და ახლა მხოლოდ შებრუნებული სახატავი ტილოს ჩარჩოს  ვუყურებ, როგორც მძიმე ავადმყოფისთვის პირველი სტადიის სიხალისე და მოგონებები, რომლებიც ტვინის რაღაც ნაწილში ისევ არსებობს, მაგრამ ამ ადამიანისთვის მიუწვდომელია, ვეღარ შემოატრიალებს. მისთვის ეს მოგონებები სამუდამოდ გამქრალია.

Album Covers

ამ სრული პროექტის იუთუბის კომენტარების სექცია ერთი დიდი არქივია, სამარხი, იმ ადამიანების მოგონებებისა და ემოციების, ვის ბებია-ბაბუას, მშობლებსა და ახლობლებს  დემენცია ჰქონდათ/აქვთ. ძალიან სევდიანია ამ ტრაგიკული და ლამაზი კომენტარების კითხვა. ემოციები, რომლებიც ვირტუალური სივრცის ამ ნაწილში თუღა გაზიარდება, რადგან მათი მთავარი ადრესატები ცოცხლები/კონტაქტურები აღარ არიან. სევდიანია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა ჯეიმსის მუსიკალური პროექტის ქვეშ იპოვეს ის ადგილი, სადაც პირად ისტორიებს თამამად და გულწრფელად მოჰყვებიან, იმაზე მიუთითებს, რომ The Caretaker-მა თავისი საქმე გააკეთა.

ქავერები: Ivan Seal

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა