ბასინსკი - იქ და მაშინ | ბექა შათირიშვილი
ახლახან ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე ვიყავი - „სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი“, გაქვავებული ძაღლი და ადამიანები, პომპეის საგანძური, კედლის მხატვრობა და ფრესკები. ექსპონატები პომპეის ყოველდღიურ რუტინასა და ქალაქის უეცარ განადგურებაზე გვიყვება. მუზეუმის ოთახნახევრიან სივრცეს ძველ რომში გადაჰყავხარ და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპული ადამიანების ტრაგედიას მთელი სიმძაფრით გაგააზრებინებს. მუზეუმებში ყველაზე მეტად ამ გამოცდილებას ვესწრაფვი. „აქ და ახლა“ მოცემულობიდან „იქ და მაშინ“ მდგომარეობაში გადასვლას.
სივრცეში და დროში მოგზაურობის და ამბივალენტური ემოციებისა და გრძნობების გამოწვევის საშუალებას ბევრი რამ არ იძლევა. ამ შეზღუდული საშუალებებიდან ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული უილიამ ბასინსკის მუსიკაა.
ერთ-ერთი ზაფხულის ღამეს სახლში უილიამ ბასინსკის Silent Night-ს ვუსმენ. დედაჩემი გვერდითა ოთახიდან მეძახის და ამბობს, რომ დაიღალა ამ უცნაური ხმებით და ყველასათვის უმჯობესი იქნება, თუ რამე უფრო მშვიდს ჩავრთავ. მე ვეუბნები, რომ ეს მუსიკაა მშვიდი, მაგრამ დედაჩემი სხვანაირად ფიქრობს - „მშვიდი კი არა, სევდიანი და დეპრესიულია“. შემდეგ იყო რამდენიმე წამიანი პაუზა. მე ჩავფიქრდი და დარწმუნებული ვარ დედაჩემიც. ვფიქრობდით სიმშვიდესა და მელანქოლიაზე, ამ ყველაფრის ურთიერთკავშირსა და ჩვენს დამოკიდებულებებზე.
არ ვიცი, უილიამს ჩაფიქრებული ჰქონდა თუ არა, რომ ამ ერთ საათიანი მუსიკის სმენისას, რაღაც მომენტში ორ ადამიანს შორის ეგზისტენციალური გაუგებრობა მოხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა. ღამის მწერების ხმაური და ამის ფონზე მსუბუქი, დროუნ მუსიკის განმეორებადი ლუპები. მედიტაციური ჰანგები იყო მიზეზი, რამაც დედაჩემი დაღალა, მაგრამ ჩემთვის ეს მუსიკა ზაფხულის წყნარი ღამის საუნდტრეკი გახდა. ემბიენთ მუსიკა, ვიბრაციები, ჭრიჭინების, სხვა მწერებისა და მათ ფონზე განგრძობითი მუსიკის სიხშირეების მონაცვლეობა ჩემს გონებაზე ისე მოქმედებს, რომ ჩემსა და გარე სამყაროს შორის ყველა ზღვარი ირღვევა. გარეთ რაც ხდება მეც იმ ყველაფრის ნაწილი ვხდები. პატარა და უბრალო დამკვირვებელი ვარ, მაგრამ მაინც ნაწილი.
უილიამ ბასინსკი თავის მუსიკას მოიხსენიებს როგორც ელექტრონული, ექსპერიმენტალური ემბიენთი. სანამ ამ ჩამოთვლილი ჟანრების ლეგენდა გახდებოდა, მანამდე ბასინსკი სიმფონიურ ორკესტრში და ჯაზ ბენდში უკრავდა. შემდეგ მინიმალისტი კომპოზიტორებით დაინტერესდა და მათი გავლენით ცდილობდა მუსიკის შექმნას. ყველაფერი წარუმატებლად, სანამ ძველი კასეტების ჩანაწერების გაციფრულების დროს, კასეტის ლენტამ დაშლა არ დაიწყო და შესაბამისად იშლებოდა მელოდიაც, მაგრამ უილიამისთვის ამ პროცესში მიღებული ჟღერადობა სრულყოფილი გახდა. ეს 2001 წლის სექტემბრის პერიოდია. ბასინსკი ნიუ იორკში ცხოვრობს და მის თვალწინ თვითმფრინავი ეჯახება შენობას, სადაც იმ დღეს სამსახურის თაობაზე გასაუბრება უნდა ჰქონოდა. ის ადის თავისი კორპუსის სახურავზე, რთავს ახლად აღმოჩენილ, მაგრამ ჯერ დაუმუშავებელ ჩანაწერებს და ვიდეოზე იღებს ტყუპი შენობების დანგრევის პროცესს.
დაშლილი კასეტების ლენტის ჩანაწერები ხუთ საათიან მუსიკად იქცა, ოთხი სხვადასხვა ალბომის ფორმატში გამოვიდა, რომლებსაც Disintegration Loops ჰქვია და ქავერად კომპოზიტორის მიერ გადაღებული 11 სექტემბერს დანგრეული შენობების ფოტოები ადევს.
ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი მომაჯადოებელი ხმით გვიყვება პროცესზე, როცა მორიგი ექსპერიმენტისას, ერთ მომენტში რაღაც უცვლელი და სამუდამო სრულყოფილება ჩნდება და არ იცი, სად არის დასაწყისი და დასასრული და იქმნება დროისა და სივრცისგან დისტანცირებული დიდი ბუშტი. შენ მის შიგნით ექცევი და სხეულის სიმძიმისგან დაცლილი დაფარფატებ.
მე Disintegration loops-ის პირველი ნაწილით გავიცანი ბასინსკი. ბუშტში ფარფატზე მეტაფორები ცოტა უცნაური იქნებოდა, მუსიკის მოსმენამდე რომ მენახა ინტერვიუ, მაგრამ ახლა ყველაფერი გასაგები და ძალიან ახლოა.
ერთ საათიან კომპოზიციაში დაახლოებით ექვს წამიანი ლუპი მეორდება დაუსრულებლად - საყვირის ჟღერადობა და მის უკან, სადღაც შორს, უცნაური, არაამქვეყნიური ხმები ისმის. ეს მუსიკა სიზიფეს მითის იდეალური საუნდტრეკია. მთაზე ატანილ და უკან დაგორებულ ქვას პირდაპირ ეხმიანება ბასინსკის შედევრი. ცხოვრების ამაოება და აბსურდი, უაზრო რუტინა და ვალდებულება, რომ ისევ აათრიო ქვა მთაზე.
ამ კომპოზიციის სმენისას მგონია, რომ დამშვიდებული ზღვის პირას ვზივარ, ტალღები ნელა მოდის და მიდის. მუსიკას მსგავსი ეფექტი აქვს - ემოციები, გრძნობები და ფიქრები, მოაქვს და თან მიაქვს. გაძლევს და ამავდროულად გართმევს. ვფიქრობ ჩემს მეგობარზე, რომელმაც წლების წინ თავი მოიკლა. არჩევანი, რომელიც არ გამიკეთებია და ვნანობ. ვფიქრობ, თუ როგორი ადამიანი შეიძლებოდა ახლა ვყოფილიყავი. მახსენდება მეზობლის ძაღლი, რომელსაც მე უფრო ვუყვარვარ, ვიდრე თავისი პატრონი და გარეთ ყოველ გასვლაზე მეგებება და ხელზე მლოკავს. ვფიქრობ კიდევ, თუ რამდენი არჩევანის გაკეთება შემიძლია და თუ როგორი ცხოვრება მექნება.
სხვა რეალობაში დროებით გადაყვანა და არსებულის ემოციებით დამუხტვა ამ კომპოზიტორის ხელწერაა. რამდენიმე წლის წინ გურიაში ვარ. ზამთარია და ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის ნათესავებს. წამოსვლამდე გასათბობად 40 გრადუსიანი ჭაჭა დავლიე, მანქანაში უკანა სკამზე გავწექი, ყურსასმენებში უილიამის მუსიკა ჩავრთე და წინა ფანჯარაში ვიხედები. მანქანაში მყოფი ბაბუაჩემი და მისი სიძე კომუნისტების ავკარგიანობაზე კამათობენ. გარეთ ინტენსიურად თოვს და ძალიან სწრაფად მოძრავი ფანტელები მანქანის განათების ფონზე საქარე მინას ეხეთქება და ადნება. მუსიკა და ეს სცენა ჩემს ფანტაზიებს აღვივებს და მგონია, რომ ,,ვარსკვლავური ომების” სცენარით გალაქტიკაში სინათლის სიჩქარით მივფრინავ და თოვლის ფანტელები შემხვედრი ვარსკვლავებია. ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც სრულიად უცნობი ვიქნები, მაგრამ მაინც მოვლენ და ჩემს ახლობლებს ჩემ გარდაცვალებას მიუსამძიმრებენ. ყველაფერი სევდიანი, მაგრამ თან სასიამოვნოდ აღმაფრთოვანებელია.
მიუხედავად მთელი სევდა და მელანქოლიისა, უილიამ ბასინსკის მუსიკა აბას კიაროსტამის - ,,ალუბლის გემოს” იმ პერსონაჟივითაა, რომელიც მთავარ გმირს დაჰყვება და ცდილობს სუიციდი გადააფიქრებინოს. ცხოვრება ხშირად უაზრო, დეპრესიული და იმედგაცრუებებით სავსეა, მაგრამ ამის მიღმა ბევრი სიხარულიცაა და როგორ შეგიძლია უარი თქვა ამ ყველაფერზე, უარი თქვა ალუბლის გემოზე?