გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სტიან ვესტერჰუსი

ეს შოუ არაა, ნამდვილი ამბავია, სიკვდილი და სიცოცხლე | სტიან ვესტერჰუსი


13 აპრილს ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკის საღამოების სერია ZENAARI-ის ფარგლებში, Bassiani-ის სცენაზე ნორგვეგიელი გიტარისტი, კომპოზიტორი და მკვლევარი, სტიან ვესტერჰუსი დაუკრავს. შემთხვევითი არ არის, რომ სკანდინავიური ექსპერიმენტული მუსიკის ამ უმნიშვნელოვანეს ფიგურაზე წერისას ავტორს სწორედ მისი მრავალმხრივი შესაძლებლობების ხაზგასმა უნდება, რადგან ის იკვლევს, წერს და უკრავს - მტკიცედ, ძალდაუტანებლად და გზნებით. მისი შესრულება, ამავდროულად, არ ტოვებს დარგისთვის დამახასიათებელი პროფესიული განხილვის ველს, რადგან ვირტუოზული საშემსრულებლო მანერისა და მუდმივად ცვალებადი უჩვეულო ჟღერადობის გარდა, აღმქმელი სმენის პროცესში ყოველთვის ცხადად გრძნობს რაღაც მესამეს და ბევრად უფრო დიდს - თითქოს ნაცნობ, მაგრამ მოუხელთებელ მნიშვნელოვან შინაარსებს - თხრობას, რომელიც არ ექვემდებარება მხოლოდ რაციონალური გააზრების ფორმებს და დაჟინებით ითხოვს ემოციურ ჩართულობას. სტიან ვესტერჰუსი უდავოდ არის მუსიკოსი, რომელიც ცალსახად თავისთავადია, როგორც კოლაბორაციისას, ისე სოლო პროექტებში, მაგრამ სრულიად გარდაისახება, როცა მარტო რჩება სცენაზე და ცნობიერების ნაკადს უშურველად თარგმნის მუსიკაში - იქცევა ინსტრუმენტად, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს მეორე ინსტრუმენტი და ორივე ერთად აბსოლუტურად შეუზღუდავია ფანტაზიის თუ ექსპრესიის ლიმიტებით. ნუ-ჯაზისთვის დამახასიათებელ გაუფილტრავ იმპროვიზაციულ პასაჟებს მარტივი მინორული მელოდიები ენაცვლება, ატონალური მალევე ტონალური ხდება, ბევრდება და თავისუფლდება ჰარმონია, ერთმანეთში ირევა მიკრო სტრუქტურული მონახაზები… აქტიურდება გრძნობის ყველა ორგანო და მსმენელი კათარზისამდე მზარდი წრფივი პროგრესიით მიდის. ამიტომ, ისევე, როგორც, მაგალითად, სიყვარულის ვერბალიზაციისას ადამიანებს უჭირთ, თქვან რაიმე მეტი, ვიდრე „მიყვარხარ“, ვესტერჰუსის პერფორმანსის აღწერისასაც ვერავინ სცდება სიტყვებს:

დამანგრეველი, მომნუსხველი, ქარიზმა, მისტიკური, წნევა, სიურრეალიზმი, მძლავრი, ფანტასტიკური.

ამ ყველაფერს მიღმა კი, ეს არის ავტორი, რომელმაც ზუსტად იცის, რაზე რეფლექსირებს, რას აკვირდება, რას ამუშავებს, როგორ გამოხატავს და სწორედ ამის დასტურია ის ვრცელი პასუხები - ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე, რომლებსაც, სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, უცვლელად გთავაზობთ.
...


ინდიგო:
თქვენ მუსიკის შესწავლის აკადემიური გზა აირჩიეთ - ბაკალავრიატი მიდლსექსის უნივერსიტეტში დაამთავრეთ, ხოლო მაგისტრის ხარისხი ტრონდჰაიმის ჯაზის უნივერსიტეტში მიიღეთ; მოგვიანებით გახდით „მხატვრული კვლევის“ დოქტორიც. რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის „კლასიკური“ განათლება ან ხარისხი? თქვენ შემთხვევაში, რა იყო ამ არჩევანის მიზეზი?

სტიან ვესტერჰუსი: ადრეული თინეიჯერობისას, მეზობელ ქალაქში ერთი „დასკვოტილი“[1] სივრცე იყო, სადაც იმ პერიოდის საუკეთესო პანკ, ჰარდკორ და ალტერნატიული როკ ბენდები უკრავდნენ. იქ ხშირად ვიყავი და კონცერტებს ვესწრებოდი... იქვე იყო სარეპეტიციო სივრცე, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ბენდს შეეძლო. მოგვიანებით, ადგილობრივმა მთავრობამ ეს სივრცე დაიბრუნა და იმ ადგილას რაღაც სოციალური მუშაკების ინსტიტუტის მსგავსი გაკეთდა, რომელსაც არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა კულტურასთან. შესაბამისად, გაქრა ის ატმოსფეროც, რომელიც ამ ადგილს გამოარჩევდა და ჩემთვის საინტერესო ადგილობრივმა ჯაზ სცენამ Inderøy-ს ერთ-ერთ კლუბში გადაინაცვლა. ეს იყო (და არის) პატარა კლუბი, რომელიც თავის სივრცეს ნორვეგიული ჯაზ სცენის ახალგაზრდა ფრთას უთმობდა. მათი უმრავლესობა კი მაშინ ტრონდჰაიმის ჯაზის კონსერვატორიაში (ახლა NTNU) სწავლობდა. ვუსმენდი ამ ფანტასტიკურ მუსიკოსებს, თან ალტერნატიული და თავისუფალი ჯაზი მაინტერესებდა და ვფიქრობდი, რომ განათლება მეც წამადგებოდა. მუსიკის თეორიისა და პრაქტიკული ნაწილის შესასწავლად ჯაზური განათლება სასარგებლოა. მნიშვნელოვანი?

მნიშვნელოვანია, გქონდეს დრო მუსიკასთან „სათამაშოდაც“ და არა მხოლოდ დაკვრისთვის.

ექსპერიმენტების ჩატარება მუსიკის შესასწავლად შესანიშნავი გზაა. წლების განმავლობაში ვცდილობდი, „დამენგრია“ მუსიკა და ჩემი ინსტრუმენტი, აღმომეჩინა ახალი ფორმები - დამეშალა ჩემეული აღქმები და ისინი ხელახლა ამეშენებინა. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ესთეტიკური განვითარება, სადოქტორო ნაშრომი დავწერე - ნაწილობრივ, ალბათ, ჩემი მძიმე განათლებიდან გამომდინარეც. თუ გინდა, რომ შენი თავისა და მუსიკისგან პროდუქტი შექმნა, ალბათ, მარკეტინგიც უნდა შეისწავლო, მაგრამ თუ ცნობისმოყვარე ხარ და ამ საქმეში როგორც ინდივიდი, ისე ერთვები - მუსიკას მხოლოდ თვითგამოხატვის საშუალებად იყენებ - მაშინ განათლება არასდროს არის ზედმეტი.

ინდიგო: მუსიკის კრიტიკოსი ჯო ბენქსი თქვენი ბოლო ალბომის, Redundance-ის რეცენზიაში წერს, რომ თუ Amputation (წინა ალბომი) იყო ბრძოლა ხმასა და მუსიკას შორის, Redundance - ეს არის შედარებითი სიმშვიდე ქარიშხლის შემდეგ. მართლაც, Redundance-ში მეტი ლირიციზმი და მელოდიურობაა, თუმცა არსად გამქრალა ინტენსიურობა, უხეში და მსუბუქად ისტერიული პასაჟები. რა განაპირობებს ალბომიდან ალბომამდე ზოგადი მუხტის ცვლილებას, რა გავლენა აქვს გარემოს და მიმდინარე მოვლენებს თქვენს მუსიკაზე და რამდენად გააზრებულად ითარგმნება ფაქტობრივი რეალობა თქვენს ნაწარმოებებში?

სტიან ვესტერჰუსი: Amputation ასეთი იმიტომ გამოვიდა, რომ იმ პერიოდში დიდ სირთულეებს გადავაწყდი პირად ცხოვრებაში, რის შედეგადაც ოჯახის, პირადი ისტორიის, სახლისა და მიკუთვნებულობის განცდის გარეშე დავრჩი. საკუთარი თავის იმდენად დიდი ნაწილი დავკარგე, რომ აღარ ვიცოდი, წარსული, რომელიც ჩემს მეხსიერებაში არსებობდა, რეალური იყო თუ არა. ეს ყველაფერი მართლა აღიქმებოდა როგორც განვლილი ცხოვრების ფსიქოლოგიური ამპუტაცია.

მომდევნო წლებში ამ ალბომით ბევრი სოლო კონცერტი დავუკარი, მაგრამ პარალელურად უნდა დამეწერა მუსიკა რამდენიმე ფესტივალისა და ორკესტრისთვის. Amputation-მა და მთელმა ამ პროცესმა ჯებირები მოარღვია და წყლის ჭავლის სისწრაფე წამლეკავი გამოდგა. ამიტომ ამ ალბომის შემდგომ დაწერილი მუსიკის დიდი ნაწილი იგივე ხაზს აგრძელებდა. ეს იყო უზარმაზარი მოცულობის მუსიკა, საათობით ვუკრავდი და არ ვიწერდი. მერე, უკან რომ გავიხედე, ძალიან მომინდა წვდომა მქონოდა ამ მასალაზე და ხელახლა დავუფლებოდი - ასე შეიქმნა Redundance. ეს პროცესი დამტვრეული სარკის ნამსხვრევების შეგროვებას გავდა. მომდევნო ალბომი, SOTT, ტრილოგიის მესამე ნაწილი იქნება. თუ წინა ალბომები საიდუმლოებით მოცული იყო, SOTT ბევრად უფრო ღია და პირდაპირია - თუ Amputation აფეთქება იყო, SOTT ულმობელი ჯოჯოხეთური ალია. ამ ალბომის ყველაზე რბილი მონაკვეთებიც კი მჟავის დამწვრობას გავს. Redundance არეულობის დალაგების მცდელობა იყო, SOTT კი ჩაქუჩით და კუბოს დასაჭედებელი ლურსმნებით მოდის.

ინდიგო: ამბობენ, რომ თუ არ დაიცალე, ვერ აივსები, მაგრამ მუსიკოსები, როგორც წესი, მწვავედ განიცდიან, როცა ვერაფერს ქმნიან. თქვენ რამდენად ხშირად გაქვთ შემოქმედებითი სტაგნაციის პერიოდები და როგორ უმკლავდებით მათ ემოციურად? საერთოდ, აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ეპიზოდებს

სტიან ვესტერჰუსი: სწორედ ამაზეა ჩემი სადოქტორო ნაშრომი. ვგრძნობდი, რომ შემოქმედებითად ვეღარ ვვითარდებოდი, ცირკის ცხენად ვიქეცი, რომელიც „ჩემს ტრიუკებს“ ასრულებდა, მუსიკა კი სულ უფრო უინტერესო და პროგნოზირებადი ხდებოდა. გამოვიყენე შანსი, რომ მეთქვა:

„ყველაფერი, რასაც შემოქმედებით პროცესზე, მუსიკაზე, ესთეტიკასა და საკუთარ შესაძლებლობებზე ფიქრობდი - მცდარია“.

მართალიც აღმოვჩნდი! ამიტომ ხელახლა ვამუშავებ თეზისს და მინდა წიგნად ვაქციო, რომელიც მომავალ წელს გამოვა. გთხოვთ, ერთ წელიწადშიც დამისვით იგივე კითხვა! რამდენიმე წინადადებით პასუხის გაცემა ძალიან რთულია.

ინდიგო: რამდენად ხშირად უსმენთ მუსიკას (რას უსმენთ ბოლო დროს) და იყენებთ თუ არა შთაგონების წყაროდ

სტიან ვესტერჰუსი: მუსიკას შთაგონებისთვის არ ვიყენებ, უფრო - მუსიკალური სამყაროს ნაწილად ყოფნისთვის. პატარა შვილები მყავს და ყოველდღიურობა მეტად ფოკუსირებულია აწმყოზე, საიდანაც მუსიკის აბსტრაქტული სამყარო შორია. ამიტომ, ხანდახან მჭირდება საკუთარ თავს შევახსენო, რამდენად საოცარი შეიძლება იყოს შეგრძნებები, რომლებსაც მუსიკა იწვევს და ეს, თავის მხრივ, არის კიდეც შთაგონება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრ ნორვეგიულ ხალხურ მუსიკას მოვუსმინე - ახალსაც და ძველსაც. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ბოლო პერიოდში ბოლომდე ვარ ჩართული ULVER-თან ერთად ჩაწერის პროცესში; ასევე ვმუშაობ კომპოზიტორ, მომღერალ, ნოიზ არტისტ და ახლა უკვე ორღანისტ მაია ს. კ. რატკიესთან ერთად კოლაბორაციის მიქსინგსა და მასტერინგზე. შექსპირის სონეტებით და პიესებით შთაგონებული ნაწარმოებები ჩავწერეთ - სრულად აკუსტიკურია - გიტარა, ვიოლინო, ფისჰარმონია და ორი ხმა. ცოტა ამერიკანას წააგავს, რომელსაც ნორვეგიელი ემიგრანტები 1895 წელს უკრავდნენ. ამას ემატება თანამედროვე კლასიკური და იმპროვიზაციული გავლენები. შეიძლება საშიშად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან ლამაზია. რაღაცნაირად, მორიდებით პერგოლესისაც ვუღრმავდებით პროცესში. ეს ყველაფერი საკმაოდ ახალია ჩემთვის, თითქოს შიშველი ხარ, ეფექტებისა და ყველაფრის გარეშე, მხოლოდ აკუსტიკური გიტარა და ხმა. მაგრამ ეს გამოწვევა ძალიან მომწონს. პირველ რიგში, მაიას მუსიკა და მასთან თანამშრომლობაა არაჩვეულებრივი გამოცდილება. ასეთ პერიოდებში სხვების მუსიკას დიდად არ ვუსმენ ხოლმე.

ინდიგო: ჯაზმუსიკოსები ხშირად ამბობენ, რომ იმპროვიზაცია თავისი არსით მომენტალური ან სწრაფი კომპოზიციაა, რაც, პრინციპში, ასეც არის. გამოდის, რომ ყოველი იმპროვიზატორი, ფაქტობრივად, კომპოზიტორია, მაგრამ ყველა კომპოზიტორი იმპროვიზატორი არ არის. რა გამოარჩევს კარგ კომპოზიტორს კარგი იმპროვიზატორისგან?

სტიან ვესტერჰუსი: საინტერესო კითხვაა და მინდა საინტერესო პასუხი მქონდეს, მაგრამ იმპროვიზაცია ჩემთვის ინსტრუმენტია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ცოცხალ მოცემულობაში ან კომპოზიციის წერისას, ინსტრუმენტი კი უბრალოდ ინსტრუმენტია, თან არც ისე საინტერესო. თეორია და ტექნიკური ოსტატობა ასევე ინსტრუმენტებია და არცერთია იმაზე მეტი, ვიდრე საღებავი ან მასალა.

სულ ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო მუსიკას ის ქმნის, ვინც არ ცდილობს ბევრი ფერი შეიტანოს ნაწარმოებში. არ აქვს მნიშვნელობა, იმპროვიზირებ თუ წერ, როცა მუსიკა გულწრფელია, შინაარსი მედიუმს, პროცესს და ინსტრუმენტებს აღემატება.

ინდიგო: სად გადის ზღვარი თეორიულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს, სათქმელის ავთენტურობასა და სიმძაფრეს შორის? ყველაზე კარგი მაგალითი იქნებოდა ჯონ კოლტრეინის ცნობილი თეორიით შეპყრობილობის (Theory freak) ეტაპი, რამაც  ნიჰილიზმამდე მიიყვანა და საიდანაც ის, რა თქმა უნდა, გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა. რა არის საჭირო, რომ, პირობითად, Giant steps დაწერო, ნაწარმოები, რომელიც, ერთი მხრივ, მუსიკის შესაძლებლობს ყოველმხრივ აფართოებს და მეორე მხრივ - ნამდვილი, თავისთავადი და ყველასთვის გასაგებია?

სტიან ვესტერჰუსი: ვაჰ, ჰო, კოლტრეინი. ამ საკითხს არც ვეკარები, იმიტომ, რომ კოლტრეინის ისტორია კარგად არ ვიცი, მაგრამ: Giant Steps-ის ტექნიკური მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ნახტომია იმ პერიოდის მეინსტრიმულ ჯაზში - ის ფაქტი, რომ კოლტრეინს ამ აკორდული მიმოქცევებით და ტემპებით შეეძლო ამბის თხრობა - საოცრებაა. რაც შემეხება მე, მირჩევნია „ოომს“ ვუსმინო კვირის ნებისმიერ დღეს. ჩემთვის მუსიკა საინტერესოა მაშინ, როცა შეგიძლია დაუკრა „შენი მუსიკა“ შეფერადების გარეშე. მგონი ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ მე დიდად კარგი გიტარისტი არ ვარ. ვეთანხმები, რადგან საკმაოდ ცუდი სესიური მუსიკოსი ვარ, არ შემიძლია დადგენილ სტილში განმეორებითად დაკვრა  - უბრალოდ ვერ ვაიძულებ თავს; მაგრამ იმისთვის, რომ ჩემი მუსიკის დაკვრა შევძლო და შეუზღუდავი შემოქმედებითი პროცესი მქონდეს, ტექნიკურად მაქსიმალურად გამართული უნდა ვიყო. მე არ მიწევს სწრაფი ან რთული მუსიკის დაკვრა, მაგრამ ამის კეთება მეხმარება, იმაში, რომ ეს შემეძლოს. მაგალითად, ULVER-თან ერთად დაკვრისას, რაღაც იდეა მომივა თავში, ავიღებ ნებისმიერ გიტარას, ბასს ან სხვა ინსტრუმენტს, რომელიც ხელში მომხვდება, დავაჭერთ ჩაწერის ღილაკს და სულ ეს არის. ჩემი იმპროვიზაცია „შემთხვევითი“ არ არის, აუცილებლად უნდა შემეძლოს ინსტრუმენტის „მართვა“, რომ გავაკეთებინო ის, რაც მინდა. როცა ფიქრისთვის ჩერდები, მომენტის მთელი სული იფანტება, ამიტომაც ვმეცადინეობ.

– რომელია თქვენი საყვარელი მუსიკალური კილო?
– ტრანსცენდენტური.

ინდიგო: თქვენი მუსიკა, ერთი მხრივ, საკმაოდ რთული აღსაქმელია საშუალო სტატისტიკური თანამედროვე მსმენელისთვის, რადგან არ მიჰყვება კლასიკური პოპულარული კომპოზიციის სტრუქტურას ან ნაცნობ ჰარმონიულ მიმოქცევებს, მაგრამ თან მარტივად ისმინება და გითრევს. ამას გამიზნულად აკეთებთ და რაიმე მეთოდს იყენებთ თუ უბრალოდ მიჰყვებით პროცესს? 

სტიან ვესტერჰუსი: ჩანაწერების პროდიუსინგზე ბევრია ნამუშევარი და მიუხედავად იმისა, რომ არაერთ „ლაივ“ ნაწილს მოიცავს, მუსიკას თავისი ფორმატი აქვს, რომლის დანიშნულებისამებრ გამოყენებაც მიყვარს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც სტუდია მაქვს. ცოცხალი საკონცერტო შესრულება კი სრულიად სხვა რამ არის. სიმღერების უმეტესობა სხვაგვარად ჟღერს. შეიძლება იგივე აკორდები ან რიტმული მონახაზებიც კი არ იყოს, მაგრამ კომპოზიციები იგივეა, უბრალოდ საშუალება გაქვს, ისე შეასრულო, როგორც იმ მომენტში შეგიძლია.

სოლოკონცერტი, დიდწილად, იმპროვიზაციულია ხოლმე. წინასწარ სიას არ ვწერ და არც არაფერს ვგეგმავ. ეს მოგზაურობაა, ექსპედიციაა.

ასეთი კონცერტის დაკვრისას ძალიან ინტიმური ფორმით გამოიხატება მუსიკის წერის მრავალწლოვანი გამოცდილება და ვფიქრობ, ადამიანებს უადვილდებათ არაპროგნოზირებადი მუსიკის მიღება. ეს შოუ არ არის, ნამდვილი ამბავია, სიკვდილი და სიცოცხლე. მუსიკა ისეთივე ნამდვილი და რთულია, როგორც მე და შენ და ამიტომ შესრულება დამაჯერებელი, მოწყვლადი და შენთვის ახლობელია.

ინდიგო: მუსიკის დაკვრის ან წერისას ერთობით თუ მხოლოდ მუშაობთ?

სტიან ვესტერჰუსი: შექსპირის პერიფრაზი ასე იჟღერებდა:

„მუსიკა რომ მხოლოდ შრომა იყოს, სიკვდილი გაზაფხულივით იქნებოდა.“


[1] სივრცეების ან ნაგებობების თვითნებური დაკავების პრაქტიკა.

ფოტო სტიან ვესტერჰუსის პირადი არქივიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა