გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
Tbilisi Open Air AURORA ავრორა თბილისი ოფენ ეარი TOA

მუსიკა სამყაროს ტკივილის წინააღმდეგ | ინტერვიუ AURORA-სთან

„ჩემი მიზანი არაა ისეთი სიმღერების წერა, რომლებიც ადამიანებს დაასევდიანებს, თუმცა მინდა, მათ იცოდნენ, რომ მსგავსი შეგრძნებების წინაშე დგომა სახიფათო სულაც არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხელოვნების, მუსიკის ფორმით მოდის. ეს იგივეა, კოვზით დალიო წამალი, რომელიც ზემოდან შაქრითაა დაფარული.”

...

AURORA-ს ერთი სიმღერა მაინც თუ მოგისმენიათ, გეცოდინებათ, რომ მას ძალიან მოსწონს უხილავი ძაფების გაბმა იქ, სადაც თითქოს შეხვედრის წერტილი არ არსებობს. მისი მუსიკალური სამყარო სავსეა მოულოდნელი შეხვედრებით, უცნაური მისტიციზმით და გულწრფელი ემოციებით. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელი ავტორ-შემსრულებელი არასდროს გაურბის მსმენელის წინაშე ემოციურ გაშიშვლებას, როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატა გვეუბნება, მის მუსიკას არასდროს აკლია სიტკბო", იმედის ნაპერწკალი და რწმენა, რომ ყოველი მოსახვევის მიღმა არის რაღაც, რისთვისაც ღირს ბრძოლა.

AURORA-ს მუსიკა პირველ რიგში არის ექსკურსია ადამიანის სულიერ სამყაროში - მცდელობა, რომ იპოვოს ღრმა კავშირები ადამიანურ შეგრძნებებსა და ბუნებას შორის. გასაკვირიც არაა, რომ მისი შემოქმედებითი ინიციატივები ხშირად ეხმაურება ეკოლოგიურ ცნობიერებას, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რელიეფს და ადამიანთა უფლებებს.

სანამ მისი დებიუტი Tbilisi Open Air-ზე შედგება, გადავწყვიტეთ, მასთან ქართველ მსმენელთან შეხვედრის მოლოდინებსა და გეგმებზე გვესაუბრა.

...

INDIGO: პირველ რიგში, მიხარია რომ მალე საქართველოში დაუკრავ, დამიჯერე, ამას ძალიან ბევრი მსმენელი მოუთმენლად ელოდება. მაინტერესებს, როგორი შეგრძნებაა უცხო ქვეყანაში აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგენა და რა მოლოდინები გაქვს ქართველი მსმენელისგან?

AURORA: წინასწარ არასდროს ვიცი, რას შეიძლება მოველოდე ვინმესგან ან რამისგან, სანამ თავად არ გამოვცდი ამას. მაგრამ უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოში უფრო ადრეც უნდა ჩამოვსულიყავი. ამიტომაც ძალიან, ძალიან ველოდები ამ დღეს.

INDIGO: როდესაც მსმენელის პირისპირ დგები, აქვს თუ არა შენს შესრულებაზე გავლენა კონკრეტული აუდიტორიის კულტურულ ან სოციალურ მახასიათებლებს? თუ, მიუხედავად იმისა, ვინ არის სცენის მიღმა, ცდილობ, ისინი შენს მუსიკალურ სამყაროში მიიპატიჟო და კარი ფართოდ გაუღო?

AURORA: ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სივრცეში ერთმანეთისგან განსხვავებული აუდიტორია მხვდება, ტურნეს უფრო საინტერესოს და ამაღელვებელს ხდის. უცნაურია, მაგრამ ყოველი შოუს ბოლოს ვაცნობიერებ, რომ მიუხედავად ინდივიდუალურობისა, ბოლოს თითქოს ყველა ერთია: ყველას ერთი და იგივე რამ სჭირდება, ყველა ერთსა და იმავე შეგრძნებებს განიცდის.

ეს ყველაფერი ყოველდღიურად მახსენებს, თუ რამდენად დაკავშირებულები ვართ ყველანი ერთმანეთთან. ჩემი მუსიკალური სამყარო თითოეულ ინდივიდს ეკუთვნის და მათთვის ეს კარები ყოველთვის ღიაა.

INDIGO: ხშირად აღნიშნავ, რომ მუსიკის მიმართ მულტი-დისციპლინური მიდგომა გაქვს, მოგწონს, როდესაც სხვადასხვა შრე ერთ სივრცეში ერთიანდება, რასაც შენი დისკოგრაფიაც ადასტურებს. მიუხედავად ასეთი ეკლექტურობისა, რა არის ის მთავარი სათქმელი, რომლის მიტანაც მსმენელთან გინდა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რასაც შენი მუსიკა ატარებს?

AURORA: ჩემი მუსიკა, ძირითადად, არის ღრმა კავშირებზე: იქნება ეს ადამიანების ურთიერთობებზე საკუთარ პიროვნებებთან თუ რაიმე სხვასთან. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხარ, შენი არსებობა ღირებულია. შესაბამისად, მესიჯი მიმართულია იმის ცოდნაზე, თუ როგორ გავიზიაროთ სამყაროს ტკივილი, რომ უფრო მეტად დავახლოვდეთ ერთმანეთთან. ჩემი მუსიკა არის უფრო ახლო ურთიერთობაზე დედამიწასთან, ბუნებასთან და ყველაფერთან, რაც ჩვენ ირგვლივაა. ვაფასებ ყველა იმ წუთს, როდესაც გვახსოვს, თუ ვინ ვართ.

INDIGO: როგორც თქვი, შენი მუსიკა მიმართულია ბუნებაზე და იმ ვიბრაციაზე, რომელსაც ჩვენი პლანეტა ატარებს.  შეგიძლია უფრო კონკრეტულად მითხრა, ეს ყველაფერი როგორ აისახება შენს სამუშაო პროცესზე? როგორ გარდაიქმნება იდეა ჟღერადობად? 

AURORA: ძალიან მიყვარს ჩემს ფიქრებთან მარტო დარჩენა. მირჩევნია, ამ დროს მუსიკას არ ვუსმენდე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკა შიგნიდან მოდის. 

ცალკეულ შემთხვევაში შემოქმედებითი მიდგომა საჭიროებს განსხვავებულ ხასიათს და ჩემი პიროვნების განსხვავებულ მხარეს, ამიტომ ზოგჯერ სხვაგან მიწევს შთაგონებისთვის სწორი ადგილების შერჩევა.

INDIGO: წლების წინ დაიწყე საინტერესო პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შეგექმნა 8-ნაწილიანი ალბომი თუ ჩანაწერი, რომლის მხოლოდ ნახევარი არის გამოცემული. დამეთანხმები, რომ ეს ძალიან საინტერესო კონცეპტია, მაგრამ შეგიძლია გვითხრა, რას გულისხმობს თითოეული ნაწილი ან რატომ გახდა საჭირო მსგავსი შემოქმედებითი რუკით ხელმძღვანელობა? ამ ყველაფრის უკან ალბათ რაღაც საინტერესო იმალება, არა?

AURORA: კი, ასეა. ჩემი სათქმელი რვა ნაწილისგან შედგება და ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი მაქვს შექმნილი. ამ ყველაფერს უფრო ვხედავ, როგორც რვა თავისგან შემდგარ იდეას და თითოეული ნაწილი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე ალბომს. უკვე ვიცი, რა იქნება ის რვა ძირითადი სათქმელი, თუმცა იმასაც ვაანალიზებ, რომ ზოგ მათგანს შეიძლება უფრო გამოცდილი, ზრდასრული AURORA სჭირდებოდეს სათქმელის უფრო ღრმად და გასაგებად გადმოსაცემად. ამიტომ ჩემს თავს სრულ თავისუფლებას ვაძლევ, რომ სწორ დროს შევეხო იმ რვა მთავარ თემას, რომელიც მსმენელთან მაქვს მისატანი.

ჯამში ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია, და მე ეს ძალიან მაბედნიერებს. ცოტა მოთმინებაც და ყველანი ერთად ვნახავთ, ამ ყველაფრის უკან რა იმალება.

...

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა