გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თბილისი ოფენ ეარი

ვინ მოიპარა TOA-ს მთავარი სცენა | Tbilisi Open Air 2023


არასდროს ყოფილა Tbilisi Open Air მუსიკოსების ჩამონათვალი და მორჩა, ეს უფრო ტრადიციად ქცეული განწყობების ფესტივალია; ივნისის ბოლო პარასკევს ადიხარ ლისზე და სამი დღით სხვანაირ საქართველოში ხარ. წლევანდელი სხვანაირი საქართველო, ანუ TOA 2023 შედგა. გრძელი სამი დღე გამოდგა, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტითა და მოგონებით. ტალახი არ იყო.

რამდენიმე მოკლე აღწერა:

პირველ დღეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თურქული პოსტ-პანკი, She Past Away – ზომიერად Dark Wave და უზომოდ გოთიკური დუო, რომელიც თურმე აქამდეც, შარშან დეკემბერში ყოფილა თბილისში და Lebanon Hanover-თან და SKAZZ-თან ერთად თურქულ-გერმანულ-ქართული პოსტ-პანკ საღამო გამართულა. ქართული პოსტ-პანკის სახელი ფესტივალზე SKAZZ-მა ღირსეულად წარადგინა. ერთი ისაა, მზე ჯერ კიდევ ჩასული არ იყო და მაინცდამაინც ვერ მოიხდინა ქუთაისურმა ალტერნატიულმა მუსიკამ მზის სხივები; თითქოს საღამო, სულაც ღამე, უფრო შთაბეჭდილება იქნებოდა. 

ლისზე მეორედ ამოვიდა ტომას პიტერ ოდელი, ბრიტანელი ფოლკ-პოპის წარმომადგენელი, ძალიან კარგი არტისტი და უნდა ითქვას, რომ პირველ ჯერზე, 2019 წელს, ბევრად უფრო დასამახსოვრებელი და ენერგიული ლაივი ჰქონდა, მაგალითისთვის, რამდენიმე სიმღერა ზედ როიალზე შემომდგარმა შეასრულა. წელს უფრო დინჯად და დამსწრე საზოგადოებასთან ერთ ხმაში გვიმღერა სხვა სიყვარულზე, თუმცა პროფესიონალურად და ხარისხიანად.

რა მაგარი იყო Rejjie Snow. ირლანდიელი ჰიპ ჰოპ არტისტის მიერ ყველაზე ენერგიულად და ერთი ამოსუნთქვით დაჭერილი მთელი სივრცე! პროცესში თვითონაც დაამუღამა ქართველი მსმენელი და გვითხრა კიდეც, იანვარში ახალი ალბომი მექნება და პირველ რიგში აქ დავბრუნდებიო.

ხშირად მომხდარა, რომ აქ ჩამოსულ უცხოელ მუსიკოსებს მოლოდინები გაუმართლებიათ და გადაუჭარბებიათ კიდეც (იგივე ტომ ოდელი 2019-ში), თუმცა არ მოხდა იგივე KALEO-სა და Imany-ს შემთხვევაში. ორივე იყო ძალიან ნორმალური; Imany-ს ქავერების კომპილაციის მიმართ წამოსული აგრესია ცოტა გადამეტებული კია, თუმცა - ცოტა გასაგებიც.

ალბათ, ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლაივი ჰქონდა „არას“ და ქართულ მუსიკალურ სივრცეში ყველაზე უფრო როკსტარს, ადამიანს, რომელმაც საუკეთესოდ იცის სცენა – ზურა ჯავახიას. ბოლოს „არას“ და „ყველას“ დაბრუნება და სრულიად ყველას მიერ ნამღერი ის ჰიმნივით სიმღერა, ვინ იცის, TOA-ს ისტორიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო რამე იყო.

სულ ბოლოს ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი, საქართველოში არაერთხელ ნამყოფი გერმანული დუეტი Moderat – კლასიკური ჰედლაინერული სცენარი ნაჩვევი დრამატურგიით; ელექტრონიკა; ცეკვა-ხტუნვა, ყველაფერი თავის ადგილზე; მერე გასვლა, ვითომ და Bad Kingdom-ის დაკვრის გარეშე, მობრუნება და Bad Kingdom და მთავარი სცენის პრაგმატული დახურვაც.

ახლა კი ამბავი იმისა, თუ როგორ მოიპარა ბაჩო ჯიქიძემ TOA-ს მთავარი სცენა.

ფესტივალის ბოლო დღეს, 25 ივნისს Singer Stage-ზე დადგა Bacho Jikidze & Misi Wonderband – დიდი ხანი არაა, რაც ბაჩომ ბენდთან ერთად დაიწყო დაკვრა და მისი მუსიკალური სიუჟეტები თუ ამბები გასხვაფეროვანდა, მეტი დინამიკა და ბასი და დრამი შეემატა. იქამდე ნაჩვევ თვითირონიას განსაკუთრებით მოუხდა ბაჩოს ფრონტმენობა, ანუ როცა მის უკან და გვერდით ხალხია და ამ ყოფით მუსიკალურ სიუჟეტურ ქარგებში ყველა გულწრფელად მიყვება.

ბაჩო ამბობს, რომ იმღერებს ინგლისურ სიმღერას და მღერის:

მინდოდა, დამეწერა ინგლისური სიმღერა,
რომ, აი, იმ სცენაზე მთელ ქვეყანას ემღერა.

და ყველა, ბენდიც, მსმენელიც სრულიად გულწრფელად მივყვებით ამ ამბავს. 

მთავარი სცენა ცოტახნით 24 ივნისსაც გაქრა, როცა საქართველოს U21 ნაკრები ბელგიის U21 ნაკრებს ეთამაშებოდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე – სტადიონზე მაყურებლის დასწრების რეკორდი მოიხსნა; ფესტივალის შემოსასვლელთანაც იყო პატარა „ტრიბუნა“, რამდენიმე ასეული ადამიანითა და ლამის სტადიონის ატმოსფეროთი.

დაწვრილებით

„აი, იმ სცენაზე“კიდევ მოხდა რაღაცები: მაქსიმე მაჩაიძის და ნიკოლოზ საბანაძის ახალი პროექტი Luna Flowers & Sabana პირველად ცოცხლად სცენაზე; Bedford Falls-ისა და 4D Monster Lobsters-ის სტაბილურად კარგი ლაივები და არაიმედგაცრუებული მათი მსმენელი; LUA, როგორც ბენდი; TAMADA, როგორც თამადა და სხვა.

ბევრი განსხვავებული მოგონება დაეტია წლევანდელ Tbilisi Open Air-ზე, სულ რაღაც 3-დღიან სხვანაირ საქართველოში და მაინც:

სად არის რედიოჰედი?


ფოტოები: საბა ხითარიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა