Tbilisi Open Air 2022 - ბოლო დღე და ემოციები
ღია ცის ქვეშ გამართული მუსიკალური ფესტივალების არსი ყოველთვის გამოიხატებოდა კონკრეტული დროისა და სივრცის ყველაზე უფრო ადეკვატური და ამასთან რეაქციული აღქმით, ანუ სადაც ვართ და როგორც ვართ - ეგრეც ვუკრავთ. ასე დაიწყო აშშ-ში ვუდსტოკი და ასე დაიწყო ბრიტანეთში გლასტონბერი.
საქართველოში Tbilisi Open Air დაიწყო აგვისტოს ომიდან ერთ წელიწადში. ეს იყო ევროვიზიის ალტერნატიული მუსიკალური სივრცის იდეა, სადაც სხვა უცხოელ თუ ქართველ მუსიკოსებთან ერთად უნდა ემღერა პოპ ჯგუფს Stephane & 3G, რომელიც 2009 წლის მოსკოვში გასამართი ევროვიზიიდან მოიხსნა. We don’t wanna put in - დღევანდელობისთვის პრიმიტიულად ჭეშმარიტი ფრაზა, რომელიც რატომღაც რომ მიუღებელი აღმოჩნდა კონკურსის მაშინდელი მესვეურებისთვის. Tbilisi Open Air იყო თბილისის რეაქციული პასუხი რუსეთისთვის და ევროპისთვის. დროთა დინებასთან ერთად ფესტივალის იდეა გაფართოვდა და იქცა მუსიკისა და თავისუფლების კომუნიკაციის პლატფორმად, მუსიკა ათავისუფლებს - ამას ღონისძიების მუდმივი სლოგანი გვეუბნება.
2022 წელს ორწლიანი პაუზის შემდეგ გამართულ Tbilisi Open Air-საც ჰქონდა დიდი „საჩხუბარი“. პანდემიაგამოვლილი და სოციალიზაციას მონატრებული საზოგადოება, მუსიკა და მსმენელი რუსეთ-უკრაინის ომზე დისკუსიებში გაერთიანდა. ომის დაწყებიდან ზუსტად 4 თვის შემდეგ, 24 ივნისს გაიხსნა ფესტივალი. პირველი ორი დღის განმავლობაში მთავარი სცენიდან უკრაინის მხარდამჭერი ბევრი რამ ითქვა, განსაკუთრებით ბრიტანული ინდი როკ ბენდის, Alt-J-ის წევრს, გას უნგერ-ჰამილტონს ვუფასებთ დღევანდელობისთვის პრიმიტიულად ჭეშმარიტი მოკლე ფრაზის გაჟღერებას, თუმცაღა ამ მხრივ ფესტივალის მესამე დღე იყო განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი.
26 ივნისს გამომსვლელი მუსიკოსების სია და მათი განლაგება ამხელს ორგანიზატორების წინასწარ განზრახვას, ფესტივალის ბოლო დღის მთავარი სცენა სოციალურ-პოლიტიკურ სათქმელს დათმობოდა:
დღე გახსნა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა Nash Albert, რომელიც წლების განმავლობაში იყო ცნობილი რუსული როკბენდის, BLAST-ის ლიდერი. არტისტმა სულ რამდენიმე თვის წინ გამოუშვა მის კარიერაში ალბათ საუკეთესო სოლო ალბომი “Yet”, თუმცა როგორც თავად ამბობს, ალბომის გამოშვების სიხარული მთლიანად გადაფარა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ომის მძიმე განცდებმა. მუსიკოსის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, სიმბოლურია, რომ ამ ალბომის პირველი ცოცხალი შესრულება ქართველმა მსმენელმა მოისმინა.
შემდეგ იყო ალტერნატიული როკი და ლეგენდარული გია თოიძის „წერილი“. მუსიკოსი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჯერ კიდევ ჯგუფ „ამორალთან“ ერთად არასდროს ერიდებოდა წინააღმდეგობრივი და რეაქციული მუსიკის კეთებას მელანქოლიური ინსტრუმენტალისა და ალეგორიულ-სიმბოლური ლირიკის დახმარებით. წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „წერილმა“ აპრილში გამოუშვა კომპოზიცია „ჩაკეტე ცა“ - სათაურიც კი ამჟღავნებს მთავარ სათქმელს, რომელიც ტექსტში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით იმარცვლება:
„როგორ გავჩუმდე, ცა მკერდზე მაწევს, მე კი მიწაზე ვდგევარ,
როგორ გავჩუმდე, როცა შიათ ბავშვებს, როცა ომშია ყველა“
უნდა ითქვას, რომ „წერილის“ მთლიანი გამოსვლა ხარისხობრივად იყო მათივე ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა დროს „წერილის“ უამრავი ცოცხალი შესრულება მაქვს მოსმენილი. ცალკე გამოსარჩევია „შიშველი ხეების“ ახლებური ვერსია და მარიამ კუბანსკის ბექ ვოკალი.
მთავარ სცენაზე შემდეგი იყო ერეკლე დეისაძისა და თემო ეზუგბაიას პოსტ-პანკ პროექტი Eko & Vinda Folio. ძირითადად, მათ კომპოზიციები აარჩიეს უკანასკნელი ალბომიდან “თერაპია“, ბოლოს კი - ერთი ახალი კომპოზიციაც ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ალბომიდან. ერეკლე დეისაძის შემოქმედება უმეტესწილად ე.წ. პროტესტის მუსიკასთან ასოცირდება, შედარებით განსხვავებული პროექტია Eko & Vinda, თუმცაღა მათ ალბომშიც არის ერთი ძველი კომპოზიციის „აგურით ხელში“ ახლებური ვერსია, რომლის ლაივში შესრულების დროსაც ერეკლე დეისაძემ ბოლოსკენ ორიგინალი ტექსტი შეცვალა ფრაზით: „რევოლუცია მარტივად იწყება შენში, როდესაც დგახარ ევროკავშირის კართან...“ - რაც სრულიად გასაგები და მისაღები მესიჯი აღმოჩნდა დამსწრე მსმენელისთვის.
შემდეგი გამომსვლელი იყო ბელორუსული პოსტ-პანკ ბენდი Molchat Doma, რომელთა წევრებსაც მშობლიური ქვეყნის ხელისუფლებისგან განსხვავებით, თავიდანვე ნათლად ჰქონდათ გაჟღერებული უკრაინის მხარდაჭერა და რუსული იმპერიალისტური მიზნების დაგმობა. უკრაინის მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლების მუსიკალური თანადგომაც ძალიან სწორად და ემოციურად გამოიხატა Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე.
ბოლოსწინა გამომსვლელი კანადური ალტერნატიული არენბი კოლექტივი RHYE ფესტივალის ბოლო დღის სოციალურ-პოლიტიკური “სიუჟეტიდან” შედარებით ამოვარდნილი იყო, მსმენელს მოდუნებისა და დასვენების საშუალება მისცა მსუბუქი და ჰარმონიული ჟღერადობის მუსიკამ.
ჰედლაინერამდე იყო ხარვეზი და, დაახლოებით, ერთსაათიანი პაუზა, ზოგადად, ფესტივალი ხარვეზების გარეშე წარმოუდგენელია. ბარემ აქვე ტალახის გამო ტალახის სროლას სრულიად ვემიჯნები. რადგანაც ვუდსტოკითა და გლასტონბერით დავიწყეთ საუბარი, ამის იქით არგუმენტების ჩამოთვლაც კი არ ღირს.
ბოლოს კი იყო დღის მთავარი და დასკვნითი ნაწილი, ლეგენდარული უკრაუნული პოპ-როკ ჯგუფი Okean Elzy. ჯგუფის ფრონტმენი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი ომამდეც არაერთხელ ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან, იგი უკრაინის უმაღლესი რადის მე-6 და მე-9 მოწვევის სახალხო დეპუტატი გახლდათ, რომელმაც Tbilisi Open Air-ის დახურვის კონცერტისთვის თითქოს მთელი ნაციის სათქმელი ჩამოიტანა თბილისში და თითოეულ მსმენელს ინდივიდუალურად გაუზიარა. მათაც, ვინც ალბათ მომავალშიც არასდროს მოუსმენს Okean Elzy-ს ყურსასმენებში, სამუდამოდ დარჩება ბენდის ცოცხლად მოსმენის ემოცია.
ფოტოები: საბა ხითარიშვილი