გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გივი, 34 წლის | მე ვთამაშობთ

თინეიჯერი როცა ვიყავი, მაშინ ამოვიდა მიწიდან თამაში. 

თუ 90-იანებში წამალი და ნარკოტიკები იყო, ჩვენ დროს ყველგან თამაში იყო. მთელი თაობა მოწამლა. ყველა გზა თამაშში მიდიოდა. 

რეგიონიდან ვარ, ზუგდიდიდან. კარგად ვსწავლობდი. სანათესაოში, წრეში - ეს დიდი კაცი იქნება და მოგხვედავსო ამბობდნენ. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, თბილისში წავედი. მე არ ვარ მდიდარი ოჯახიდან. ოთხი ძმა ვართ, მამაჩემი მშრომელი ადამიანია, რომელიც ცხოვრებამ წელში გაწყვიტა. კვირაში ორმოცდაათ ლარს მიგზავნიდნენ, ეს იყო ჩემი ბიუჯეტი. ორმოცდაათ ლარი იყო საჭმლის ფულიც, ბინის ქირაც. ხო იცი, სტუდენტის ცხოვრება როგორია. ამ ფულს ერთ დღეში ხარჯავ და მერე ექვსი დღე ელოდები ახალ კვირას. მაშინ დავიწყე თამაში. 

ძალიან პატარა ბიუჯეტი მქონდა, ცოტას ვაგებდი. ორი ლარი რომ გქონდეს, მაგ ორ ლარსაც წააგებ. მე არ წამიგია დიდი ფული. არ მქონდა. მე წავაგე ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი დრო წავაგე. სულ რომ მილიონი წააგო, უფრო მნიშვნელოვანი წაგებული დროა. 

ცხოვრების რვა წელი წავაგე.  

უკვე რომ მოვიწამლე, დილით ვდგებოდი, უნივერსიტეტის მაგივრად ტოტალიზატორში მივდიოდი. 

ოცდაექვსის ვიყავი როცა საკუთარი თავი შემზიზღდა. 

იმდენჯერ წამიგია ბინის ფული. დავმალულვარ ბინის მეპატრონეებისგან და სახლიდან წავსულვარ. ერთ ზაფხულს წითელ ბაღშიც მეძინა. მაწანწალას ცხოვრებით ვცხოვრობდი. დავთვალე და სადღაც ოცდათოთხმეტი სახლი მაქვს შეცვლილი. ვერ ვიხდიდი, მერე ახალს ვქირაობდი, გადავიხდიდი ერთი თვის ქირას, მეორე თვეს იგივე. 

სულ ვალები. ტელეფონში რომ აყვები კონტაქტებს, ყველასთვის ფული გაქვს ნათხოვნი და მაინც შუბლის ძარღვს იწყვეტ და მეასედ თხოვ. მეორე, მესამე წრეზე მიდიხარ. ყველას ვალი გაქვს, ვისაც იცნობ.

თამაშში ახალი ახალი სამეგობრო გიჩნდება. სამეგობრო როგორ დავუძახო. ჩემი მეგობრებიდან, ვინც მართლა ჩემი მეგობარია, არცერთი არ თამაშობდა.  ყველა სწავლაზე და თვითგანვითარებაზე იყო გადართული. თამაში გიქმნის ახალ წრეს, სამეგობროს ეძახი, მაგრამ სამეგობრო არ არის. სულ ერთად ვიყავით, ერთად დავდიოდით. სამსახურივით არის. მიდიხარ, იკრიბებით, ფიქრობთ რა დაწერო, რა ითამაშოთ. უსაქმური ხალხი, რომელსაც არც სამსახური აქვს, არც საქმე აქვს, არაფერი. იძირები და იძირები წუმპეში. გახსენებაც მეზიზღება მაგ დროის და გარემოსი. 

თამაშის პირდაპირ პროპორციული არის ტყუილი. არ არსებობს პატიოსანი მოთამაშე. ერთი დიდი ტყუილია. რას არ იგონებ, რომ სათამაშო ფული იშოვო. მახსოვს, გოგო მომწონდა და ტელეფონი დავულომბარდე. გოგოს რომ ეპრანჭები და ტელეფონს ულომბარდებ, რა აბსურდია.
ავტომატურად ვამბობდი ტყუილებს. ისე მივეჩვიე, ისეთ ტყუილებს ვამბობდი, რაც საერთოდ არც იყო საჭირო. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რა საჭირო იყო ეხლა ეს ტყუილი, რატომ თქვი, რა შუაშია. ისეთ ტყუილებს ვხლართავდი, მე თვითონ  მიჭირდა გარკვევა, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა. მე თვითონაც ვიჯერებდი. ვატყუებდი, მშობლებს, მეგობრებს. ვისაც ჯერა შენი, ვისაც უნდა, რომ შენი სიცრუე დაიჯეროს. ვინ არის დღეს სხვა სულელი, ვის მოატყუებ. 

მშობლებისთვის ძალიან მტკივნეულია. წარმოიდგინე, შვილი ყავს გაშვებული განათლების, გამოცდილების მისაღებად, ის კი თამაშობს. ძალიან ცუდად იყვნენ. ხელიც ქონდათ ჩემზე ჩაქნეული. აღარც მეუბნებოდნენ არაფერს. შვილს მაინც ვერასდროს ვერ გაწირავ, მაგრამ იმედი გიკვდება.

ჩვიდმეტი წლის ვიყავი რომ წავედი თბილისში, თვრამეტი წლისამ დავიწყე თამაში, ოცდაექვსი წლის ასაკში რაღაც მოხდა ჩემს თავში. 

რაღაც მოხდა მაგ დღეს ჩემში. 

წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. 

უკვე ნახევარი წელი მქონდა განცდა, ვგრძნობდი რაღაც მჭირდა. ნათურა რომ გადაწვას იწყებს, რომ თამაშობს, ციმციმებს. 

სარკეში რომ ვიხედებოდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. 

მივხვდი, არ შეიძლებოდა ესე. 

კბილებს რო ვიხეხავდი, საკუთარ თავს თვალს ვარიდებდი. ეგრე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლებოდა. 

რაღაც ძალაა საჭირო,  რომ მინდას გადაახტე, მინდაზე არ იცხოვრო. 

ათასი ადამიანიდან, შეიძლება ასმა იპოვოს ძალა. 

უმრავლესობა ვერ იპოვის. 

საჭმელი არ მიჭამია ექვსი თუ შვიდი დღე. ჩემს თავს ვუთხარი, რვა წელია თამაშობ, არაფერი მოგიგია, ან რა უნდა მოიგო. სისულელეა, ყველა მოთამაშემ იცის რომ ვერაფერს ვერ მოიგებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გარეშეც იცოცხლებ? მოდი, ვცდი აბა, რა ნებისყოფის ვარ. შვიდი დღე საჭმელი არ ვჭამე, წყალზე და პურზე ვიყავი. თუ საჭმელს არ ჭამ და არ კვდები, არც თამაშის გარეშე არ მოკვდები. 

ერთი - ორი დღე არ ვითამაშე და არ მოვკვდი, ესე იგი, მერეც არ მოვკვდებოდი.

არ მოვკვდი. 

სულ ვჩქარობ. რა დროც დავკარგე, რაც ავაფეთქე, ის წლები მინდა თითქოს ავანაზღაურო. მგონია, რომ რაღაცას ვერ მოვასწრებ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წლები გამოტოვებული მაქვს და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ ძალიან სწრაფად. 

თითქოს ვცდილობ რომ განვლილი წლები დავიბრუნო. შფოთები დამეწყო. დაკარგულ დროს ვერ დააბრუნებ.

ოთხი ძმიდან მე უფროსი ვარ. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ოჯახს საკუთარ თავზე წინ ვაყენებ. ერთი პერიოდი ვჰიფსტერობდი და მახსოვს, ბევრი რომ მშობელს ვერ იტანდა. ეს ბუნებრივია, მშობლის მიმართ რაღაც ასაკში პროტესტი გაქვს. მაგრამ ბევრი ჩარჩა მანდ და დებთან, ძმებთან, მშობლებთან კავშირი არ აქვთ. მე ეგრე არ ვარ. ვგრძნობდი მათ მიმართ პასუხისმგებლობას.

მამაჩემი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ზღვა შესაძლებლობების მქონე. სულ რომ სამი ლარი გადაეხადათ, საქმის მიფუჩეჩება არ შეეძლო. არსად არ მინახავს რომ მოიტყუა, არსად არ მინახავს რომ დააგვიანა. ყველაფერი გააკეთა ჩემთვის.

შრომის ბაზარზე იდგა ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლება ჰქონდა. შრომის ბაზარს ეძახიან ზუგდიდში ადგილს, სადაც წერა-კითხვა რომ არ იცოდა ისეთი ხალხი იდგა. მშრომელი ხალხი, მაგრამ, საკუთარი ხელის და ფეხის მეტი რომ არაფერი არ ჰქონდათ. მამა ინჟინერია. არაფერზე უკან არ დაუხევია. მაგრამ, ცეხავიკობის და მანიპულაციების ნიჭი არ ქონდა და დაახრჩო უმწეობამ. ვერ რეალიზდა იმ გარემოში. სულ ფული იყო პრობლემა სახლში, სულ უსახსრობა იყო. 

სახლში ყვიროდა, ვერ მიქონდა სხვაგან ეს დაგროვებული დამცირება. ძალაც ვერ იპოვა საკუთარ თავში, რომ გადაეხარშა. რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. დაბერდა უკვე, ოთხ ძმას ყველას რაღაც ჭირდებოდა და ვხვდებოდი, რომ უნდა გამენაწილებინა პასუხისმგებლობა. საქართველოში რვაას ლარიანი ხელფასით ვერაფერს ვერ ვიზამდი. მით უმეტეს, როცა თამაშმა ყველაზე ძვირფასი წლები წამართვა. წლები, როცა უნდა ამეშენებინა საკუთარი თავი. 

ბოლოს რომ დავფიქრდი, არავინ არ ვიყავი. 

ვეკითხებოდი საკუთარ თავს - ვინ ხარ? არც ფინანსისტი არ ვიყავი, არც ეკონომისტი არ ვიყავი, არც მშენებლი არ ვიყავი, არავინ არ ვიყავი. არავინ. 

შენი ხელ-ფეხი საქართველოში ხო იცი რამდენადაც შეგიძლია გაყიდო? რვაას ლარად, მეტად ვერ გაყიდი შენს შრომას. რვაას ლარად ვერაფერს გავაკეთებდი და ამიტომ წამოვედი. ოთხი წელია აქ ვარ. 

საქართველოს პასპორტით ემიგრაციაში ყოფნა ძალიან მძიმეა. შენი უფლებების დაცვა შეუძლებელია. უმეტესწილად არალეგალურად გიწევს შრომა. არანაირი გარანტია არ გაქვს სოციალური ან ჯანდაცვის რისკების თავიდან ასაცილებლად. რამე მოგივა? ჩათვალე ერთი თვის ხელფასი დაკარგული გაქვს და გიწევს მთელი გზის თავიდან გავლა. 

ამიტომ, მე პრაგმატულად დავისახე მიზნად ლეგალურად მუშაობა რომელიმე ძლიერ ქვეყანაში. ნათესავები მყავს ინგლისში და დამეხმარნენ. გავაკეთეთ მონახაზი რა ნაბიჯები უნდა გადამედგა, რომ ამეღო სამუშაო ვიზა. სამუშაო ვიზა ავტომატურად გარანტიას იძლევა, რომ ლეგალურად იმუშაო, რისკები დაზღვეული გქონდეს და შენმა შრომამ წლების შემდეგ შედეგი გამოიღოს. საჭირო იყო საკმაოდ დიდი ფული და ბევრი სწავლა. დიდი დრო მჭირდებოდა რომ ეს გეგმა განმეხორციელებინა.  საკუთარი თავი არ დამინდია, ქეჩოთი ვათრიე. 

ინგლისის ვიზა რამდენიმე დღის წინ ავიღე. სამი წელია ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდი ამ მიზნისკენ. 

ცხოვრებაში პირველად რაღაც დავგეგმე წინასწარ,  ყველაფერი ჩავდე რაც მქონდა, ყველა თეთრი რაც გამოვიმუშავე, ყველა რესურსი და მიზანს მივაღწიე. 

ინგლისში წასავლელად საჭირო იყო რომ ინგლისური მესწავლა და ფული მომეგროვებინა. თან ოჯახსაც უნდა დავხმარებოდი. წავედი პოლონეთში. პოლონეთში არის ძალიან ძნელი. ყველაფერი გავაკეთე კანონიერი გზით და დიდი ხანი დამჭირდა რომ ბინადრობის მოწმობა ამეღო. წელიწადნახევარი იქ ვიმუშავე. 

14-15 საათი ვმუშაობდი წელიწადნახევარი. ინგლისური კარგად არ ვიცოდი, პოლონურის წარმოდგენაც არ მქონდა. ქარხანაში დავიწყე მუშაობა, მერე ტაქსზე. მოძრავი ტიპი ვარ და ქარხანაში მუშაობა ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. მთელი დღის განმავლობაში აქედან იღებ, იქ დებ, კინაღამ გავგიჟდი. თან 12 საათი. ორი სმენა არის, პირველი სმენა დილის 6-ზე იწყებს, საღამოს 6-ზე ამთავრებს, მეორე სმენა საღამოს 6-ზე იწყებს და დილის 6-ზე ამთავრებს. ერთი კვირა პირველი სმენა ხარ, მეორე კვირა მეორე სმენა. ტვინი აირია, ვეღარც ვიძინებდი. როდის იყო დღე, როდის იყო ღამე, საერთოდ ყველაფერი ამერია. 

პოლონეთში ვინც არიან ემიგრანტები, ჩათვალეთ, ჯოჯოხეთში არიან. 

ანაზღაურება საქართველოსთან შედარებით ნორმალური იყო, თვეში სამი ათასი ლარი გამოდიოდა. საქართველოში რასაც ვერ ვართმევდი თავს, რომ ოჯახისთვის მიმეხედა და თავსაც დავხმარებოდი, იქ ვაკეთებდი. 

მე ჩემს გოგოსთან ერთად წამოვედი, დღეს უკვე ჩემი ცოლია. თავიდან რომ ჩამოვედით, სულ ეკონომიაზე ხარ, სულ. წყალი ვიყიდოთ თუ საჭმელი, არჩევანი გვქონდა გასაკეთებელი. 

პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია იმდენ საათს მუშაობ. ჩვეულებრივი ნელი სიკვდილია. თუ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ არ დაგეგმე და უშეცდომოდ არ გაიარე გზა, ნორმალურ ცხოვრებას ვერ ეღირსები. აქ დროც სხვანაირად გადის. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ 24 საათი აქ უფრო ნაკლებია ვიდრე საქართველოში. 

არავინ არ ხარ აქ.

ყველაზე კარგად დისციპლინას და თავგანწირვას, სპორტსმენებისგან ისწავლი. განსაკუთრებით, მოკრივეებისგან. კრივი ძალიან მიყვარს. მიზნის მისაღწევად არსებობს მოტივაცია და არსებობს დისციპლინა. მოტივაცია შეიძლება გზაში მოკვდეს ან გაცვდეს. დისციპლინას მიყავხარ მიზნამდე. 

დილის 5 საათზე ვდგებოდი, სამუშაოდ მივდიოდი, 12 - ზე გავჩერდებოდი, ვვარჯიშობდი, ისევ მუშაობას ვაგრძელებდი. საღამოს 8-ზე მოვდიოდი სახლში, 2 საათი ვსწავლობდი და 12-ის ნახევარზე ვიძინებდი. 5 - ზე ისევ ვდგებოდი. ყოველ დღე, შაბათი, კვირა, ყოველ დღე. 

ბოლოს გერმანიაში წამოვედი. ეხლა გერმანიაში ვარ, დისტრიბუციაში ვმუშაობ.

რომ არ წამოვსულიყავი, ალბათ გავგიჟდებოდი იქ. გერმანიაში არავინ არ მოგკლავს, ღამე არავინ არ გამუშავებს. იქ კატასტროფა ხდებოდა. 

ადამიანი ფესვებს რომ მოწყდება, არასდროს არ იქნება ბედნიერი, რა მწვერვალებიც არ უნდა დაიპყროს. მე ამას აქ მივხვდი. 

ამიტომ, ყველა ემიგრანტის მოტივაცია მგონია, რომ გაძლიერდეს ფინანსურად, პროფესიულად და ძლიერი დაბრუნდეს თავის მიწაზე. ზუსტად ეს სურვილი მამოძრავებს მეც.

თამაში დიდი ხანი მექაჩებოდა უკან. ეგრე კი არ არის, რომ მოვრჩი. დრო არ უნდა გქონდეს, თუ ბევრი დრო გაქვს, ჩაგითრევს ისევ უკან. სულ გექაჩება. ისე გადავერთე მე საკუთარ მომავალზე, რომ თამაშზე ფიქრის დროც არ მრჩებოდა.

საქართველოში ყველაფერი გადაჯაჭვულია - უმუშევრობა და თამაში. მე რომ მქონოდა მეტი თავისუფალი დრო შეიძლება მეც უკან ჩავეთრიე. მაგრამ როგორც კი გადავერთე სხვა რამეზე, გონებაც გადაერთო და თამაშიც აღარ მექაჩებოდა. თუ მეტი დრო გაქვს, მასაც მეტი დრო აქვს რომ შეგჭამოს. სადღაც ცდუნებას ვერ გაუძლებ და დაბრუნდები.

შეშვება არის პირველი ნაბიჯი. მერე უკვე უნდა გათვალო და დაგეგმო ცხოვრება ისე, რომ მაგაზე ფიქრის დრო არ გქონდეს. 

ეხლა ბედნიერი ვარ. პირველად ცხოვრებაში, სამი წლის წინ რაღაც დავგეგმე და ერთი კვირის წინ მივიყვანე ბოლომდე. ისეთი ბედნიერი ვიყავი… იმიტომ კი არა, რომ ინგლისის ვიზა ავიღე და იქ ჩავალ, ხალხი თირკმელს ყიდის რომ მექსიკიდან ამერიკაში გადავიდეს. ბედნიერი ვიყავი, რომ საკუთარ თავს ვაჯობე, საკუთარ თავს დავუმტკიცე. 

თამაში არის უბრალოდ სიკვდილი. ლარიდან ლარამდე ცხოვრობ და ელოდები არაფერს. თითქოს წამში უნდა მოგიგვარდეს ყველაფერი. აბსურდია. 

ყველაზე მეტად მიხარია, რომ გავიმარჯვე.

გავცვითე ჩემი თავი, დავსაჯე  შეცდომების გამო. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ დიდი ბრძოლა მელოდება თავს მაინც გამარჯვებულად ვთვლი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა