გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გრავიტაცია

გრავიტაციული ტალღები და სამყაროს აქამდე უხილავი პორტრეტი. „ლიზა“

წარმოიდგინე, რა მოხდება, როდესაც მძიმე ბურთს გადაჭიმულ ზეწარზე დააგდებ: ზეწარი ჩაიზნიქება - სივრცე "გამრუდდება". აინშტაინის გრავიტაციის თეორიიდან გამომდინარე, როცა რაღაც ძალიან მძაფრი, კატასტროფული ხდება, "გამრუდება" შეიძლება მოსწყდეს პროცესის წყაროს და თავისუფლად ამოძრავდეს. ზეწრის ნაკეცი ქსოვილის კიდისკენ "გაიქცეს:, ზუსტად ისე, როგორც ტალღა დაირწეოდა ტბაში ქვის ჩაგდების შემდეგ. გრავიტაციული ტალღა სწორედ ასეთ, წყაროს მოწყვეტილ, თავისუფლად ამოძრავებულ "გამრუდებას" ეწოდება.

2016 წლის 11 თებერვალს მეცნიერთა ჯგუფმა LIGO-დან ოფიციალურად დაადასტურა, რომ დედამიწაზე გრავიტაციული ტალღები არსებობს.ეს აღმოჩენა კაცობრიობას სამყაროს მისთვის აქამდე უხილავი ნაწილის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. გრავიტაციული ტალღები დაახლოებით ისევე „მუშაობენ“, როგორც რენტგენის სხივები, რომლებიც ჩვეულებრივი სინათლისთვის უხილავ, სხეულის კანქვეშა სურათს ხედავენ. სამყაროს შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე ვარსკვლავებისა და სხვა ციური ობიექტების მიერ გამოსხივებულ სინათლეს მოაქვს, თუმცა ინფორმაციის ამ ნაკადს გზადაგზა ისევ ვარსკვლავები და გალაქტიკები შთანთქავენ. გრავიტაციული ტალღებისათვის ეს დაბრკოლება არ არსებობს. თითქმის ერთი წლის წინ LIGO-ს ორმა ლაბორატორიამ ლუიზიანისა და ვაშინგტონის შტატებში სივრცის გამრუდება დააფიქსირა. 

სივრცის ეს შეკუმშვა-გაფართოება 1300 მილიონი წლის წინ, ორი მძიმე ობიექტის, ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოქმნილმა გრავიტაციულმა ტალღამ გამოიწვია. სწორედ ამ ტალღამ გაიარა LIGO-ს ინსტრუმენტებში 2015 წლის 15 სექტემბერს. უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რასაც გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვებით მოვიპოვებთ, „დიდი აფეთქების“ ზუსტი სურათია, რადგან ამ აფეთქებას თან უძლიერესი გრავიტაციული ტალღები სდევდა.

დედამიწაზე გრავიტაციული ტალღების დაკვირვება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ როგორი იყო სამყარო დასაწყისში; და დავადგინოთ ისიც, თუ როგორი შეიძლება იყოს ის მომავალშიც.

2016 წლის შემოდგომიდან გრავიტაციული ტალღების ყოველდღიურ დაფიქსირებას სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კოსმოსური ხომალდი-ლაბორატორია „ლიზა“ შეუდგება. ასე რომ, დღეიდან სწორედ Lisa Pathfinder-ისგან ველოდებით ახალ აღმოჩენებს.  

ავტორი: გიორგი ჯაფარიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა