ჰუსეინი რო არ გამოჩენილიყო, ფეხით მომიწევდა ჯაჰანაბადამდე სიარული
30.08.2019ჰუსეინი რო არ გამოჩენილიყო ალბათ ფეხით მომიწევდა ჯაჰანაბადამდე სიარული. ჯანდაბა მეთქი რო ვუთხარი, უკეთ გაიგო - ჯაანაბად, ჯაანაბად. ირანში ხშირად ინგლუსურზე უკეთ ქართული ჭრის. ოთახში ხალიჩა და ბალიში უფრო გასაგებია, ვიდრე ფილოუ ენდ ქარფეთ. აქეთ თუ არ გამომელაპარაკენ, ნელნელა ხმარებიდან ვიღებ ინგლისურს. რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს ვაგებინებ.
სოფელს ვერ დავარქმევ, უფრო დასახლებაა ვარამინის ჯაჰანაბადი. რამდენიმე სახლი დგას და წყალი მოშორებით, თითქმის უდაბნოში გაკეთებული ონკანიდან მოდის. მანქანის ხმაურზე ქალი გამოვიდა, ისიც ჯაანაბადს ამბობდა, მუჰამად ალი გამახსენდა ყანდაჰარიდან, მაგრამ ჰუსეინის მცდელობების მიუხედავად ოთახის გაქირავებაზე უარი თქვა. პოლიციის ნებართვა მოითხოვა სახლში სტუმრის შესაშვებად. მოგვიანებით ჰამადანში მეგობარმა მითხრა, რომ შპიონაჟის შიშით ქაუჩსერფინგიც იკრძალება ირანში. სხვა მეზობლებთან ლაპარაკს აზრიც არ ჰქონდა. იმდენად მჭიდრო ტერიტორიაა, რომ ისედაც ყველას ყველაფერი ესმოდა.
ჯავადაბადში გადასვლა მომიწია პოლიციისგან უფლების გამოსათხოვად. ხუთშაბათი იყო, დასვენება. უფროსი ადგილზე არ დამხვდა.
ოფიცერმა, მის გარეშე ვერაფერს ვიზავთ, მანდ ბალუჩები ცხოვრობენ, სახიფათოა ღამით გაჩერებაო და ყელში თითი გამოისვა. მომიწია ვარამინის ყველაზე კარგ, მაგრამ რწყილებიან სასტუმროში დაბრუნება. ხელზე იმდენი ნაკბენი მქონდა, რომ ჰუსეინს ფლოტის ადმირალი ვეგონე.
ვარამინი ირანის ერთერთი უძველესი ქალაქია. თავის დროზე აბრეშუმის ხალიჩებით იყო სახელგანთქმული, სამწუხაროდ დღეს ამ ტრადიიციდან ბევრი არაფერია დარჩენილი, თუ რამდენიმე წარმატებულ მეწარმეს არ ჩავთვლით, რომლებიც თეირანში გადავიდნენ და ქალაქში რიგითი ხალიჩების მრეწველობა დატოვეს... აღსანიშნავად დაბალ ფასში... თუმცა ეს ვარამინის ღირსებას არაფრით არ აკნინებს. მისი სახელი ზოროასტრიულ ავესტაშიც მოიხსენიება. და თუ ისტორიულ მნიშვნელობაზეა საუბარი, ქალაქის საზღვრების დატოვებაც საკმარისია იმისთვის, რომ რუკაზე არარსებული ნაქალაქარები და ქარვასლები შეგხვდეთ. დირ გაჩინიც ერთერთი მათგანია, სადაც ჯანდაბიდან საბოლოოდ წამოსულზე მოვხვდი, თორე სასტუმრო შაიანის ნაცვლად აუცილებლად იქ გავჩერდებოდი. მაგრამ ის უხილავი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ქარვასლაა ირანის ტერიტორიაზე, რომელსაც ქარვასლების დედას ეძახიან. უყვართ ირანელებს სახელების შერქმევა. ვარამინის ჯაჰანაბადის სიახლოვეს, დირ გაჩინის ქარვასლა დღესაც ფუნქიონირებს. მოხალისეთა ჯგუფი ძველ დარბაზებშია დასახლებული და სტუმრების მიღებასთან ერთად ძეგლსაც უვლის.
მოკლედ, მეორე დღეს ჩაი, ბავშვებისთვის ტკბილეული, კიდე რაღაცეები ჩავილაგე და უკან დავბრუნდი. კაცი იმ წყლის ონკანს ნასოსით აკაჩავებდა და თან ქვაბის ავსებას ცდილობდა. მგონი დახმარებაზე მეტად, პოსტაპოკალიპტურ სიუჟეტში მონაწილეობა უფრო მომინდა. აბ დაჰ - ცხელ წყალს ნიშნავს, თუ გაქვს ჩაი გავაკეთოთმეთქი. უკვე მოტოციკლეტიდან ვხედავდი გამოფენილი ხალხი როგორ გვიყურებდა შორიდან. მეგონა სადღაც შორს მივდიოდით, გამწვანებულისავით აღმართს რო მივადექით. გაგრძელებაზე ფერმაა, სადაც მთელი ჯაჰანაბადის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი მუშაობს და წყალიც უხვად მოდის. ზოგი ადგილობრივია, ზოგი გარშემო სოფლებიდან და ზოგიც ვარამინიდან დადის. საჭმელი შემომთავაზეს, ტელეფონზე დარეკეს ვიღაცასთან, ეხლავე მოიტანსო. ეს ვიღაც, ფერმის მეპატრონე აღმოჩნდა, რომელიც გზაში იყო და გამართული ინგლისურით ლაპარაკობდა. როდესღაც დიდი სოფელი იყო, სანამ მიწას მოჭრიდნენო - ალაგ ალაგ შემორჩენილ ბორცვებზე ამახვილებდა ყურადღებას. ბალუჩებზე ვკითხე, პოლიციის ნებართვა რო მოითხოვეს. ნაწილი სუნიტი ვაჰაბისტია, ბოლო ტერაქტს რამდენინე ირანელი სამხედრო ემსხვერპლა და ყველას ეჭვით უყურებენ მითუმეტეს, რომ ტერაქტის შემდეგ, ტერორისტის ოჯახი იძულებულია ბალუჩისტანიდან აიყაროს და სხვა მიმართულებით გადაადგილდესო. მინდვრების დასაწყისში ერთი სახლი დგას, სადაც ვისხედით. დარჩენა შემომთავაზა, ღამით აქ მაინც არავინ არისო.
არ ვიცი ჯანდაბელებიც რომელიმე თვითმკვლელის ოჯახის წევრები იყვნენ თუ არა, მაგრამ დილით სოფელში ჩასულს მხიარულად დამხვდნენ. როგორც წესი პირველ დღეს გაკვირდებიან და შემდეგ უფრო გიშინაურდებიან. პირდაპირ ჩაი შემოგვთავაზა ხანში შესულმა ქალბატონმა. თუმცა აქ სხვა სტანდარტებია და ცოტა რთული გასაგებია ადამიანის ასაკი. გაცილებით ადრე იწყებს ყველა ცხოვრებას. მეზობლის გოგოსაც ასე დაემართა. 16 წლის ასაკში ქმარს გაშორდა და ამის გამო სოციალური სტატუსი ჰქონდა დაკარგული. ჩვენთანაც ესე არ იყო, იმ განსხცავებით, რომ სადღაც წასაყვანად არავინ აკითხავდა ბავშვებს. თუმცა ფოტოს გადაღებაზე დაიძაბა, მამაჩემმა რომ სადმე ნახოს, მაგრად მომხვდებაო, მთელი სამეზობლოს წინ ლაპარაკობდა, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის #ჯანდაბაში.