გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

იდეათეკა | ფიქრის, სიმყუდროვის და განვითარების სივრცე

რას ცვლის იდეათეკა სკოლებში?

„იდეათეკა“ რა იყო, თავიდანვე იმ ადამიანებისგან გავიგე, ვინც ამ სივრცეში ხშირად დადის და ფიქრობს, რომ ამით მისი ყოველდღიურობაც იცვლება. ასეთი უკვე 16 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან საქართველოს 7 სხვადასხვა რეგიონში. ზოგი სკოლა მაღალთმიან რეგიონშია, ზოგი - სასაზღვრო ზონაში, ზოგიც - ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში. თუმცა, მათ რაც აერთიანებთ, ხარისხიანი საგანმანათლებლო სივრცეების  და რესურსების არარსებობაა ისევე, როგორც წვდომის დეფიციტი ახალ გამოცემებზე, ინფორმაციისა და შემეცნების არაფორმალურ წყაროებზე, მოკლედ, ყველაფერ იმაზე, რაც შემოქმედებითი იმპულსების გასაღვიძებლად, განვითარებაზე და მომავალზე დასაფიქრებლად სჭირდებათ მოზარდებს და სასკოლო ასაკის მოზარდის ძირითადი ცოდნის მიღების უნარ-ჩვევების გამომუშვებისთვის და განსავითარებლად აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ამიტომ ბევრი ბავშვი  მათ სოფელში იდეათეკის გახსნას ნათელი წერტილის გაჩენას ადარებს. სახელწოდებაც გვეუბნება - ეს სივრცე იდეებისა და წიგნების ნაზავია, თანამედროვე, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, ხშირად ერთადერთი კეთილმოწყობილი ადგილი მთელ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ბავშვს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალებას აძლევენ და ჰარმონიული გარემოს უქმნიან, რაც ფიქრს, ოცნებას ახალისებს და ამ გარემოში ერთხელ მოსულ ბავშვს უკან მაგნიტივით აბრუნებს.

როდესაც იდეათეკის სტუმარ ბავშვებს ვეკითხებოდი რას ინატრებ, შენს სკოლაში რომ იყოს-მეთქი, ბევრი დაუფიქრებლად მპასუხობდა - ბუფეტს! - არ გვაქვს და ძალიან გვშივდებაო. ისინი ცხოვრობენ გარემოში, სადაც საბაზისო საჭიროებები მოუგვარებელია. ამ მოსწავლეების უმეტესობას პანდემიის დროს ტელეფონებით უწევდათ ონლაინ გაკვეთილებზე ჩართვა და მათი მშობლებისთვისაც პრობლემა ვირტუალურ ცხოვრებაზე ბავშვების დამოკიდებულების ზრდა კი არ იყო (რაზეც პანდემიის დროს დიდ ქალაქებში და გარკვეულ სოციალურ ფენებში ხშირად წუხდნენ ადამიანები), არამედ - სრული უინტერნეტობა. გაკვეთილებს ზოგჯერ სულ ვერ ესწრებოდნენ. მათ სკოლებს, სადაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თბილი წყლის თუ გამართული საპირფარეშოს ქონა და სხვა პრობლემები აწუხებთ, ცხადია, არ გააჩნდათ ის საერთო სივრცეც, რომლის მაგვარიც საგანმანათლებლო ინსტიტუციისთვის აუცილებელიც კია -  სივრცე თავშეყრისა და შეკრებებისთვის, ერთმანეთის მოსასმენად და სადისკუსიოდ.

„იდეათეკამ“, რომელიც ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილ სასწავლო სივრცედ და ბიბლიოთეკად თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, არაერთი ფუნქცია შეითავსა. იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ონლაინ გაკვეთილზე დასასწრებად არ ჰქონდათ ინტერნეტი და კომპიუტერი, „იდეათეკა“ გაკვეთილზე ჩართვის ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა. 

და დღეს, ამ სკოლების „იდეათეკებში“ კონფერენციები, პრეზენტაციები, შეხვედრები და მოწვეული სპიკერების ლექციები იმართება. ზოგ რეგიონში, სკოლის მოსწავლეებმა კლუბებიც შექმნეს და „იდეათეკის“ სივრცეს ეს ახალი ფუნქციაც შესძინეს. აქ გაკვეთილებიც ხშირად ტარდება, რადგან ტექნიკური აღჭურვილობა თუ ვიზუალური მასალები შესაძლებლობა იძლევა სწავლების პროცესი უფრო სახალისო გახდეს.

ასე ხდება, მაგალითად, რაჭაში - ამბროლაურის 1-ელ საჯარო სკოლაში, რომელიც 1991 წლის მიწისძვრის დროს ისე დაზიანდა, 10 წლის განმავლობაში გაკვეთილებს მოსწავლეებს ეზოში, 11-მეტრიან წითელ ვაგონებში უტარებდნენ. ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ სრულად განადგურებული ბიბლიოთეკის აღდგენა ვერ მოხერხდებოდა. დღეს კი, სკოლას არა მხოლოდ აღდგენილი ბიბლიოთეკა აქვს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების არაფორმალური განათლების სივრცე უფროა, ვიდრე მხოლოდ ბიბლიოთეკა, არამედ - იდეათეკაც - თავშეყრის, აზრის გაზიარების, შეხვედრების ჩატარების ადგილი. ზოგისთვის კი უბრალოდ, სამეცადინო სივრცეცაა, რადგან აქ კომპიუტერი და უწყვეტი ინტერნეტია.

ცხოვრება სასაზღვრო სოფელში კიდევ სხვა გამოწვევებს აჩენს. გამყოფ ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტსი სოფელ დიცის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების დროს სროლის ხმა ესმით ხოლმე.  სკოლიდან  300 მეტრში რუსი სამხედროების საშუგაშოა, რომელიც სკოლის მესამე სართულის ფანჯრებიდან მოჩანს. მითხრეს, როცა წვრთნები აქვთ, სროლის ხმა ისმის და გინდა არ გინდა, მაინც გვეშინიაო.

2008 წლის ომის დროს დიცის საჯარო სკოლაში რუსების ჯარს ჰოსპიტალი ჰქონია მოწყობილი და რთული წარმოსადგენი არ არის, რა მდგომარეობაში დახვდებოდათ იქაურობა სკოლის დირექტორ-მასწავლებლებს. "იდეათეკის" გახსნის გარდა, სკოლის შენობა სრულად აღდგა და გარემონტდა და დიცის საჯარო სკოლაშიც მასწავლებლებსა და ბავშვებს აქვს ინტერნეტი - მასალის მოსაძიებლად, მყუდრო და ნათელი, წიგნებით სავსე სივრცე, გაკვეთილების შინაარსის დასაგეგმად და მოსაფიქრებლად - ეს მასწვლებლებს. მეცხრე კლასელ ანას კი ის უხარია, რომ ახლა მათ იდეათეკაში ინგლისურენოვან წიგნებსაც იღებენ.

დუისის საჯარო სკოლაში ეთნიკური ქისტები სწავლობენ. როგორც მეუბნებიან, მათი სკოლა იმდენად „განსაკუთრებული“ გახდა იდეათეკის გახსნის შემდეგ, რომ მარტო დუისიდან კი არა, მეზობელი დასახლებებიდანაც გადმოდიან სხვა სკოლის ბავშვები. ერთმა ბავშვმა თქვა, სულ ყველაფერს თავი რომ დაანებო, ფოტოების გადასაღებადაც ძალიან ლამაზი ადგილია, ასეთი სხვა არ გვაქვსო. ახლა მთელ ხეობაში იციან, რომ დუისის სკოლას აქვს იდეათეკა, სადაც მანამდე შეუძლებელი და წარმოუდგენელი რაღაცების მომზადება და ხორცშესხმა შეუძლიათ.

ოზურგეთის 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ პედაგოგებს წინასწარ უწევთ ადგილის დაჯავშნა იდეათეკაში გაკვეთილის ჩასატარებლად, რადგან ყველას იქ უნდა. როცა არ უნდა შეხვიდე, სულ ვიღაც გაიძახის - ესა და ეს წიგნი გამაქვს, ჩემს სახელზე ჩაწერეთო, - მიამბობს უფროსკლასელი საბა.

როცა პროექტის წარმატების მაჩვენებლებზე ვკითხულობ, მეუბნებიან, რომ კვლევების მიხედვით, „იდეათეკის“ სივრცეები 100%-ითაა ათვისებული; წინა წლებთან შედარებით წიგნების ბიბლიოთეკიდან გატანის მაჩვენებელი 90%-ით არის გაზრდილი და ა.შ. მაგრამ ამ სტატისტიკის რეალობაში წარმოსადგენად ისევ ჩემი რესპონდენტების ნათქვამს ვიხსენებ. იდეათეკა მათთვის სიახლის სინონიმი გახდა. ვიღაცისთვის ეს, მარტივად, ახალი წიგნია, ვთქვათ, კომიქსი, რომელიც იქ პირველად ნახა და რომელმაც კითხვები გაუჩინა, რაღაცებზე დააფიქრა; ვიღაცისთვის კი ახალი ინტერესი და უნარი - იყოს კარგი სპიკერი.

პირველი „იდეათეკა“  2019 წელს გაიხსნა და დღემდე, საქართველოს 7 სხვადასხვა რეგიონის 16 საჯარო სკოლაში ამუშავდა: აქედან 8 - სასაზღვრო ზონაშია, 3 - მაღალმთიან რეგიონში, 2 - დიდ ქალაქში და 3 - ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში: ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ნიქოზი, დიცი, ხურვალეთი, ახალქალაქი, დუისი, ჩოხატაური, ნაბეღლავი, ჯვარი, თბილისი, ერისიმედი, საბათლო, ლამბალო და უდაბნო. ეს სია მხოლოდ დასაწყისია, რადგან დაგეგმილია ყოველწლიურად 5 „იდეათეკის“ შექმნა, საქართველოს  სხვადასხვა რეგიონის სკოლებში.

„იდეათეკა“  საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პროექტია. მისი მიზანია, ფორმალური და არაფორმალური სასკოლო განათლება ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონებში. პირველ რიგში, მიზანია წვდომის გაზრდა საგანმანათლებლო რესურსებზე, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მოსწავლეებისთვის ჯანმრთელი და კომფორტული გარემოს შექმნა სწავლისა და შემეცნებისთვის.

 
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა