ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ირფან საიდ აშრაფის დილემა

რის ფასად ქმნის მედია გმირებს? პაკისტანელი ჟურნალისტი მალალას აღმოჩენის ისტორიას იხსენებს.

ირფან საიდ აშრაფი 40 წლის პაკისტანელი ჟურნალისტია, რომელმაც სახელი 2009 წელს გაითქვა, დოკუმენტური ფილმით "სვატის ველზე კლასი გათავისუფლებულია". სვატის ველი მას შემდეგ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში, რაც 2007 წლიდან რეგიონის დიდი ნაწილი თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცა. ფილმის გმირი 10 წლის მალალა იუსაფზაია - პაკისტანელი სკოლის მოსწავლე, რომელიც გოგონების განათლებისთვის იბრძვის. ირფანი დღეს სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომს ამზადებს თემაზე - "ფიქსერი" ჟურნალისტები კონფლიქტის ზონაში. ხარისხის მოპოვების შემდეგ ის პაკისტანში დაბრუნდება და პეშავარის უნივერსიტეტში კონფლიქტის გაშუქებას ასწავლის.

საიდ აშრაფი ოთხი თუ ხუთი წლის იყო, პირველი მკვლელობა რომ ნახა. კაცს, ვისაც კალთაში ეჯდა, შუბლში ტყვია დაახალეს.

მკვლელობა პირად უთანხმოებას მოჰყვა, თუმცა, ირფანი ამბობს, რომ ეს სისასტიკე რეგიონში გამეფებული ქაოსის შედეგი იყო. ირფანი კონფლიქტის ზონაში გაიზარდა და, შესაბამისად, ძალადობაც მისი ყოველდღიურობა გახდა, 6 წლის წინ, ტერაქტის გაშუქებას საიდ აშრაფის სტუდენტი შეეწირა. არ იცოდა ის, რაც სვატის ველზე მცხოვრებმა უნდა იცოდეს: ერთი ოპერაციისთვის თალიბანი ხშირად ორ-სამ თვითმკვლელს ერთდროულად ამზადებს. მეორე სწორედ მაშინ იფეთქებს თავს, როდესაც ტერაქტის ადგილზე ჩინოვნიკები მიდიან.

ირფანი ექვსი მკვლელობის თვითმხილველია და თითოეული მათგანი დღემდე ცხადად ახსოვს: „ჩემი თვალი გვამებს შეეჩვია, რაც ჟურნალისტად მუშაობისას დამეხმარა კიდეც. თუმცა, იმისთვის, რისი გადატანაც მომავალში მომიხდა, მზად მაინც არ ვიყავი. ის, რაც ჩემთვის ჯილდო უნდა გამხდარიყო, მთელი ცხოვრება დიდი დანაშაულის შეგრძნებად მექცა“. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე გავიგე, რომ აქ სწორედ ის პაკისტანელი ჟურნალისტი სწავლობდა, ვინც ნობელის პრემიის ლაურეატი, მალალა იუსაფზაი აღმოაჩინა. მალალა ახლა 18 წლისაა. სამი წლის წინ, სკოლაში ავტობუსით მიდიოდა, როდესაც თალიბანის მებრძოლებმა თავში დაჭრეს. ასე დასაჯეს სითამამისთვის ყველაზე ახალგაზრდა აქტივისტი ქალაქ მინგორადან და უნებურად, გოგონების განათლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აქციეს.

ბრიტანულმა გამოცემამ მემუარების დასაწერად მალალას 3 მილიონი დოლარი შესთავაზა. მისი წიგნი „მე ვარ მალალა“ 2014 წელს, „ნიუ იორკ ტაიმსის“ ბესტსელერების ნუსხაში პირველი იყო. წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს: „მან მე მალალა დამარქვა“. მალალა უკვე ათეული ჯილდოს მფლობელია: ანა ფრანკის, დედა ტერეზას, სიმონ დე ბუვუარის, სახაროვის, ანა პოლიტკოვსკაიას, 2014 წელს კი, მშვიდობის დარგში შეტანილი წვლილისთვის, ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

ერთდროულად, აღმაფრთოვანებელია პაკისტანელი გოგოს გამბედაობა და დამთრგუნავი – მედიის სისასტიკე, რომელმაც მალალას ბავშვობა წაართვა და კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა.

ვერაფრით ჩამოვყალიბდი, როგორ ვაფასებდი ირფან საიდ აშრაფის საქციელს. სანამ მას პირადად გავიცნობდი, ორი აზრი მიტრიალებდა თავში, ამ უაღრესად საინტერესო ჟურნალისტმა, ერთი მხრივ, მალალას სათქმელი მსოფლიოს გააგონა და, მეორე მხრივ, ყველაზე დიდი სასჯელი მიიღო – მის 15 წლის რესპონდენტს თავში ესროლეს.   

ირფანის ამ მონათხრობს ინტერვიუსაც ძნელად დავარქმევდი. ჩემი აზრით, ეს ძვირფასი გამოცდილების გაზიარებაა. თუმცა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის, ან, ეგებ, არამხოლოდ ჟურნალისტისთვის, უკვე ცნობილი სცენარები არასდროს მეორდება.    

2008 წლის დეკემბერში, როდესაც „ნიუ იორკ ტაიმსის“ რედაქტორი, დეივ რუმელი დამიკავშირდა, უკვე ორი წელი იყო, რაც სვატის ველის თალიბანის საბრძოლო მოქმედებებს ვაშუქებდი. დეივმა მთხოვა, მათ ჟურნალისტთან, ადამ ელიკთან ერთად დოკუმენტურ ფილმზე მემუშავა, რომელშიც ვაჩვენებდით, თუ როგორ აფერხებს გოგონების განათლებას სახელმწიფოსა და თალიბანს შორის დაპირისპირება. ამ თემაზე მანამდე ბევრი დამიწერია პაკისტანის გავლენიან გაზეთ „დონისთვის“, მაგრამ უფრო დიდი აუდიტორია მჭირდებოდა – „ნიუ იორკ ტაიმსი“ კი, ამისთვის საუკეთესო ადგილი იყო.

ადამს ვუთხარი, რომ მეგულებოდა ერთი კაცი, კარგი წყარო განათლების თემაზე სასაუბროდ. მალალას მამას, ზაუდინს, ორი წელია რაც ვიცნობდი და ვმეგობრობდი. როგორც ჟურნალისტს, სვატის მოსახლეობასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ზაუდინთან ერთად ერთ-ერთი კონფიდენციალური სამოქალაქო აქტივისტთა ორგანიზაციის, AIRRA-ს წევრიც კი ვიყავი. ზაუდინმა ფილმში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი მითხრა, ეშინოდა, ოჯახის წევრებს საფრთხე არ შექმნოდათ, რადგან ჯერ კიდევ თალიბანის კონტროლირებულ სვატის ველზე ცხოვრობდა.

გამოუცდელი ვიყავი, უსაფრთხოების ფასი არ ვიცოდი, ვფიქრობდი, რომ ჩვენი მიზანი სიცოცხლეზე უფრო ღირებული იყო. ზაუდინს ვარწმუნებდი, რომ ხმის ამოღების დრო იყო. მაშინ მეგონა, ეს გადაგვარჩენდა.

ზაუდინი დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობაზე ყოყმანობდა, ვუხსნიდი, რომ ფილმში პირდაპირ არც თალიბანს და არც სახელმწიფოს არ დავადანაშაულებდით, იმაზე ვისაუბრებდით, თუ რა ზიანს აყენებდა კონფლიქტი განათლებას. თალიბანი სკოლების წინააღმდეგი არ იყო, დასავლურ განათლებას ებრძოდა. თალიბანიც და სახელმწიფოც განათლების სფეროს გაკონტროლებას ცდილობდნენ. შევპირდი, რომ ფილმში ამას ვიტყოდით – ვინც უნდა მართოს განათლების სისტემა, მთავარია, ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ-მეთქი. როგორც იქნა, ზეწოლამ გაჭრა და ზაუდინი ადამთან შესახვედრად პეშავარში ჩამოსვლაზე დავითანხმე.

ზაუდინი პეშავარში ჩამოვიდა და თან მალალაც ჩამოიყვანა. ზუსტად იმ დროს, „ბი-ბი-სიმ“ მალალას დღიური გამოაქვეყნა, თუმცა ვინაობა არ გაამხილა, მე კი პირდაპირ კამერის წინ დავაყენე.

ფილმის გადასაღებად სვატში 2 დღის შემდეგ, დილის 4 საათზე, ოპერატორთან ერთად ჩავედი. გამთენიისას იქაურობა შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გარემო მოჯადოებული იყო. ზაუდინმა ტელეფონით მითხრა არ მოხვიდეო. შეცდომა დავუშვი, მზად არ იყო. ადამს დავურეკე, ავუხსენი სიტუაცია და მითხრა, უკვე მანდ ხარ, გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, ზაუდინი გადაღებაზე უკვე დაგვთანხმდა, უკან აღარ უნდა დაიხიოსო.

სახლების ჩრდილებს მივყვებოდით, რომ მებრძოლებს არ დავენახეთ. ზაუდინის სახლს დილის 5 საათისკენ მივაღწიეთ. კარი გააღო და შემაჩერა, ზაუდინი ის კაცი აღარ იყო. მისი სახლი ეგრეთ წოდებული სისხლიანი მოედნისგან ხუთი წუთის სავალზე იყო. მოედანზე მებრძოლები თავის მოკვეთის რიტუალს ყოველ გამთენიისას ასრულებდნენ. ზაუდინის კართან ამ დროს ჩემი დგომა ძალიან სახიფათო იყო. მას საკუთარი უსაფრთხოებაც აღელვებდა და ჩემიც. დროზე რომ არ შევეშვი, მებრძოლები დამინახავდნენ, სხვა გზა არ ჰქონდა.

ოთახში მოვხვდი თუ არა, ვიდეოს გადაღება დავიწყე. ზაუდინი ყოველ ჯერზე მაჩერებდა და მეუბნებოდა, ეს ბოლოა, მეტს აღარ გადაიღებო. ვეხვეწებოდი, ეს ერთიც, აი, ეს ბოლო კადრიც-მეთქი. მთელი ფილმი ასე გადავიღე: როგორ საუზმობს მალალა, როგორ სვამს ჩაის, როგორ სძინავს და ასე შემდეგ.

თავის წიგნში მალალა წერს: „სწავლის ბოლო დღეს მამას სკოლაში წასვლა დოკუმენტური ფილმისთვის უნდა გადაეღოთ, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ირფანმა მკითხა: რას იზამ, ისეთი დღე რომ დადგეს, როცა ვერც ველზე და ვერც სკოლაში დაბრუნებას ვეღარ შეძლებ? მე ვუპასუხე, რომ ეს არასდროს მოხდებოდა. მან კი დაიჟინა. ტირილი დავიწყე. მგონი ადამმა ზუსტად იმ მომენტში გადაწყვიტა, ფილმი ჩემზე გადაეღო“. ეს ასე არ იყო. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მალალა ფილმის მთავარი გმირი იქნებოდა.

სახლში გადაღების დასრულების შემდეგ, მალალას სკოლაში გავყევი, ზაუდინი საქმეზე გავიდა და მალალა მე დამიტოვა. მენდო, რომ გადაღებას რამდენიმე წუთში დავასრულებდი. მე კი მათი სტუმართმოყვარეობით ვისარგებლე, პირობა დავარღვიე და გადაღება კარგა ხნით გავაგრძელე.

დოკუმენტური ფილმი ერთ თვეში ონლაინ გამოქვეყნდა. რომ ვნახე, გული გამისკდა. „ნიუ იორკ ტაიმსი“ ძალადობაზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდა, ვიდრე განათლებაზე. ფილმი ისე იყო აწყობილი, რომ თალიბანი მთავარ მოძალადედ ჩანდა და არაფერი იყო ნათქვამი მიზეზებზე, რამაც თალიბანი შექმნა. იმ მომენტში პირველად გავიაზრე, რამხელა საფრთხეში ჩავაგდე ზაუდინი და მალალა.

მალალა წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. ნელ-ნელა, მედიის ყურადღების ცენტრში მოქცეული გოგონას ტონი იცვლებოდა. მალალა აღარ საუბრობდა სკოლასა და განათლებაზე, ეკრანიდან ის პირდაპირ თალიბანს ადანაშაულებდა.

მაშინ მალალა 11 წლის იყო და საშუალო ფენის, პუშტუნ ოჯახში იზრდებოდა. მისი უმანკო, თავდაჯერებული, გაბედული სიტყვები თალიბანის შიშში მცხოვრები ორმილიონიანი მოსახლეობის სათქმელი იყო. სრულიად მაოგნებდა მისი შესაძლებლობები. სულ მეშინოდა, რომ რამეს დაუშავებდნენ, მაგრამ იმას მაინც არ ველოდი, რაც მოხდა.

2012 წლის ოქტომბერში, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში, დავალებას ვწერდი, როდესაც ნიუ იორკიდან მეგობარმა დამირეკა და მითხრა: ესროლეს. ვის ესროლეს-მეთქი, გაოგნებულმა ვკითხე. თქვენ გამო მალალას ესროლესო, – მიპასუხა.

ვეცადე, აზრებისთვის თავი მომეყარა. ადამს დავურეკე. ჩვენ არაფერში დამნაშავე არ ვართ, მალალას მამამ თვითონ გადაწყვიტა, გოგო ტელეეკრანზე გამოეჩინაო, მიპასუხა. ზაუდინმა მოგვიანებით მომწერა: „ის, რაც თქვენ გააკეთეთ, აუცილებელი იყო. ჩემს შვილს სხვებმა ესროლეს, შენ ხომ არა. თუ მე არ მივიჩნევ თავს დამნაშავედ, შენ რატომ თვლი ასე?“

მეორე შანსი რომ მქონდეს იმავეს გასაკეთებლად, ამჯერად „ნიუ იორკ ტაიმსს“ დაუმუშავებელ მასალას არ გადავუგზავნიდი და ფილმის მომზადების ყველა ეტაპზე ჩავერეოდი. მედიას მხოლოდ მილიტარიზაცია აღელვებს, ძალაუფლებას – მხოლოდ ძალაუფლება, მე კი მხოლოდ მალალას ბედი მედარდებოდა.

მალალა პაკისტანშიც და მსოფლიოშიც, ბრძოლის ახალ სიმბოლოდ იქცა. პაკისტანში ისინიც კი, ვისაც მალალა არ უყვარს, ვერ უარყოფენ იმას, რომ გოგონამ თავის ქვეყანაში ადამიანებს აზროვნება შეუცვალა. მალალა სვატის მოსახლეობის ნაწილია, ვისთან ერთადაც რთული ცხოვრება გამოიარა. მას გამბედაობა ოჯახმა, კლასელებმა და ქალებმა მისცეს. ამიტომ, მალალას გამარჯვება არა ერთის, არამედ სვატში, თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახოცილი ოთხი ათასი ქალის და კაცის კოლექტიური ბრძოლის შედეგია. 

ავტორი: ანიტა თვაური

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა