გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ისტორია ციფრულ ფორმატში

პლაკატზე თვალის ერთი შევლებითაც ამოიცნობთ სოციალისტური ეპოქის სახლურ გარემოს. ანთებული ასანთის უტრირებულად დიდი გამოსახულების ფონზე მსხვილი ასოებით და შერეული შრიფტით წერია: „თადარიგიან მეურნეს საოჯახო ქონება ყოველთვის დაზღვეული აქვს“. ქვემოთ ლურჯ ფონზე მითითებაა: „ხელშეკრულებათა დასადებად მიმართეთ სახლმწიფო დაზღვევის ინსპექციას ან აგენტს“ – ერთდროულად სტილის ანაქრონიზმი და თემის აქტუალობა ხომ არ გაბნევთ?

მეოცე საუკუნისა და საბჭოთა ისტორიის ეს მხარე, მთელი თავისი კონტექსტის მრავალფეროვნებით, ძალიან სხარტად, მოქნილად და მიმზიდველად ძველ, პროპაგანდისტულ პლაკატებში ჩანს. მათი შეგროვებითა და დახარისხებით ერთი, გრძელი, ქრონოლოგიური საკითხავი იკინძება – ისტორიის სახელმძღვანელოს ალტერნატიული ვერსია. კიდევ უფრო საინტერესოა ამ მასალის გაცნობა ციფრულ ფორმატში. ვებპლატფორმაზე საბჭოთა პლაკატების თვალიერებას დაუვიწყარი ეფექტი აქვს – ამ დროს, სწრაფი კადრებივით ერთმანეთს ენაცვლება სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ტრენდები გასული საუკუნიდან.

ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქეთევან მაღალაშვილი დაახლოებით ასე აყალიბებს იმ პროექტის მიზანს, რომლის დროსაც ძველი საბჭოთა პლაკატები შეგროვდა და ონლაინსივრცეში გამოიფინა:

„30 წელი კერძო კომპანიისთვის დიდი ისტორიაა. ალდაგის ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად სოციალური პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობდით, როცა ჩემმა კოლეგამ საბჭოთა პერიოდის დაზღვევის პოსტერები გვაჩვენა. ჩვენთვის ეს აბსოლუტური აღმოჩენა იყო. თემის კვლევამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიგვიყვანა, რომლის არქივებშიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი – საბჭოთა ეპოქის ათასობით თემატური პოსტერი ინახებოდა. მივხვდით, რომ ეს სრულიად უნიკალური საშუალებაა არა მხოლოდ იმ ეპოქის სადაზღვევო სისტემის, არამედ სხვა აქტუალური თემების, მოვლენების, ასპექტების გასაგებად და გასაანალიზებლად. აქ მთელი ისტორია იყო, რომელსაც თავმოყრა, სისტემატიზაცია და გასაჯაროება სჭირდებოდა“.

ასე შეიქმნა poster.aldagi.ge – პოსტერების ციფრული საცავი, რომელიც სადაზღვევო კომპანია ალდაგის და ეროვნული ბიბლიოთეკის კოლაბორაციის შედეგია. საიტზე თავმოყრილია XX საუკუნის უნიკალური პოსტერები – ეფექტურ, დასამახსოვრებელ ვიზუალს მეტი სიმძაფრისთვის მოკლე, სხარტი ტექსტი ერთვის: ეს ხან მოწოდებაა, ხან გაფრთხილება, დამუნათება, შერცხვენა, დაცინვა, დაპირება, გამხნევება, წაქეზება... – პოსტერის შინაარსი და ესთეტიკა ეპოქის პრიორიტეტის შესაბამისად ტრანსფორმირდება.

საბჭოთა ეპოქაში, პროპაგანდის – როგორც ზეგავლენის მძლავრი საშუალების – მნიშვნელობა კარგად ესმოდათ. იმდენად კარგად, რომ პარტიის ცენტრალურ და რეგიონულ კომიტეტებში აგიტპროპი – აგიტაციის და პროპაგანდის სპეციალური სამმართველოები შეიქმნა. მათ ხალხში კომუნისტური იდეების გავრცელება და პოპულარიზაცია ევალებოდათ. აგიტპროპი სულ ფუნქციონირებდა – სხვადასხვა სახელწოდებით და ერთი, უცვლელი მიზნით. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო რამდენიმე, წელი ეს ცენტრალური კომიტეტის იდეოლოგიური განყოფილება უნდა ყოფილიყო.

პლაკატი თავიდანვე იქცა აგიტაცია–პროპაგანდის ერთ–ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და მასობრივ საშუალებად. სააგიტაციო თემას დეტალურად გაწერილი სტრატეგიის შედეგად ირჩევდნენ და ამტკიცებდნენ. ყველაფერი გათვლილი იყო. სწორი ტექსტის, შრიფტის, ფოტოს, სტილის შერჩევაზე დიდი ჯგუფი მუშაობდა – მხატვრები, მწერლები, პოეტები.... იცოდნენ, ვისთვის რა ფორმით უნდა მიეწოდებინათ სასურველი მესიჯი, რათა ის სამუდამოდ ჩაბეჭდილიყო ადამიანის ცნობიერებაში და „ემუშავა“.

კომუნიზმის ფუნდამენტური იდეების მუდმივი პოპულარიზაციის ფონზე იცვლებოდა სააგიტაციო თემები: 1920–იან წლებში განსაკუთრებით პოპულარულია პირველი ხუთწლიანი გეგმა, იმდროინდელი ხელისუფლებისთვის „კაპიტალისტური ელემენტების წინააღმდეგ სოციალიზმის ფრონტზე გეგმაშეწონილი შეტევის, სოციალისტური ეკონომიკის საძირკვლის აშენებისა და აგრარული ქვეყნის ინდუსტრიულ ქვეყნად გარდაქმნის გაშლილი პროგრამა“.

„დაჰკარ ფაშისტ ქვეწარმავალს“; „ნაპოლეონი დამარცხდა, იგივე ელის გათავხედებულ ჰიტლერს“; „დედა სამშობლო გვეძახის!“ – ეს უკვე II მსოფლიო ომის თემატიკაა. მსგავს გზავნილებს ჯარისკაცებშიც და მოსახლეობაშიც საბრძოლო სულისკვეთება უნდა გაეძლიერებინა და გამარჯვება მუდმივად აქტუალურ მდგომარეობად, მუდმივად ცოცხალ განცდად ექცია. 

პატრიოტული მოტივები პლაკატებზე მაშინაც ჩნდება, როცა ქვეყანა ომისშემდგომი კრიზისის და საკვები პროდუქტების დეფიციტის დაძლევას ცდილობს. „უდანაკარგოდ ავიღოთ მოსავალი“ – კოლმეურნე ქალს, რომელსაც ხელში პურის თავთავების სქელი ძნა უჭირავს, გვერდით სამხედრო ფორმაში ჩაცმული წითელარმიელი უდგას, ის ხილისგულზე დაყრილ ხორბალს სიხარულით თუ აღფრთოვანებით დასცქერის, გულზე კი ოქროს ვარსკვლავი უბრწყინავს – საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო. ის ომის გმირია. მაგრამ ახლა ბრძოლის ველი ეს კალოა და გმირობაც ესაა – შრომაში გამარჯვება! ამავე პერიოდში შემოდის თემებად მსოფლიო მშვიდობა და ხალხთა შორის მეგობრობა.

60-70-იანი წლების მოჩვენებით სიმშვიდეში, საყოფაცხოვრებო საკითხები ხდება აქტუალური: ყოველდღიური ჰიგიენა, საგზაო უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სამედიცინო კონტროლი, წიგნიერება და კულტურა...

დაზღვევა, როგორც საბჭოთა პროპაგანდის თემა, 50–იანი წლებიდან ჩნდება და თითქმის ბოლომდე ფიგურირებს. სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს სიცოცხლის და უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევას. პლაკატი, როგორც ჩანს, ამ სფეროს კონკრეტული ინოვაციის პოპულარიზაციასაც ემსახურებოდა. „მშობლებო! მე დავაზღვიე ჩემი ბავშვი, თქვენც გირჩევთ!“ – ბავშვთა დაზღვევა სსრკ-ში 1968 წლის 1 იანვრიდან მოქმედებდა. საბჭოთა კავშირში არსებული დაზღევვის სახეობებით თუ ვიმსჯელებთ, დაზღვევის სისტემა საკმაოდ განვითარებული იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობა მის მიერ გადახდილ მიზერულ თანხას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ამიტომ დაზღვევას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძირითადად ფულის ამოღების ეფექტიანი საშუალება იყო. 

70-იანი წლების პლაკატის მთავარი გმირი მუშათა კლასია და მისი ფასდაუდებელი როლი სოციალისტური სამშობლოს მშენებლობაში. 80-იანი წლები, მოსკოვის ოლიმპიადის, სპორტული შეჯიბრებების, სპარტაკიადების პერიოდია და პლაკატიც ე.წ. ფიზიკური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა (მახსოვს, ჩვენი სოფლის სტადიონზე ეწერა: „ჯანმრთელობას აფთიაქში ვერ იყიდი“).

„იმისთვის, რომ პოსტერების ციფრული საცავი წარსულის პროექტად არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ, მასში თანამედროვეობაც შემოგვეტანა. ავიღეთ ძველი პოსტერები და ახალგაზრდა დიზაინერ-გრაფიკოსებს ვთხოვეთ ამ პოსტერების თანამედროვე ვერსიებზე ემუშავათ. ძალიან საინტერესო შინაარსი მივიღეთ, დატვირთული დღევანდელობის თემებით და ეს პლაკატებიც poster.aldagi.ge-ზეა ხელმისაწვდომი – ამბობს ქეთევან მაღალაშვილი, – ახალ პოსტერებში კარგად ჩანს თანამედროვეობის პრობლემები და ის სხვაობაც, რომელიც ეპოქებს შორის არსებობს. მაგალითად, დღეს ხომ წარმოუდგენელია, მოსახლეობას მოუწოდებდე ცხოველების დახოცვას. წვრილ დეტალებში მთელი ეპოქა იშლება და როდესაც ამ პლაკატებს უყურებ, მუდმივ აღმოჩენებში ხარ, როგორი იყო ცხოვრება, რაზე იდგა სისტემა, რა სოციალური ტენდენციები არსებობდა“.

ამ პროექტის მიზანიც ესაა – დამთვალიერებელს ახალი მასალა მისცეს ისტორიის სხვა კუთხით დასანახად; წააკითხოს გასული საუკუნე იმ პერსპექტივიდან, საიდანაც ის განსაკუთრებული სიცხადით ჩანს. 

ტექსტი: გიორგი კაპანაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა