გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

იყო და არა იყო რა, მუზეუმი მუზეუმში

წერილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან. მეორე დღე

“ზღაპრები ამბებია, რომლებიც სამყაროს შესახებ დავიწყებულ წარმოდგენებს გვახსენებს. ზღაპარი, როგორც ქვეცნობიერი, ქვეყნის შესახებ გაცილებით მეტს გვიყვება, ვიდრე ტურისტული გზამკვლევები” - თუ ამ აზრს მივყვებით, ფრანკფურტის შტრუველპეტერის მუზეუმამდე მივალთ, სადაც ძველი ქართული ზღაპარი “წიქარა” საქართველოს შესახებ სრულიად განსხვავებულ ამბავს ჰყვება, ვიდრე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურულ პროგრამაში მონიშნული სხვა პროექტები.

“წიქარას მუზეუმი” თავადაც მუზეუმშია გამოფენილი და ილუსტრაციებს, სამგანზომილებიან ობიექტებსა და მაკეტებს მოიცავს. მოგზაურობა ვიტორიო სელას სვანეთში გადაღებული დოკუმენტური ფოტოებით იწყება და დამთვალიერებელი ზღაპრის მთავარი გმირის პროტოტიპულ ფოტოს ხედავს. ქვეყნის არქიტექტურა, გეოგრაფია, ყოფა-ცხოვრება, მუზეუმში სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული. შემდეგ უკვე მაკეტებით, ილუსტრაციებით, ტექსტითა და სხვა არტისტული ხერხებით წიქარას ამბავი ნაბიჯ-ნაბიჯ იშლება.








შტრუველპეტერი გერმანელი ბავშვებისთვის ერთ-ერთი მთავარი ზღაპრის გმირია. ასეთივე ძველი, მნიშვნელოვანი და სიმბოლოებით დატვირთულია ქართული კულტურისთვის ზღაპარი წიქარას შესახებაც. “რადგან ჩვენთან რომელიმე ქართული ზღაპრის მუზეუმი არ არსებობს, გადავწყვიტეთ, ასეთი მუზეუმი თავად შეგვექმნა”.

გამოფენის პარალელურად საქართველოს პავილიონში ჩეტბოტებსა და წიგნების ალტერნატიულ ვერსიებზე ჰყვებიან, ახალი, დებიუტანტი და ცნობილი ავტორების ტექსტებს წარადგენენ, სხვადასხვა თაობის პოეტები საკუთარ ლექსებს კითხულობენ. 11 ოქტომბერიც საქართველოს მთავარ პავილიონში მუსიკით სრულდება. წიქარას მუზეუმი ფრანკფურტში, დამთვალიერებლებისთვის იანვრამდეა ღია.

პროექტის “მუზეუმი მუზეუმში” შემდგენლები: თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე, გიორგი ჯინჭარაძე. 

ნამუშევრების ავტორები: ნატო ბაგრატიონი, ვარლამ ჯმუხაძე, ირაკლი ჭუმბურიძე, თამარ ნადირაძე, ზურა მჭედლიშვილი, თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე, გიორგი ჯინჭარაძე.

წიქარას მუზეუმი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამისთვის შეიქმნა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფრანკფურტის “შტრუველპეტერის” მუზეუმისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა