გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბორის ვიანი ფრანგული შანსონი

ბორის ვიანი – სენ-ჟერმენის პრინცი | ბაჩანა ჩაბრაძე

მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ჯაზის კრიტიკოსი, ინჟინერი, მხატვარი, სცენარისტი, მსახიობი, მესაყვირე, შანსონიე – ეს სულ ბორის ვიანია, კაცი-ყოვლისმცოდნე: „სამყარო გაიძვერათა თეორიის ხელშია. მათ ჩვენი მუშებად ქცევა სურთ, სპეციალიზებულ მუშებად. უარი ვთქვათ! ვიცოდეთ ყველაფერი! ვიყოთ ყველაფრის სპეციალისტები!“ – წერდა ის.

ვიანი-კომპოზიტორ-შემსრულებელი დაჩრდილა ვიანმა - მწერალმა, თუმცა ომისშემდგომი სენ-ჟერმენ-დე-პრეს სიმბოლოდ იგი მისმა შანსონებმა აქცია. ვიანი სიმღერებს მეტ-ნაკლებად ყოველთვის ქმნიდა, მაგრამ მთელი დრო და ენერგია ამ საქმიანობას მას შემდეგ მიუძღვნა, რაც იმედი გადაეწურა, რომ მის პროზას სათანადოდ დააფასებდნენ. ამ მხრივ, საყოველთაო აღიარება მართლაც გაცილებით გვიან, მისი სიკვდილის შემდეგ მოვიდა.

ბორის ვიანმა რამდენიმე ასეული სხვადასხვა ჟანრის სიმღერა შექმნა. პაროდია, ნეოლოგიზმები და გიჟური სიყვარული მისი შანსონის მთავარი ინგრედიენტებია. უსაზღვროდ თანამედროვე ვიანი თავისი ეპოქიდან გვაწვდის დღევანდელობის გასაღებს.

ეს არის ხანა, როცა პარიზში, მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე, ლათინურ უბანსა და სენ-ჟერმენ-დე-პრეზე, ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებლების ხელოვნება პიკს აღწევს. ისინი ქმნიან ერთგვარ სტილს „რივ გოშ“ (მარცხენა სანაპირო). კაფეებსა და კლუბებში (Le Café de Flore, Les Deux Magots, Les Trois Baudets, Le Tabou...) წერენ, უკრავენ და მღერიან გამომწვევ და „მიუღებელ“ სიმღერებს. ვიანისვე თქმით, ეს იყო „ორგანიზებული სიგიჟის ცენტრი“. ეს იყო თავისუფლების ძახილი, ძალაუფლებას დაპირისპირებული სიტყვა. მღეროდნენ იმას, რისი ხმამაღლა თქმაც „არ შეიძლებოდა“. სიმღერა იქცა იმათ იარაღად, იმათ ხელოვნებად, ვისაც სიტყვის უფლება არ ჰქონდა, სათქმელი კი – რამდენიც გინდა.

ვიანი კლუბ Le Tabou-ს ხშირი სტუმარი იყო, სადაც იკრიბებოდნენ ხელოვანები და ინტელექტუალები: მორის მერლო-პონტი, ჟაკ პრევერი, ანტონენ არტო, მაილს დევისი, ჟიულიეტ გრეკო, მარსელ მულუჯი, ლუი არმსტრონგი... ვიანი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ამ კლუბის სცენაზე ავიდა. იგი ჟაკ ბრელის ანტიპოდი იყო – სიმღერის შესრულებისას, გაშეშებული იდგა სცენაზე, მაგრამ თავისი ტექსტებით მსმენელზე ისეთ ეფექტს ახდენდა, რომ ეს მოუქნელობა არც კი იგრძნობოდა. სწორედ აქ გაიცნო მან რემონ კენო, რომელიც „გალიმარის“ ერთ-ერთ კოლექციას ხელმძღვანელობდა. კენო მიიჩნევდა, რომ ვიანი „თავის ეპოქას ბევრად უსწრებდა წინ“. კენოსთან ურთიერთობა ვიანმა „პატაფიზიკის კოლეჯშიც“ განაგრძო. იქვე ხვდება იგი მაქს ერნსტს, მარსელ დიუშამს, ეჟენ იონესკოს, რენე კლერს. ვიანი Les Trois Baudets-შიც მღეროდა თავის საუკეთესო ნაწარმოებებს, სადაც მისი კონცერტმაისტერი და არანჟისტი იყო ალენ გორაგერი, რომელიც მოგვიანებით, გენსბურსაც უწევდა აკომპანემენტს. კაბარეში, ვიანის მოსასმენად და მხარდასაჭერად მოდიოდნენ ლეო ფერე და ჟორჟ ბრასენსი. მათ ვიანს „ხორცშესხმული ნიჭი“ უწოდეს. „ლე კანარ ანშენე“ ხოტბას ასხამდა ახალგაზრდა ხელოვანს. ფრანგული შანსონის „პაპად“ წოდებულმა ჟაკ კანეტიმ ვიანს „ფილიპსის“ ჯაზის კატალოგის ხელმძღვანელობა შესთავაზა, სადაც ვიანი ხელახალ გამოცემებს ამზადებდა და კომენტარებს წერდა.

მარცხენა სანაპიროს ზოგადი ატმოსფეროს გასაცოცხლებლად, ურიგო არ იქნება, Le Café de Flore-შიც შევიხედოთ:

სენ-ჟერმენის ბულვარისა და სენ-ბენუას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე კაფეს სტუმრებს მისი ზუსტი მისამართი არც ახსოვთ. მათთვის, ეს უბრალოდ „ფლორაა“. საუკუნეზე მეტია, რაც „ფლორაში“ ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა მხატვრული მიმართულების წარმომადგენლები. ჯერ კიდევ აპოლინერმა, მეგობარ ანდრე სალმონთან ერთად, კაფეს პირველი სართული რედაქციად აქცია და დაიწყო სალიტერატურო ჟურნალ „პარიზის საღამოების“ გამოცემა. ამავე კაფეში შეახვედრა მან ერთმანეთს ბრეტონი და არაგონი და საფუძველი ჩაუყარა დადაისტთა ჯგუფის შექმნას. აქ მოჰყავთ მეგობრებს პარიზში ჩამოსული ტრისტან ცარა. ანდრე მალროც აქ მოდის საყვარელი „პერნო გლასეს“ დასალევად. აქ გვერდიგვერდ სხედან რემონ კენო, რობერ დესნოსი და ჟორჟ ბატაი. აქ პოულობს ნავსაყუდელს პაბლო პიკასო. აქ მოჰყავს ჟაკ პრევერს მეგობართა „ბანდა“. კაფეს უერთგულესი სტუმრები არიან სიმონ დე ბოვუარი და „ჟან-სოლ პარტრი“.

ბორის ვიანიც აქ ქმნის „სენ-ჟერმენ-დე-პრეს სახელმძღვანელოს“. ამ კაფეს სარდაფში უკრავს იგი საყვირზე და წერს ლექსებს. „ფლორა“ არის საუკეთესო „ლაბორატორია“, სადაც თითოეული მომსვლელი მსმენელებს საკუთარ ფორმას, ფერს, გემოვნებას და თავისუფლების ხედვას სთავაზობს. კაფეს პატრონი შუადღეზე ბრეტონს ესალმება, საღამოთი – კამიუს. აქ იხილავდით ჰემინგუეის. აქ შეხვდებოდით ჟაკ ტატის. კინოს მთელი ბომონდიც აქ იკრიბება: ავტორები და მათი მუზები, დიალოგისტები და დეკორატორები. როჟე ვადიმი, ჰენრი ფონდა, მარსელ კარნე, ბრიჟიტ ბარდო, ალენ დელონი და ჟან-პოლ ბელმონდო ტერასზე ჯდომას ამჯობინებენ, ისევე, როგორც მანამდე – სიმონ სინიორე და ჟერარ ფილიპი. კაფეში ხშირად ჩნდება ლეო ფერე მხარზე შემოსკუპებული თავისი შიმპანზე პეპეთი. აქ მოდიან ჯერ კიდევ უცნობი ფრანსუაზ საგანი, ნატალი საროტი და როლან ბარტი. სერჟ გენსბური აქ სვამს მუდმივად Pastis 51-ის ორმაგ დოზას, რომელსაც „102“-ს ეძახის. აქ უყვართ მწერლებს ინტერვიუს მიცემა, მსახიობებს – შეხვედრის დანიშვნა... „ფლორა“ ყველაზე ცნობილი კაფეა მსოფლიოში. მოგვიანებით, კაფეს ტრადიცია განაგრძეს სალვადორ დალიმ, სერჟ რეჯიანიმ და ჟაკ ლაკანმა. სარტრი „არაჩვეულებრივ თავგადასავალს“ უწოდებს ფრანგული კულტურული ცხოვრების ამ უნიკალურ პერიოდს.

ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, გულით ქრონიკულად დაავადებული ბორის ვიანი სრული დატვირთვით აგრძელებდა მუშაობას. მეტიც, იგი სხვა ტალანტებსაც ეხმარებოდა. მან „ლე კანარ ანშენეში“ გამოაქვეყნა ჟორჟ ბრასენსისადმი მიძღვნილი წერილი და დაწერა საქებარი სტატია ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და ყველასთვის უცნობი სერჟ გენსბურის შესახებ.

ვიანი აუცილებელი პერსონა იყო გენსბურის ცხოვრებაში, მისი მეტრი, მისი შემოქმედების ნაპერწკალი. სერჟმა ბორისი პირველად Milord l'Arsouille-ში იხილა, სადაც მწერალი თავის ირონიულ და სახალისო სიმღერებს ასრულებდა. მათი მოსმენისას გაუჩნდა გენსბურს სურვილი, „ამ ხელოვნებიდან თავადაც რამე გამოეყვანა“.

კონფორმიზმის დროში, ბორის ვიანმა არაჩვეულებრივად სხარტი ირონიის გზა აირჩია. „მე ვარ სნობში“ პოეტი აშარჟებს მათ, ვისაც მოკვდავთაგან გამორჩევა მოსურვებია და წარმოუდგენელ ჯაფას სწევს, რათა იმ სოციალური და ინტელექტუალური ფენის ქცევა გაიმეოროს, რომელიც „სუპერიორულად“ მიაჩნია. ვიანი თავისი ეპოქის იმ იშვიათ ავტორთაგანია, ვისაც ცენზურა შეეხო ანტიმილიტარისტული შემოქმედებისთვის. „დეზერტირს“, რომელიც ვიანმა ინდოჩინეთის ომის დროს ჩაწერა, ჯერ მოკრძალებული ცენზურა დაადეს, ხოლო როცა გაყიდული ფირფიტების რიცხვი ათასს გადასცდა, გაყიდვა და რადიოთი მისი გადაცემა აკრძალეს. ვიანს სიმღერა მოქალაქეობრივი პროტესტის უკეთ გამოთქმაში ეხმარება. „ბიზნესის“ და „მხიარული ყასბების“ ავტორი შესანიშნავად გრძნობს პოლიტიკური შანსონის მნიშვნელობას. იგი მხოლოდ ძალაუფლების მქონეებს და ავტორიტეტებს არ აკრიტიკებს, არამედ ეპოქისთვის ახალ ფაქტსაც – მომხმარებლურ საზოგადოებას და მის შემოჭრას პირად ცხოვრებაში. „აქ განა საჩხუბრად მოვედით“ და „ვაი პროგრესისგან“ ამის ილუსტრაციებია. „არ გათხოვდეთ, გოგოებო“ კი ფემინიზმამდელი ფემინიზმის მაგალითია.

ომისშემდგომი პარიზის ლეგენდარულმა ფიგურამ, „სენ-ჟერმენის პრინცმა“, ბორის ვიანმა ხელოვნების სამყაროს დაუტოვა საოცრად თანამედროვე პოეტურ-მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებიც დღემდე შთააგონებს თაობებს.

2012 წელს, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბორის ვიანს ვრცელი გამოფენა მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო ავტორის ხელნაწერები, ფოტოები, ორიგინალური გამოცემები, ფერწერული ტილოები. იყო აუდიო-ვიზუალური არქივის დიდი არჩევანი. შეიძლებოდა, როგორც ვიანის სიმღერების და მისი მონაწილეობით გადაცემების მოსმენა, ასევე ნაწყვეტების ნახვა დოკუმენტური და მის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან. გამოფენა ძალიან მრავალმხრივი გახლდათ... თუმცა გაცილებით ნაკლებად მრავალფეროვანი, ვიდრე სინამდვილეში 39 წლის ხელოვანის მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა. 

ბორის ვიანის ტექსტები იხ. კრებულში ფრანგული შანსონი, ინტელექტი 2015.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა