გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოლ ვერლენი

პოეტური ხელოვნება | პოლ ვერლენი

ვერლენის ეს ლექსი, რომელიც პოეტური სიმბოლიზმის მანიფესტად აღიქმება და რომელშიც ავტორი, პარნასულ და სხვა ადრინდელ პოეტურ ფორმებთან დაპირისპირებით, პოეზიის ახალ კონცეფციას გვთავაზობს, შედგება ცხრა სტროფისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს რკალურად გარითმულ ასევე ცხრამარცვლიან სტრიქონებს („ამისთვის – ამჯობინე კენტი“). ლექსის დაწერიდან 90 წლის შემდეგ, ლეო ფერემ მასზე შექმნა მუსიკა, რომელიც შესულია ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებლის ორმაგ ალბომში „ვერლენი და რემბო". 

- ბაჩანა ჩაბრაძე, მთარგმნელი

 

პოეტური ხელოვნება

მუსიკა უპირველეს ყოვლის!
ამისთვის – ამჯობინე კენტი,
რომ ბუნდოვნობა ჰქონდეს მეტი,
ქარში მსუბუქად იშლებოდეს. 

გზა ისეთ სიტყვებს გაუკვალე,
ეჭვის ტალღებად რომ მოღელავს:
არაფერი სჯობს რუხ სიმღერას,
ცხადში რომ ურევს გაურკვეველს.

ეს არის მზერა ფარდის მიღმა,
ეს არის ხვატთან დღის ჭიდილი
და ვარსკვლავებით მოჭედილი
შემოდგომის ცის ლურჯი სიღრმე!

ო, ყველგან ნიუანსი გაგყვეს!
არა ფერები – ნიუანსი!
მხოლოდ ნიუანსი უთავსებს
სიზმარს – სიზმარს, ფლეიტას – საყვირს! 

მკვლელ სიზუსტეებს გაერიდე –
ცივ გონებას და ცბიერ ხარხარს,
რომლებიც, როგორც მწარე ხახვი,
ცის ლაჟვარდს ცრემლებს ადენინებს! 

მჭევრმეტყველებას, კაზმულ სიტყვას
უმალ კისერი მოუგრიხე!
და დაუბრუნე რითმას სიბრძნე,
თორემ ვინ იცის, სად მიგიყვანს?

ო, ვინ დაითვლის რითმის ცოდვებს!
რომელმა შლეგმა გაატარა
ქლიბის ქვეშ რითმა-სატყუარა,
ასე ფუყედ და ყალბად რომ ჟღერს?

მუსიკა! და მუსიკა ისევ!
დაე, ლექსს ფრთები ესხმებოდეს,
ახალი ღრუბლებისკენ ქროდეს,
ახალი სიყვარულებისკენ! 

ლექსი ქარებში გააჭენე,
რომ ათრთოლებულს, თან მოჰქონდეს
სურნელი პიტნისა და ქონდრის...
მწიგნობრობაა დანარჩენი.

პოლ ვერლენი, 1874

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა