შემოდგომის ფოთლები | ჟაკ პრევერი
ო, ის დღეები მსურს, მოგაგონდეს,
როცა გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი!
ცხოვრებას მეტი ელფერი ჰქონდა,
მზემაც ჩახჩახი იცოდა მეტი.
ქარვისფერ ფოთლებს ხვეტენ და ყრიან.
მე კი არასდროს დამავიწყდება...
ქარვისფერ ფოთლებს ხვეტენ და ყრიან,
როგორც გარდასულ ხსოვნათა წყებას.
ჩვენს ხეივანსაც ქარი მისწვდება
და შემოძარცვავს ბოლო ღერომდე...
მე კი არასდროს დამავიწყდება,
ის მელოდია, შენ რომ მღეროდი:
“ეს სიმღერა ჩვენ გვგავს მეტად,
როს გიყვარდი
და მიყვარდი
და ვიყავით როცა ერთად.
შენ გიყვარდი,
მე მიყვარდი...
ცხოვრება კი გულებს ჩუმად
აშორებს და ნაღველს ურევს...
და ქვიშაზე, ტალღა მრუმე
წაშლის წყვილის ნაფეხურებს.”
ქარვისფერ ფოთლებს ხვეტენ და ყრიან,
როგორც გარდასულ ხსოვნათა წყებას.
ჩემი გული კი, უტყვი და ღია,
კვლავ იმ დღეების ერთგული რჩება.
ისე მიყვარდი, ისე მათრობდი,
დასავიწყებლად ვერ გაგიმეტე...
ცხოვრებას მეტი ელფერი ჰქონდა,
მზემაც ჩახჩახი იცოდა მეტი.
ერთადერთი ხარ, ვისიც მჯეროდა,
მაგრამ სინანულს არ მივცემივარ
და ის სიმღერა, შენ რომ მღეროდი,
დღესაც ჩამესმის, დღესაც ჩემია:
“ეს სიმღერა ჩვენ გვგავს მეტად,
როს გიყვარდი
და მიყვარდი
და ვიყავით როცა ერთად.
შენ გიყვარდი,
მე მიყვარდი...
ცხოვრება კი გულებს ჩუმად
აშორებს და ნაღველს ურევს...
და ქვიშაზე, ტალღა მრუმე
წაშლის წყვილის ნაფეხურებს.”
1945 წელს დაწერილ ამ ლექსზე ჟოზეფ კოსმამ შექმნა მუსიკა, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული გახდა და ჯაზის სტანდარტად იქცა. მას ასრულებდნენ მაილზ დეივისი, კით ჯარეტი, ბილ ევანსი... ჯაზის გარეთ, არსებობს ამ სიმღერის რამდენიმე ასეული ინტერპრეტაცია, მათ შორის ივ მონტანის მიერ. ინგლისურად იგი ცნობილია, როგორც Autumn leaves. სერჟ გესნბურმა მას პატივი მიაგო თავისი "პრევერის სიმღერით". რეჟისორმა მარსელ კარნემ ეს მელოდია გამოიყენა ფილმში Les portes de la nuit.
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ