კარგი კინოს დრო მოვიდა, მეგობრებო!
კინოთეატრი „ამირანი“ და თიბისი სტატუსი საკულტო რეჟისორების მარათონს იწყებენ
ფილმი დიდ ეკრანზე უნდა ნახო. მით უმეტეს, კარგი ფილმი. რადგან ამ დროს მას სხვა ძალა აქვს, სხვა მუხტი. აბა გულწრფელად მითხარით, რამდენჯერ გინატრიათ რომელიმე თქვენი საყვარელი ფილმი დიდ ეკრანზე გენახათ? აი ისეთი, ცოტა ძველი რომაა და თან ცოტა მივიწყებულიც, მაგრამ რომლის გახსენებაზეც თვალები გენთებათ და მეხსიერებაში, კარგად მივიწყებული კადრების ამოტივტივებას ცდილობთ.
აი მე, სიამოვნებით ვნახავდი ტიპი ჰერდენის თავზე აჩხავლებულ ჰიჩკოკის თოლიებს, კუბრიკის გულისგამაწვრილებლად დაძაბულ „ნათებას“, ნაჯახმომარჯვებული ნიკოლსონით, ველოსიპედიანი ბავშვით და მოდელიანის ნახატივით „გაწელილი“ შელი დიუვალით, ანდაც ოდნავ დეპრესიული ბერგმანის რომელიმე შედევრს, რომლის გმირები ღმერთისა და საკუთარი თავის ძიებაში დაძრწიან.
თიბისი სტატუსის დახმარებით, აგვისტოდან მოყოლებული ყოველი თვის დასაწყისში, კინოთეატრი „ამირანის“ ერთი დარბაზი რამოდენიმე დღის განმავლობაში, რომელიმე საკულტო რეჟისორს დაეთმობა: ტარანტინო, ჰიჩკოკი, ბერგმანი, კუბრიკი, ანდერსონი, ვენდერსი, ანტონიონი, ბარტონი, მალიკი, ფორმანი, ალენი და სხვები. თქვენს თვალწინ დიდ ეკრანზე ხან სასპენსის ოსტატის შავ-თეთრი კადრები გაცოცხლდება და ხან ანდერსონის ფერადი კინოსამყარო კალეიდოსკოპური სიჩქარით დატრიალდება.
„განუკითხაობის მეფე“, „ნამდვილი როკ-ვარსკვლავი“, „სუპერ მთხრობელი“ და რა თქმა უნდა, აბა ამ ტიტულის გარეშე როგორ იქნება „ძალადობის შეუდარებელი ესთეტი“ - თიბისი სტატუსის კინომარათონი ამერიკული კინოს ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს ფილმებით 3 აგვისტოს გაიხსნება.
არვიცი, როგორი იქნებოდა კინოს ისტორია ტარანტინოს კინოენის გარეშე. მან ხომ მთლიანად ამოატრიალა 90-იანი წლების ამერიკული კინო და მის ისტორიაში ახალი თავი დაიწყო. ტარანტინომ ახალი ესთეტიკა შექმნა - ძალადობის დახვეწილი ესთეტიკა, რომელიც ისეთი გადაჭარბებული დოზით მიაწოდა მაყურებელს, სანამ მგრძნობელობა არ დააკარგვინა და სისხლის ფეიერვერკი, დეკორაციის ერთ უბრალოდ დეტალად არ უქცია. გააღიმა კიდეც.
„ერთადერთი, რაც მინახია სხვებთან და რასაც მე არასდროს ვაჩვენებ, ცხოველის ანდა მწერის ნამდვილი სიკვდილია. ასეთი რამ ხშირად ხდება აზიურ ფილმებში და მართალი გითხრათ, ეს ჩემთვის უკვე ზღვარს მიღმაა“, ამბობს რეჟისორი, რომლის ფილმში „მოკალი ბილი“ 1700 ლიტრი ხელოვნური სისხლი დაიხარჯა.
არასდროს უვლია არც ერთ კინოსკოლაში და ამას, მუდმივად, დიდი სიამაყით იმეორებს. 15 წლისამ სკოლას თავი დაანება - „ვერასდროს ვიგებდი მათემატიკას და არ გამომდიოდა მართლწერა, მე-5 კლასამდე ვერ ვატარებდი ველოსიპედს და მაღალ კლასებში, ჯერ კიდევ არ ვიცოდი ცურვა“. - ჰაჰ, - ამატებს ბოლოს, - მე-6 კლასამდე საათის ცნობაც არ შემეძლოო. ჯერ კინოთეატრში Pussycat დაიწყო მუშაობა, სადაც 24 საათი პორნოგრაფიული ფილმები გადიოდა, მერე ვიდეო გაქირავებაში აღმოჩნდა, რომელსაც რეჟისორობამდე „ყველაზე მაგარ სამსახურს“ ეძახის. ადგილს, სადაც შეეძლო გამუდმებით ესაუბრა კინოზე, მუდმივად ენახა ფილმები და დაკვირვებოდა, რა მოსწონდა ხალხს. რეჟისურაზე დაწერილი წიგნები არასდროს წაუკითხავს. უფრო ისეთი ლიტერატურით ინტერესდებოდა, სადაც ტექნიკური ინფორმაცია იყო: ლინზებზე, დიაფრაგმაზე, მაგრამ მერე ამასაც შეეშვა -„მაგრად ამრიაო“. - „იცი რა წამიკითხავს? წიგნები იმაზე, თუ რას ნიშნავს შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება და როგორ უნდა დაარწმუნო ადამიანები იმაში, რომ ფული გადაგიხადონ“.
რამდენიმე წლის წინ პრესას განუცხადა რომ არ აპირებდა კინოში დაბერებას და 10 ფილმის შემდეგ, მას საერთოდაც შეეშვებოდა - წიგნებს კინოზე და თეატრალურ პიესებს დაწერდა. ამის შემდეგ პრესის წარმომადგენლები ყოველი ინტერვიუს დროს მას ამ სიტყვებს ახსნებენ, ხოლო გულგახეთქილი ფანები უკვე მერამდენედ ითვლიან მის ფილმებს. 2019 წელს გამოსული „ერთხელ ჰოლივუდში“ (რომელსაც მაყურებელი კანში 6 წუთი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს) დიდი კვენტინ ტარანტინოს მე-10 ფილმია. ტარანტინო, ის გამონაკლისი რეჟისორია, რომლის ყოველი ფილმი პანდორას ყუთივითაა. არასდროს იცი რა დაგხვდება შიგნით, მაგრამ ყოველთვის იცი რა დაგრჩება: მსუბუქი შოკი, ოდნავი მოულოდნელობა, უცნაური სიამოვნების განცდა და საოცარი აზარტულობა.
3 აგვისტო, 21:00 - „კრიმინალური საკითხავი“ (1994)
(სეანსის დაწყებამდე, 20:30-ზე პროგრამასა და ტარანტინოს შემოქმედებაზე ისაუბრებს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი).
„კრიმინალური საკითხავი“ ის ფილმია, რომელმაც თავდაპირველად ძალიან დააბნია მაყურებელი და უამრავ რეჟისორს, ახალი თავსატეხი გაუჩინა.
ამ ფილმის შემდეგ უმა თურმანი და სამუელ ელ ჯექსონი ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობების ხუთეულში მოხვდნენ, ხოლო ჯონ ტრავოლტა, რომელსაც საკმაოდ ჰქონდა შელახული რეპუტაცია 80-იანების უსუსურ ფილმებში მონაწილეობით, თავიდან შეაყვარა მაყურებელს. ფილმმა ნამდვილი სენსაცია მოახდინა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და „ოქროს პალმის რტო“ აიღო. ოსკარის, ოქროს გლობუსის, ბაფტას და კიდევ 60-მდე ჯილდოს მფლობელი „კრიმინალური საკითხავი“ 2013 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ფილმების რეესტრში შეიყვანეს, როგორც კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის ნამუშევარი.
4 აგვისტო, 21:00 - „ჯეკი ბრაუნი“ (1997)
ბორტგამცილებელი ჯეკი ბრაუნის ისტორიას, რომელიც კონტრაბანდისტი ხდება, ბევრი ტარანტინოს დაუფასებელ შედევრს უწოდებს. ეს ფილმი, თითქოს ძალიან ხმამაღალი „ცოფიანი ძაღლებისა“ და „კრიმინალური საკითხავის“ შემდეგ სადღაც ჩაიკარგა და უმნიშვნელოთა თაროზე აღმოჩნდა შემოდებული. მთავარ როლებში პემ გრიერი და სამუელ ელ ჯექსონი მონაწილეობენ, რომელმაც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ბერლინალეზე „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა.
5 აგვისტო, 21:00 - „უსახელო ნაბიჭვრები“ (2009)
თვლის, რომ „უსახელო ნაბიჭვრები“ მისი საუკეთესო სცენარია. ნაცისტებზე მონადირე ებრაელების ამბავზე ფილმის გადაღება ბევრჯერ უნდოდა, თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც უშლიდა ხელს. ამის გამო, ერთი პერიოდი მის მინი-სერიალად გადაკეთებაზეც კი ფიქრობდა. საბოლოოდ „უსახელო ნაბიჭვრები“ 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე, რომელმაც საპროდიუსერო კომპანიას 322 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა და 170 ნომინაციაზე იყო წარდგენილი (აქედან ოსკარის - 8, ოქროს გლობუსის - 4 და ბაფტას - 6 ნომინაცია). მისი ერთ-ერთი აღმოჩენა კი გერმანელი მსახიობი კრისტოფერ ვალცი გახდა, რომელმაც ლამის ყველა ფესტივალზე, სადაც კი ფილმი იყო ნომინირებული „მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისათვის“ ჯილდოები დაიმსახურა.
6 აგვისტო, 21:00 - „მოკალი ბილი“ (ნაწილი I და II, 2003/2004)
სულ ცოტა ხნის წინ ტარანტინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის აქტიურად ესაუბრება უმა თურმანს ფილმის მესამე ნაწილზე, - „თუ რომელიმე ჩემი ფილმიდან, ოდესმე აღმოცენდება რაიმე ახალი, ეს აუცილებლად „მოკალი ბილი“ იქნება“. შურისმაძიებელი პატარძლის ისტორიაში ხომ ყველაფერი ერთნაირად გნუსხავს - ვიზუალი, გარემო, ამოჩემებული დეტალები, მუსიკა და სისხლი, უკიდეგანო რაოდენობის სისხლი, რომელიც გგონია, რომ ცოტაც და პირდაპირ სახეში შეგესხმევა. „ძალადობა არსებობს ორნაირი ტიპის: ერთი ისეთი, როგორიცაა ფილმში „სასიკვდილო იარაღი“. ამაში არაფერია ცუდი, მე ის არ მაღიზიანებს. და მეორე, ჩემი ტიპის - უხეში, დაუნდობელი, მაგრამ გაცილებით ამაღელვებელი. ჩემი ძალადობა არასდროს დაგტოვებთ გულგრილს. შედით რომელიმე ვიდეო გაქირავებაში და 10-დან 9 ფილმში ჩემზე უარესი ძალადობის სცენები იქნება. მაგრამ ჩემთან, მე ვცდილობ ეს ყველაფერი განგაცდევინოთ. ჩემთან, ეს ყველაფერი ნამდვილ ადამიანებს ემართებათ“.
3-6 აგვისტოს „ამირანში“ გამართული ყველა სეანსი დაიწყება 21:00-ზე (გახსნის ფილმის გარდა, სადაც ჩვენებამდე 30 წუთით ადრე მოხდება პროგრამის წარდგენა). სეანსები გაიმართება ინგლისურ ენაზე. ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი - 50 ლარი. თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.