გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი | ფერადი მთების მხარე

როცა გაიცნობ, შეგიყვარდება.

ყველა მხარეს, თუ რეგიონს თავისი ორიენტირი გააჩნია, რის გარშემოც ერთიანდება ლანდშაფტი, თუ დასახლება. ყაზბეგის  ეროვნული პარკის ორიენტირად კი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მთა მყინვარწვერი, რომლის დანახვა კარგ ამინდში თბილისიდანაც შეიძლება.

ყინვარწვერი, სხვანაირად კი მწვერვალი ყაზბეგი, მისივე სახელობის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ხოხის ქედზეა. მისი სიმაღლე 5054 მეტრია და საქართველოში მესამე უმაღლესი მწვერვალია შხარასა (5068) და ჯანღას (5058)  შემდეგ.

მყინვარწვერი

ხოხის ქედი აღმოსავლეთ კავკასიონის ყველაზე მაღალი და ყველაზე ვრცელი გამყინვარების მქონე ნაწილია. მისი გადალახვა, მაღალი თხემის და რთული რელიეფის გამო, სპეციალური ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

ეს ბებერი  ქედი მყინვარული, ვულკანური და ეროზიული რელიეფითაა ფორმირებული და სწორედ ეს ფორმები და ქვის ნატეხები აძლევს აქაურობას გამაოგნებელ იერს. აქედან ეშვება რამდენიმე დიდი მყინვარი, მათ შორის ცნობილი დევდორაკი და გერგეტიცაა.

მყინვარი გერგეთი მდ. ჩხერეს აუზში ფართობით ყველაზე დიდი მყინვარია და ეშვება ყაზბეგის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობიდან. მყინვარის აუზი ზღვის დონიდან დაახლოებით 4000 მეტრზე მდებარეობს. აქედან მყინვარი მოედინება სამხრეთით, შემდეგ მწვერვალ ორწვერიდან უხვევს აღმოსავლეთით და ქმნის ყინულვარდნილს. ქვემოთ მყინვარის ენა თანდათან ვიწროვდება და ზღვის დონიდან 3200 მეტრზე ბოლოვდება.

საინტერესო ფაქტი: მყინვარის ენა ბოლო 200 წლის განმავლობაში 2.95კმ-მდე შემცირდა, რაც გლობალური დათბობითა და მსოფლიოში კლიმატის ცვლილებით აიხსნება.

გერგეტი, იგივე ორწვერი სწორედ ის მყინვარია, მეტეოსადგურისკენ მიმავალ გზაზე რომ უნდა გადაიაროს მოგზაურმა, სანამ ყაზბეგის მწვერვალის გზას შეუდგება. საშიში და ღრმა ნაპრალებით დახუნძლული მყინვარი უცხო, ფანტასტიკური ურჩხულივით გაწოლილა საოცნებო მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე და მხოლოდ ყველაზე მამაცებს შეუძლიათ გადალახონ და მიაღწიონ წითელ კონცხზე მდებარე თავისუფლების შუქურას, ზღვის დონიდან თითქმის 4000 მეტრს.

გერგეთის სამების ეზოში, ერთ-ერთ ფილაზე ამ ფრაზას იპოვნის სტუმარი: “მხოლოდ მთებშია თავისუფლება”. შეიძლება ვიღაცას გაცვეთილად მოეჩვენოს და გაეცინოს კიდეც. თუმცა, შემდეგ, მეტეოსადგურისკენ გზაზე, სხვებთან ერთად თოკში ჩაბმული, აუცილებლად გაიფიქრებს ყველა, რომ ეს წარწერა შემთხვევით გზად ნაპოვნი მოტივაციაა; ბიძგი შიშისა და დაბრკოლებების დასაძლევად; გახსენება ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნისას, რომ მაღალი მთებისკენ ჩვენი შიშების დასამარცხებლად, თავისუფლების შეგრძნების მოსაპოვებლად მივძვრებით ყველა.

1899 წელს ნორვეგიელმა მწერალმა, კნუტ ჰამსუნმა საქართველოში იმოგზაურა. სწორედ ამ მოგზაურობის შემდეგ დაწერა ნაწარმოები “ზღაპრული ქვეყანა” და პიესა “დედოფალი თამარი”, რომელიც 1903 წელს გამოიცა.

“უცებ, გზის მკვეთრი მოსახვევის შემდეგ, ხეობა გაიხსნა და ჩვენ თვალწინ აღიმართა მთა - მზეზე მოლაპლაპე მყინვარით. სულ ახლოსაა, დიდებული, მშვიდი და მდუმარე.  უცნაური  გრძნობა მეუფლება, თითქოს გოლიათი მთა უცებ ამოიზარდა, მოგვიახლოვდა და სახეში შემოგვხედა. თითქოს სხვა სამყაროდან იყოს მოსული”.

ჟრუანტელის მომგვრელია, არა? Რა შეიცვალა ერთი საუკუნის შემდეგ? მგონი, არსებითად - არაფერი. ამდენი წლის შემდეგაც არ ცვთება მყინვარწვერთან პირველი შეხვედრის ემოცია. ეს ის გრძნობაა, რომლისთვისაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მთამსვლელები, მოლაშქრეები, თუ უბრალოდ კომფორტის მოყვარული მოგზაურები. სწორედ ეს მთები და გამორჩეული ბუნება აქცევს ყაზბეგის ეროვნულ პარკს  საქართველოს ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილად.

თრუსოს ხეობა

ყაზბეგის  ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბუნების ხუთი ძეგლია.

მათ შორის ორის მონახულება ერთ მარშრუტზეა შესაძლებელი. ეს  თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი და აბანოს მინერალური წყლის ბუნების ძეგლია.

აბანოს მინერალური წყალი პატარა, მაგრამ ნამდვილად შთამბეჭდავი ტბაა, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. წელიწადის  სხვადასხვა სეზონზე, წყალი ფერს იცვლის, ნაცრისფერიდან მუქ ლურჯამდე. თანაც, ეს წყალი ნაჯშირორჟანგითაა გაჯერებული და ამის გამო, ტბის ზედაპირზე უხვი ბუშტუკები წარმოიქმნება, ზედაპირზე ამოსრილებისას კი ისინი სკდებიან და შხეფებს ისვრიან. სწორედ ეს მობუყბუყე წყალი ქმნის უჩვეულო სანახაობას.  ამის  გამო ტბას “ბუყბუყას” ეძახიან.

თრუსოს ხეობის ფერთა გამა არასდროს გაგიხუნდებათ. ყვავილების  ფერად ხალიჩებსა და შაქარმოყრილი ნამცხვარივით მწვერვალებს თვალისმომჭრელი სიმწვანე ცვლის. Შემოდგომის პირას კი ყველაფერი ისეთი საოცარი ოქროსფერი ხდება, სურვილი ჩნდება, ხელი გადაუსვა მთებს, თავი მიადო და გაირინდო.

თრუსოს ხეობა

მიუყვები ხეობას და წითელი ფერის გრადაციები ერთმანეთს ცვლის. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მინერალური წყალია, რომელიც თავის კალაპოტს აფერადებს და ზამთარშიც კი, როცა ყველაფერი თეთრად იმოსება, წყაროები განაგრძობენ დინებას და გარშემო მიწაც ისევ წითელია - როგორც იმედი, რომ მკაცრ ზამთარს და თოვლს მალე გაზაფხული შეცვლის.

დარიალის ხეობა

ყაზბეგში არათუ სოფლები არ გვანან ერთმანეთს, ხეობებიც ძალიან განსხვავებულია, კლიმატით, რელიეფითა, თუ ხასიათით.

გაშლილი და ფერადი თრუსოსგან განსხვავებით, დარიალის ხეობა უფრო ჩაკეტილი და მკაცრია.

პირქუში კლდეები ლამის ციდან დასცქერიან გამვლელ მოგზაურებს, გეგონება უნდათ აგრძნობინონ, რომ ეს მათი მარადიული სამყოფელია და სხვა ყველა აქ უბრალოდ გამვლელია, სტუმარი.  მიდიხარ და თითქოს სალი კლდეების სიღრმეში იკარგები.  აქ ამინდი ისე სწრაფად იცვლება, გაკვირვებასაც ვერ მოასწრებს ადამიანი. ერთ დღეში შეიძლება გაიარო წელიწადის ოთხივე დრო. ვლადიკავკაზის მხრიდან შემოსული ნისლი კი ყველაფერს განსაკუთრებულ მისტიკურ ელფერს სძენს.

დარიალის ხეობაში წითელ წიგნში შეყვანილ ჯიხვებსაც შეგიძლიათ დააკვირდეთ. ზამთარში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, იმდენად ახლოს ჩამოდიან დასახლებულ ადგილებთან, გზასთან. ზაფხულში კი უფრო ზემოთ არიან, ტურისტული და ხმაურიანი ადგილებისგან მოშორებით. ეროვნული პარკის შექმნამ, რეგიონში ჯიხვების პოპულაციის გაზრდას შეუწყო ხელი და დღეს ეს ტურისტული ატრაქციაც კია.

დარიალის ხეობა გველეთის ჩანჩქერებითაა ცნობილი. მზიან ამინდში, ჩანჩქერიდან ასხლეტილი წყლის შხეფები სხივებს ირეკლავს და ცისარტყელას ქვეშ გაძრომა და სურვილის ჩაფიქრებაც შეგიძლიათ. Რას ჩაიფიქრებდით? იმას ხომ არა, ერთხელ ახვიდეთ და მთელს ხეობას სოფელ ცდოდან გადმოხედოთ?

ეს  სოფელი პირველი დასახლებული პუნქტია, რომელიც დარიალში შემოსულ ადამიანს ხვდებოდა. Მოყვარეს მტერი ჭარბობდა ყოველთვის და ამის გამო, ცდოელები ხეობის ყველაზე მამაც მებრძოლებად მიიჩნეოდნენ. დღეს სოფელში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დარჩნენ და აცოცხლებენ სოფელს. რამდენიმე ათეული წლის წინათ კი ყველაზე ძლიერი და მდიდარი სოფელიც კი ყოფილა, ასამდე ოჯახით. არადა, არწივის ბუდესავით მთის ფერდობს მიკრული სოფელი თითქოს ჩრდილოეთის ქარებს დამალვია, თუ დავიწყების ქარებს და იქნებ, მათი ძალით, კვლავაც მალე ახმაურდეს.

აქედან, მთელს ხეობაზე სასწაული ხედი იშლება, ყველაზე მჭევრმეტყველ ადამიანსაც რომ დაადუმებს და დაამუნჯებს. ცაზე გადაფრენილი ღრუბელი მთის კალთებზე ჩრდილს გადაატარებს და ფანტასტიკურ არსებებს ხატავს.

დარიალის ხეობა
ყველაზე შთამბეჭდავი კი მაინც მზის ამოსვლა არის - ერთ მომენტში, სრულ განათებამდე, ღამის სიბნელე წითლად აელვარებული კლდეებიდან ნელ-ნელა ირღვევა.

სნოს ხეობა

ყაზბეგის ეროვნული პარკის დამატებითი ღირსშესანიშნაობა სნოს ხეობაა. ის დაცული ტერიტორიის საზღვრებს სცდება, თუმცა, მის უნახავად ყაზბეგიდან წამოსვლა დასანანია.

ივლისის II ნახევარში სხვადასხვა დღესსნოს ხეობაში იმართება ხოლმე ათენგენობა, რომელიც დღეს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია შემორჩენილი.

სნოს ხეობა

სნოს ხეობის ბოლო დასახლებული პუნქტი არის სოფელი ჯუთა. ჩიტის ბუდესავით მთის ფერდობზე შეკიდული სოფლის ბილიკს თუ გაივლით, გაშლილ, მწვანე მინდორზე აღმოჩნდებით, მის ბოლოს მოსახვევიდან კი გიგანტური სალი კლდეები ამოიწვერება.  ეს ისე მოულოდნელად ხდება, რომ პირველად სტუმრობისას ტურისტები რამდენიმე წამით შეშდებიან კიდეც და სუნთქვაშეკრული შესცქერიან ბუნების ნამდვილ საოცრებას - ჭაუხს - ქართულ დოლომიტებს, ხევისა და ხევსურეთის გამყოფ კედელს. სწორედ აქ გადის ჯუთა-როშკის ცნობილი ბილიკი, რომელსაც ივნისიდან ოქტომბრამდე მოლაშქრე არ აკლდება. ჭაუხის, ან როგორც ხევსურები ეძახიან, ჭიუხის მეორე მხარეს 3 ალპური ფერადი ტბაა: თეთრი, ლურჯი და მწვანე - ანუ აბუდელაურის ტბები. სწორედ ეს ტბები და ველური ბუნება იზიდავს ყოველ წელს ათასობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს.

 
ფოტოების ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა