კოლხეთის ეროვნული პარკი | საქართველოს ამაზონი
პარკი უშრეტი წყლითა და გაუვალი სიმწვანით
თვალუწვდენელი მთებითა და ზღვის სანაპიროებით ცნობილ ქვეყანაში, ხშირად ვიწონებთ თავს იმით, რომ ბევრი განსხვავებული ლანდშაფტი და კლიმატი გვაქვს. კოლხეთის ეროვნულ პარკშიც ეს გრძნობა მძაფრდება: რამდენჯერაც ღრმად შეტოპავ ჭაობიან კუთხე-კუნჭულებში, რაც უფრო ჩაუღრმავდები ისტორიითა და ველური ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით სავსე ადგილებს და რამდენჯერაც გაგახსენდება ენდემური და რელიქტური სახეობების იქაური სიუხვე, მაშინვე ხვდები, რა არის ამ ქვეყნის უნიკალურობა. რომ ეს ტერიტორიების მასშტაბი კი არ არის, არამედ - მისი შრეები - სხვადასხვა მხარე და მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკის მიწებიცა და წყლებიც, რომლებსაც როცა გაიცნობ, შეგიყვარდება. ამ ადგილების შენარჩუნებასა და განვითარებას უკვე 12 წელია საქართველოს ბანკი უჭერს მხარს.კოლხეთის ეროვნული პარკის მიდამოებთან, ალბათ, ბევრჯერ ჩაგივლიათ - ეს არის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლი და პალიასტომის ტბის აუზი. პარკი მთლიანობაში მოიცავს - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიებს და სამეგრელოსაც ისევე ეკუთვნის, როგორც - გურიას.
კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, პარკი 1999 წელს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით შექმნეს. 2000 წლიდან კი, კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. შარშან კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, რაც კავკასიის რეგიონის მასშტაბით ერთადერთია ბუნების კატეგორიაში.
სხვა ეროვნული პარკებისგან განსხვავებით, აქ არ არის ვრცელი საფეხმავლო ბილიკები და ათასგვარი საბანაკე ადგილი. პარკის დათვალიერების ერთადერთი გზა პანტონის ტიპის ნავით ან კატერით გასეირნებაა. ალბათ, ამიტომაც ადარებენ ხოლმე ამ მიდამოებს მდინარე ამაზონის ნაპირებს.
ტური ორ სხვადასხვა მანძილზე გაწერილი წრიული მარშრუტისგან შედგება და მოგზაურობას ყველა პალიასტომის ტბის გადაკვეთით იწყებს. ტალღები ნავს ეხეთქება, გული აჩქარებულად გიცემს, და ყველანაირად ცდილობ რამეს მოეჭიდო. პირველად, ადრენალინის გამოყოფას სწორედ აქ გრძნობ. მას შემდეგ, რაც ტბას გადაკვეთ, რეინჯერი სიჩქარეს უწევს და შედარებით ნელა, დაკლაკნილ მდინარე ფიჩორს მიუყვება. აქედან იწყება იმის გაცნობიერება, რომ სხვა განზომილებაში მოხვდი, სხვა სამყაროში.
კატერი ფრთხილად მიიწევს მდინარეში. გარშემო კოლხური ტყის დაბურული, ინტენსიური სიმწვანეა და ძლიერდება განცდა, რომ მხოლოდ აქაურობაღა დარჩა დედამიწაზე. სხვა რამ კიდევ როგორ შეიძლება არსებობდეს? პერიოდულად გაიელვებს რომელიმე ფრინველი, ჭაობის და წყლის, მაგრამ ისინიც ამ სამყაროს ნაწილნი არიან, მხოლოდ ჩვენ ვართ სტუმრები და აქაურობის ყოველდღიურობას, თითქმის მარადიულად განმეორებად ყოველდღიურობას, მხოლოდ რამდენიმე საათით სულ ახლოდან ვაკვირდებით, გავალთ უკან და ამ განზომილების კარიც დაიხურება. თუმცა, ჯერ ადრეა, ჯერ კატერი გაუვალ ლიანებში წაჰყოფს ცხვირს, წვრილ არხებში შევა, სანამ ისევ გაფართოვდებოდეს კლაკნილი კალაპოტი და აქ გაჩნდება განცდა, რომ ხის ტოტებს მიწაზე არაფერი ამაგრებს, თითქოს, მდინარეში ჰკიდიან.
აქ რეინჯერი იმასაც მოგიყვებათ, რომ პალიასტომის ტბა, რამდენიმე ათასი წლის წინ, შავი ზღვის ყურე ყოფილა. საუკუნეების განმავლობაში ტალღები სანაპიროს გასწვრივ ქვიშის დიუნებს ადგილმდებარეობას უცვლიდა, რამაც ლაგუნა ნელნელა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა. მდინარე ფიჩორიდან კი აქ ჩადინებულმა სუფთა წყალმა, პალიასტომის ტბა გაამტკნარა. შედეგად, უხერხემლოებითა და პლანქტონით მდიდარი სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივი წყალსაცავი, თევზის მრავალი სახეობისთვის შესანიშნავი საბინადრო ადგილი გახდა. ამიტომაც არის პალიასტომის ტბა კოლხეთის ეროვნული პარკის მთავარი სიამაყე.
ფიჩორზე სეირნობა და მდინარის ორივე მხარეს გადაშლილი განსაცვიფრებელ პეიზაჟში გავლა ამიტომაც არის დაუვიწყარი. ჯადოსნურ მოგონებად რჩევა სანაპირო დიუნების გასწვრივ მოკლე საფეხმავლო ბილიკზე გავლა და საპიკნიკოდ მდელოზე ფეხმორთხმით ჯდომა, როცა იცი, რომ გარშემო პირველქმნილი, მილიონობით წლის წინანდელი გარემო ერთდროულად გწყვეტს ქალაქის პარალელურ განზომილებასაც და აწმყო დროსაც. კოლხეთის ეროვნულ პარკში ყოფნა დროში მოგზაურობის განცდას გიტოვებს - აქაური ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტი ხომ დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, მთელი ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად ყოფილა გადაჭიმული. ამიტომაც აქვე გვხვდება ის მცენარეები, რომლებიც შორეული ჩრდილოეთის ტუნდრასა და ტაიგის ჭაობიან ეკოსისტემებს ახასიათებს.
ტბის შესართავთან ფრინველების სათვალთვალო კოშკიდან ჩუმად, ხმის ამოუღებლად აკვირდებიან ხოლმე გარემოს. აქ ყველას ეუფლება განცდა, რომ „განსაკუთრებული სტუმარია“, რადგან რეინჯერმა დამატებით “საიდუმლო” ფარვატერიც ანახა, რომელიც მთავარი მდინარის განშტოებაზეა. ეს ნიშნავს უეცარ გადასვლას ფოთლოვან, ულამაზეს გარემოში.
ასე რომ, აქ საქმე მარტო ნავით სეირნობაზეც არ არის. ნახევარი საათით ხმელეთზე გასვლასაც და ველურ ბუნებაში საპიკნიკოდ ჩამოჯდომასაც საოცარი ეფექტი აქვს. ზოგი ბინოკლებით ფრინველებსაც უდარაჯდება და თევზაობს კიდეც. პარკის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შემდეგ, სანაოსნო ტურების გარდა, სპორტულ თევზჭერას და ფრინველებზე დაკვირვებასაც ყველა მსურველი შეძლებს. ვისაც ველური ბუნების სიმძაფრე ბოლომდე სურს, რომ შეიგრძნოს, ის მდინარე ფიჩორის ხეობაში, სალაშქრო კოტეჯშიც რჩება ერთი ან რამდენიმე ღამითაც კი.
კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 44,308 ჰექტარია. პარკი მონოლითური წარმონაქმნი არაა, შესაბამისად, წყვეტილი ტერიტორიებისგან – უბნებისგან შედგება. სწორედ ეს ადგილებია, სადაც ჭარბტენიანი ეკოსისტემები ყველაზე კარგად არის შემორჩენილი.
ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო სახეობები – სფაგნუმის ხავსები (რომლებიც ასევე მრავლადაა ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში), მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, ალპური ზონის მცენარეები - თითოეული მათგანი პირადად გყავთ „გასაცნობი“.
ეროვნული პარკი დაცული ტერიტორიების IUCN მეორე კატეგორიას მიეკუთვნება და 1997 წლიდან მას რამსარის კონვენცია იცავს. კონვენცია მთავრობათაშორის შეთანხმებაა, რომლის მიზანი წყალმცურავ, მიგრირებად, და მიმომფრენ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების დაცვაა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კაცობურის აღკვეთილიც შედის, რომლის დაარსების მიზანი კოლხური ტყეების აღდგენა, დაცვა და შენარჩუნებაა. მას, როგორც დანარჩენ ტერიტორიას, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს.
აღკვეთილი 271 ჰეტარზეა გადაჭიმული და აბაშის მინიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე რიონის სანაპიროზე. ტერიტორია ძირითადად ვაკეა და ოდესღაც გაშენებული ნამდვილი კოლხური ტყეები ძალიან საახეშეცვლილია. ამჟამად, მხოლოდ პატარა ფრაგმენტებით თუ ვიცნობთ. აქ ასევე ბინადრობს ფრინველის 27 სახეობა და სხვადასხვა ძუძუმწოვრები, როგორიცაა მაჩვი, გარეული კატა, წავი, შველი და სხვა. ასე რომ, კარგი ბინოკლით და შესაბამისი აღჭურვით აქ ხეტიალს რეინჯერის ან სანდო გამყოლის თანხლებით, არაფერი ჯობს.
კოლხეთის ნაკრძალი თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და უნიკალური პირობებით ბევრი ენდემური და გადამფრენი ფრინველების საბუდარი ადგილია, რადგან სწორად აქ გადის აზია-აფრიკის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი გზა. ტერიტორიაზე ბუდობს, იზამთრებს, ან გადაფრენის დროს ხანმოკლე დროით ჩერდება 194 სახეობის ფრინველი. შემოდგომას, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ხოლო გაზაფხულზე თბილი ქვეყნებიდან დაძრული მილიონობით ფრინველისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის ჭაობები დასვენების იდეალური ადგილია. მრავალი სახეობის ფრთოსანი აქ იზამთრებს კიდეც.
საერთოდ, კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობას ადრეულ შემოდგომაზე ამჯობინებენ ხოლმე. ოქტომბერი ყველაზე კარგი დროა. პარკის სათვალთვალო კოშკიდან სამხრეთისკენ დაძრულ უამრავ მტაცებელ ფრინველსაც შეგიძლია მიადევნო თვალი. ზაფხულში ტემპერატურა მაღალია და შუადღისას მზეზე ყოფნა შთაბეჭდილებებს აფერმკრთალებს. თუმცა, დილით ადრე ან გვიან საღამოს, როცა სიცხე საგრძნობლად იკლებს, პარკის მონახულება მაინც შეიძლება. მთავარია, ადმინისტრაციასთან შეთანხმება - როგორი ქარი, ან როგორი უამინდობა შეუშლის ხელს სანაოსნო ტურს, მხოლოდ ისინი გვეტყვიან დარწმუნებით.
ზამთრის თვეებშიც თავისი ხიბლი აქვს კოლხეთის პარკს - ამ დროს, თურმე, ჩრდილოეთიდან გადმოფრენილი იხვები, გედები, ჩვამები და ბატები ექცევიან ყურადღების ცენტრში. საერთოდ, ალბათ, სხვა სამყაროში გადანაცვლების, ველური და ხელუხლებელი ბუნების შეხების ფუფუნება ხშირად უნდა მივცეთ ჩვენს თავს - ამ დროს რაღაც ძალიან დიდი საიდუმლოს არსებობას ვიხსენებთ და ველური ბუნებით სავსე წარსულში მოგზაურობა, გვჭირდება კიდეც.
ტექსტის ავტორი: ბაია ძაგნიძე
ფოტოების ავტორი: გივი მაღრაძე