გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კოტე, 30 წლის | მე ვთამაშობ

მე თამაშს ვეძახი მარტო ხალხის საქმეს. პროგრესულად მიდიხარ მარტოობისკენ. სოციალური გარიყვაც, მიტოვებაც, განაწყენებული ადამიანებიც, ნატკენი გულებიც თვითდესტრუქციის ნაწილია. ბოლომდე რომ მარტო დარჩე. 

არ გჭირდება ტიპი, ვისთან ერთადაც ითამაშებ. ეს არ არის გუნდური სპორტი, არ არის წყვილში სპორტი, არ არის თანამშრომლობის საქმიანობა. 

არის თამაში და ხარ შენ. 

თამაში არის გარემო, რომელშიც ხარ შენ.

ვსწავლობდი უნივერსიტეტში. გადასარევი აკადემიური მოსწრებით, გაშლილი და ფართო შესაძლებლობებით. 

დავიწყე ცნობისმოყვარეობით, მეგობრებთან ერთად გართობით. ნელი პროცესი იყო, არც მიმიქცევია ყურადღება. მერე, ვითომ მეცნიერულად დამაინტერესა, თამაშის თეორიას ვსწავლობდი, თურმე, შეიძლება ამოხსნა ეს ყველაფერი. 

რამდენიმე თვის შემდეგ აქტიურად  ვთამაშობდი პოკერს ონლაინ. 

პირველად კაზინოში ვითამაშე, მეგობრებთან ერთად წავედი, 2016 წელი იყო ალბათ. საშინლად არ მომეწონა. ღამე იყო, მთვრალები ვიყავით. ვუყურებდი მოთამაშეების სახეებს, ვერ გამოგრჩება უკმაყოფილო, უბედური, ან აპათიური სახეები. უყურებ ამ ადამიანებს და ვერც წარმოგიდგენია, რომ ოდესმე შენც დაგეწერება ეს გრძნობები სახეზე. 

მიზერული თანხა, მაგრამ ყველამ მოვიგეთ. 

მოგებას აქვს რაღაც ეიფორია. ჰაერიდან გაჩნდა ფული. გქონდა ცოტა ფული და უცბად გაქვს ბევრი ფული. 

არასდროს არ მიფიქრია როგორც შემოსავალზე. არ მიფიქრია, რომ თამაშით შემიძლია ვიშოვო ფული. არავინ არ თამაშობს იმიტომ, რომ გამდიდრდეს. თავიდან ამის შესახებ არ იცის, მერე იცის და არ აინტერესებს. იცის, რომ ყოველთვის წააგებს, მაგრამ, მთავარი არის პროცესი. სანამ ხარ პროცესში, სანამ ხარ თამაშში, შენ ხარ კარგად. 

ერთი წლის შემდეგ უკვე ვთამაშობდი ჩემს ხელფასს.  ნაწილს ვახმარდი ოჯახს. კიდევ ერთი წლის შემდეგ ვთამაშობდი მთელ ხელფასს და აღარაფერს აღარ ვახმარდი ოჯახს. 

ფული ხდება იგივე, რაც მეტროში რომ ჟეტონები იყო. ფული თამაშისთვის არის ტოკენი. ის კარგავს ფულად ღირებულებას. ფულით, რომლითაც თამაშობ, შენ ვერაფერს ვერ იყიდი. მომიგია დიდი ფული და არ მახსოვს რა ვიყიდე, ისე წამიგია. იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის თამაშის საშუალება. 

კიდევ 4 წელი არ შემიწყვეტია თამაში, თუმცა მქონდა ინტერვალები. ფხიზელ გონებაზე დარწმუნებული ვიყავი, რომ შევეშვი. და ვერ შევეშვი. 

ყველაფერს ვთამაშობდი, პოკერს, ბლექ ჯექს, ყველაფერს რაც ონლაინ იყო. კაზინო მეზიზღებოდა. კაზინოში მარტო არ ვიყავი. თან კაზინო სარკეა, უყურებ ადამიანებს, რომელიც შენ ხარ. გვერდით გიზის შენი ანარეკლი. როგორია, უყურო ამდენ საკუთარ თავს, ერთად. ამიტომ, ვთამაშობდი ონლაინ, ტელეფონში, კომპიუტერში, ყველგან. 

ნელ-ნელა მივხვდი, რომ დამოკიდებული ვიყავი. წავაგე ჩემი ქირის ფული. მომიწია ფულის სესხება, რომელიც ასევე წავაგე. დავბლოკე ყველაფერი, ერთი თვე კონტაქტზე არ გავსულვარ, ერთი თვის მერე გავაგრძელე თამაში. ქირა დედაჩემმა გადამიხადა. 

ვმუშაობდი თან, ნორმალური ანაზღაურებით, კარგ სამსახურში. ფული აღარ მყოფნიდა და ვართმევდი დედაჩემს. დედაჩემმა იცოდა, თუმცა არ უტყდებოდა თავის თავს. მაგრამ, დადგა კონკრეტული მომენტი, როცა ჩვენს შორის ნდობა ჩამოიშალა. არ ვიცი, თუ ოდესმე აღდგება ის ურთიერთობა, რომელიც მანამდე მე და დედაჩემს გვქონდა. 

სამსახურიდან წამოვედი. ფული ვესესხე ადამიანს და ვერ დავუბრუნე. ახლო ადამიანი იყო, ახლო მეგობარი. დედაჩემმა გაიგო ამის შესახებ. ამ ადამიანმა უთხრა.  უთხრა, რომ თამაშობს - თქვენს შვილს აქვს პრობლემა და იქნებ ერთად გამოვძებნოთ გზა, ფსიქოლოგთან მივიყვანოთ. “რას აკეთებ, ამხელა კაცი ხარ, საკუთარი თავისთვის ვერ მიგიხედია, საკუთარი ცხოვრებისთვის ვერ მიგიხედია, საკუთარი ფინანსებისთვის ვერ მიგიხედია, კარგავ შენი მეგობრების ნდობას. არავინ აღარ გირეკავს, ყოველ პარასკევს გადიოდი მეგობრებთან ერთად, სად არიან ეს მეგობრები” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 

მე რომ ვთამაშობდი ყველამ იცოდა, შეუძლებელია ეს რომ დაიმალოს. ნებისმიერი ფაქტი ორ ადამიანს რომ უთხრა, ორმოცდაათმა იცის. მითუმეტეს, როცა ობიექტურად აშავებ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველამ იცოდა, ალბათ ტაქტის, დელიკატურობის გამო კონფრონტაცია არ ყოფილა, გარდა ერთი შემთხვევისა. შეყვარებული თამაშის გამო დამშორდა. უბრალოდ ვერ აიტანა. 

ყოველთვის, ყველა ჯერზე აჯობებს თამაში სიყვარულს. 

თამაში ყველაზე მძიმე ადიქციაა რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ნარკოტიკს აქვს ჯანმრთელობის წითელი ხაზი. ბოლოსდაბოლოს, ცუდად გახდები და გვერდით სიკვდილია. აქ გვერდით სიკვდილი არ არის. თამაში შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. მაშინაც კი, როცა ამით ვერანაირ სიამოვნებას ვეღარ იღებ. ძალიან მალე ეს აღარ არის სიამოვნება, ეს არის დაუსრულებელი ყოფნა ემოციების სისადავეში. დაუსრულებელი ყოფნა… ემოციებს აღარ აქვთ ემოციური ეფექტი. გინდ ყოფილა, გინდ არა. ამიტომაც, როცა თამაშობ, მოგებაც და წაგებაც აბსოლუტურად იდენტურია. ერთი და იგივეა, მოიგებ თუ წააგებ. შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია თამაში. 

შენ ეთამაშები საკუთარ თავსაც - არ დანგრეულა ჯერ ყველაფერი, ჯერ კიდევ შეიძლება შეშვება და ახალი ცხოვრების დაწყება. 

როცა ფული არ გაქვს, ელოდები ფულს რომ ითამაშო. და ამისთვის მიშრომია. ღმერთო, რამდენი მიშრომია. წაგების შემდეგ არ მქონია განცდა, რომ ფული გადავყარე. სიგიჟეა. გეგმის ბოლო ნაწილი წაგება იყო. და შესრულდა გეგმა. მისია შესრულდა წარმატებით. 

ვალები, ძალიან ბევრი ვალი. ბანკში მქონდა დიდი კრედიტი, სხვა მიზნების გამო. მოვახერხე და მოგებული ფულით დავფარე ეს კრედიტი, მაგრამ ავიღე უფრო დიდი. მაშინ რომ გეკითხა, არა, რა სათამაშოდ. სამ თვეში გავაქრე ათი ათასი ლარი.

ეს არის გახანგრძლივებული დელირიუმის მდგომარეობა. თავისი ლოგიკით იპყრობს შენს საღ აზრს. ყველაფერი რაც მანამდე გავსებდა, კარგავს შინაარსს. სიყვარული ვეღარ გაძლევს ვერაფერს. 

თამაში გაძლევს გაყუჩებას, სადაც რა მოხდება ხვალ და რა მოხდა გუშინ, აღარ არის მნიშვნელოვანი. ამას ვერ გაძლევს სხვა ვერაფერი. 

აბსოლუტურ აწმყოში ყოფნაა.

ვესესხე ჩემს მეგობარს ფული, ვიცი რომ ვერ დავუბრუნებ, იმიტომ რომ წავაგებ. თავს აჯერებ რომ დაუბრუნებ. იქ ხელფასს ავიღებ, იქ მოვიგებ, კაცო. იმ წუთას ეგრე არის. თამაშში ყოფნა საკუთარ გამართლებებს მზა-მზარეულად იძლევა. ყველაფერს გაგიმართლებს. ყველაფერს. მათ შორის, მორალურ დილემებს, რომელსაც საღ აზრში ყოფნისას ვერ გაამართლებ. 

მნიშვნელოვანი აფექტი, რომელიც გეუფლება არის სირცხვილი. 

სირცხვილია. 

ყველამ იცის, ვინ ხარ შენ. ვინ იყავი.

ცოტა დრო გავატარე ფსიქოლოგთან და ორი ჭკვიანური რაღაც მითხრა. ერთი - ყველა ადიქცია არსით ერთი და იგივეა, ნარკოტიკი, თამაში, ალკოჰოლი. ადიქცია რაღაც ფორმით პოულობს გამოვლინებას და თამაში არის ერთ - ერთი გამოვლინება. ამ ფაქტის გააზრება შეიძლება დაგეხმაროს. შენ რაღაც უბედურება კი არ გჭირს, შენ სტატისტიკა გჭირს, არაფერი დაუძლეველი. და მეორე - რომ გემბლინგ ადიქცია იწვევს სირცხვილს და ემოციების გაცრეცვას. სირცხვილი თვითმიყენებულია. სირცხვილში თავად იგდებ თავს. შენ არ გარცხვენენ, შენ ძალიან დელიკატურად, გაგებით გეკიდებიან, მაგრამ ეს სირცხვილი შენთვის დაუძლეველია. 

მოთამაშეები ჭკვიანი ხალხია, ეს არის საკმაოდ მაღალი ინტელექტის, მაღალი ინტროსპექციის ხალხი, რომელთაც თავისი უჭკუობით ცხოვრება დაინგრიეს, ძალით გაიფუჭეს. სირცხვილს იწვევს მუდმივი შედარება, რა იყავი - რეალიზებული, კარგად სწავლობდი, აკადემიაში გინდოდა დარჩენა. ეხლა არაფერი აღარ გაინტერესებს.

რაც ადრე გაინტერესებდა, აღარაფერს აღარ გაძლევს. განზოგადებული უინტერესობა ეუფლება და ჩრდილავს შენს ინტერესებს. 

ჯოჯოხეთია. თვითდესტრუქციას აქვს ჭარბი სიამოვნება და ამ პერვერსიულ სიამოვნებაში, მაშინ ვიყავი როცა დიდი მოგებული ფული წავაგე. უკაპიკოდ გავდიოდი ხოლმე, არაფერზე არ ვფიქრობდი, ვსეირნობდი ქუჩაში. 

თამაში საგნებს შეგაყვარებსო და მართალია. უსულო საგნებს. იმიტომ რომ ადამიანებთან, სულიერებთან თითქოს საერთო აღარ გაქვს. შენობები, ადგილები გიყვარდება. მე მიყვარს თბილისის გარეუბნები. კონკრეტული ადგილები არა, მაგრამ მიყვარდა გლდანში ხეტიალი. განსაკუთრებით მეხუთე მიკროდან ზემოთ, ციხეებისკენ რომ მიდიხარ და ავჭალისკენ გადადიხარ. თბილისის ზღვა. ეს ჩვეულებრივი ადგილებია. კიდევ ობიექტები, რომელსაც მერე დავუწერე ლექსები. მაგალითად, წყაროები. უბანში რომ წყაროებია. გოჩას წყარო. ესეთი რაღაცეები. იმიტომ რომ ამ დროს გაქვს მოთხოვნილება დიალოგის, არა მხოლოდ განსჯის გარეშე, არამედ პასუხის გარეშე. 

რაციონალურად სიტყვებით, მსჯელობით, ამ ტკივილის გადმოცემა არ გამოდის. ამიტომ იშველიებ არსენალს, რომელიც გამოხატვის სხვა ფორმებს გაძლევს.

ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული ეფექტი რაც აქვს, აზრის და მსჯელობის კოჰერენტულებას გიკარგავს. ხანდახან გგონია, რომ ბოდავ. ხანდახან ვერ ახერხებ მარტივი აზრის ჩამოყალიბებას. სიტყვები გავიწყდება. კარგი ლექსიკონი მქონდა და ეხლა აღარ. ენაშიც გამოხატულება აქვს. მეტყველებაში.

კარგი მეხსიერება მქონდა, მკვდარი მაქვს მეხსიერება. კარგად რომ გესმის და დაყრუვდები. ძილის წინ ვეღარ ვკითხულობ, მეორე დილით აღარ მახსოვს რა წავიკითხე. გონებაში არაფრის ადგილი აღარ გრჩება. 

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მიზეზი რამაც თამაში განაპირობა, ღრმა და მეტაფიზიკურია. მაგრამ, შეიძლება ტრივიალურიც იყოს. ან, სულაც გენეტიკური, მამა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. 

მარტოობისკენ ლტოლვამ განაპირობა ჩემი დამოკიდებულება, ასე ვიფიქრე საღ გონებაზე. რაღაც ვიპოვე მარტოობაში. 

თამაში დავიწყე მას შემდეგ, რაც მარტო გადავედი საცხოვრებლად. 

ბავშვობიდან ვიყავი ჰიპერსოციალური არსება. მთელი ბავშვობა და მერეც, სულ მეგონა რომ კარგად ვგრძნობდი თავს. მუდმივი სოციალიზაცია, ახალგაზრდები, გოგოები, ინტერაქციები პროფესორებთან. უცბად, მარტო რომ დავიწყე ცხოვრება, დავიღალე. 

კიდევ, შეიძლება ჟღერს აროგანტულად, მაგრამ ჯანდაბას. დიდი ჩელენჯები არ მქონია ცხოვრებაში. არ არსებობდა მიზანი, რომელსაც ვერ მივაღწევდი. ყველაფერი მარტივად გამომდიოდა და ყველაფრის მიმართ მაშინვე მეკარგებოდა ინტერესი. 

თამაშმა რა მომცა. თამაშმა მომცა ინტერესი, რომელიც დიდ ხანს გრძელდება. დიდ ხანს გრძელდება. იმიტომ რომ სისულელეა, სისულელის სტრუქტურა აქვს. ზუსტად იცი რა არის, აქ იწყება - აქ მთავრდება. გჭირდება ფული რომ ითამაშო, ფული რომ დამთავრდება ეგ არის ფინიში. რომ წააგებ, ცუდად ხარ. და რა კარგია ეს ცუდად ყოფნა, გონების გამორთული მდგომარეობა. ვიღაცამ რომ გკითხოს - რომელი საათია, ვერ უპასუხებ. ეს განცდა ნარკოტიკია, ეს მაგარი განცდაა. ამ განცდას სახელს ვერ დაარქმევ. პოზიტიური აფექტი არ არის. ვერც მოუყვები ვერავის. მარტო სხვა ედიქთს, რომელმაც ზუსტად იცის. ზუსტად იცის. 

სიმდიდრეს მნიშვნელობა არ აქვს. მილიონერი თუ ხარ შენი ფსონი მილიონია. თუ ხარ ლარიონერი, ლარია შენი ფსონი. მილიონერი უფრო ვერ იკაიფებს, ვიდრე ლარიონერი. ლარიონერს გონია, რომ მაგრად კაიფობს მილიონერი, იმიტომ რომ მისი ბეთი არის ათი ათასი და მე რა, ძმაო, აქ ვტილაობ. რას მოიგებს, ას ლარს მოიგებს. მაგრამ სინამდვილეში არ ჭირდება ის ასი ლარი. არაფერში არ ჭირდება, გარდა იმისა რომ ითამაშოს. მითამაშია ძალიან დაბალ სთეიქზე და ძალიან მაღალ სთეიქზეც და ერთი იყო. რაც უფრო მეტი გაქვს, რაც უფრო მეტს მოიგებ, მით უფრო უდიერად ეკიდები.

ყველაფერს იღებ, როგორც არის. სამყაროს ისეთს ხედავ, როგორიც არის. არც პროტესტი აღარ გიჩნდება მის მიმართ. ერთადერთი ბრაზი ან უკმაყოფილება, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეს,  არის შენი თავის მიმართ. როგორ ჩაიგდე თავი ასეთ დღეში, როგორ მოხვდი აქ. რას გაძლევს საერთოდ ეს. 

როგორც ადამიანი, რომელიც თამაშობს, ჭარბად აბრალებ საკუთარ თავს ყველაფერს. კი, ჭარბად აბრალებ საკუთარ თავს ყველაფერს. თვითდადანაშაულებაში ხარ დიდი ხნის განმავლობაში. ეგ მიგყვება, ჩემი აზრით, სამუდამოდ. 

მაგრამ, თან, ობიექტურადაც შეიძლება ახსნა რაღაცეები. საქართველოში რომ ყოველ ნაბიჯზე კაზინოებია, მთელი ქვეყანა რომ თამაშობს, არაფერი რომ არ რეგულირდება… ყველა დანაშაულს, ხომ თავისი ადრესატი ყავს. შეგიძლია ჩამოუარო და პიროვნებები დაასახელო, საბოლოო ჯამში ვისი ბრალიც არის ეს ქვეყანა რომ ასეთ დღეშია. 

არ ვიცი, ჩახლართული, ალბათ ყალბი, არასწორი, რთული მენტალური მექანიზმებით, შენი გონება, შენი სააზროვნო პროცესი გარწმუნებს, რომ დაწყებული საქმეები, პროექტები რომლებიც გქონდა, თამაშმა დაამთავრა. ეს არის ხაზი, რომელიც გადაკვეთე და იქ ვეღარ დაბრუნდები. ვერ დაბრუნდები უნივერსიტეტში. დავრჩი, მაგალითად, მაგისტრის დიპლომის გარეშე, სტატუს შეჩერებული. და არ ვიცი როდის მივუბრუნდები. დაწყებული მაქვს პროექტი, ვცადე რომ წამეკითხა მასალები, რომელსაც ვკითხულობდი და იქ აღარაფერი აღარ იყო. აღარაფერი ჩემთვის აღარ იყო. 

თუმცა რაღაცეებს პოულობ. სხვა რაღაცეებს პოულობ, რახან ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს საქმიანობების თუ ინტერესების გარეშე.

მე, მაგალითად, მაპოვნინა ლიტერატურა. არ ვგიჟდებოდი დიდად. არასდროს არ ვწერდი, უცბად დავიწყე რაღაცეების წერა. შორს ვიყავი პოეზიისგან და დავიწყე პოეზიის წერა. ეს მეზობელი ინტერესები იყო, ლოგიკასთან და ფილოსოფიასთან მეტ-ნაკლებად ახლოს, თეორიულ ფიზიკაში არ წავსულვარ. არა, თამაში კი არ გაპოვნინებს ამას, უბრალოდ, თამაში გამყოფებს შიმშილში და სიცარიელეში, დღეები გადის და არაფერი პროდუქტიული დღის განმავლობაში არ ხდება. თვეები გადის, როცა არაფერი არ გაგიკეთებია. უკან რომ მოიხედავ, არაფერია. არც გახსოვს, მოგონებაც კი არ გაქვს, რომელსაც ჩაეჭიდები. 

ყოველ დღე ფიქრობ: აი, ეხლა შევეშვები, დავანებებ. მეორე დილით ვივარჯიშებ. სხვა რაღაცით დავკავდები. 

ბოლო სამი წელი სრული ჯოჯოხეთი იყო. დღე არ ყოფილა, რო არ მეფიქრა  - როდის ანებებ. როდის დაანებებ. ბოლო სამი წელი. 

პირველი ორი - სამი წელი ხარ ტყუილში, რომ ეს პრობლემა არ არის, ამას ეშველება, ჯანდაბას რაც იყო, იყო. 

რაციონალური მსჯელობით თამაშისთვის თავი არავის დაუნებებია. სამი წინადადებით შეგიძლია აუხსნა მოთამაშეს, რომ სისულელეა რასაც აკეთებს. მოთამაშეს არ აინტერესებს რაციონალური ახსნა. გარდატეხა უნდა მოხდეს სხვაგან. ეს გარდატეხა უნდა მოხდეს, ალბათ, გამოცდილებით. მე არ ვიცი რა იყო ჩემთვის გარდამტეხი წერტილი. წერტილი, სადაც მივხვდი, რომ სტოპ, და აქ დამთავრდა. ეს წერტილი გაჩნდა, როდესაც ვიყავი სრულ დესტრუქციაში.  არ ვიცი, მყავდა თუ არა სამი ადამიანი რომელიც მენდობოდა. არ მყავდა. თამაში შენს ნდობის წრეს ლამის ანულებს. შეიძლება ანულებს. ბოლომდე ანულებს. 

არ ვიცოდი ვისთან მივსულიყავი. უკვე რომ მტკიოდა, არ ვიცოდი ვისთან უნდა მივსულიყავი. ესეც თამაშად იქცევა -  როგორ გადააგორო. ისევ ადიქტს თუ მოუყვები. ისიც მოგიყვება თავისას, რომ მეც ესე გამიკეთებია. და ესე გადააგორებ. 

რაღაცა დამემართა ისეთი, რომ ერთი კვირა ვერ გავჩერდი. არ მეძინა, დილით დავჯექი და ვეღარ ავდექი. სამსახური გავაცდინე. ავდექი და გავაცდინე, ტელეფონი გავთიშე, აბსოლუტურად ავირიდე პასუხისმგებლობა. ამაში მხოლოდ ადიქტი გაგიგებს. 


არ ვარ დარწმუნებული, რომ  არასდროს აღარ. ვერ ვიტყვი ამას. თუმცა, მქონდა ახალი შეგრძნება, რომ მზად ვარ რომ შემეშვა. ალბათ, მაქსიმუმ არსებობს ამ შეშვების მზადყოფნა. მერე მოდის ცდუნება. და ხელახლა, სულ მზად უნდა დახვდე. ალბათ ერთი წელია შევეშვი. ამ ერთ წელიწადში მქონდა ერთი ჩავარდნა. ერთი ჩავარდნა.

ყველა ონლაინ პლატფორმიდან უნდა ჩაიხსნა თავი. მიდიხარ შემოსავლების სამსახურში, წერ განცხადებს, 5 წლის განმავლობაში, ვერცერთი ონლაინ კაზინო, რომელიც ლეგალურია საქართველოში ვერ შეგიშვებს. პირადობას რომ ანახებ, ნახავს რომ გაშავებული ხარ. ვერცერთ ონლაინ საიტზე ფულს ვერ ჩარიცხავ, იქაც გაშავებული ხარ. ეგ გავაკეთე. სხვათაშორის, დედაჩემი წავიყვანე. ეგ გავაკეთე. 

როგორც თამაშის სტიგმა და სირცხვილი მიგყვება ბოლომდე, ისე მიგყვება საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. 

არ გასულა ძალიან დიდი ხანი. 

კარგია ის, რომ დღეებს აღარ ვითვლი. დავანებე და შევეშვი, ვთქვი რომ მოვრჩი. მგონია რომ მაქვს ძალა რომ მოვრჩე. იყო პერიოდი რომ დღეებს ვითვლიდი - ვა, რა კაია რომ 1 თვე გავიდა, ვა, რა კაია რომ 2 თვე გავიდა. სამი თვის მერე ერთხელ ვითამაშე.

ჩემი ყოველდღიურობა იგივეა. კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა. 

განსხვავებული არის ჩემი სოციალური სტატუსი. სოციალურ კიბეზე მწვერვალზე არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ სადღაც მე-2 მე-3 კიბეზე თუ ვიყავი, ეხლა სარდაფში ვარ. 

განსხვავებული არის სიმარტოვე. ეხლა უკვე ვსწავლობ ამასთან ყოფნას, ამ სიმარტოვეში ყოფნას. და ეს აღარ არის იმხელა ტვირთი, რამხელაც თავიდან იყო. კი, არის თამაში მიდრეკილება სიმარტოვისკენ, მაგრამ ეს არის მიდრეკილება სიმარტოვისკენ როცა გინდა რომ მარტოობაში გაექცე შენს მარტოობას. 

ძალიან ცოტა ადამიანი დამრჩა, ვისთანაც შემიძლია სრული გულახდილობით ვისაუბრო, ისე რომ მეტ - ნაკლებად დარწმუნებული ვიყო, რომ ის ჩემს სტიგმას არ აჭერს. ძალიან ცოტაა. უბრალოდ დავკარგე ადამიანები. 

ის ბიჭი, ბანკში რომ შევარდა სათამაშო იარაღით. 

ლევან… ზურაბაშვილი… ლამაზი ჟესტი ჩაიდინა. 

კიდევ კარგი ციხეშია. იმიტომ რომ, მორჩა მაგის თამაში. 

იყო მოსაზრება, რომ ეს არის სიმპტომი - საზოგადოება გავალიანებულია, ვეღარ იხდის, პროცენტებში იხრჩობა და ლევანი არის ამის ნიშანი და მას არაფერი არ დაუშავებია.

რამხელა, ბოდიში, ყვერები უნდა ამის გაკეთებას. ტიპმა რამდენი რაღაც აღიარა ამით. ზუსტად იცოდა რაზეც მიდიოდა. ეს იყო - მე მაქვს გულში თვითგვემა, თვითჩაგვრა, სტიგმა, სირცხვილი, მოდი დამსაჯეთ. ეგ გააკეთა ამით. სადღაც, კიდე კაი რომ დაისაჯა. 

თამაში აგრეთვე გართმევს სიმამაცეს. მე მეგონა ჩემი თავი მამაცი ადამიანი, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ არა ვარ მამაცი. ვალით, სირცხვილით, დაკარგული ურთიერთობებით გიგდებს თვითშეფასებას, სიმამაცეს და ხდები მხდალი. 

საკუთარი სიტყვების აღარ გჯერა. ამჩნევ, რომ შენი სიტყვების აღარ ჯერა სხვას, შენი სიტყვა გაუფასურდა. დაპირდები ვიღაცას და ვერ ასრულებ. და მერე ჩნდება ამოხეთქვის რადიკალური ჟესტები - ჩემში არ მომკვდარა სიმამაცე, მე მაქვს სიმამაცე, რომ შევწყვიტო ეს. უნდა გავაგებინო სამყაროს, რომ ჯერ არ გავუფასურებულვარ. ეს ასპექტი აქვს ამ თვითდესტრუქციულ ამოხეთქვებს. ამ შემთხვევაში ადამიანს უღირს ციხეში წასვლა 9 წლით რომ ეგ დაამტკიცოს, რომ მამაცი ადამიანია. 

დანაშაული მაშინ ხდება, როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს, საკუთარ თავს გრძნობს დამნაშავედ, კანონამდე, სანამ კანონი იტყვის რომ ეს დანაშაულია. იმან სადღაც იცის. მაგალითად, ადიქტი ეგრე ფიქრობს, რომ მე დავაშავე და ჩემი დანაშაულის პროპორციული სასჯელი მინდა. სრული. ითხოვს სასჯელს. იმიტომ რომ სასჯელი რაღაც აზრით გესახება გამოსავლად. 

ჩემი უბედურება ის იყო, რომ არავინ არ დამსაჯა. ეს უარესია. და რომ არ დაგსაჯეს, მერე საკუთარ თავს სჯი. რომ გირეკავენ, ტელეფონს არ პასუხობ. არავის არ ნახულობ. საკუთარ თავს სვამ ციხეში. ეგ იყო ჩემი, მე რაც მოვიფიქრე. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა