ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქვიარი - კრიტიკულად გააზრება | ჯუდით ბატლერი

ქვიარის პრობლემა

ტერმინი „ქვიარი“ იმ მოთხოვნად ჩნდება, რომელიც ძალისა და ოპოზიციის, სტაბილურობისა და ცვალებადობის სტატუსის საკითხს აყენებს პერფორმატიულობის საზღვრებში. მას მიმართავენ, როგორც ერთგვარ ლინგვისტურ პრაქტიკას, რომლის მიზანსაც სახელდების ობიექტის შერცხვენა წარმოადგენს. „ქვიარი“ ძალას იკრებს სწორედ არაერთხელ გამეორებული მოწოდებიდან, რამაც ის დაუკავშირა ბრალდებას, პათოლოგიზაციას, შეურაცხყოფას. დროთა განმავლობაში ამ მოწოდების საშუალებით მყარდება სოციალური კავშირები ჰომოფობიურ საზოგადოებებში. მოთხოვნა წარსულის მოთხოვნებს ეხმიანება და მოსაუბრეებს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, თითქოს ერთხმად საუბრობდნენ სხვადასხვა დროში. ამ აზრით ყოველთვის წარმოსახვითი ქორო დასცინის „ქვიარს“. მაშ, რამდენად მოქმედებს პერფორმატიული „ქვიარი“, როგორც დეფორმაცია ქორწინების ცერემონიისა, სიტყვებისა „მე თქვენ გაცხადებთ...“? თუ პერფორმატიული მოქმედებს იმ სანქციად, რომელიც სოციალური კავშირის ჰეტეროსექსუალიზაციას ახდენს, ალბათ ის ასევე შემოდის თამაშში შემარცხვენელ ტაბუდ, რომელიც „აქვიარებს“ მათ, ვინც უპირისპირდება, ეწინააღმდეგება სოციალურ ფორმას ან იღებს მას ჰეგემონური სოციალური სანქციის გარეშე.

როგორი ფართოც უნდა იყოს ტერმინი „ქვიარი“, მისი გამოყენება აძლიერებს პარალელურ დანაყოფებს: ზოგ კონტექსტში ტერმინი მიემართება ახალგაზრდა თაობას, რომელსაც სურს, დაუპირისპირდეს უფრო ინსტიტუციონალიზებულ და რეფორმისტულ პოლიტიკას, რიგ შემთხვევებში წარმოდგენილს სიტყვებით „ლესბოსელი და გეი“; ზოგ კონტექსტში ის უპირატესად აღნიშნავს თეთრკანიანთა მოძრაობას, რომელსაც ბოლომდე გარკვეული არ აქვს, თუ როგორ მოქმედებს – ან ვერ მოქმედებს – „ქვიარი“ ფერადკანიანთა საზოგადოებებში; და თუ ზოგ შემთხვევაში ამ ტერმინმა შეძლო ლესბოსელი აქტივისტების მობილიზაცია, სხვა შემთხვევებში ის ქალებისა და კაცების ფსევდოგაერთიანებას აღწერს. რასაკვირველია, შესაძლებელია, რომ ტერმინის კრიტიკამ ფემინისტების მობილიზაციაც გამოიწვიოს და ანტირასისტებისაც ლესბოსური და გეი პოლიტიკის საზღვრებში, ან გააჩინოს ახალი შესაძლებლობები კოალიციური კავშირებისათვის, რომლებიც დაუშვებენ, რომ ისინი რადიკალურად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ტერმინს გადახედავენ, აღარ იხმარენ, ან მოძველებულად მიიჩნევენ, რამდენადაც ის საპირისპირო მოთხოვნებს დაჰყვება – სწორედ იმ გამონაკლისებთან დაკავშირებულს, რომლებმაც მობილიზაცია გახადა შესაძლებელი.

ჩვენ აღარ ვქმნით ჰაერიდან ჩვენივე „თავისუფლების“ განმაცხადებელ პოლიტიკურ ტერმინებს, რამდენადაც პასუხისმგებელნი ვართ სიტყვებზე, რომლებიც სოციალური იარების ტკივილითაა დამძიმებული. და მაინც, მუდმივად საჭირო ხდება მათი დამუშავება და გადამუშავება პოლიტიკურ დისკურსში.

ამ აზრით, პოლიტიკურად აუცილებელია, არ დავთმოთ სიტყვები: „ქალები“, „ქვიარი“, „გეი“ და „ლესბოსელი“, რამდენადაც ისინი თითქოს თავად არ გვთმობენ, სანამ ბოლომდე არ ჩავწვდებით. ეს კი საჭიროა ამ ტერმინების ჰომოფობიური გამოყენების აღმოსაფხვრელად სასამართლო სისტემაში, პოლიტიკაში, ქუჩაში, „პირად“ ცხოვრებაში. მაგრამ იდენტობის „აუცილებელი შეცდომის“ გამოწვევის გარდაუვლობა ყოველთვის დაუპირისპირდება ტერმინის დემოკრატიულ განხილვას, რომელიც ხელს უშლის მის გამოყენებას რასისტული და ქალთმოძულე დისკურსის მქონე რეჟიმებში. თუ „ქვიარ“ პოლიტიკა დამოუკიდებლად იმოქმედებს ძალაუფლების სხვა მოდალობებში, დემოკრატიზაციის ძალას დაკარგავს. „ქვიარის“ პოლიტიკურმა დეკონსტრუქციამ ასეთი ტერმინების გამოყენება კი არ უნდა შეაჩეროს, არამედ, იდეალურ შემთხვევაში, მისი საზღვრები უნდა გააფართოოს.

თუ იდენტობა აუცილებელი შეცდომაა, მაშინ „ქვიარის“ დაცვა უდავოდ საჭირო იქნება, მაგრამ ეს „პოლიტიკის“ მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა იყოს. ასევე აუცილებელია – და ალბათ ასევე შეუძლებელიც – ვაღიაროთ ტერმინის შემთხვევითობა: დაე, დამარცხდეს მათთან, ვინც გამორიცხული ჰყავს და ვინც სამართლიანად ელიან, რომ მათაც წარმოადგენს; დაე, შეიძინოს იმ ახალი თაობისათვის მოულოდნელი მნიშვნელობები, რომლის პოლიტიკური ლექსიკონიც მეტად განსხვავებულ ინვესტიციებს აერთიანებს. რასაკვირველია, ტერმინი „ქვიარი“ სწორედ დისკურსული გამაერთიანებელი ნიშანია ახალგაზრდა ლესბოსელებისა და გეი მამაკაცებისათვის, და სხვა კონტექსტში – ლესბოსელთა შემოსაყვანად, და სულ სხვა კონტექსტში – ბისექსუალებისა და ჰეტეროსექსუალების შემოსაყვანად, რომლებისთვისაც იგი ანტიჰომოფობიურ პოლიტიკაში ჩართვას გამოხატავს.

 

გენდერული პერფორმატიულობა და დრეგი

თუ გენდერი მიმეტური ეფექტია, ის არჩევანია თუ უმნიშვნელო გამონაგონი? თუ არ არის უმნიშვნელო გამონაგონი

მაშ, რამ დაუდო დასაბამი „გენდერის პრობლემის“ ამგვარ წაკითხვას? გაუგებრობის გამომწვევი, სულ მცირე, ორი მიზეზი მაინც არსებობს. ერთის გაჩენას თავადვე შევუწყვე ხელი, როცა დრეგი პერფორმატიულობის ერთ-ერთ მაგალითად დავსახე (ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს სამაგალითო ყოფილიყო, ანუ პერფორმატიულობის ერთადერთი მაგალითი). მეორე მიზეზი კი იმ მზარდი ქვიარ-მოძრაობის პოლიტიკურ მოთხოვნილებებს უკავშირდება, რომელშიც თეატრალურობისაკენ ყურადღების მიპყრობამ მთავარი ადგილი დაიკავა.

გენდერულ პერფორმატიულობასთან დაკავშირებული გაუგებრობა კი ასეთია: გენდერი არჩევანია, ან გენდერი როლია, ან გენდერი კონსტრუქციაა, რომელსაც ადამიანი ისე ირგებს, როგორც ტანსაცმელს დილაობით – გენდერის კარადასთან მიდის, ფიქრობს და ბოლოს წყვეტს, დღეს რომელი იყოს. ეს ვოლუნტარისტული წარმოდგენაა გენდერზე, რომელიც უცვლელი სუბიექტის არსებობას გულისხმობს გენდერთან მის დაკავშირებამდე. გენდერის პერფორმატიულობის განცდა კი, რომლის გადმოცემაც მინდოდა, სრულიად განსხვავებული რამაა.

გენდერი პერფორმატიულია იმდენად, რამდენადაც გენდერული განსხვავებების რეგულაციური რეჟიმის შედეგია, როდესაც ის გარკვეული შეზღუდვებით დაყოფილი და იერარქიას დაქვემდებარებულია. სოციალური შეზღუდვები, ტაბუ, აკრძალვები, დასჯის მუქარა – გამოიხატება ნორმების რიტუალიზებულ გამეორებაში, რაც ქმნის დროებით სცენას გენდერის კონსტრუქციისა და დესტაბილიზაციისათვის. არ არსებობს სუბიექტი, რომელიც წინ უსწრებს ან შესაძლებელს ხდის ნორმების ამ გამეორებას. რამდენადაც გამეორება ქმნის გენდერის ერთსახოვნების ეფექტს, მასკულინობისა თუ ფემინურობის მდგრად ეფექტს, ის წარმოშობს და ამავე დროს მნიშვნელობას აცლის სუბიექტის ცნებას, რადგან სუბიექტი მხოლოდ გენდერის მატრიცის მეშვეობით ხდება გასაგები. რასაკვირველია, შეიძლებოდა განგვემარტა გამეორება, როგორც ზუსტად ის, რაც ძირს უთხრის ვოლუნტარისტული ოსტატობის რწმენას, ენაში სუბიექტით აღნიშნულს.

არ არსებობს სუბიექტი, რომელიც ამ ნორმების გარეთ იდგებოდა ან შორიდან დაიწყებდა მოლაპარაკებას; პირიქით, ეს ნორმები რეტროაქტიულად წარმოქმნის სუბიექტს გამეორებისას – როგორც შედეგს. რასაც შეიძლება ვუწოდოთ „მოქმედება“, „თავისუფლება“ ან „შესაძლებლობა“ – ყოველთვის სპეციფიკური პოლიტიკური პრეროგატივაა, წარმოქმნილი რეგულაციურ ნორმებს შორის გაჩენილ ნაპრალებში, ამგვარი ნორმების ინტერპელაციურ სამუშაოში, თვითგამეორების პროცესში. თავისუფლებას, შესაძლებლობას, მოქმედებას აბსტრაქტული თუ პრესოციალური სტატუსი კი არ აქვს, არამედ ყოველთვის განიხილება ძალის მატრიცის ჩარჩოში.

გენდერის პერფორმატიულობა არ გულისხმობს ამორჩევას, რომელი გენდერი ვიქნებით დღეს. პერფორმატიულობა ადამიანის განმსაზღვრელი ნორმების გამეორებაა და არა თავად გენდერის რადიკალური ფაბრიკაცია. ეს სავალდებულო გამეორებაა წინარე და სუბიექტური ნორმებისა, რომლების ხელაღებით უარყოფაც შეუძლებელია და რომლებიც ამუშავებენ, აცოცხლებენ და შემოსაზღვრავენ გენდერულ სუბიექტს. სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ რესურსებსაც, რომლებმაც უნდა გამოკვებონ წინააღმდეგობა, ძირგამომთხრელი თუ შემავიწროებელი საქმიანობები. გენდერი ამოცანაა, რომელიც არასდროს სრულდება ისე, როგორც მოსალოდნელი იყო – მისი ადრესატი ბოლომდე ვერასდროს აღწევს იდეალს, რომელთან მიახლოებასაც აიძულებენ.

და მაინც, ნორმასთან მიახლოების ეს შეუძლებლობა არ არის იგივე, რაც მისთვის ძირის გამოთხრა. ვერ ვიტყვით, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა ნორმების გამეორებას მოჰყვება; არც გარანტიაა, რომ ჰეტეროსექსუალობის ნატურალიზებული სტატუსის მხილება მას როგორღაც დააზიანებს. ჰეტეროსექსუალობამ შეიძლება თავისი ჰეგემონია დენატურალიზაციის მეშვეობით გაზარდოს კიდეც – ხომ ვხედავთ დენატურალიზაციის პაროდიებს, რომლებიც ჰეტეროსექსუალურ ნორმებს დაუეჭვებლად, ხელახლა აიდეალებენ. თუმცა ზოგჯერ თავად ტერმინი, რომელმაც შეიძლება გაგვანადგუროს, წინააღმდეგობის ადგილად, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის შეძენის შესაძლებლობად იქცევა. ვფიქრობ, ეს მკაფიოდ დავინახეთ იმ გასაოცარ გადაფასებაში, რომელიც „ქვიარმა“ განიცადა. ჩემს თვალში ეს საკუთარი თავისათვის აკრძალვის დაწესება, გადაგვარებისაკენ მოწოდებაა, ღირებულებების განსხვავებული წესრიგის გაჩენა, ისევე, როგორც პოლიტიკური მტკიცებისა თავად ამ ტერმინის მეშვეობით, რომლის უწინდელ გამოყენებასაც საბოლოო მიზნად სწორედ ამგვარი მტკიცების გაქრობა ჰქონდა.

გენდერული ნორმები ფემინურობისა და მასკულინობის იმ იდეალების ხორცშესხმის მოთხოვნით მოქმედებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის უკავშირდება ჰეტეროსექსუალური კავშირის იდეალიზაციას. ამ აზრით, საწყისი პერფორმატივი – „გოგოა!“ – გულისხმობს საბოლოოდ მისაღებ სანქციას: „ცოლ-ქმრად გაცხადებთ!“ აი, ამის გამოა განსაკუთრებით სახალისო ანიმაციური ფილმი, რომელშიც ბავშვის დანახვისთანავე ამბობენ: „ლესბოსელი!“ ესენციალისტური ხუმრობისაგან კი შორსაა, მაგრამ ქვიარის მიერ პერფორმატივის მისაკუთრება მიბაძვაცაა და ჰეტეროსექსუალიზაციის გამაძლიერებელი კანონის გამაერთიანებელი ძალისა და ექსპროპრიაციისადმი მისი დაქვემდებარების შესაძლებლობის ჩვენებაც.

რამდენადაც სახელდება „გოგონა“ ტრანზიტულია, ანუ იმ პროცესს უდებს დასაბამს, რომლითაც ერთგვარ „გოგონობას“ ახვევენ თავს, სიტყვა – უფრო სწორად, მისი სიმბოლური ძალა სხეულებრივად გათამაშებული ფემინურობის ჩამოყალიბების პროცესს მართავს, რომელიც ბოლომდე ვერასდროს უახლოვდება ნორმას. სწორედ ეს „გოგონა“ იძულებულია, გაიმეოროს ნორმა, რათა მოთხოვნებს შეესაბამებოდეს და სიცოცხლისუნარიან სუბიექტად დარჩეს. ამგვარად, ფემინურობა არჩევანის შედეგი არ არის – იმ ნორმის იძულებითი გამეორებაა, რომლის კომპლექსური ისტორიულობაც განუყოფელია დისციპლინის, რეგულაციის, დასჯის ურთიერთკავშირისაგან.

რასაკვირველია, არ არსებობს „ის“, ვინც გენდერულ ნორმას იღებს და ირგებს. პირიქით, გენდერული ნორმის გამეორებაა აუცილებელი, რომ განისაზღვროს „ის“ და გახდეს სიცოცხლისუნარიანი, როგორც „ის“.

ამ დროს კი სუბიექტის ფორმირება დამოკიდებულია გენდერული ნორმების ლეგიტიმაციის წინა ოპერაციაზე.

პარადოქსულია, მაგრამ ამავე დროს იმედის მომცემიც, რომ სუბიექტი, რომელიც საჯარო დისკურსში „გაქვიარებულია“ სხვადასხვაგვარი ჰომოფობიური მესიჯების დამსახურებით, ამ ტერმინს ერთგვარ დისკურსულ საყრდენად იღებს და იმეორებს – მათთან დასაპირისპირებლად. ასეთი გამეორება ერთგვარ თეატრალურ სახეს იძენს, რამდენადაც ბაძავს და ჰიპერბოლურ ფორმას აძლევს დისკურსულ კონვენციას, რომელსაც ამოაყირავებს კიდეც. ჰიპერბოლური ჟესტი უმნიშვნელოვანესია ჰომოფობიური „კანონის“ მხილებისათვის, რომელსაც აღარ შეუძლია აკონტროლოს დამამცირებელ სტრატეგიებთან დაკავშირებული სიტყვები.

ჩემი წარმოდგენით, შეუძლებელია თეატრალურის დაპირისპირება პოლიტიკურთან თანამედროვე ქვიარ პოლიტიკაში: სიკვდილის ჰიპერბოლურმა „პერფორმანსმა“ დემონსტრაციების დროს და თეატრალურმა „სხვაგვარობამ“, რომლითაც ქვიარ აქტივიზმმა მკვეთრი განსხვავება წაშალა საჯარო და პირად სივრცეებს შორის, ხელი შეუწყო როგორც პოლიტიზაციას, ასევე შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საჯარო სივრცეში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ისტორიების მოყოლა შეიძლება, რომლებშიც ქვიარებისათვის თეატრალურობის მზარდი პოლიტიზაცია სარისკო შეიძლება იყოს. ასეთ ისტორიაში შეგვხვდება განსხვავებული სქესის წარმომადგენელივით გამოწყობის, დრეგ-წვეულებების, ქუჩის პროსტიტუციის, ბუჩ-ენდ-ფემის სანახაობების, მარშების (ნიუ-იორკი) და აღლუმების (სან-ფრანცისკო), სიკვდილის პერფორმანსების, საჯარო კოცნისა და სხვა პერფორმანსების ტრადიციები; ასევე, თეატრალური აქტივიზმისა და თეატრალური სამუშაოს აღრევა; ლესბოსელთა სექსუალობის გაზვიადებულად ჩვენება და იკონოგრაფია, რომელიც ეფექტურად უპირისპირდება ლესბოსელის დესექსუალიზაციას; საჯარო თავყრილობებზე ლესბოსელი და გეი აქტივისტების ტაქტიკური გამოჩენა – ყურადღების მიპყრობის მიზნით და აღშფოთების გამოსახატადაც იმის გამო, რომ მთავრობა არ აფინანსებს შიდსის კვლევასა და ცნობიერების ასამაღლებელ სამუშაოს.

პოლიტიკური რისხვის მზარდი თეატრალიზაცია შიდსის პრობლემისადმი პოლიტიკოსების ყურადღების მისაპყრობად ალეგორიულად გამოხატავს „ქვიარის“ რეკონტექსტუალიზაციას, როდესაც მან დამცირებისა და განადგურების ჰომოფობიური სტრატეგიიდან სხვა მხარეს გადაინაცვლა – სირცხვილის ეფექტთან მკვეთრად და საჯაროდ გასამიჯნად. რამდენადაც სამარცხვინო სტიგმად მიიჩნევა შიდსი და ქვიარობა – ეს უკანასკნელი ჰომოფობიური მსჯელობისას ავადმყოფობის „მიზეზსა“ და „გამოვლინებასთან“ იგივდება – თეატრალური რისხვა სირცხვილის ამ მოთხოვნისადმი საჯარო წინააღმდეგობის ნაწილია. ჰომოფობიის ტრავმებით მობილიზებული თეატრალური რისხვა ტრავმების „გათამაშებას“ იწყებს – უბრალოდ კი არ იმეორებს მათ, სიკვდილსა და ტკივილს ჰიპერბოლურად წარმოგვიდგენს, რათა დაძლიოს შიდსისადმი და წამების გრაფიკისადმი ეპისტემური წინააღმდეგობა; ჰიპერბოლურად წარმოგვიდგენს კოცნასაც, რათა გაუმკლავდეს ეპისტემურ სიბრმავეს, სულ უფრო მზარდი, თვალში მოსახვედრი ჰომოსექსუალობის დანახვის საშუალებას რომ არ იძლევა.

 

ქვიარი



მელანქოლია და პერფორმანსის საზღვრები

თუ, ფროიდის გაგებით, მელანქოლია მოუნელებელი დანაკარგის შედეგია (დაკარგულ ობიექტზე/სხვაზე, როგორც ფსიქიკურ ფიგურაზე ჩაჭიდება, რასაც შედეგად მასთან თავის გაიგივება მოჰყვება, საკუთარი თავის დაგმობა, ლანძღვა, ხან ბრაზის, ხან სიყვარულის გათამაშება), მაშინ შესაძლებელია, რომ „გათამაშებად“ გაგებული პერფორმანსი მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდეს აუღიარებელ დანაკარგს.

როდესაც ჰომოსექსუალურ პერფორმანსში მოუნელებელი დანაკარგია (დარწმუნებული ვარ, ასეთი განზოგადება ყველაფერზე მაინც ვერ გავრცელდება), ეს ის დანაკარგია, რომელიც უარყვეს და პერფორმირებული იდენტიფიკაციის ნაწილად აქციეს; და რომელიც იმეორებს გენდერულ იდეალიზაციასა და მის რადიკალურ გამოუსადეგრობას. ამგვარად, ეს არც მასკულინურის მიერ ფემინურის ტერიტორიალიზაციაა, არც ფემინურის მიერ მასკულინურისადმი გამოვლენილი „შური“ და არც გენდერის არსებითი მოქნილობის ნიშანი. ეს გვაჩვენებს, რომ გენდერული პერფორმანსი ალეგორიულად ასახავს დანაკარგს, რომლის მონელებაც მას არ შეუძლია; ასახავს მელანქოლიის ფანტაზიას, რომლის საშუალებითაც ობიექტი ფანტაზმურადაა შენარჩუნებული – რაც ერთგვარი გზაა გაშვებაზე უარის თქმისა. ასეთი ანალიზი სარისკოც კია, რადგან გულისხმობს, რომ „კაცისთვის“, რომელიც ფემინურობას თამაშობს და „ქალისთვის“, რომელიც მასკულინობას თამაშობს, არსებობს მიჯაჭვულობა, დანაკარგი, ფემინურობის ფიგურის უარყოფა კაცის მხრიდან და მასკულინობის ფიგურისა – ქალის მხრიდან. ამგვარად, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ დრეგი კროსგენდერულ იდენტიფიკაციაზე დათანხმების მცდელობაა, თუმცა ეს იდენტიფიკაცია არ არის ჰომოსექსუალობის გააზრების სამაგალითო პარადიგმა – ერთ-ერთი კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ აზრით, დრეგი ალეგორიულად ასახავს მელანქოლიურ ფანტაზიებს, რომლებიც გენდერის სტაბილურობას განაპირობებს. პერფორმანსების მონაწილეების დიდი ნაწილი ჰეტეროსექსუალია და შეცდომაც კი იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჰომოსექსუალობა საუკეთესოდ აიხსნება ასეთი პერფორმატიულობის საშუალებით. ამ ანალიზში სასარგებლო შეიძლება ის იყოს, რომ დრეგი წარმოაჩენს ან ალეგორიულად ასახავს ყოველდღიურ ფსიქიკურ და პერფორმატიულ პრაქტიკებს, რომელთა მეშვეობითაც ჰეტეროსექსუალიზებული გენდერი ყალიბდება – ჰომოსექსუალობის შესაძლებლობის უარყოფით; ერთი მხრივ, ჰეტეროსექსუალური ობიექტების ველი იქმნება და, მეორე მხრივ, სივრცე მათთვის, ვისაც ვერ შეიყვარებ. ამგვარად, დრეგი ალეგორიაა ჰეტეროსექსუალური მელანქოლიისა, რომლის მეშვეობითაც მასკულინობა ყალიბდება – როდესაც უარს ამბობენ მასკულინურის, როგორც სიყვარულის შესაძლებლობის გამოგლოვაზე. ფემინურობა კი ყალიბდება იმ ფანტაზიის წყალობით, რომლითაც ფემინური გამოირიცხება, როგორც სიყვარულის შესაძლო ობიექტი, და ამ გამორიცხვას კი არ გამოიგლოვენ, არამედ ღრმად „ინახავენ“ თავად ფემინურ იდენტიფიკაციაში. ამ აზრით, „ჭეშმარიტ“ ლესბოსურ მელანქოლიას ერთმნიშვნელოვნად ჰეტეროსექსუალი ქალი განიცდის და „ჭეშმარიტ“ გეი-მამაკაცურ მელანქოლიას – ერთმნიშვნელოვნად ჰეტეროსექსუალი კაცი.

დრეგი ამხელს, რომ გენდერის პრეზენტაციის „ნორმალურობა“ მრავალმხრივაა განპირობებული აუღიარებელი მიჯაჭვულობებითა თუ იდენტიფიკაციებით, რომლებიც „გაუთამაშებლის“ განსხვავებულ სფეროს წარმოადგენს. რასაკვირველია, შესაძლებელია, რომ რაც სექსუალურად გაუთამაშებელია, გათამაშებული იყოს, როგორც გენდერული იდენტიფიკაცია. ჰომოსექსუალური მიჯაჭვულობები, რომლებიც აუღიარებელი რჩება ნორმატიულ ჰეტეროსექსუალობაში, უბრალო სურვილებად არ ჩნდება, რომლებსაც შემდეგ აკრძალავენ – იმთავითვე დაგმობილი და განდევნილია; და სადღაც, ცენზორისაგან მოშორებით დაბადებისას შეუძლებლობის ნიშანს ატარებენ – თითქოს შესაძლებელში შეუძლებლის წარმოდგენას ესწრაფვიან. ასეთ მიჯაჭვულობებს დაუფარავად ვერ გამოიგლოვენ. ეს კი იმდენად გლოვაზე უარის თქმა არ არის (ფორმულირება, რომელიც არჩევანს გამოკვეთს), რამდენადაც იმ გლოვის „მისაკუთრება“, რომელიც ჰომოსექსუალური სიყვარულის დაკარგვის აღიარებისათვის კულტურული კონვენციების არარსებობის პირობებში თამაშდება.

ჰეტეროსექსუალი კაცი ხდება (ბაძავს, იმეორებს, ისაკუთრებს, მის სტატუსს ითვისებს) ის, ვინც „არასდროს“ ჰყვარებია და „არასდროს“ გამოუგლოვია; ჰეტეროსექსუალი ქალი ხდება ის, ვინც „არასდროს“ ჰყვარებია და „არასდროს“ გამოუგლოვია. სწორედ ამ აზრითაა, რომ რაც გენდერად მოჩანს და თამაშდება, ნიშანი და სიმპტომია ყოვლისმომცველი უარყოფისა. ამასთანავე, გეი მელანქოლიის ამ უდიდეს კულტურულ რისკთან გასამკლავებლად (რასაც გაზეთებში „დეპრესიად“ განაზოგადებენ), შიდსით დაღუპულთა გლოვის ფართოდ გახმაურება და პოლიტიზაცია მოხდა. მაგალითი შიდსით დაღუპულთა მემორიალია – NAMES Project Quilt, სადაც თავად სახელია რიტუალიზებული და გამეორებული, როგორც უდიდესი დანაკარგის საჯაროდ აღიარების საშუალება.

რამდენადაც გლოვაზე ლაპარაკი შეუძლებელია, დანაკარგით გამოწვეული რისხვა შესაძლოა გაორმაგდეს, თუ მას არ აღიარებენ. და თუ ეს რისხვა საჯაროდ აკრძალულია, მელანქოლიის ეფექტმა შესაძლოა სუიციდის სახეც კი მიიღოს. ამდენად, გლოვისათვის კოლექტიური ინსტიტუციების გაჩენა უმნიშვნელოვანესია გადარჩენისათვის, საზოგადოების გაერთიანებისათვის, ოჯახური კავშირების აღდგენისთვის, მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის.


პერფორმატიულობა, გენდერი, სექსუალობა

დრეგში, ცხადია, გენდერის ნიშანია „პერფორმირებული“ – ნიშანი, რომელიც არ ემთხვევა გამოსახულ სხეულს, მაგრამ ვერ წაიკითხება მის გარეშე. გენდერულ იმპერატივად გაგებული ნიშანი, ანუ „გოგონა!“, იკითხება არა როგორც დავალება, არამედ როგორც ბრძანება და თავადვე განაპირობებს დაუმორჩილებლობას. ბრძანებისადმი ჰიპერბოლურმა დამორჩილებამ კი შეიძლება გამოავლინოს ნორმის ჰიპერბოლური სტატუსი და იქცეს კულტურულ ნიშნად, რომლის მეშვეობითაც კულტურული იმპერატივი გასაგები გახდება. რამდენადაც გენდერული ნორმები წარმოქმნის იმგვარ იდეალებს, რომლებთან მიახლოებაც შეუძლებელია, შეიძლება ითქვას, რომ ჰეტეროსექსუალობა მოქმედებს „კაცისა“ და „ქალის“ ჰიპერბოლური ვერსიების რეგულირებული წარმოების მეშვეობით. დრეგი ჰეტეროსექსუალობას კი არ უპირისპირდება, ან მისი გავრცელება საფრთხეს კი არ შეუქმნის ჰეტეროსექსუალობას, პირიქით, ის მუდამ მიმართული იქნება ჰეტეროსექსუალობისა და მისთვის დამახასიათებელი მელანქოლიის ალეგორიზაციისაკენ.

როგორც ჰიპერბოლურის მეშვეობით მოქმედი ალეგორია, დრეგი ათავისუფლებს იმას, რაც, საბოლოო ჯამში, განისაზღვრება მხოლოდ ჰიპერბოლურთან მიმართებით: ჰეტეროსექსუალური პერფორმატიულობის იმ ხარისხს, რომელიც დაუფასებელი და ყურადღების მიღმა დარჩენილია. მაშ, საუკეთესო შემთხვევაში, დრეგი შეიძლება გავიგოთ, როგორც საშუალება, რომლითაც ჰიპერბოლური ნორმები ჰეტეროსექსუალურ ყოველდღიურობად ინიღბება. თანაც სწორედ ეს ნორმები, აღქმულნი არა ბრძანებებად, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა, არამედ იმპერატივებად, რომლებიც უნდა გაიმეორონ, დაამახინჯონ, გააქვიარონ, ჰეტეროსექსუალურ იმპერატივებად გამოათავისუფლონ, ამავე მიზეზით, ყოველთვის არ ნადგურდება.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სექსუალობის ფორმები ცალსახად არ განსაზღვრავს გენდერს, თუმცა სექსუალობასა და გენდერს შორის არაკაუზალური და არარედუქციული კავშირის შენარჩუნება მაინც არსებითია. სწორედ იმის გამო, რომ ჰომოფობიური დისკურსი ხშირად მიაწერს ჰომოსექსუალებს დაზიანებულ, ჩამოუყალიბებელ თუ სხვაგვარად დამცირებულ გენდერს – გეი მამაკაცებს „ფემინურს“ უწოდებს და ლესბოსელებს – „მასკულინურს“, და იმის გამოც, რომ ჰომოსექსუალური აქტებისადმი მიმართული ჰომოფობიური შიში ხშირადაა „ნამდვილი“ გენდერის დაკარგვის შიში („ვეღარ იქნება ნამდვილი კაცი“, „ვეღარ იქნება ნამდვილი ქალი“), უმნიშვნელოვანესია თეორიული აპარატის არსებობა, რომელიც ახსნის, რა გავლენას ახდენს სექსუალობაზე გენდერის პოლიციური თვალთვალი და შემარცხვენელი ქმედებები.

შესაძლოა განვაცხადოთ, რომ ზოგიერთი სექსუალური პრაქტიკა ადამიანებს უფრო ძლიერად აკავშირებს, ვიდრე გენდერული მიკუთვნებულობა, მაგრამ ასეთი განცხადება მხოლოდ განხილვის საგანი შეიძლება იყოს სპეციფიკურ შემთხვევებში; არც სექსუალურ პრაქტიკასა და არც გენდერში ისეთი არაფერია, რაც ერთგვარ პრივილეგიად იქცეოდა. მიუხედავად ამისა, სექსუალური პრაქტიკები მრავალნაირად შეიძლება იყოს აღქმული იმ გენდერული კავშირების საზღვრებში, რომლებშიც ჩნდება და არსებობს. ჰომოსექსუალიზმშიც შეიძლება იყოს „გენდერის“ ისეთი ფორმები, რომლებიც მოითხოვს თეორეტიზებას „მასკულინურისა“ და „ფემინურის“ კატეგორიებს მიღმა. ფსიქოანალიზის ტერმინებით, კავშირი გენდერსა და სექსუალობას შორის ნაწილობრივ განიხილება იმ საკითხთან მიმართებით, როგორ უკავშირდება ერთმანეთს იდენტიფიკაცია და სურვილი. და აქ ცხადი ხდება, რატომ არის ისეთივე მნიშვნელოვანი ამ ორ სფეროს შორის კაუზალური კავშირის აღმნიშვნელი ხაზების გავლებაზე უარის თქმა, როგორც მათი რთული ურთიერთკავშირის კვლევის გაგრძელება. თუ მას, ვინც ქალადაა იდენტიფიცირებული, ყოველთვის არ სურს კაცი და თუ ქალის ნდომა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ საქმე მასკულინურ იდენტიფიკაციასთან გვაქვს, მაშინ ჰეტეროსექსუალური მატრიცა სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა წარმოსახვით ლოგიკას, რომელიც მუდმივად ავლენს თავისსავე უმართავობას. ჰეტეროსექსუალური ლოგიკა, რომელიც ითხოვს, რომ იდენტიფიკაცია და სურვილი ურთიერთგამომრიცხავი იყოს, ჰეტეროსექსიზმის ერთ-ერთი ყველაზე რედუქციული ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია: თუ ადამიანი მოცემულ გენდერთან ახდენს თავის იდენტიფიცირებას, მაშინ მას განსხვავებული გენდერი უნდა სურდეს. ერთი მხრივ, არ არსებობს ერთგვაროვანი ფემინურობა, რომელთანაც თავი უნდა გააიგივო – ფემინურობამ შეიძლება შემოგთავაზოს მრავალი საიდენტიფიკაციო სივრცე, რისი დამამტკიცებელი საბუთიც ლესბოსელთა შესაძლებლობების ზრდაა. მეორე მხრივ, ძნელად თუ აღწერს ლესბოსური და გეი კავშირების დინამიკას ის დაშვება, რომ ჰომოსექსუალური იდენტიფიკაციები ერთმანეთს „ირეკლავს“ ან იმეორებს. თეორიის ენაში ეს-ესაა ჩნდება ლექსიკონი ჰომოსექსუალობაში მასკულინური და ფემინური იდენტიფიკაციების რთული თამაშისათვის, ურთიერთგადაკვეთისათვის, დესტაბილიზაციისათვის – აქ ბევრად უფრო გამოსადეგია არააკადემიური ენა, რომელიც ისტორიულად დამკვიდრდა გეი საზოგადოებებში. ჰომოსექსუალობის საზღვრებში სექსუალური განსხვავებების საკითხი ჯერ კიდევ გასაანალიზებელია მთელი თავისი სირთულით. 

ფილმი „პარიზი იწვის“ საინტერესოა არა იმდენად იმით, თუ როგორ იყენებენ დრეგ-პერფორმანსები დენატურალიზაციის სტრატეგიებს სითეთრისა და ჰეტეროსექსუალური გენდერული ნორმების რეიდეალიზაციისათვის, არამედ ოჯახური კავშირების სხვაგვარი, უფრო თავისუფალი რეარტიკულაციის გამო. დრეგ-წვეულებები ზოგჯერ ხელს უწყობს ფემინურობის, როგორც სითეთრის ფუნქციის, მეტად გამოვლენასა და ჰომოსექსუალობისაგან გადახვევას ტრანსგენდერული მანიპულაციების მეშვეობით, რომლებიც ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის ბურჟუაზიული ფორმების რეიდეალიზაციას ახდენს. თუ ეს პერფორმანსები პირდაპირ, უშუალოდ არ ატარებს ძირგამომთხრელ სამუშაოს, მაინც ასე გამოდის ოჯახური კავშირების რეფორმულირებისას, განსაკუთრებით „სახლისა“ და ოჯახობის, დედობის, სახლის დალაგების, წიგნის კითხვის, ლეგენდად ქცევის ფორმების ხელახლა განსაზღვრისას. დომინანტური კულტურის კატეგორიების მითვისება და ხელახლა გადანაწილება ისეთი ოჯახური კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც ოპოზიციური დისკურსივით ფუნქციონირებს კულტურაში. ეს ადამიანები ერთმანეთს „დედობას უწევენ“, „სახლად ექცევიან“, „ზრდიან“ – ოჯახისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება ამგვარი სიტყვების მეშვეობით სულაც არ არის უსარგებლო საქმე, მიბაძვის ამაო მცდელობა; საზოგადოების სოციალურ და დისკურსულ ნაგებობაზე შრომაა – იმ საზოგადოებისა, რომელიც თავის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს, მზრუნველობით ეპყრობა, თავშესაფრად ექცევა და შესაძლებლობებს აძლევს. ეს უდავოდ ის ამოცანაა, რომელიც ნებისმიერმა ჩვენგანმა, ვინც თავს ქვიარად მივიჩნევთ, უნდა დავინახოთ, უნდა ვიცოდეთ და მისგან უნდა ვისწავლოთ კიდეც; ამოცანა, რომელიც ყველას, ვინც ჰეტეროსექსუალური „ოჯახის“ მიღმა ვართ, ამ ფილმში ჩვენს ადგილს გვიძებნის. 

ავტორი: ჯუდით ბატლერი
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
ფოტო: ნია გვათუა

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა