გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მოდა

LC Queisser & ლიზა ოფერმანი

თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ბერლინელმა გალერისტმა და კურატორმა ერთი წლის წინ გალერეა გახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ LC Queisser საცხოვრებელ ბინაშია განთავსებული, იგი თანამედროვე ხელოვნების გალერეაა.

თანამედროვე სამყაროში ადგილი, ხელოვანი, კურატორი, დილერი, გალერეა, შენობა, ხელოვნების ნამუშევარი საფეხურებრივ იერარქიულ ურთიერთმიმართებებში აღარ იმყოფებიან, მათ დამოკიდებულებებს დროის რითმი, სუბიექტური განწყობები და კაპიტალი განსაზღვრავს.

გზა ბერლინიდან თბილისამდე ლიზა ოფერმანის პირადი მოტივაციაა. მან საქართველო ევროპაში მომუშავე ქართველი ხელოვანებით იგრძნო, დაინტერესდა, ჩამოვიდა თბილისში და პროფესიული სივრცე იპოვა. მისი წინა სამუშაო გამოცდილება „ტანია ლაეიგტონის“ გალერეაში ბერლინში, რომელიც კროსდისციპლინური და ტრანსთაობების პროგრამირებით გამოირჩევა, კავკასიური კულტურის რითმში, სადაც სულ ახლახან დაიწყო ხელოვნების სივრცის დივერსიფიცირება, ნელ-ნელა ჩნდება სახელოვნებო კუნძულები და შესაბამისი რითმით ყალიბდება არტმარკეტიც.

LC Queisser 2018 წლის 17 მაისს ჯგუფური გამოფენით გაიხსნა, ბოლო ოცწლეულში პირველი თბილისის არტ ფეარის პარალელურად. გამოფენა „უსათაურო“ 4 ხელოვანის: რანია აკლ, ქეთუთა ალექსი–მესხიშვილი, მელიკა კარა, ჰანე ლიპარდი – ნამუშევრებით შეიქმნა.

ძველ თბილისში ნომადური ყოფის ქალების პერსპექტივა გაჩნდა. ამ ქალებს არ აქვთ ეთნიკური კულტურის, ან ვიზუალური ენის მოჩარჩოებული პარამეტრები. მათი შრომა სუბიექტური ჩარჩოების პოვნაზე, აწყობასა და დაშლაზე მეტყველებს.

ketuta
ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, Don't be an actress, ინსტალაცია, 2018
 Stars are Blind, LC Queisser
სიტარა აბუზარ ღაზნავი და სერ სერპასი, ბრმა ვარსკვლავები, 2019


გალერეა, დაწყებული ხის მორკალური კიბეებიდან, დასრულებული ერთმანეთში გამავალი ოთახებით და ხელოვნების ნამუშევრებით, შინაგანისა და გარეგანის, ადგილობრივისა და საერთაშორისოს გაცვლის შესახებ საუბრობს. ფიზიკური ადგილი ხელოვნების სივრცედ იქცევა. აქ მოცემული ადამიანური აზრები და განწყობები არ გამოხატავს კონკრეტულ ჯგუფს, არ ექვემდებარება სოციალურ ინსტრუმენტალიზაციას, არ ქცეულა ტექსტად, სტატიად, პოლიტიკურ მოთხოვნად, არამედ მასალაში გასხეულდა და ფორმა მიიღო. 

რამდენად მოსალოდნელია ის ფორმები, რომლებიც „ელ ცე კვაისარში“ იფინება, თბილისში მცხოვრები საზოგადოებისათვის? კითხვა იმ ბანალური რიგითობიდანაა: რამდენად გვესმის თანამედროვე ხელოვნება, მისი ფრაგმენტულობა, არასწორხაზოვნება, დაშლილი თხრობადობა. რა თქმა  უნდა, გვესმის, არა მარტო ხელოვანებს, კურატორებს თუ მოყვარულებს, არამედ ყველას. მაგრამ, რამდენად და როგორ ვიღებთ?! რთული საპასუხოა.

LC Queisser-ის ერთი წლის მანძილზე გაკეთებული 4 გამოფენიდან, რომლებშიც 7 არტისტი იყო წარმოდგენილი, ყველა ის თემა განიხილებოდა, რაც ადგილობრივი საზოგადოებისათვისაა აქტუალური. გალერეის კურატორის ლიზა ოფერმანის მიერ მოწვეული ხელოვანებიდან ზოგი უკვე დასრულებული ნამუშევრებით ჩამოდის, ზოგი კი აქ მუშაობს, ჯერ გარემოს იკვლევს, შემდეგ ამ რეალობაზე პასუხებს ეძებს და ძიების შედეგებს მაყურებელს სთავაზობს.

სიტარა აბუზარ განზავისა და სერ სერპას ინსტალაციაში „ვარსკვლავები ბრმები არიან“, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება ელ ცე კვაისარში, ბინის ინტერიერის დეტალებია გამოყენებული, ასევე ქალაქში ნაპოვნი თუ ნაყიდი ნივთები. ხელოვანმა ინსტალაციისათვის ბინიდან ჩამოხსნილი კარები და თავისივე დამსხვრეული კარადის კარების შუშის ნაწილები გამოიყენა. გამოფენა გალერეის, ქართული რეალობის, საკუთარი ადგილის ძიებისას ახალი სივრცის აღმოჩენაზე საუბრობს. საუბარი არ არის მონოტონური, დემაგოგიური ან სწორხაზოვანი. ის მრავალ ნიუანსს მოიცავს. ეს საუბარი არ არის მონოლოგი. მას შეგიძლია უპასუხო, ან შენებურად გაიაზრო. იგი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საუბარი არც დროში ვითარდება და არც დროს ეხება. მას პათეტიკური დრამატურგია არ გააჩნია - არც იწყება და არც სრულდება. ის გალერეაში და ჩვენს აზროვნებაში ცირკულირებს, რადგან ერთხელ უკვე ნანახ ფორმას მეხსიერებიდან ვეღარ წაშლი.

ზუსტად ფორმების ცვალებადობაა, რისთვისაც ადამიანები მოგზაურობენ - ახალი ფორმების აღმოჩენის, ასევე საკუთარი ფორმების შეცვლის სურვილი. LC Queisser, როგორც ხელოვნების გალერეა, ამ ნომადური ფორმადქმნადობის შედეგია, ე.წ. ალტერმოდერნიზმის პრინციპით, გლობალურ კონტექსტში შექმნილი ხელოვნება. 

15 მაისს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF) პარაელურად, LC Queisser-ში თეა გვეტაძის სოლო გამოფენა გაიხსნება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა