გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლეტერატო
თეგები: #ინდიგო N23

ლეტერატო – აზროვნების აკადემია თბილისში

ზოგი კუთხე ნათელი, მშვიდი, მინიმალისტურია, ზოგი ალადინის ზღაპარში გახვედრებს – ფერადი, მყუდრო, უშუალოა და ბავშვობაში საკუთარი კარვის სანატრელ გარემოს გაგონებს. ამ სივრცეში გაიხსნა თბილისში ლეტერატო – აზროვნების აკადემია.

აკადემიაში პასუხებს ის ადამიანები იპოვიან, რომლებსაც სკოლის ასაკის შვილები ჰყავთ და მათი მუდმივი საფიქრალი ერთნაირია: როგორ მივცე ჩემს შვილს სწორი განათლება, საკმარისია და გამოადგება თუ არა ცხოვრებაში ის, რასაც სკოლაში სწავლობს, როგორ შევამციროთ გაჯეტებთან გატარებული დრო...

ლეტერატოში მოზარდებს ზოგადი განათლების მიღებასა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმარებიან. როგორ და რატომ, ამის შესახებ აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რაზმაძე გვიყვება.

ინდიგო:  რატომ უნდა მოაკითხონ აზროვნების აკადემიას?

თამარ რაზმაძე: ჩვენი აკადემია მოზარდებს და მათ მშობლებს სთავაზობს სივრცეს, სადაც ბავშვები შინაარსიანად, საინტერესოდ და, რაც მთავარია, ნაყოფიერად გაატარებენ თავისუფალ დროს, რომლის სწორად დაგეგმვაც დღეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. გვინდა შევქმნათ სივრცე, სადაც ბავშვები ძალიან გაიზრდებიან როგორც ზოგადი განათლების, ასევე კრიტიკული აზროვნების უნარების მიმართულებით.

ინდიგო: როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

თამარ რაზმაძე: გვაქვს ორ ასაკობრივი ჯგუფისთვის დაყოფილი (V-VIII და IX-XII კლასელებისთვის) სამი კლასი – წიგნები და წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება და ლოგიკა, და ხელოვნების ისტორია. პირველი ორი კლასი ერთ პაკეტშია, ხელოვნების ისტორია – ცალკე.

ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს – ზოგადი განათლება და საჭირო უნარები.

ვეცადეთ, პროგრამები ისე გაგვეკეთებინა, რომ მოზარდების პოტენციალში საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი თავისუფალი სივრცე შეგვევსო. ინტერაქციული, პრაქტიკული სამუშაოებით, ინტელექტუალური თამაშებით,  სიმულაციებით და დებატებით ვეცდებით, მოზარდებს გავუუმჯობესოთ დამოუკიდებლად და ლოგიკურად აზროვნების უნარი, ჩამოვაყალიბებინოთ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის, არგუმენტირებული მსჯელობის, თვითგამოხატვის, კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები. აქ გვინდა იყოს სივრცე, სადაც ეთიკურ საკითხებზეც იქნება მსჯელობა. დისციპლინის სახით გავივლით, რა არის ლოგიკური ცდომილებები, როგორც ვერბალური, ასევე მათემატიკური. ეს ყველაფერი ისე არ გაკეთდება, რომ ამ ბავშვებს სამყაროს ჯადოსნურობის განცდა დაეკარგოთ. ყველაფერს რაციონალურად თუ დავალაგებთ, აღარ დარჩება რაღაცებისთვის ადგილი (შემოქმედებითობისთვის, გრძნობებისთვის). 

გვექნება სერიოზული კრიტიკულად სააზროვნო თემები, საკამათო საკითხები, რომლებიც საზოგადოებას დღეს აწუხებს. მაგალითად: მშენებლობა და ეკონომიკის განვითარება თუ ეკოლოგია და სიმწვანე. ვასწავლით, როგორ გავაანალიზოთ და დავალაგოთ ფაქტები ისე, რომ საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება. ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, ისეთზე, რომელიც დღევანდელ მოზარდებს აინტერესებთ. ვუყურებთ ფილმებს, გვეყოლება სხვადასხვა პროფესიის საინტერესო სპიკერები, მწერლები.

ხელოვნების ისტორიის კურსზე გამოქვაბულის მხატვრობიდან დაწყებული თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებამდე ყველა საფეხურს გაივლიან და ეს ყველაფერი სახალისო ფორმით მიეწოდებათ. გარდა ამისა, შევეხებით კულტურის თემებს, კავშირებს სხვადასხვა კულტურასა თუ მოვლენას შორის. 

ინდიგო: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სივრცის შექმნა, რა საჭიროებებმა გიკარნახათ?

თამარ რაზმაძე: გარდა იმისა, რომ ჩემი ცხოვრების დიდ მონაკვეთში ვასწავლიდი, ამ იდეისთვის ბოლო ბიძგი OECD-ის PISA-ს (The Programme for International Student Assessment) კვლევებმა მომცა, რომელშიც საქართველო ყოველთვის არასახარბიელოდ აჩვენებს თავს. ეს პროგრამა 15 წლის მოზარდებში ამოწმებს  მეცნიერების, მათემატიკის, წიგნიერების ცოდნასა და უნარებს. იმ ასაკში, როცა ბავშვებს უკვე აქვთ დაგროვილი გარკვეული ცოდნა, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი დარჩათ ზრდასრულ ცხოვრებამდე. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლება გაკეთდეს და ეს მოვიფიქრე. 

ინდიგო: რა დროს გაატარებს ლეტერატოში მოზარდი?

თამარ რაზმაძე: ჩვენი გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩატარდება საღამოობით მთელი სასწავლო წელი – 1 ოქტომბრიდან 30 ივნისის ჩათვლით. ხელოვნების ისტორიის გაკვეთილი 1 საათი გრძელდება, წიგნები და წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება – 1.5 საათი. სურვილის შემთხვევაში ორივე პროგრამის აღებაც შესაძლებელია. ჩვენი პროგრამები იმგვარადაა შედგენილი, რომ ბავშვებს ზედმეტ ტვირთად არ დავაწვეთ.

 

 

ლეტერატო – აზროვნების აკადემია

ანა პოლიტკოვსკაიას 3. კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“

599510339; 599350609

2letterato@gmail.com

Facebook.com/letteratoschool

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა