ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

მარჯანიშვილის უბანი - es ist kein Spaß…

რას აღმოაჩენ, როცა შენთვის ძალიან ნაცნობ უბანს დამკვირვებლის თვალით შეხედავ? როცა გამიზნულად დაათვალიერებ გარემოს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში დააკვირდები და შეისწავლი ცვლილებებს, წაიკითხავ მის შესახებ ისტორიულ მასალებსა და გადახედავ არქიტექტურულ ესკიზებს? უკვე ხომ თავადაც ხვდებით - ამ გამოცდილების მიღების შემდეგ, თქვენთვის ვითომ აქამდე ისედაც ნაცნობ უბანს ძველებური თვალით ვეღარასდროს შეხედავთ. ცოცხალი კონტაქტი უბანთან არასდროს გაწყდება. ნახავთ, რომ როცა აკვირდები, გარემო შენს თვალწინ გარდაიქმნება და ესაა ცვლილებები, რომელთა აღმწერი და მემატიანე თავად ხარ.

თუმცა, ამ კითხვაზე უფრო ვრცელი პასუხი გახლავთ პროექტი “მარჯანიშვილის უბანი”, რომელიც თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და გამოფენისა და ურბანულ გარემოში მოწყობილი არქიტექტურული ტურების სახით ამ უბნის ისტორიები გააერთიანა.

გამოფენა მარჯანიშვილის #7-ში, სრულად განახლებულ ისტორიულ შენობაში 15 ოქტომბერს გაიხსნა. თიბისის მთავარი კურატორი, ნინა ახვლედიანი გვესაუბრება:

რადგან თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ჩატარება ემთხვეოდა თიბისი კონცეპტის შენობის გახსნას, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხად იდგა, თუ რა იქნებოდა ის პირველი კულტურული ღონისძიება, რომელიც ამ შენობის გახსნის აღსანიშნავად გაიმართებოდა. გვსურდა, ეს ღონისძიება თემატურ კავშირში ყოფილიყო ისტორიული შენობის მშენებლობასთან, მის რეკოსტრუქციასთან. ვიცოდით, რომ ხელოვანი და სცენოგრაფი, ირინა ქურთიშვილი მუშაობდა მარჯანიშვილის უბნის თემაზე. მისი პროექტი 1980-1990-იან წლებში ამ უბნის რეკონსტრუქციის ძალიან საინტერესო არქიტექტურული არქივის წარმოდგენას მოიცავდა”.

ასე შედგა კონტაქტი თიბისი კონცეპტსა და პროექტის ავტორს შორის, რომელმაც მარჯანიშვილის უბნის, სუბიექტური ხედვა შემოგვთავაზა, თუმცა ამავდროულად, ამ სუბიექტურ ჭრილში ზოგადი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ძვრები წარმოაჩინა. მეტიც, გამოფენის დამთვალიერებლებმა და ტურების მონაწილეებმა დაინახეს, რომ მარჯანიშვილის უბანი ზოგჯერ ამ ცვლილებების ამსახველი არეალია, ზოგჯერ კი - ახალი ტრენდების გამომწვევი მიზეზი და ინსპირაციაც.



გამოფენის კურატორი: ირინა ქურთიშვილი
თიბისის არტ-კურატორი: ნინა ახვლედიანი

ირინა ქურთიშვილი გერმანიასა და საქართველოში მუშაობს და თავისი გამოფენებით ირიბად თუ პირდაპირ თითქმის ყოველთვის იკვლევს თბილისსა და მის არქიტექტურას, და ამ გარემოში დაფარულ თუ დავიწყებულ კონტექსტებს ეძებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი არქივი მოიცავს ფოტოებს, ნეგატივებს, ნახაზებს, კოლაჟებს, ჩანაწერებსა და მარჯანიშვილის უბანთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებიც მისი მამის, არქიტექტორ ვოვა ქურთიშვილის მოღვაწეობას უკავშირდება. ეს მასალები ირინას არაერთხელ გამოუქვეყნებია თავის პუბლიკაციებში, რომლებიც ავსტრიაში და გერმანიაში ნაჩვენები გამოფენების ფარგლებში გამოიცა. 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივის გვერდით, თიბისი კონცეპტის სივრცეში გამოფენილია 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალებიც; ასევე, ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ორიგინალი ჩანაწერები. ამ ყველაფერს ავსებს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ეროვნულ არქივში მოიებული ფოტომასალა.

“პროექტი «მარჯანიშვილის უბანი» წარმოაჩენს ტერიტორიას, რომელიც თბილისის მარცხენა ბირთვის შემადგენელი ნაწილია. ის დაარსდა მე-19 საუკუნეში, როდესაც თბილისის ჩრდილო-დასავლეთით გერმანელების კოლონია შეიქმნა. გამოფენა წარმოადგენს ამ ადგილის ისტორიულ, კრიტიკულ, ირონიულ და პოეტურ ასპექტებს სხვადასხვა კონტექსტსა და მედიაში, მათ შორის, 1980-იან და 1990-იან წლებში ამ უბნის რეკონსტრუქციის არქივს”, - ვკითხულობთ პროექტის ბროშურაში, რომლის ერთ-ერთი თემა სწორედ მარჯანიშვილის #7-ში მდებარე, პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის მიერ 1913 წელს აშენებული ოთხსართულიანი ნაგებობაა, რომელსაც წრიული ფორმის შესასვლელი დარბაზი აქვს და ფასადზე გამომავალი ვერანდებითა და დიდი გუმბათით გვამახსოვრებს თავს. თაობას გააჩნია - ზოგს კარგად ახსოვს, რომ საბჭოთა პერიოდში აქ ცენტრალური უნივერმაღი იყო განთავსებული, უფრო შემდეგ თაობას ახსოვს 1990-იან წლებში ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი, გამოკეტილი შენობა და 2000-იანი წლების დასაწყისში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობაც, რომელთა დასრულების შემდეგ აქ თიბისი ბანკი განთავსდა.



მარჯანიშვილის უბნის რეკონსტრუქცია 1980-იან წლებში
ავტორი: ვოვა ქურთიშვილი, ტუში ქაღალდზე

გამოფენა მიმოიხილავს მარჯანიშვილის თეატრს, „წიგნის პალატას”, ე.წ. „მწვანე შენობას”, ასევე 1980-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტს, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის „იდეალისტური პროექტების” ერთ-ერთ მაგალითს, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა.

გერმანელების მიერ გაშენებული უბანი სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა. გამოფენა ერთგვარი ქრონოლოგიურობით ასახავს ამ პროცესს - ჯერ დასავლური კულტურისა და გერმანელების კვალის ჩანაცვლებას საბჭოთა ეპოქით. შემდეგ უახლესი ისტორიის ხშირად ქაოტურ და გარდაუვალ პროცესებს, რომლებიც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის გავლენებს დაექვემდებარა.

«პანდემიის დროს, ამ უბანს თითქოს ისევ დავუახლოვდი», - ამბობს ირინა ქურთიშვილი. მისი სტუდენტური მოგონებები უკავშირდება მარჯანიშვილის 2 ნომერს, სადაც მდებარეობდა მისი მამის სახელოსნო - დღეს პატარა ბინა-მუზეუმი, სადაც არქიტექტორის ნახაზები, მაკეტები და სხვადასხვა სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული მასალები ინახება.

ირინა ამბობს, რომ «მას ყოველთვის აინტერესებდა თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, არქიტექტურა მისთვის ამ ცოცხალი პროცესის საკვლევი ინსტრუმენტია, რადგან ის ადამიანების ცხოვრებას და ისტორიას უკავშირდება».

ძალიან საინტერესოა, მაგალითად, მარჯანიშვილის საცხოვრებელი კორპუსების ერთ-ერთი მაღლივი შენობის, ე.წ „არაშენდას”, ანუ მე-16 კორპუსის ისტორია, რომელსაც ახალგაზრდა არქიტექტორების ჯგუფი «მაუდი» იკვლევდა - ლიზა ბოკერიამ, დიმიტრი ერისთავმა, ლადო შონიმ და ტილმან ჰაზელოფმა ბერლინიდან, პროექტს «სივრცული წარმონაქმნები» უწოდეს და თბილისის რვა დამახასიათებელი საცხოვრებლის ტიპოლოგია წარმოადგინეს.

«ირინამ ჩაატარა დღის და ღამის ტურები, სადაც ტურის მონაწილეებს შენობების ისტორიასთან ერთად სხვადასხვა მიკროკონტექსტებიც გააცნო. ამ ყველაფერმა უბნის ისტორიის ძალიან ფართო არეალში დანახვის საშუალება მოგვცა», - ამბობს ნინა ახვლედიანი.

რატომ დღის და ღამის ტურები? ირინა მპასუხობს, რომ «მარჯანიშვილის უბანი დღისით და ღამით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია», ეს მან პანდემიის პირველ თვეებში, აღმოაჩინა, როცა უბანი ფეხით დაიარა. მისთვის, როგორც ხელოვანისთვის საინტერესო იყო სწორედ ღამით განათებული უბანი, რადგან წლების წინ, თბილისი ერთიანად ჩაბნელებული ახსენდება...



ვოვა ქურთიშვილის სახელოსნო, AA Architecture Ambience

«პროექტი “მარჯანიშვილის უბანი” არ არის მარტო არქიტექტურული კვლევა, ის ანთროპოლიგიურ და სოციალურ კონტექსტებსაც მიმოიხილავსგერმანელების  ჩამოსახლების და მათ მიერ ამ ტერიტორიის აღმშენებლობის ისტორია ფაქტობრივად, პოლიტიკაა. გამოფენაზე კარგად ჩანს ეს საბჭოთა კავშირის 20-იანი წლებიდან მომხდარი ამბები, თუ რა სახელები ეწოდათ თავდაპირველად ამ უბნის ქუჩებს, როგორ მოხდა შემდგომ მათი გადარქმევა, გერმანელების გადასახლება...  1885 წელს გერმანელების თხოვნით აქ ააგეს პირველი (ვერის) ხიდი, რომლითაც მარცხენა სანაპირო გოლოვინის პროსპექტს მიუერთდა. ამ ხიდსაც არაერთხელ გადაერქვა სახელი. დღეს მას გალაკტიონის ხიდი ჰქვია. გალაკტიონ ტაბიძე ხომ აქვე, მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) #4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. ეს მომენტიც უბნის ისტორიის ნაწილია და გამოფენას პოეტურ ხაზად გასდევს. ამ უბანს ნამდვილად ყავს თავისი ადგილის დედა... » - ამბობს ირინა.

თბილისის არქიტექტურული ბიენალე წელს ციფრულ პლატფორმაზე წარიმართა. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმ მოცემულობით, რომელიც პანდემიამ გამოიწვია და, ამავდროულად, იყო ნააზრევის ახლებურად გამოხატვის შესაძლებლობაც, როცა კიდევ უფრო აქტუალურად დაისვა საკითხი, თუ რა დარჩათ საერთო საკუთარ, კერძო სივრცეებში იძულებით შეკეტილ ადამიანებს, სახიფათო ვირუსის გარდა. 

«ადამიანების და ქალაქების დინამიკა, რომლებიც ყოველდღიურად სპონტანურად იცვლებოდა, ჩვენთვის ერთგვარ მასალად გროვდებოდა წლევანდელი თემის განსავრცობად. ჩვენთვის გამოწვევა იყო შეგვენარჩუნებინა დაგეგმილი მოცემულობა და თან შეგვექმნა კონტექსტი თემაზე ნებისმიერი მედიუმით რეფლექსირებისთვის”, - ამბობს გიგი შუკაკიძე, თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.

თუკი თქვენც გადაწყვეტთ, ქალაქში “სხვა თვალით” სიარული დაიწყოთ, ჯობს ეს ურბანული ექსპედიცია მტკვრის მარცხენა სანაპიროდან დაგეგმოთ. გამოფენაზე “მარჯანიშვილის უბანი” ნახავთ, თუ რამდენი ისტორიის, რამდენი მოვლენისა და ადამიანის მოძიება შეგიძლიათ ამ ერთ პატარა ადგილას.

გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.


ფოტო: გურამ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე