გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

მარჯანიშვილის 7 - ახალი ფუნქცია ახალ ურბანულ კონტექსტში

მე-19 და მე-20 საუკუნეების გასაყარზე, თბილისი, ანუ ჯერ კიდევ ტფილისი, უცნაურად ჭრელი, კონტრასტების ქალაქი იყო. მაშინდელი რუსულენოვანი გაზეთი „კავკაზი“ წერდა კიდეც: ტფილისი... გარკვეული თვალსაზრისით, ორსახა იანუსია, ერთი სახით აზიას უყურებს, მეორეთი კი – ევროპასო.

ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ იდეალურად გამოდგებოდა ეს ფოტოც: წინა პლანზე ქალამნებიანი მუშები შეშით დატვირთულ სახედარს ორივე მხარეს ამოსდგომიან, ფონზე კი მასიური შენობის მდიდრული ფასადი ჩანს: სვეტებზე დაყრდნობილი ნახევრად წრიული ქვის აივნითა და დეკორატიულად გაფორმებული კედლის კუთხეებით; მოდერნის ერთ–ერთი საუკეთესო ძეგლი თბილისში – იმ სტილისა, რომელმაც ჩვენი ქალაქის ევროპული იერსახე განსაზღვრა.

კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა, 1910-იანი წლები, საარქივო ფოტოასლი

ეს შენობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანული კოლონიის „ნოი-ტიფლისის“ ორგანულ ნაწილად, მაშინდელი კიროჩნაიას და დიდი მთავრის, დღეს – მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების გადაკვეთაზე აშენდა. კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ ესკიზურ პროექტზე კონკურსი 1910 წელს გამოაცხადა. ორი პრემირებული პროექტის საფუძველზე შექმნილი გეგმის განხორციელება ალექსანდრე როგოისკის დაევალა. ეს პოლონური წარმოშობის არქიტექტორი თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მის ნამუშევრებს შორის დღემდე გამოირჩევა სასულიერო სემინარია ვაკეში – მოგვიანებით მე-9 საავადმყოფოს შენობა და საბებიო ინსტიტუტი, მასთან არსებული სამშობიარო ჰოსპიტლით – ამჟამად აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტი კოსტავას ქუჩაზე.

სავარაუდოა, რომ როგოისკიმ ანგარიში გაუწია უშუალო სიახლოვეს მდებარე, ახლად დასრულებულ შენობას – მოდერნის სტილის კიდევ ერთ გამორჩეულ ნიმუშს თბილისში – ზუბალაშვილისეულ სახალხო სახლს, რომელიც დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრია და თავისი დაკვეთის მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტაც ტაქტიანად და გემოვნებით შეუსაბამა მას.

1912 წელს როგოისკი გარდაიცვალა. სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელობა კი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მოწვეულმა ინჟინრებმა გადაიბარეს და ნაგებობა, მცირედი ცვლილებებით, თუმცა ძირითადი სტილის შენარჩუნებით, ერთ წელიწადში დაასრულეს.

კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა 1913 წლის 30 ივნისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და თავისი საუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია. ესაა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მქონე 4-სართულიანი ნაგებობა, სარდაფით, სამი გუმბათით, მცირე ზომის შიდა ეზოთი, კარისა და ფანჯრების განიერი ღიობებით და უხვად დეკორირებული ფასადებით. მოდერნის სტილის სხვა შენობების მსგავსად, მას დასრულებული, მდიდრული და გამორჩეული სახე თბილისში მოქმედი ხის, ქვისა და ლითონის მხატვრული დამუშავების სახელოსნოების წყალობით მისცეს. დეკორის ყველა ელემენტი და უმცირესი დეტალი მოდერნის სტილთან შესაბამისობაში დამუშავდა: სახელურები, მოაჯირები, სარკე, ლარნაკი, ქანდაკებები... ინტერიერის უნიკალური, სილამაზით გამორჩეული ელემენტია ლითონის აჟურული, სამმარშიანი, სანათურებიანი საპარადო კიბე. მარმარილოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები თბილისში ცნობილი იტალიელის – ანჯელო ანდრეოლეტის ქვის დამამუშავებელ საამქროში შესრულდა.

თავისი საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია. გასაბჭოების შემდეგ აქ მუშათა კოოპერატივი გაიხსნა. შენობის ცენტრალურ გუმბათზე განთავსებული რუსეთის იმპერიის სიმბოლო – ორთავიანი არწივი გაქრა. რელიეფურ მედალიონში გამოსახული წმ. გიორგის ჯვარი კოოპერაციის სიმბოლომ ჩაანაცვლა. 1934 წლიდან აქ დიდი ხნით თბილისის ცენტრალური უნივერმაღი განთავსდა.

2002 წელს თიბისიმ შენობის უნიკალური სახის შესანარჩუნებლად, მასშტაბური სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ნაგებობა ბანკის სათავო ოფისად იქცა.

წლების შემდეგ, მარჯანიშვილის 7-მა, შეიძლება ითქვას, რომ თავისი თავდაპირველი, ისტორიული ფუნქცია დაიბრუნა. ქალაქის უნიკალური, ისტორიული შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა აქ, ახლა ახალი კონცეფციით გაცოცხლდა და აქაურობა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაისახა, სადაც მისული ადამიანები პერსონალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, ყველა იმ დამატებით სარგებელს მიიღებენ, რომლებიც მათ საჭიროებებზე, საქმიანობასა და ინტერესებზეა მორგებული. სრულიად ახალი კონცეფციის ღია სივრცე ყველასთვისაა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი აქ განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

იდეა და პროექტი, ორი წლის განმავლობაში, ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტოსთან – Sheridan & Co-სთან ერთად მუშავდებოდა. Sheridan & Co 1983 წელს დაარსდა. დღეს მას მსოფლიოს მასშტაბით ოთხი ოფისი აქვს: ლონდონში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ლესტერშირში და არსებობის თითქმის 40 წლის თავზე ფასდაუდებელ „აქტივებს“ ფლობს: გამოცდილებას, ნდობას, მსოფლიოს ყველა კუთხეში განხორციელებული საინტერესო პროექტების პორტფოლიოსა და კლიენტების გრძელ, შთამბეჭდავ სიას: სონი, სტელა მაკარტნი, ტომ ფორდი, რევლონი, რობერტო კავალი, პალომა პიკასო, მარკ ჯაკობსი, კარლ ლაგერფელდი, არმანი, ბაკარდი, კარტიე, შანელი, გუჩი, ლორეალი და ა.შ. სტრატეგია, დიზაინი, რეალიზაცია – კომპანიის მრავალფეროვანი გუნდი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების თითოეულ ეტაპზე იღებს პასუხისმგებლობას. „ცოტა რამაა, რისი შექმნაც ჩვენთვის არ უთხოვიათ მუშაობის მანძილზე. მაგრამ ვიცით, რა აერთიანებს ყველა პროექტს – ზრდა. ჩვენ თავს ბრენდის ზრდის კატალიზატორად მივიჩნევთ“.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

Sheridan & Co-ს დაგეგმარების მიხედვით, თიბისის მულტიფუნქციური სივრცე შენობის ოთხ სართულზე – სულ 2400 კვ. მეტრზე გადანაწილდა. ესაა საქართველოში პირველი Flagship-ის ტიპის სივრცე, რომელიც 11 ზონად დაიყო: საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

მარჯანიშვილის 7 იდეალური გარემოა შეხვედრებისთვის და იდეების გაზიარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და პროექტებს უმასპინძლებს განსხვავებული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად – ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც შესაძლოა სხვებისთვის პროფესიული წინსვლის, განვითარებისა თუ ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.

ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ინტეგრირება, მისი ფუნქციური და შინაარსობრივი განახლება – თიბისი კონცეპტის სივრცის მიზანია. ის ღიაა და გველის.



ფოტო: გურამ კაპანაძე
ტექსტი: გიორგი კაპანაძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა