გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
Maroma Collection

ფერადი, მრავალფეროვანი, ბუნებრივი - Maroma Collection

თანამედროვე მოდის სფეროში მოქმედებს ეკოლოგიისა თუ სამართლიანი შრომის დაცვაზე ორიენტირებული ფასეულობები, რომლებიც ბრენდებს სხვადასხვა ქვეყნიდან ადგილობრივი კონტექსტების მიღმა აკავშირებს და მათ საერთო მიმართულებებს ქმნის.

როცა ბრენდი ავლენს ამ ფასეულობების მიღებისა და გათავისების ნიშნებს, მაშინ ის ნაცნობი და სასურველი ხდება საკუთარი კულტურული კონტექსტის გარეთაც - უცხო ქვეყანაში - იქ, სადაც ამ ნიშნებს სხვებიც კითხულობენ, სადაც ამ ფასეულობებით ცხოვრობენ.

სხვადასხვა ბაზარზე გასვლას განსხვავებული ცოდნა, კონკურენტუნარიანობა და კვალიფიკაცია, ასევე, ადგილობრივი თავისებურებების წაკითხვის უნარი სჭირდება. ამ გამოცდილებებს დღეს სულ უფრო მეტი ქართული მოდის ბრენდი აგროვებს. მათ შორისაა Maroma Collection-ი, რომელიც ევროპისა და ამერიკის შოურუმებში გამოსვლის შემდეგ იაპონურ ბაზარზე შევიდა.

maroma collage 1

Maroma Collection-ი საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA-ს) წევრი კომპანიაა, რომელიც პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ტოკიოს შოურუმზე უკვე მეორედ წარსდგა. ეს ასოციაციაც ამავე პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა. ის აერთიანებს 35 წევრ კომპანიას, რომელთა შორის არიან ტანსაცმლის მწარმოებლები, მოდის დიზაინერები, ტანსაცმლის ფაბრიკები და ატელიები.

ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანიც ამ სფეროში მოქმედი კომპანიების მხარდაჭერა და გაძლიერებაა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, - აღნიშნავს სალომე არღვლიანი, „კლასტერები განვითარებისთვის“ პროექტის ექსპერტი. ხოლო Maroma Collection-ის გასვლა იაპონის შოურუმში იმ წარმატების მაგალითია, რაც მსგავს მხარდაჭერას მოჰყვება როგორც ინდივიდუალურად, ცალკეული კომპანიებისთვის, ისე - ზოგადად ქართული მოდის სფეროსთვის.

Maroma Collection-ის ოთხი მთავარი პრინციპი მრავალფეროვნება, თვითგამოხატვა, ეროვნული სიამაყე და ბუნებრიობაა. ასევე, რწმენა იმისა, რომ მოდა უსაზღვროა და ჩარჩოები არ აქვს.

ახალ ბაზარზე წარდგენილი შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შექმნისას Maroma Collection-ის ეს ძირითადი ფასეულობები, ცხადია, არ შეუცვლია. თუმცა, ესთეტიკა და, რაც მთავარია, ნაწარმის შესრულების სტანდარტები ახალი კულტურისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დამუშავდა.

maroma collage

„საბოლოო კოლექციის აწყობას სამი თვე დასჭირდა, თუმცა, მანამდე ესკიზების დამუშავების ხანგრძლივი და რთული პროცესი გავიარეთ“, - ამბობს Maroma Collection-ის დამფუძნებელი მადო რომანაძე. საბოლოოდ, იაპონელი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ნიმუშები ქართულ კულტურულ ელემენტებზე აიგო, რაც იაპონელი ბაიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა.

„კოლექციაში გამოყენებული მასალები მთლიანად ნატურალურია, მაგალითად, ხავერდის ქსოვილი ასპროცენტიანი ბამბისგან დამზადდა, ტყავის ქურთუკები ეკო ტყავისგან შეიკერა. მათზე დატანილია ხევსურული ორნამენტები, რომელიც საავტორო უფლებით გადმოეცა ჩვენს კომპანიას და უნიკალური მოყვანილობისა და მნიშვნელობისაა“, - დასძენს მადო რომანაძე

ტოკიოს შოურუმში წარდგენილ ნიმუშებს შორის არის ნაქსოვი კოლექციაც. თითოეული მათგანი ხელითაა შესრულებული, ღებვის შრომატევადი და რთული პროცესით: „თითოეული რომბი ცალ-ცალკე მოვქსოვეთ და ამის შემდეგ ავაწყვეთ ჟაკეტის კონსტრუქცია“.

jaketebi

„იაპონიაში მოდის სექტორებში წარმოუდგენელი მრავალფეროვნება შეინიშნება. თუმცა, ამ ფართო არჩევანის მიუხედავად, ქართული ბრენდების გამოჩენას მაინც მოაქვს სიახლის შეგრძნება ბაიერებისა და მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნავს მოდის ექსპერტი ჰაიატო იშიჰარა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

„ქართული მოდის ბრენდებს ჩვენთან არ იცნობენ და ამიტომ ცნობისმოყვარეობით ხვდებიან. სურთ, გაიცნონ ისინი და გაიგონ, თუ რას სთავაზობს ახალსა და განსხვავებულს ქართული მოდა. თუ ეს ბრენდები შეძლებენ, წარმოაჩინონ ისტორია, ამბავი ბრენდის მიღმა, ეს დამატებითი ბენეფიტი იქნება“, - აცხადებს ჰაიატო იშიჰარა.

პროექტის მხარდაჭერით, Maroma Collection-მა მონაწილეობა ჯერ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მოწყობილ სხვადასხვა შოურუმში მიიღო. სწორედ პარიზში გაჩნდა პერსპექტივა იაპონიაში საკუთარი ბრენდის წარსადგენადაც. ტოკიოს შოურუმში Maroma Collection-ის მონაწილეობას მხარი პროექტის გარდა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დაუჭირა.  

Maroma Collection-ის წარმატებული გასვლა იაპონიაში კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ფასეულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ქართველი დიზაინერების გასაძლიერებლად. ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო მასშტაბური მაგალითია ამ ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკის უკეთ გასაცნობად და მომხმარებლის ქცევის დასადგენად მოდის ასოციაციის წარმომადგენლობის სამუშაო ვიზიტის ხელშეწყობაც იაპონიაში. 

„მეორე შოურუმის სეზონზე დიდი დელეგაცია ვეწვიეთ ტოკიოს იმ მიზნით, რომ გავცნობოდით შოურუმების წარმომადგენლებს, გვენახა პროექტები და მიმართულებები, რაც ქართულ კომპანიებს ამ ახალ ბაზარზე გასვლაში დაეხმარებათ. მიღებულ ცოდნას, კონტაქტებსა და ინფორმაციას გადავცემთ ქართული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს, რათა მათ ახალ ბაზარზე შესვლის პროცესი გაუადვილდეთ“. - აღნიშნავს სალომე არღვლიანი.

პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში ბიზნეს კლასტერების შექმნის გზით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის  გაზრდის ხელშეწყობაა. 


ავტორი: თამარ ქობალია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა