მაშინ სახლს სხვა ფუნქცია ჰქონდა | გურამ წიბახაშვილი
29.01.2021განსაკუთრებით 90-იანების დასაწყისში, როცა ყველაფერი დახურული იყო, დენი არ იყო, არაფერი არ იყო, ლადო ბურდულმა თავისი სახლი აქცია ყველაფრად. შეიძლება ითქვას ფილარმონიად, შეიძლება ითქვას მოდების საჩვენებელ დარბაზად.
რაც მიუღებელი იყო იდეოლოგიისთვის, ყველაფერი აკრძალული იყო, ამიტომ თუ რამე ხდებოდა, სახლებში ხდებოდა. ამით მოხერხდა ის, რომ რაღაცები არ შეწყდა. ის აძლევდა საშუალებას ადამიანებს, რომ თუ რამის გამოხატვა უნდოდათ, გამოეხატათ.
ფოტოებზე ჩანს კიდეც, რომ შუქი არ არის და სანთლები ანთია. ეს სანთლები მოსართავი კი არ არის, სინამდვილეში ეს იყო ის რეალური განათება, რომლითაც იქ ვთქვათ მოდის ჩვენება ხდებოდა ან სურათების გამოფენა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ ინიციატივებს. რეალურად ეს იყო მსხვერპლი. სახლში ადამიანების შეშვება. ალბათ, ირაკლი ფარჯიანთან უფრო ადრე მოვხვდი. ირაკლის სახლი შორს იყო, ნუცუბიძეზე.
იქ ასვლა ადვილი არ იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო მოსაუბრე იყო, ყველა ცდილობდა მასთან სტუმრად მისულიყო და ერთი შეხედვით ამას ერქვა, რომ არის ჩვეულებრივი სტუმრობა, სინამდვილეში ეს იყო დიალოგების ფორმა ადამიანებს შორის, აზრთა გაცვლის ფორმა, რომლებიც აძლიერებდა მასაც და სხვასაც. ეგეთი სახლებიც არსებობდა, სადაც თითქოს ეს არ იყო ესეთი შეხვედრების სახლი, მაგრამ თავისი ღიაობით გიზიდავდა.
მაგალითად, ტატო კოტეტიშვილი არის ჩემი თაობის რეჟისორი. ესე რომ გავივლიდი ხოლმე, თუ ახლოს გავივლიდი, ვიფიქრებდი, მოდი შევუვლი. ერთხელ შევედი და არავინ არ იყო სახლში. კარი ღია იყო, შევედი, სამზარეულოში დავჯექი, ათი წუთი ველოდე, ამ ათ წუთში შემომეჭამა მათი გუდის ყველი, როგორი გასაძლებია, გუდის ყველი რომ დევს. ვუცადე, ვუცადე და წამოვედი მერე. მერე დავურეკე მეორე დღეს, ვიყავი-მეთქი სახლში არავინ არ იყო, კარი ღია იყო, ეს კარი სულ ესეაო მითხრა.
მისი სახლიც ეგეთი ადგილი იყო, სადაც შეგეძლო შეგევლო. აი, ეს შეგევლო ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იცოდი ის კარი დაკეტილი არ არის. ცენზურა არსებობდა და იცი, რომ ეს ცენზურა ახლა აქ არ მუშაობს და ამიტომ იყავი თავისუფალი. მე მგონი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კერძო სივრცეებში. თუ დღეს ადამიანები კერძო სივრცეებში იკრიბებიან, იმიტომ, რომ ისინი გათავისუფლდნენ.
90-იანების ბოლოს, როცა ქვეყანამ ცოტა ამოისუნთქა, როცა შუქი ჩაირთო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა მეტ-ნაკლებად, მერე მიხვდნენ, რომ ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ამ თავისუფლების ნიშნის ქვეშ, რომ არის ღირებული. ამიტომ ეს ყველაფერი მერე გადალგდა ფილარმონიებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში და საზოგადო სივრცეებში.