გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მასწავლებელი მოსწავლე სკოლა კვება შიმშილი

მასწავლებლები ხედავენ მოსწავლეების შიმშილს

რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლე მუცელში სპაზმურ ტკივილს გრძნობს, ყურადღება ეფანტება, თითები უბუჟდება ან ფეხებში სისუსტეს გრძნობს? ანუ რა ხდება მაშინ, როცა სკოლაში მოსწავლეს შია?

საქართველოში საჯარო სკოლების მოსწავლეებს ძალიან ხშირად აწუხებთ შიმშილის გრძნობა და „სულ ჭამაზე ფიქრობენ“ – ამბობენ მასწავლებლები[1].

ახალგაზრდა ადამიანების მონდომებასა და ენთუზიაზმე შიმშილი უმთავრეს გავლენას ახდენს; კვება აუმჯობესებს მოსწავლეთა განათლების ხარისხს[2].

მათემატიკური შესაძლებლობების, წიგნიერების დონისა და დასწრების საგრძნობი მატება გამოიწვია უფასო სასკოლო კვებამ – მოწმობს განაში ჩატარებული ექსპერიმენტი და შესაბამისი კვლევა[3].

მოზარდისთვის 9 საათიდან 3 საათამდე შიმშილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს.

„სულ შიათ. რამდენჯერმე მართლა ჩამშლია მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გაკვეთილები. იმიტომ, რომ მოსწავლეებს [შიათ], ერთს და ორს კი არა... მე არ მინახავს, რომ მოსწავლეს რაღაც სახლიდან წამოღებული ჰქონდეს, რომ გახსნას, მიირთვას“. - ეთნიკურად მრავალფეროვანი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი

შიმშილს აქვს სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ყურადღების გაფანტვა, უხასიათობა; ყველა იმ მინიმალური ფიზიკური თუ მორალური მზაობის შესუსტება, რაც საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისთვისაა აუცილებელი.

რა ვკითხოთ და არ ვკითხოთ მოსწავლეს, როცა ვიცით, რომ შია?

„საჭმელზე უთითებენ – არ გიჭამია, ხო? თათბირზე ვთქვი, მოდი, ეს კითხვა არ დავსვათ, ისედაც ხომ ვიცით; გოგო წაიქცა  და ვუთხარი: ჩაი უნდა დავლიო, მოდი, ფუნთუშა და ღვეზელი მაქვს და ერთად ვჭამოთ. მოვიდა  და ჭამა. თუ ვკითხავთ: უჭმელი ხარ და მაგიტომ ხარ ცუდად? არ შეჭამს. უჭმელი ვინცაა და ფულიც არ აქვს, ისინი დაგიმალავენ. - სოფლის სკოლის მასწავლებელი

ერთი მხრივ, მოსწავლეს შესაძლოა აწუხებდეს შიმშილის სიმპტომები, მთელი დღის განმავლობაში იყოს მშიერი და ვერ ხვდებოდეს, რომ შია; მეორე მხრივ, შიმშილზე მეტად სირცხვილის გრძნობა აწუხებდეს და არ აღიარებდეს, რომ შია. ცხადია, ორივე შემთხვევაში შედეგი მსგავსად მძიმეა, თუმცა შიმშილისა და უხერხულობის თანადროული ზეწოლა აორმაგებს მძიმე განცდებს, უთქმელობისა და უმოქმედობის სტერსს.

მასწავლებელმა ბავშვს ფული რომ მისცე, იქ მთელმა კლასმა უნდა დაგინახოს. ხვალ და ზეგ ეს იმ ბავშვის ბულინგის მიზეზი შეიძლება გახდეს.” - ქალაქის სკოლის მასწავლებელი

სახლიდან მოტანილი თუ ადგილზე ნაყიდი საკვების არაერთგვაროვნება, საარსებო მინიმუმში სხვაობა აჩენს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის, ბულინგის, როგორც მინიმუმ, უხერხულობის საფრთხეს. რამდენადაც მნიშვნელოვანია, არავინ დარჩეს მშიერი, იმდენადვე - არავინ დაიჩაგროს, გვეუბნებიან მასწავლებლები.

ვერ ვეუბნებით, რომ დარჩი; ვიცი, რომ მშიერია და ცუდად არ გახდეს. იყო შემთხვევა, დილას ადრე მოვიდა, ნაჭამი არ ჰქონდა და მერე შეუძლოდ ვარო. აღმოჩნდა, არაფერი ჰქონდა ნაჭამი, 6-მდე უნდა ყოფილიყო სკოლაში. - სოფლის სკოლის მაწავლებელი

ვიცით ისიც, რომ საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში არათუ ბუფეტი ან ჭამისთვის შესაბამისი სივრცე, არამედ წყალიც არაა. მძიმე საარსებო პირობები სახლსა თუ სკოლაში და დანაკლისის მუდმივი განცდა, საკვების, თანადგომისა და თანაგანცდის უკმარისობა ქართული საჯარო სკოლების ლამის ყოველდღიურ რეალობად იქცეს.

დაწვრილებით

მასწავლებლებიც ვნერვიულობთ. ბავშვს, რომელიც შეჭირვებული ოჯახიდანაა, როცა ერთხელ მაინც ექნება მიღებული საკვები, უფრო გულდამშვიდებული ვიქნებით. ხშირად გვესმის, რომ შეიძლება ფინანსურად ოჯახს არ უჭირდეს, მაგრამ გვიან ბრუნდებიან ოჯახში და ბავშვი მარტოა სახლში. იყო წინა წელს ასეთი შემთხვევა, და-ძმა იყვნენ პატარები და თვითონ აკეთებდნენ რაღაცებს და მშრალ საკვებს თვითონ ამზადებდნენ. - სოფლის სკოლის მასწავლებელი

უთქმელობისა და უმოქმედობის უხერხულობა მხოლოდ მოსწავლეებში არაა. მოსწავლის შიმშილი ყველაზე უფრო ხილვადი პრობლემაა; პრობლემაა უწყლობაც. ესაა ის, რასაც ხედავენ და განიცდიან მასწავლებლები, მაგრამ არსებობს თქმის და ქმედების უხერხულობა და რომ ვიღაც გაღიზიანდება, ვიღაცას შენი თქმა არ მოეწონება – სკოლაში წყალი არაა და მოსწავლეებს შიათ. 

„მასწავლებელს სულ რაღაცის ეშინია; რაღაცის მოთხოვნა არ შეიძლება, რომ ვიღაც რომ გაღიზიანებდება [...] შიში შეიძლება ხმამაღლა არ თქვან, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა.- სოფლის სკოლის მასწავლებელი

მასწავლებლები ხედავენ მოსწავლეების შიმშილს.


...

388 მილიონი ბავშვი სკოლაში სახელმწიფო დაფინანსებით იკვებება – მოსწავლეების სასკოლო კვების პროგრამები სოციალური დაცვის ყველაზე გავრცელებული მექანიზმია მსოფლიოში. სასკოლო კვებაზე დახარჯული ყოველი 1 დოლარზე ამონაგები 9 დოლარია, ანუ პროგრამის სარგებელი მის ხარჯს ცხრაჯერ აღემატება[4];

საქართველოში საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით პროგრამის წლიური ხარჯი 198 მილიონი ლარი იქნება[5].

...


გამოყენებული კვლევები:

[1] მოძრაობა ხმა. 2022. მასწავლებელი მშიერ საკლასო ოთახში;

[2] Adelman, S., Gilligan, D.O., Konde-Lule, J. & Alderman, H. 2019. School Feeding Reduces Anemia Prevalence in Adolescent Girls and Other Vulnerable Household Members in a Cluster Randomized Controlled Trial in Uganda;

[3] WFP. 2019. School Feeding in Ghana. Investment Case: Cost-Benefit Analysis Report;

[4] WFP. 2020. State of School School Feeding Worldwide;

[5] მოძრაობა ხმა. 2022. რა ღირს უფასო სასკოლო კვება.


ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა