გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კონსტანტინე ბოჭორიშვილი, 49 წლის ყოფილი პატიმარი

ბოლოს მეგონა, ქვა ვიყავი | წამება. გახსენება

ეს ზეპირი ისტორიები ასახავს GCRT-ის ოცდახუთწლიანი მუშაობის მხოლოდ მცირე ნაწილს. „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს მათთვის, ვისაც ვერასდროს ამჩნევდა სახელმწიფო. ომგამოვლილი, წამებაგამოვლილი ადამიანებისთვის GCRT მუდამ იყო უსაფრთხო სივრცე, სადაც მათ ძალადობის შემდგომ მკურნალობა, ძალების მოკრება და საკუთარ ყოველდღიურობასთან დაბრუნება შეეძლოთ.

კონსტანტინე ბოჭორიშვილი, 49 წლის

ყოფილი პატიმარი (სასჯელს იხდიდა 2004-2008 და 2008-2010 წლებში)


მამა, დედა, მე და ჩემი ძმა, მთელი ოჯახი სამორინეს ბიზნესში ვიყავით. 2004 წელს რო მოვიდა სააკაშვილის რეჟიმი (სისხლიანი - ესე დავარქმევ მე) რაღაც კანონები შეცვალა და სამორინეს დაკეტვა მოგვიხდა. მაქედან მალევე, მე ჩამიდეს შპრიცით მიზერული დოზა ნარკოტიკი და დამაკავეს. ჩაუშვი ვინმეო, გაგვიყვანე ბარიგაზეო, პირდაპირ მითხრეს სამმართველოში. მინიმუმ ექვსი წელი იყო ნარკოდანაშაულზე. პირველად მაშინ წავედი ციხეში.

ათკაციან საკანში ოცდაცამეტი ვიყავით. სიბინძურე, ტარაკნები, ბაღლინჯოები, ინფექცია შემეჭრა, დამიჩირქდა ყველაფერი. ორი თვის მერე მოვიდნენ პროკურორი, ადვოკატი და გამომძიებელი. ეგონათ, ბაღლინჯოების შემეშინდებოდა და ავლაპარაკდებოდი. საქმეს მოგიგვარებთ, ვინმე დაგვისახელეო.

უარი რომ მიიღეს, ადვოკატმა დედას ურჩია, სახლი გაყიდეთ, ექვს წელს სამამდე მაინც ჩამოვაწევინებო. გააყიდვინეს სახლი და დაიკარგა ყველაფერი, მაგრამ საქმე ვერ გაკეთდა.

შუაში რომ მოიგდებდნენ ეს ბადრაგები და ცემდნენ ხალხს ციხის კადრებში, ეგეთ წრეში შემაგდეს და ვიღაცის ფეხი მომხვდა თვალში. ნელ-ნელა ჩაქრა სინათლე. ვთხოვდი ექიმს, მომხედეთ, ვგრძნობ, როგორ პატარავდება სიმრგვალე-მეთქი და ნუ გეშინიაო, მამშვიდებდა, გახვალ და ოპერაციას გაიკეთებო. თურმე სასწრაფოდ საოპერაციო იყო. თითქმის ხუთი წლის მერე გავედი და ექიმმა ოპერაცია დაგვიანებულიაო - დავკარგე თვალი.

წელიწადნახევარზე მეტი ღია ზონაზე ვიყავი, მერე ეგრეთწოდებულ კრიტში გადამიყვანეს. იქ წაგვართვეს ყველაფერი – ოჯახის, შვილების სურათების გაკვრის უფლებაც არ გვქონდა. ორი თვე მანდ ვიყავი. ხელის დაბანის საშუალებაც არ გვქონდა. მერე თოთხმეტკაციან საკანში ვცხოვრობდით 36 ადამიანი. რიგ-რიგობით გვეძინა.

 კამერებში გადანაწილების დროს ყველას სცემდნენ – მოკრიმინალოსაც და წესიერსაც.  

ერთი ოფიცერი იყო, ნინძას ეძახდნენ, საშინელი, ცივსისხლიანი. სადღაც ქურდული სხოდკა იყო, თუ წამალი იხარშებოდაო, ზუსტად არ მახსოვს და ოპერაციაზე ნინძაც გაუშვესო. კრიშიდან თოკით ჩაეკიდა და ფანჯრიდან შეუვარდაო. ვითომ მაგიტომ დაერქვაო ნინძა. მაგრა ირტყმევინებოდა. მაგაზე ამბობდნენ, ზონაზე რო შემოდის, ჩიტებიც ჩუმდებიანო. რამდენჯერმე ხელიც დაიზიანა თვითონ, ისე სცემდა ხალხს. მეც მინახავს შეხვეული ხელით. ხერხემალში სპეციალური ხელთათმანებით ურტყამდნენ, რომ დაეინვალიდებინათ ტიპები. ბიჭები კალიასკებში დარჩნენ. შიშს თესავდნენ ეგრე. ვითომ მოძველბიჭო ელემენტებში, მაგრამ ყველას ხვდებოდა ეგ ხელი.

 მერე ტუბზონაში მოვხვდი, ცამეტკაციან ოთახში ორი საწოლი იდგა, ზემოდან არაფერი ეგო. იქვე საპირფარეშო გვქონდა, რომელიც არ ირეცხებოდა. ოთხი დღის მერე უკვე მოკუნტული ვიწექი, ვეღარ ვდგებოდი. ჩემმა ძმაკაცმა იყოჩაღა, ვიღაც შოტლანდიელები იყვნენ მოსულები და შედითო, ადამიანს ყურადღებას არ აქცევენო. რო მნახეს, სასწრაფოდ საავადმყოფოშია გადასაყვანიო. გადამიღეს და ტუბერკულოზი აღმომაჩნდა, ვიღაცა პატიმრისგან გადამედო.

 პირველ პატიმრობაზე ჩვეულებრივ ხმაზე მაინც ვლაპარაკობდით საკანში, ასეთი სისასტიკეები არ ხდებოდა. ეს მერე დაიწყო, 2006 წლის ციხის ბუნტის მერე. მეორედ 2008 წელს ისევ ნარკოტიკზე დამიჭირეს. მერე უკვე ჩურჩულით ლაპარაკობდნენ ციხეში. გავგიჟდი, მეთქი სად მოვხვდი. თურმე ხმის ამოღებაზე ცემდნენ, ლოცვის გულისთვის ჩაიყვანეს ერთი ათდღიან კარცერში.

მე კიდე არაფერი, ცალი თვალი დავკარგე და ხალხს ისეთი რაღაცეები აქვს გადატანილი, ვერც წარმოიდგენთ.

რიგში გვაყენებდნენ და სათითაოდ გავყავდით საცემად. დაგაყენებდნენ შუაში და ყველა მხრიდან გირტყამდნენ. პირველი გხვდებოდა უკნიდან, ყურებზე ერთდროულად – ყურის ბარაბანები ხშირად სკდება ხოლმე მაგ დარტყმისგან. მეც გამიხეთქეს ერთხელ. ერთს სანამ სცემდნენ, სხვები ველოდებოდით ჩვენ რიგს, ხელში ყველას გვეჭირა საბუთი და ვიდექით გაუნძრევლად. ყვირილი კი გვესმოდა, მაგრამ გახედვის უფლება არ გვქონდა. გავიხედავდით და უარესად მოგვხვდებოდა ჩვენც და იმასაც. ყველაზე სასტიკად ყაჩაღობაზე დაჭერილებს სცემდნენ.

ლოგინის ქვეშ აგდებდნენ ბიჭებს და ისე ურტყამდნენ, ზემოდან წყალს ასხამდნენ და ახრჩობდნენ. პატარები, ოცი წლისები უფრო არ ემორჩილებოდნენ და იმათთვის განსაკუთრებით საზიზღრობებს იგონებდნენ. ოთხზე რომ დააყენებ ოცი წლის ბიჭს და საპონს აჭმევ.

ციხის აბანო იყო ცემის ადგილი. დუბინკებით გვცემდნენ.

 ზედმეტი კოვზი ხომ არ გაქვს, თეფში თუა გარეცხილი, მტვერი ხომ არ არის სადმე – ყველაფერზე ცემა იყო. დადგებოდნენ ოფიცრები, ბადრაგები და იწყებოდა. ერთობოდნენ თვითონ მგონი. ახალგაზრდა ბიჭები ისეთ დღეში ჩააგდეს, ჯერ ერთმა, მერე მეორემ მუცელი გადაიხსნეს. ვერ მოითმინეს და ტუალეტში მუცელი გადაიხსნეს. ძლივს გადაარჩინეს. ერთ-ერთს პატრონი ჰყავდა და გადაიყვანეს რეზბალნიცაზე, მიკერეს-მოკერეს და მოიყვანეს ისევ. თორემ სხვა დროს ეგეთ რაღაცაზე მთელ კამერას ანგრევდნენ, ყველას გვცემდნენ, რომ მეორედ არავის აღარ გაებედა ეგეთი რამე.

ვნატრულობდი, ნეტა წავიდეს-მეთქი დედაჩემი ევროპაში და რაღაც პლაკატზე დაწეროს HELP! იქნებ ვინმემ გვიშველოს-თქო ამას ვნატრულობდი.

ბოლოს მეგონა, ქვა ვიყავი. ფსიქიკა მომიშალეს. უფლებაზე აღარ არის ლაპარაკი, არაფერი არ იყავი.

დავსხდებოდით და რომ მოყვებოდნენ, მე ექვსი წელი მქონდა მოსჯილი და ზოგს 18, ზოგს 19, ზოგს 20 და რა უფლება მქონდა, რამე მეთქვა.

გავა წლები-მეთქი და რამე იქნება, აი, ხუთი წლის მერე რა იქნება, იმას წარმოვიდგენდით, რო შეიძლება უცებ ბომბი დაეცეს, შეიძლება ომი დაიწყოს და ომში გაგვიშვან, ან რაღაცა სხვა მოხდეს და ეგრე ვამხნევებდით ერთმანეთს.

GCRT-ში მამიდაშვილმა მიმიყვანა რო გამოვედი. ცუდად ვარ-თქო, მაგას ვუთხარი. იმდენი რამე მაწუხებდა. შიშები მქონდა, არ მეძინა. გამოვედი და აქ პრობლემები დამხვდა, ოჯახი მისახედი. მანდ მიშველეს. ძილის პრობლემა მომიგვარდა, შიშები მომეხსნა. ოპერაცია გამიკეთეს. ამოვისუნთქე, დღესაც ვლოცავ მაგათ.

ყველას სჭირდება ეს რეაბილიტაცია, ვინც ციხიდან გამოდის.  

ცარიელი ვიყავი, უსულო, არც არაფრის იმედი.

ქართველმა ქართველს ეგეთი რამე არ უნდა გაუკეთოს, ეგ არი და ეგ. ჩვენ შვილებმა ეს ზღაპრად მინდა მოისმინონ, დაჟე ხანდახან ვფიქრობ, იქნებ არც მოისმინონ-მეთქი.

ფოტო: საბა სორდია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა