გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მეტაფორები | ტატო ანთაძე

სამყარო, ელემენტარული ნაწილაკებით დაწყებული, გალაქტიკებით დამთავრებული, ძალიან უცნაური, ქაოსური ადგილია. ჩვენი შემეცნების უნარი კი მეტწილად ჩვენივე ბიოლოგიური ორგანიზმებითაა განსაზღვრული. მაგალითად, ადამიანის მხედველობა შეზღუდულია სინათლის ხილული სპექტრით, ცისარტყელას ფერებით, მაშინ როცა არსებობენ ცხოველები, რომლებიც ინფრაწითელ და რადიო გამოსხივებასაც აღიქვამენ.

ადამიანის გარე სამყაროსთან ურთიერთქმედება მეტწილად არაცნობიერად ხდება. სიარულისას ფიქრი არ გვჭირდება, საუბრისას ყველა სიტყვას თითქოს არ ვარჩევთ და ცნებებზე დიდხანს არ ვფიქრობთ. ყველა ბიოლოგიური ორგანიზმი გარე, ქაოსურ სამყაროს გარკვეულ ჩარჩოებში აწესებს და ასე აღიქვამს მოვლენებს. სოციალური და ბიოლოგიური მოცემულობის გათვალისწინებით ვქმნით ცნებებს როგორიცაა „კარგი“ და „ცუდი“, „ლამაზი“ და „უშნო“ და ა.შ.

მეცნიერებაში ცნების განმარტება ხშირად პირობითია და გამოყენების მიხედვით ხდება. მაგალითად, ბიოლოგიაში ენერგიის ცნებას ხშირად სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე ფიზიკაში. თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში და საუბარში ცნებების ზუსტი განსაზღვრების შემუშავებაზე, რომელიც ნორმალურ განაწილებას იძლევა, დროს არ ვხარჯავთ. სიტყვების მნიშვნელობას და ცნებებს ჩვენ საზოგადოებისგან ვსწავლობთ, იქნებიან ეს მშობლები, მეგობრები თუ თანამშრომლები. საინტერესო აქ კი ისაა, რომ ხშირად ჩვენ მიერ გამოყენებული ცნებები მეტაფორებია. ენათმეცნიერი ჯორჯ ლაკოფის მაგალითი რომ მოვიყვანო, ენა ცხადყოფს როგორია დროის სოციალური გაგება:

„ამ პროექტში დიდი დრო ჩავდე
„რამდენი საათი დავხარჯე დოტას თამაშში“
„ინსტაგრამი წავშალე იმიტომ, რომ ბევრ დროს მართმევდა
გიღირს საათები უსმინო შენი შეყვარებულის ლაპარაკს კოლექტივის სიმღერებზე?“
„გომბორით წადი თელავში, დროს დაზოგავ


თუ აქამდე ვერ მიხვდით საითკენ მიმყავს საუბარი, ერთ მაგალითსაც მოვიყვან. პოპულარული გამონათქვამი:

„დრო ფულია“

დროის ცნება ყოველდღიურ გამოყენებაში ძალიან განსხვავდება დროის ცნების გამოყენებისგან ფიზიკაში. დრო, კულტურიდან გამომდინარე, ღირებული რესურსია, რადგან ის თითქოს ამოწურვადია. ნელ-ნელა მივეჩვიეთ, რომ მაგალითად ანაზღაურება დროზე დამოკიდებულია, ხელფასს ხშირად საათობრივად, თვიურად ან წლიურად ვიღებთ. ლაკოფის განმარტებით, „დრო ფულია“ სტრუქტურული მეტაფორაა, ანუ ერთი ცნება მეორე ცნებითაა განმარტებული.[1]

საზოგადოებაში მეტაფორებს ხშირად ენიჭებათ ღირებულება., მაგალითად ეგრეთწოდებული ორიენტაციული მეტაფორები ავიღოთ - „ზემოთ კარგს ნიშნავს, ქვემოთ ცუდს“:

„მეგობრის სიკვდილმა დეპრესიაში ჩამაგდო
„თავზარი დამეცა
„მაო ძედუნმა ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა


ქართულში ორიენტაციული მეტაფორების განხილვა ცოტა რთულია, რადგან ხშირად ორიენტაციის მანიშნებელი (ზემოთ, ქვემოთ) მორფოლოგიის ნაწილია. ინგლისური მაგალითები ასე ჟღერს:  “I’m feeling down” (თავს ქვემოთ ვგრძნობ).

„ზემოთ კარგი, ქვემოთ ცუდი“ რელიგიურ კონტექსტშიც საინტერესოა. „ამაღლება“ ყოველთვის სამოთხესთან, ღმერთთან დაახლოებასთანაა კავშირში, ხოლო „დაცემა“, „დამარცხება“ თითქმის ყოველთვის რაღაც ცოდვასთან. ზეცა ღმერთთან ასოცირდება, ქვესკნელი ეშმაკთან.

მსგავსად, „მეტი“ ძირითადად  კარგთან ასოცირდება, „ნაკლები“ ცუდთან:

„როგორი გულუხვია“

„ივა სულგრძელი ადამიანია“

„მეზობლად ხელმოკლე ოჯახს ვეხმარებით“

კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო - მსუბუქი კარგია, მძიმე ცუდია:

„მარიამს ბოლო დროს მძიმე ხასიათი აქვს“

„შენი დარდი გულზე ლოდივით მაწევს“

„კიდევ კარგი ვოვა არუთინიანი დაიჭირეს, გულზე მომეშვა“

 


ჩემ ნახატს შენ ჩარჩოში არ ჩავსვამ


იმის გამო, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტაფორებს დიდი ძალა აქვთ და ხშირად მეტაფორულად ვაზროვნებთ, მეტად მნიშვნელოვანია როგორ გადმოვცემთ სათქმელს. აქ ყველაზე კარგად ჩნდება მეტაფორების მნიშვნელობა პოლიტიკაში და ეკონომიკაში. მოდი ჰიპოთეზური მაგალითი განვიხილოთ.

დავუშვათ, გაქვთ მაღაზია და მომხმარებლების გამოკითხვის საფუძველზე აღმოაჩინეთ, რომ უმეტესობა თქვენი სერვისით კმაყოფილი დარჩა. სამომავლო რეკლამაში შეგიძლიათ დაწეროთ:

„მომხმარებლების 10% პროცენტი ჩვენი პროდუქტით უკმაყოფილოა“, ან „მომხმარებლების 90% ჩვენი პროდუქტით კმაყოფილია“. თუ ძალიან მოინდომეთ, შეგიძლიათ დაწეროთ „10-დან 9 მომხმარებელი ჩვენი პროდუქტით ძალიან კმაყოფილია“.  10-დან 9 თითქოს უფრო მეტად ჟღერს, ვიდრე 90%, თუმცა ეს კიდევ სხვა საკითხია.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატი იშვიათად იტყვის, რომ „ჩვენ გავზრდით გადასახადებს“, მეტად სავარაუდოა სხვა ლოზუნგი შეირჩეს, მაგალითად „დავეხმარებით გაჭირვებულებს“.

ტერმინოლოგიის მნიშვნელობა კიდევ უფრო ცხადი გახდა პანდემიის პირობებში. ვაქცინისადმი კეთილგანწყობა მეტად სავარაუდოა თუ მავანი ასეთ სათაურს წაიკითხავს: “Pfizer-ით აცრილთა 80% დელტა შტამით არ ინფიცირდება“, ნაკლებად მომხიბვლელია, „აცრილთა 20% დელტა შტამით დაინფიცირდა“ და ა.შ.

პოლიტიკურ დებატში გამარჯვებული ხშირად ისაა ვინც ცნებებს აწესებს.

მაგალითად, თუ გადასახადის გაზრდის მომხრეებიც „გადასახადების გაზრდას“ გამოიყენებენ საუბრისას, მეტად სავარაუდოა, რომ ადამიანები ინსტინქტურად ამ არგუმენტის წინააღმდეგ განეწყობიან. ცნებების განსაზღვრის მნიშვნელობა ნამახვანჰესის საპროტესტო აქციების დროს ვიხილეთ.

23 მაისს თბილისში სიტყვით გამოსვლისას, რიონის ხეობის მცველების წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა შემდეგი განაცხადა:

„თუ ხვალ 12 საათამდე მოთხოვნები არ შესრულდება, თბილისის პარალიზებას მოვახდენთ“, - აქ გოლეთიანმა არასწორი მეტაფორა აარჩია. ისედაც პოლიტიზებული საკითხი, რომლის მუდმივი უარყოფითი გაშუქება მიმდინარეობს, მსგავსმა ტერმინოლოგიამ კიდევ უფრო დაამძიმა. მომენტალურად, გოლეთიანის სიტყვას POSTV-ზე გამოხმაურება მოჰყვა, გური სულთანიშვილის თქმით:

„როდესაც შენ ლაპარაკობ თბილისის პარალიზებაზე... აი რა სტკივა დღევანდელ ქართველს, აი დოლარის კურსი მაგალითად, რომელმაც  ჩამოიწია, 3.2-ზეა  და თბილისის პარალიზება რას გამოიწვევს? ისევ ლარის გაუფასურებას და დოლარის გამყარებას“.

ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ ალბათ გეტყვით, რომ მელიქიშვილის გადაკეტვა რამდენიმე საათით დოლარის კურსს არაფრით შეცვლის მაგრამ სულთანიშვილის მეტაფორები შთამბეჭდავია. პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ დოლარის კურსმა „ჩამოიწია“ (ანუ ძლივს რაღაც კარგი მოხდა), მაგრამ თუ პარალიზება (ცუდი) მოხდება ქალაქის, ლარი ისევ გაუფასურდება. მარტივად რომ ითქვას, გოლეთიანმა არასწორი მეტაფორა შეარჩია და მისი მოძრაობის კრიტიკოსმა ეს სათავისოდ გამოიყენა. მიანიშნა, რომ გოლეთიანის ქმედებები საქმეს ისევ გააფუჭებს.

 


ბერა და პოლიტიკური კოგნიციის მოდელი

ის თუ ვის მისცემს მავანი ხმას არჩევნებზე ხშირად პარტიულ ლოზუნგებსა და სათაურებისთვის განკუთვნილ განცხადებებს არ სცდება. „ადამიანები ხმას მაინცდამაინც საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე არ აძლევენ“, - წერს ლაკოფი. „ისინი ხმას აძლევენ თავიანთი იდენტობიდან, ღირებულებებიდან გამომდინარე. ხმას აძლევენ იმის მიხედვით თუ ვისთან იდენტიფიცირდებიან“.[2]

კოგნიტიური ფსიქოლოგებისთვის ცნობილია „ინფორმაციის გადამუშავების მოდელი“, რომლის მიხედვითაც ტვინი „ლიმიტირებული ინფორმაციის პროცესორივითაა, რომელსაც სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციის გადამუშავება უწევს... ამისთვის საჭიროა სქემები ან პოლიტიკური რუკები, რომელიც განასხვავებს პოტენციურ პოლიტიკურ ინფორმაციას“. [3]

პოლიტიკური კოგნიციის თეორიის მიხედვით, ადამიანები აღჭურვილი არიან ერთგვარი სქემებით ან ფილტრებით, რომელშიც ინფორმაციას ატარებენ. ეს „კოგნიტიური სქემები“ ხშირად პირადი გამოცდილებიდან და წარმოდგენებიდან ყალიბდება. როცა ჩვენ ახალ ინფორმაციას ვიღებთ და მეტაფორულად აღქმის ამ ფილტრებში ვატარებთ, შემდეგ ვწყვეტთ რამდენად მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის.

სამართლის სოციალური და პიროვნული გაგება ხშირად აცდენაშია სამართლის აკადემიურ გაგებასთან.

ადგილობრივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შევხედოთ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას სატელეფონო საუბრების საქმეს, რომელიც პირველად პირველმა არხმა გაავრცელა.

სატელეფონო საუბრების მიხედვით, ბერა სთხოვდა „უფროსებს“ რომ სხვადასხვა ადამიანებთან მისულიყვნენ, რომლებიც ბერას facebook-ზე აგინებდნენ და “დალაპარაკებოდნენ”.

იმედთან მიცემულ ინტერვიუში ბერამ ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო და ახსნა, რომ დედამისს, მისთვის ყველაზე „წმინდა“ ადამიანს ვინც შეურაცხყოფდა, ყველას პასუხს მოთხოვდა. სკანდალური ჩანაწერების განხილვისას იშვიათად იყო საუბარი იმის თაობაზე თუ რამდენად მართებულია ბერას დაცვის წევრები მივიდნენ არასრულწლოვან ბავშვებთან და საქმე გაურჩიონ ფეისბუქ კომენტარების გამო. ბევრს არ უკითხავს რატომ არ გამოიძახა ბერამ პოლიცია თუ მაგალითად მუქარას რეალურად აღიქვამდა, როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა მსგავს „გარჩევებზე“. დისკუსია წავიდა იმის თაობაზე თუ რამდენად „კაცურად“ მოიქცა ბერა, „როგორი ტიპია“ ირაკლი ღარიბაშვილი და ა.შ. აქაც ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა ბერას სენტიმენტი, რადგან დედის გინება ჩვენთან შეურაცხყოფის უმაღლეს ფორმად მოიაზრება.

პოლიტიკური დისკუსიისას, ხშირად გვგონია, რომ ფაქტების მოსახლეობისთვის მიწოდებით, მოსახლეობა სწორ, რაციონალურ დასკვნას გამოიტანს. ცხადია, ფაქტები მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკის კოგნიციური მოდელი ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ ფაქტები საკმარისი არაა. იმის გამო, რომ ჩვენ გარკვეული ფილტრებით ვართ აღჭურვილი, ზოგ ფაქტს უბრალოდ ვერც კი ვხედავთ.

  


ცნებების არარსებობა და ჰიპოკოგნიცია

თავის წიგნში „Don’t think of an elephant” ლაკოფი ანთროპოლოგი ბობ ლევის კვლევას განიხილავს, რომელიც 50-იანებში გამოიცა, მას შემდეგ რაც დიდი ხნის მანძილზე ტაიტიში სუიციდის უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებელს იკვლევდა.

ლევის დაკვირვებით, ტაიტელებს გლოვის ცნება არ ჰქონდათ. ცხადია, ისინი გლოვობდნენ და მაგალითად ახლობლის გარდაცვალებით წუხდნენ, თუმცა ამ ემოციისთვის სახელი არ ჰქონდათ და „ნორმალურ ემოციად“ არ აღიქვამდნენ. ლაკოფი კვლევას ცოტა ამარტივებს და ასკვნის, რომ მაღალი სუიციდი სწორედ ცნების ნაკლებობას უკავშირდება. ლევი თავის კვლევაში ამტკიცებს, რომ ტაიტელები სევდას, მწუხარებას და გლოვას, რაც ჩვენთვის ნაცნობი ცნებებია, როგორც ავადმყოფობას ისე აღიქვამდნენ. ეს მაგალითი ჰიპოკოგნიციის და ნორმალიზაციის კარგი ილუსტრაციაა.

ჰიპოკოგნიციის ფენომენი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ცნების ნაკლებობა გარკვეული მოვლენისთვის ან ემოციისთვის, რაც კომუნიკაციას ართულებს.  როცა მაგალითად სევდას ან გლოვას, ჩვენთვის ძალიან აშკარა შეგრძნებებს შესატყვისი არ აქვს რაიმე საზოგადოებაში, მასზე სხვა ადამიანებთან საუბარი ძალიან რთულია, ამიტომ რჩება შეგრძნებები, მაგრამ აღარაა საჭირო ცნებები, რომ ამ შეგრძნებებს რამე ვუშველოთ.

რიგ შემთხვევებში, საზოგადოებაში ცნებების ნაკლებობა გარკვეული შეგრძნებების ნორმალიზებას, ანუ მათ ნორმალურ მოვლენად აღქმას ართულებს. საქართველოში არსებული ჰიპოკოგნიციის მაგალითებზე სპეკულაცია შეგვიძლია. მაგალითად, დეპრესია, შფოთვა, პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობა (PTSD) და მსგავსი ფსიქიკური აშლილობების შენიშვნა ჩვენს ქვეყანაში იშვიათია. მავანს შეიძლება დეპრესიის ყველა სიმპტომი ჰქონდეს, მაგრამ თავში აზრადაც არ მოუვიდეს რომ დეპრესია აქვს. ამას საზოგადოებაზე სავალალო შედეგები აქვს. მაგალითად, ცნობილია, რომ პოსტ ტრავმატული სტრესული აშლილობა ომის ვეტერანებში, სხვა ფაქტორებთან ერთად (მაგალითად ალკოჰოლის მოხმარება) ძალადობრივ ტენდენციებს მნიშვნელოვნად ზრდის.[4]

საქართველოში, სადაც ოჯახური ძალადობა მძიმე პრობლემაა, მთელი თაობები არსებობს, რომლებმაც სისხლიანი ომები და ენითაუწერელი ტრაგედიები გამოიარეს.

სავარაუდოა, რომ უამრავ ადამიანს პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობა აქვს, თუმცა ამის შესახებ არც კი იციან.

ჰიპოკოგნიცია და გარკვეული მეტაფორების ნაკლებობა პოპულაციაში ან კულტურაში კვლევის საინტერესო საგანია. ამას გარდა, კულტურისთვის სახასიათო მეტაფორული აზროვნების კვლევით საშუალება გვეძლევა გარკვეულ საკითხებზე ცნობიერება ავამაღლოთ, იქნება ეს პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობა თუ რაიმე სხვა. ამ მხრივ, მეტაფორების შესწავლა კოგნიტიურ ენათმეცნიერებაში და ფსიქოლოგიაში ბოლო წლებში ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა.

 


რატომ ვერ ვყიდით იდეებს

ლაკოფი წერს, რომ თუნდაც არჩევნებში, ადამიანები ხშირად თავიანთი ინტერესების საპირისპირო პოზიციას აფიქსირებენ. მას კალიფორნიის 2003 წლის არჩევნები მოჰყავს და გრეი დევისის კანდიდატურას განიხილავს. ორი კანდიდატის შედარებისას, კალიფორნიის პროფესიული კავშირები ხშირად ძალიან ნათლად აჩვენებდნენ, რომ გრეი დევისის პოზიციები ხალხისთვის, მითუმეტეს საშუალო კლასისთვის უფრო სასარგებლო იყო და რომ შვარცნეგერის არჩევის შემთხვევაში იგივე პროფესიულ კავშირებს ზიანი მიადგებოდათ.

“ფოკუს ჯგუფებში პროფესიული კავშირის წევრებს ეკითხებოდნენ, ‘ვისი პოზიციები ჯობია თქვენთვის, შვარცნეგერის თუ დევისის?’ უმეტესობა უპასუხებდა, ‘დევისის, ცხადია დევისის’, თუმცა კითხვაზე თუ ვის აძლევდნენ ხალხს, უმეტესობა შვარცნეგერს ამბობდა”.[5] 

ამ დაკვირვებაზე როჯერ უოტერსის ფრაზა მახსენდება, “You lean to the left, but you vote to the right” (შენ იხრები მარცხნივ, მაგრამ ხმას მაინც მარჯვენას აძლევ). მსგავსი დამოკიდებულება მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. როცა ამომრჩეველთან საუბრობთ სხვადასხვა პროგრესულ საკითხებზე, მაგალითად უფასო ჯანდაცვაზე, უფასო განათლებაზე, მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდაზე და ა.შ ხშირად პროგრესული გამოწვევები მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა როცა ხმის მიცემის დრო დგება, ეს საკითხები თითქოს ჩრდილში ინაცვლებს.

ლაკოფი ვარაუდობს, რომ აშშ-ის მოსახლეობა სახელმწიფო მოწყობაზე წარმოდგენას ოჯახური გამოცდილებიდან იქმნის. ის გამოყოფს ოჯახის ორ მოდელს, “მკაცრი მამის” მოდელი, სადაც აქცენტია დისციპლინაზე და “მზრუნველი მშობლის” მოდელი. ლაკოფის თქმით, კონსერვატორები ძირითადად მკაცრი მამის მოდელს მიყვებიან და მათი წარმოდგენა პოლიტიკაზეც ამას ეფუძნება, ხოლო ლიბერალები ძირითადად მზრუნველი მშობლის მეტაფორაზე აკეთებენ აქცენტს.

ლაკოფი წერს, რომ ამ პოლიტიკურ თამაშში დიდი ხნის მანძილზე კონსერვატორები იმარჯვებდნენ იმიტომ, რომ მათ პირველმა შენიშნეს მეტაფორების მნიშვნელობა. Heritage Foundation და მსგავსი იდეოლოგიური ორგანიზაციები ნიქსონის პრეზიდენტობიდან მოყოლებული უზარმაზარ რესურსს დებენ მეტაფორების შესწავლაში, რომლითაც ამომრჩევლები ხელმძღვანელობენ.

ხშირად პოლიტიკოსების მცდელობები სხვადასხვა დემოგრაფიები მოიზიდონ ცოტა კომიკურია. მაგალითად, აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ლათინო-ამერიკელების ხმების მოსაგებად, ბაიდენმა ერთ-ერთი გამოსვლისას პოპულარული ესპანური სიმღერა “Despacito” ჩართო, ჰილარი კლინტონი კი შავკანიან ამომრჩევლებთან აღნიშნავდა, რომ ჩანთით მუდამ დააქვს ცხარე სოუსი. თუმცა, იდენტობის პოლიტიკის უფრო წარმატებული (ნაკლებად სტერეოტიპული) მაგალითებიც არსებობს.

ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკის ლიბერალურ-კონსერვატორული დაყოფა ნაკლებად აშკარაა, აქაური ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის გაგება ცოტა განსხვავებულია, ისევე როგორც ოჯახის სტრუქტურები. პროგრესული პოლიტიკის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პროგრესულმა ორგანიზაციებმა უბრალოდ ფაქტები კი არ გააჟღერონ, არამედ ფაქტები კონკრეტული დემოგრაფიებისთვის უფრო რელევანტური კუთხით წარმოაჩინონ. თუმცა, ეს მხოლოდ პროგრესულ პოლიტიკას არ ეხება.

თუ გვინდა გვესმოდეს რეალურად “რას ფიქრობს ხალხი”, ვფიქრობ უნდა მივყვეთ ლაკოფის რჩევას და შევისწავლოთ რაზე, როგორ და რატომ ფიქრობს ხალხი. ეს ერთი მხრივ საშუალებას მოგვცემს უფრო ნაყოფიერი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს, მეორე მხრივ კი წარმოდგენას შეგვიქმნის მეტაფორებზე, რომლებითაც ვცხოვრობთ.

  

მითითებული წყაროები: 

[1] George Lakoff, Metaphors We Live By, გვ.5-26

[2] George Lakoff, Don’t Think of an Elephant, გვ.20

[3] Jeffery Scott Mio, Metaphor and Politics

[4] Violent behaviour and post-traumatic stress disorder in US Iraq and Afghanistan veterans

[5] George Lakoff, Don’t Think of an Elephant, გვ.19

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა