ბიოლოგია | ყოველდღიურობის მეტაფორა
ბიოლოგობაზე პირველად რომ დავფიქრდი ჯერ აღფრთოვანება და მერე ბევრი კითხვის ნიშანი იყო.
ბიოლოგიური პროცესები იმდენად გენიალური და ამოუცნობი მეჩვენებოდა, რომ სულ მჯეროდა რაღაცის მეტაფორაა-მეთქი. იმისიც მჯერა, რომ სამყაროს ყველა ფერს მხოლოდ მაშინ დაინახავ, როცა საგნებს შორის ურთიერთკავშირს იგრძნობ. იქნებ, ბიოლოგიური ⁷მიკროსამყარო რეალური ცხოვრების პროექციაა ან პირიქით.
თვალით უხილავი ცოცხალი უჯრედები რთულ სასიგნალო გზებს ხლართავენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან, შემოჭრილ მიკრობებს ებრძვიან და მათზე ისტორიებს სამუდამოდ იმახსოვრებენ. მომავალში კი ამ გამოცდილებას ხშირად გამარჯვებად აქცევენ.
გენეტიკური კოდი ინფორმაციის საცავია, ლინგვისტიკური სისტემა, რომელიც ბიოლოგიური სიტყვებისგან შედგება. ტრანსლაციისას კი ჩაწერილი სიტყვები ითარგმნება და მატერიად იქცევა.
როგორც ფოტოგრაფიაში ფირის გამჟღავნება - კოდონებშიც ასე იმალება ინფორმაცია, ნეგატივივით მჟღავნდება და პოზიტიური კადრები - ცილოვანი მოლეკულები ჩნდება.
ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ამ ჰარმონიულად მო წყობილ ორგანიზმს, ზოგჯერ შეცდომები ეპარება. მათ გამოსასწორებლად ათასნაირ გზას იგონებს, ხან კი შეცდომას მოცემულობად იღებს და სათავისოდ იყენებს. შემთხვევითი მუტაციები შეიძლება გადარჩენის და რაღაც ახლის დაბადების მიზეზიც გახდეს.
თავისებური წესებით მოწყობილი ბიოლოგიური მიკროსამყარო, ერთი შეხედვით, შეიძლება ჩაკეტილი და უკარება მოგეჩვენოთ. სინამდვილეში, კი, ეს ღია სისტემაა, რომელიც ქაოსურ გარემოსთან მუდმივ დიალოგშია - მასთან ენერგიას იცვლის, რაღაცებს იღებს ან პირიქით გამოყოფს გარეთ. ის არც სიახლეებს უშინდება და მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა საკუთარი წესრიგის შენარჩუნებისთვის გარდაქმნა სჭირდება. საგნების მუდმივ ურთიერთკავშირში იმყოფება და ეს ყველაფერი ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია.
ფოტო-ვიდეო მასალა გადაღებულია საქართველის აგრარული უნივერსიტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე.