გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიყვარხარ და რა ვქნა!..

კახა ბაკურაძეს პირველად უხსოვარ დროს და ძალიან შორს გადავეყარე, ქალაქ საარბრიუკენში, სადაც "ფაუსტზე" დამპატიჟეს, ქართული დასიაო, მახარეს, და მე სულ არ გამიხარდა - უცხო მხარეში რად მინდოდა ქართული დასი? მასპინძლებს დავნებდი, წავედი, და დღემდე მახსოვს ის "ფაუსტი" - "ფაუსტი" უსიტყვოდ და გულის განმგმირავად. მერე კახა ბაკურაძე გამაცნეს და ვუთხარი, რომ ეს იყო შესანიშნავი წარმოდგენა, მან გამიღიმა, და მორჩა, და მე ცოტა მეწყინა - სულ ეს იყო?

მას მერე წელი არ გასულა, რომ კახა ბაკურაძესთან არ მივსულიყავი და არ მეთქვა, რომ შესანიშნავი რამ გააკეთა. მან გააკეთა მოძრაობის თეატრი.

თქვენც იცით ეს ქალაქი. აქ არ არსებობს ცნება „ლოღიკა“. აქ არის მხოლოდ „აი, მე ახლა ასე მომინდა“ და არც არავის აინტერესებს, შენ რა მოგივა.

ამ ქალაქში სულ უფრო ნაკლები ფერი რჩება, და, როგორც ჩვენი ამბის მთავარი გმირი, კახა ბაკურაძე იტყვის ხოლმე, ეს ქალაქი არის დიდი ბეტონის ზონა.

ერთი-ორი ადგილიღა დარჩა, სადაც მიხვალ და აღმოაჩენ, რომ ნუ იტყვი, გაზაფხული დამდგარა! მაგალითად, მუშტაიდის ბაღი. და ამ მუშტაიდის ბაღში დგას თეატრი, უფრო სწორად, თეატრის შენობა დგას, იმიტომ რომ კახა ბაკურაძის თეატრი არასოდეს დგას ერთ ადგილას, სულ მოძრაობს. საერთოდ, მოძრაობის თეატრია. ამ თეატრს, ისევე, როგორც კახა ბაკურაძეს, არავინ აფინანსებს, არავინ მფარველობს, ის მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მოძრაობს.

მე მიყვარს წარმოდგენები, რომლებიც არაფერს მავალებს და ჩემგან არაფერს მოითხოვს. მე მიყვარს ბალაგანი და მიყვარს სანახაობა. რაც უფრო ჯადოსნური იქნება, მით უკეთესი. მე მიყვარს მინის ბრილიანტები, ფერადი მოსასხამები, ნამდვილი რაინდები, მფრინავი მზეთუნახავები, ძალიან მიყვარს, როცა დანამდვილებით ვიცი, რომ უფლისწული თავის სატრფოს მაინც დაიხსნის ბოროტი ჯადოქრის კლანჭებისგან, თუნდაც ამისთვის დიდი ხნის დაკარგული ბიძის ხელახლა გაცნობა მოუწიოს... ბიძაო? და დარბაზი იცინის და ტაშს უკრავს, და კახასაც ეცინება, იმიტომ რომ ეს სულელი ბიძა იქვე გამოიგონა, წამოსცდა, წესით, ბაბუაა... სადაური წესით? არა, არა, იყოს ბიძა, კახა, „ფან დოს მაგორიას“ თუ ვუცქერთ, ბიძაც გაგვიხარდება! მთავარია, დროზე მოეგოს გონს ჩვენი მშვენიერი პრინცესა დო!

ადრე, სულ ადრე, სანამ მოძრაობის თეატრის ბიჭები სადღაც, ქალაქის განაპირას, მიტოვებულ თვითმფრინავის სადგომს აღმოაჩენდნენ და მას თეატრად აქცევდნენ, კახა ბაკურაძე და მისი დასი ხან სად იყვნენ და ხან – სად, რაც, ერთი მხრივ, ძალიან კარგი იყო. აი, ჩავედი კვარიათში და ღამით, სანაპიროზე, აღმოვაჩინე ბანაკი, და ვიღაცა ცეცხლს აფრქვევდა, და მეგობარმა ტაში შემოჰკრა: მოძრაობის თეატრი ჩამოსულა! და ის იყო დიდი ღამე, ზღვით და ცხელი ქვიშით და არარსებულ საკრავებზე დაკრული ჰანგებით. ცივ ზამთარში კი, რომ გვიფიქრია, კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდებაო, სამეფო უბნის თეატრში „ჩუმად, რეპეტიციაა!“, და ჩვენც შევედით, ჩუმად, და ნამდვილი ზეიმი იყო, ვნებებით, ბრძოლით, სიყვარულით. სადღაც, ძველი კინოსტუდიის საქმიან ეზოდ ქცეულ კუნჭულში კი, ერთ დღეს უზარმაზარი ხარაჩო აღიმართა, და იქიდან, სულ ზემოდან, ვიღაც კაცი, ტრაგიკული კაცი, კლოუნი, მიყვებოდა, რომ ძალიან ვუყვარვარ, და შეყვარებული წყვილი, როგორც შეყვარებულთა წესია, თავდავიწყებით ცეკვავდა, დაფრინავდა, და მეც ვამბობდი: როგორ მიყვარხარ! მიყვარხარ და რა ვქნა...

ეს ადრე იყო. ახლა უფრო ადვილია: როცა მეტისმეტად მომაწვება ბეტონის ზონა, და ეს, ვაგლახ, სულ უფრო ხშირად ხდება ხოლმე, ზუსტად ვიცი, სადაც უნდა მივიდე. სპექტაკლის მერე კი გარეთ ჩამოვჯდები, კახასთან და მოძრაობის თეატრის მსახიობებთან ერთად, ნიკალას ვარდების აივანს გავხედავთ და ვილაპარაკებთ იმაზე, რომ წინა ღამეს თეატრის შენობაში მავანს მფრინავის აჩრდილი შეხვდა, რომ სავსემთვარობაზე მარგარიტას სჩვევია ბაღში თავისი მარადიული რაინდის ძებნა, და ბოლოს აუცილებლად დავასკვნით, რომ ეს ქალაქი მაგარია. ხოლო იქიდან რომ წამოვალ, ჯადოსნურ სიზმრებს ვნახავ, სიყვარული დამესიზმრება და ვიტყვი: მიყვარხარ და რა ვქნა!..

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა