გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტექნოპარკი

მოგზაურობა ტექნოპარკში

მარო მაყაშვილის აღმართს რომ აუყვები, მთაწმინდის პარკისკენ გადაუხვევ, ნაძვების ქუჩის შესახვევსაც გასცდები, ინოვაციების ქუჩის N7-ში ისეთ ადგილს აღმოაჩენ, არ არსებობს, იქაურობით არ მოიხიბლო და რამის შექმნის სურვილი არ გაგიჩნდეს.

უზარმაზარი ზღაპრული ნაძვების დიდი პარკი პირველია, რაც შლაგბაუმის გავლისთანავე დაგხვდება და ამოგასუნთქებს.შენობის ფასადის ხის, შუშის და რკინის დეტალები კი მიგახვედრებს, რომ შიგნით რაღაც ძალიან საინტერესო ხდება.
Google-ის ოფისის ფოტოების ნახვისას, იმ გარემოში მოხვედრა თუ გინატრია, აქვე თბილისში, ინოვაციების 7-ში სწორედ ასეთ სამყაროში ხვდები. 

ჰაი-ტექის დეტალებს ქართული აგურის კედლები და ძალიან კომფორტული, ნაირ-ნაირი ფერად-ფერადი ჩასაჯდომები ამყუდროებს. განათებებიც თბილი და მყუდრო აქვთ, ობობებს ჰგვანან, ძალიან მომწონს.მთავარ სანახაობამდე მისასვლელად ერთი ნაბიჯი – მისაღებში რეგისტრაცია გაკლია. აქ გამოგკითხავენ ინტერესებს, მისწრაფებებს და შესაბამის სივრცეში გაგისტუმრებენ.

თუ ხარ დიზაინერი, მეწარმე, გამომგონებელი, გაქვს ინოვაციური იდეა და მისი მატერიალიზაციისთვის გჭირდება თანხა, ტექნიკური აღჭურვილობა ან კვალიფიციურ პროფესიონალთან ერთად მასზე მუშაობა, ეს ყველაფერი აქ, ერთ სივრცეში შეგიძლია მიიღო.

ტექნოპარკის თანამშრომელი დაგეხმარება სამგანზომილებიანი პროტოტიპისა თუ მოდელის შექმნაში. დიდი შანსია, აქვე პარტნიორებიც იპოვო, გრანტიც მოიპოვო, იმუშაო, თუნდაც, 24 სააათი, შექმნა შენი პროდუქტი, დააპატენტო და თუ სასურველ შედეგს მიაღწევ, ექსპორტზე მის გატანაშიც კი დაგეხმარებიან.

სასურველი შედეგის მისაღწევად ტექნოპარკში ყველა პირობაა შექმნილი. საერთო სამუშაო სივრცე ისეთია, სულ რომ არაფრის მოგონება გინდოდეს, რაღაცას მაინც შეეცდები.

იცი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab) ერთ ოთახში რა დაგხვდება? სამგანზომილებიანი სკანერი და ყველანაირი 3D პრინტერი, რაც კი აქამდე გამოსულა. იქვე, პირდაპირ და გვერდითა ოთახებში კიდევ ბევრნაირ მაღალტექნოლოგიურ დანადგარს აღმოაჩენ. ერთზე ოთხშრიანი პლატას გაკეთებაც კი შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლოა დამზადდეს მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი. მეორეგან ჰოლოგრამას დაამზადებ, მესამეგან გრავირება შეგიძლია და ასე შემდეგ, შესაძლებლობები ამოუწურავია. შენ მარტო უნდა მოიფიქრო.

ოო, მეორე სართულზე კიდევ სხვა სამყაროა – აქ შოურუმები აქვთ გიგანტებს – Iintel-ს, HP-ს, Autodesk-ს, Samsung-ს, Cisco-ს, Epson-ს. შოურუმში წარმოდგენილი უახლესი პროდუქციაც შენთვისაა, გინდა ვირტუალურ რეალობაში გადაიჭერი და გინდა სინამდვილეში დარჩი და მოსინჯე.

Start-up ინკუბატორში თვით „დელოიტიდან“ დაგხვდებიან და იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს გაგიწევენ. მართვის აკადემიის ექსპერტები მენეჯმენტის, მარკეტინგისა და პერსონალის მართვის ამბებში დაგაკვალიანებენ. შენი შექმნილი პროდუქტი საქართველოს ფარგლებს როგორ გასცდეს, როგორ განავითარო სტრატეგიულად და აწარმოო მარკეტინგი, ამას ნიუ იორკში მოღვაწე „Bright leap“-თან თანამშრომლობით გაიგებ.

აქვე დაგეხმარებიან, შენი პროდუქტი როგორ მოახვედრო App Store-ზე, Google Play-ზე, Amazon-ზე და როგორ წარმოადგინო ფანდრეიზინგის ისეთ დალოცვილ პლატფორმებზე, როგორიც Kickstarter და Indiegogo-ა.

მეტი რაღაა საჭირო? საგამოფენო სივრცე? პროდუქტის შესახებ ხარისხიანი ვიდეორგოლის მომზადება? ამისთვისაც მზადაა ტექნოპარკი. საკონფერენციო დარბაზიც აქვთ, 260 ადამიანს რომ თავისუფლად დაიტევს, იმხელა.

იმდენნაირი სამუშაო თუ შეხვედრის ოთახია, დასაჯდომი, მისაჯდომი, ჩასაფლობი, შესაძრომი კუთხეებით, სათვალავი ამერია. ის კი ზუსტად მახსოვს, რომ ამ ოთახებში ჭკვიანი დაფები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა და ინოვატორებისთვის შთამაგონებელი ძალიან მაგარი ბიბლიოთეკაც დაგხვდება.

ღამითაც თუ დარჩები სამუშაოდ, iDardi-ს ოთახში მოითქვამ სულს. როგორია? ეგ თავად ნახე.

მალე კაფეც ექნებათ, თან ტერასით და მე თუ ვერაფერი გამოვიგონე, ის მაინც ზუსტად ვიცი, კვირაში ერთხელ ავალ, დავჯდები სუფთა ჰაერზე და იმდენს ვუყურებ საინტერესო, ჭკვიან და მონდომებულ ადამიანებს, პოზიტიურად რომ დავიმუხტო და მთელ კვირას მეყოს.

 მდებარეობა: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. N7
მანძილი თავისუფლების მოედნიდან: 6 კმ
მგზავრობის დრო: 15 წუთი
ტრანსპორტი: N90 და N124 ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა