მომავლის მედიის შტრიხები მთაწმინდაზე
"რომელი ფერი ჯობია, თქვენი აზრით?"
"მგონი, ეს უფრო ეფექტურია გარეგნულად";
"მთავარი მიზანი რა არის?";
"ეს გრაფა როგორ უნდა გავაკეთოთ?"
28-დან დაიწყო და 29 იანვრის საღამომდე გაგრძელდა ახალი იდეების, მათი განხორციელების ორიგინალური გზების ძიების დიდი მარათონი მთაწმინდაზე; უფრო სწორად – ჰაკათონი – რადგან ყური უკვე მიეჩვია სწორედ მარათონისგან და ჰაკ-ისგან (hack – როგორც აღმოჩენებზე მიმართული პროგრამირება) შემდგარ ამ ბარბარიზმს ქართულში და არათუ მიეჩვია, იგი სიახლის, ტექნოლოგიურად გამართული შემოქმედებითობის სინონიმადაც იქცა.
ერთი სიტყვით, 28 და 29 იანვარს, ტექნოლოგიურ პარკში, სხვადასხვა მაგიდის გარშემო ასამდე ახალგაზრდა იყო შეკრებილი. გუნდებად დაყოფილები, ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, კვლევების, სტატისტიკის და მსგავსი არცთუ ისე სახალისოდ წასაკითხი მასალების გადმოსაცემად მარტივი, საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გზები მოეძებნათ.
JumpStart Georgia-ს მიერ ორგანიზებული ორდღიანი ჰაკათონი მონაცემების ვიზუალიზაციის თემას ეძღვნებოდა და მისი მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდების მეთოდების დახვეწა და ახალი გზების პოპულარიზაცია იყო. იდეის ავტორები ჯამპსტარტის თანამშრომლები: ნინო მაჭარაშვილი და მარიამ გამხარაშვილი არიან.
„დაახლოებით 3 წლის წინ ჩვენ ამავე თემაზე გვქონდა გამოფენა და ვორქშოფი. მონაწილეებმა მაშინვე გამოთქვეს სურვილი, სამომავლოდ უფრო პრაქტიკული, სამუშაო შეხვედრაც გაგვეკეთებინა, რომელშიც თვითონაც ჩაერთვებოდნენ და რამე ახალს შექმნიდნენ. ასე მოვედით ჰაკათონის იდეამდე“, – ამბობს ნინო მაჭარაშვილი.
ჰაკათონზე განაცხადების მიღებისას ბევრად მეტი აპლიკაცია შევიდა, ვიდრე ელოდნენ. საბოლოოდ 240 მსურველიდან 100 შეარჩიეს მაშინ, როცა ღონისძიება თავიდან 50-60 ადამიანზე იყო გათვლილი.
პროექტის სრულყოფაში ჯამპსტარტს რამდენიმე ორგანიზაცია დაეხმარა, მათ შორის – თიბისი ბანკი, რომელიც უკვე წლებია, ცდილობს, ტექნიკური თუ სხვა სახის სიახლეების დანერგვას შეუწყოს ხელი.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრიც იყო, აღნიშნავს, რომ მონაცემთა ვიზუალიზაციის მეთოდს ბანკშიც აქტიურად იყენებენ და ამ მიმართულების დახვეწა და განვითარება ყველასთვის მოგებიანი იქნება:
„ჩვენ სულ ვცდილობთ, ინფოგრაფიკებით და სხვა მარტივი მეთოდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ინვესტორებსაც, ბანკის კლიენტებსაც და ჩვენივე თანამშრომლებსაც. ამიტომ, როდესაც ჯამპსტარტისგან ეს ინიციატივა წამოვიდა, სიამოვნებით დავუდექით გვერდში. მონაცემების ვიზუალიზაცია და გადმოცემის ახალი მეთოდების ძიება სულ უფრო აქტუალური ხდება და გვინდა, საქართველოშიც მეტი პოპულარობა მოიპოვოს“, – აღნიშნავს ნიკა ქურდიანი. მისი აზრით, ჰაკათონში მონაწილე ახალგაზრდებს ჯერ კიდევ დასახვეწი აქვთ მუშაობის მეთოდები და ტექნიკური ცოდნა, თუმცა ის, რომ ამდენი ადამიანი დაინტერესდა პროცესში ჩართვით, უკვე ბევრის მანიშნებელია: „რა პროექტებიც ვნახეთ, ძირითადი აქცენტი კეთდება ვებგვერდებში ინტეგრირებულ ტესტებსა და თამაშებზე, რაც თავისთავად საინტერესო და ტრენდულია, მაგრამ კარგი იქნება, თუ მომავალში უფრო მრავალფეროვან ვიზუალურ გადაწყვეტას მოუძებნიან ამოცანებს და დიზაინის კუთხითაც განავითარებენ იდეებს. მთლიანობაში, ცხადია, ჰაკათონი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და იმის აღმოჩენა, რომ ამდენი ცნობისმოყვარე ადამიანი არსებობს, უკვე დიდი პოტენციალის მაჩვენებელია“.
ჰაკათონის მსვლელობისას 14 გუნდი შეიქმნა. თითოეულ მათგანში ჟურნალისტები, პროგრამისტები, კომუნიკაციებისა და მონაცემთა ბაზების სპეციალისტები და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლები ჭარბობდნენ. მონაწილეებმა ორგანიზატორების მიერ შეთავაზებული ოთხი თემიდან მათთვის საინტერესოები აირჩიეს და ორი დღის განმავლობაში ამუშავებდნენ პრეზენტაციაზე წარსადგენ გეგმას. თემების ჩამონათვალი ასეთი იყო: საქართველოს ბიუჯეტი, უძრავი ქონების ბაზრის ინდექსი, ბავშვთა სიღარიბე და მოსახლეობის კეთილდღეობა და კავკასიის ბარომეტრი.
„ყოველთვის გამოწვევაა ხოლმე კვლევით ორგანიზაციებში, როგორ მოახერხო მონაცემების ვიზუალიზაცია და სწორი კომუნიკაცია იმ სეგმენტთან, ვისზეც ესა თუ ის კვლევაა გათვლილი. ძალიან საინტერესო იყო აქ ყოფნა, შეიძლება ბოლომდე ვერ გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა, მაგრამ მიმართულება მაინც მოგვცა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ორ დღეში შეიძლება სრულიად უცხო ადამიანებს დაუახლოვდე და რაღაც ერთად გააკეთოთ“, – ამბობს მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი, ნინო ზუბაშვილი.
ჰაკატონზე რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა: თიბისი ბანკის მიერ დაწესებული მთავარი პრიზი: 6000 ლარი ორმა გუნდმა გადაინაწილა. პირველი გამარჯვებული ონლაინპორტალის ონ.გე-ს გუნდი გახდა, რომელთაც 4000 ლარი გადაეცათ. მეორე ადგილი კი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (გარბი) გუნდს ერგო და 2 ათასი ლარით დაჯილდოვდა.
„ჩვენ ავირჩიეთ CRRC -ის მიერ შემოთავაზებული თემა, კავკასიის ბარომეტრი, და მათ მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებიდან შევადგინეთ 20-კითხვიანი ტესტი. ახლა მკითხველს საშუალება ექნება, განსაზღვროს, რამდენად კარგად იცნობს ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას და ხომ არ არის ჩაკეტილი საკუთარი მეგობრების წრეში, ანუ საკუთარ ბუშტში“, – აღნიშნავს მარიამ ქიმერიძე, გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი. ჰაკათონზე შემუშავებული პროექტის ინტერგირებას on.ge მალე საკუთარ პორტალზე მოახდენს.
პროფესიულ საქმიანობაში აპირებენ გამოიყენონ ჰაკათონზე შექმნილი „ბიუჯეტის ანატომია“ ტელევიზიის და ონლაინგამოცემის – ტაბულას წარმომადგენლებმაც. ისინი კიდევ ერთ სამუშაო ჯგუფ- Do Minion-თან ერთად Unicef-ის სიმბოლური პრიზის მფლობელები გახდნენ.
„ბიუჯეტის ვიზუალიზაციის გაკეთების იდეა ადრეც გვქონდა, მაგრამ კონკრეტულ კონცეფციამდე არ დასულა, დახვეწა და პრაქტიკული შესრულება სჭირდებოდა, რაც გვეგონა, რომ დიდ დროს წაიღებდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ორ დღეში თავისუფლად შეიძლება ძირითადი ნაწილის გაკეთება. გვინდოდა პერსონიფიცირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ყოფილიყო ეს სქემა და ამიტომ სამინისტროების ნაცვლად, თემატურად წარმოვადგინეთ, რაში რამდენი იხარჯება ჩვენი გადასახადებიდან. ამ ორმა დღემ საქმე გაგვიიოლა და ახლა უკვე „ტაბულაშიც“ შეგვიძლია დავნერგოთ ეს სისტემა“, – ამბობს ჟურნალისტი, სალომე უგულავა.
მონაცემთა ბაზის ვიზუალიზაციის ჰაკათონი საქართველოში წელს პირველად გაიმართა. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება და მალე ტრადიციულ სახეს მიიღებს.