მონუმენტური სიმბოლოები
ვახტანგ გორგასლისა და ქართლის დედის მონუმენტური ქანდაკებები სამოცი წელია, თბილისის ყველაზე ცოცხალი ვიზუალური ხატებია. ელგუჯა ამაშუკელის ვეფხი და მოყმე, დედაენის ძეგლი, ილია ჭავჭავაძის და დავით აღმაშენებლის ძეგლები, მეზღვაურთა მემორიალი დღემდე ქალაქების სავიზიტო ბარათებად რჩება.
ამაშუკელმა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, ახლებური სივრცული აზროვნება შექმნა.
სოცრეალიზმის დოქტრინა უკვე მოძველებული იყო. ხელოვანებმა ახალი ფორმებისა და შინაარსების ძიება დაიწყეს. ელგუჯა ამაშუკელიც საკუთარი ინდივიდუალური სტილითა და მკაფიო ხელწერით, ნამუშევრების შინაარსითა და ფორმით, სწორედ სოცრეალიზმის მთავარ პრინციპებს უპირისპირდებოდა.
ამაშუკელმა ძველი ქართული ლეგენდების, მითოლოგიური და ფოლკლორული სახეებისგან ახალი სიმბოლოები შექმნა და ისინი გრანდიოზულ ობიექტებად, მონუმენტურ ქანდაკებებად აქცია. ძველი ნაციონალური სურათ-ხატების გაცოცხლება, საბჭოთა საქართველოში ქართული იდენტობის შეხსენებას და თვითგამორკვევის წახალისებას ნიშნავდა.
ელგუჯა ამაშუკელი ოცდაათი წლის იყო, როდესაც გორგასლის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. საზოგადოებამაც მოქანდაკე ყველაზე უკეთ ამ ძეგლის შექმნის შემდეგ გაიცნო. ელგუჯას მაშინ ჯერ სახელოსნო არ ჰქონდა, მოდელზე მუშაობა ერთ პატარა ოთახში დაიწყო. მოგვიანებით, მეტეხის პლატოზე, პოლიკლინიკაში, საბჭოთა მთავრობამ სამუშაო სივრცე გამოუყო. ორი წელი ძერწავდა და ამუშავებდა მოდელს. მცირე ხნით საქართველოდან წასვლა მოუხდა. უკან დაბრუნებულს კი, აღარც ოთახი დახვდა და არც მოდელი. მეტეხის რეკონსტრუქციისას ორივე დაუფიქრებლად დაანგრიეს. ელგუჯა ამაშუკელმა ხელახლა დაიწყო მოდელის დამუშავება. „ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო. მეორე ქანდაკება შინაგანად ძლიერი, უფრო სრულყოფილი გამოვიდა“, – ამბობს წლების შემდეგ ამაშუკელი.
მას არც ვახტანგ გორგასლის ძეგლის დასრულების შემდეგ ჰქონია საკუთარი სახელოსნო. სამუშაო სივრცედ ხან მთავრობისგან დროებით გადაცემულ ნაგებობას იყენებდა, ხან გარაჟში, ტრამვაი-ტროლეიბუსის სადგომში, ხანაც ზოოპარკში მუშაობდა.
ვახტანგ გორგასლის ქანდაკებამდე, კომკავშირის ხეივანში თბილისის 1500 წლისთავისათვის შექმნილი ძეგლი – ქართლის დედა დაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საეტაპო ძეგლი საქართველოში მთლიანად ცვლის ქანდაკების სივრცეში აღქმის გამოცდილებას.
მოგვიანებით ელგუჯა ამაშუკელმა ძეგლისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო.
გარდა იმისა, რომ ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრები ქალაქების იერსახეს განსაზღვრავს, მისი შემოქმედება დღემდე ინარჩუნებს სოციალურ და კულტურულ ღირებულებას და ძველი სიმბოლოების ხელახალი გააზრებისთვის ისევ ტოვებს სივრცეს.
ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციაზე, რომელიც 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის ოფიციალური წარმდგენია თიბისი.