მთის გოგოები
06.09.201711 აგვისტო, შუამთობა.
ზემო აჭარა, ზორტიყელი.
მთის ფერდებზე შეფენილი სახლების წინ, ხის გრძელ სკამებზე, სოფლის უხუცესები სხედან. ზოგი ეზოდან, ღობეებზე მკლავებდაბჯენილი ათვალიერებს რამდენიმე მთას შორის მოქცეულ ვაკეს.
მინდორზე სცენას აწყობენ. წინა ღამის წვიმამ მთელი სოფელი აატალახა. თეთრი ლენტით შემოსაზღვრული საჭიდაო მოედანი პატარა გუბეებითაა სავსე. ვიწრო მდინარის გადაღმა, შარაზე ცხენოსნები ჩანან. დოღისათვის ცხენებს ახურებენ.
შუამთობას ნიშნობის და ქორწილების სეზონი იწყება. დოღის შემდეგ, ზეიმი ეშხში რომ შევა, ფლოქვით დატკეპნილ გზაზე სადღესასწაულოდ გამოწყობილი, ცხენებზე ამხედრებული ნეფე-პატარძალი ჩამოივლის. „წელს ხანდაზმული პატარძალი გვყავს. ოცდახუთი წლისაა, ‒ მეუბნება ღიმილით თხელი, თავშლიანი გოგო ნაცრისფერ კაბაში, ‒ მე თხუთმეტისა ვიყავი“. გვერდით ორი წლის ბიჭი უდგას. შვილს მკლავზე იჭერს, ცხენების სარბენი ბილიკისკენ რომ არ გაექცეს.
შარაზე გამოჭენებულ ცხენს მხედარი ზედ ხევის კიდესთან, ორ ფეხზე აყენებს.