გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Night Lab-ის პირველი ჰაკათონი და მისი გამარჯვებულები

Night Lab-ი თბილისის მუნიციპალიტეტის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და „თბილისი სტარტაპ ბიუროს“ ერთობლივი პროექტია. ის საჯარო ღონისძიებების სერიაა, რომლის მიზანიც ისეთი ინოვაციური მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებაა, რომელიც ღამის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Night Lab-ის პირველი ღონისძიება  ჰაკათონი „ღვინის ქარხანაში“ 29-31 მარტს ჩატარდა. მასში მონაწილეობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეეძლო. ჟიურიმ გუნდები შემოქმედებითი აზროვნების, უნიკალური ხედვისა და ინოვაციური იდეების მიხედვით შეარჩია. 15-მა გუნდმა 48 საათის განმავლობაში რამდენიმე თემაზე იმუშავა და მისი განვითარების ინოვაციური გზები ჟიურის დასკვნით ღონისძიებაზე წარუდგინა.

Night Lab-ის პირველი ჰაკათონის თემები იყო: 1. დასაქმება; 2. გარემოს ხმაურით დაბინძურება; 3. ტრანსპორტი; 4. ტურიზმი, ღამის ცხოვრება და კულტურა.

გუნდებმა წარმოადგინეს ციფრული სერვისები, პროდუქტის პროტოტიპები, აპლიკაცია/ვებ-გვერდები, მოწყობილობები ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებები. ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

I ადგილი  „ამპლიტუდა“

რამაზ ჯავახიშვილი  ელექტროინჟინერი, დიზაინერი
ბაჩანა ბერიძე  ელექტროინჟინერი

კატეგორია: ხმაურით გარემოს დაბინძურება

„ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელსაც არა მხოლოდ ნარჩენებით და გამონაბოლქვით, არამედ ხმაურითაც ვაბინძურებთ. ზედმეტი ხმაურის დროს ორგანიზმი მისგან თავდაცვას იწყებს და ამისთვის დიდ ენერგიას ხარჯავს. ეს ჩვენს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს. დღეს საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით უამრავი ადამიანი იღუპება და ამ დაავდებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ხმაურის მაღალი დონეა.

ხმაურით გარემოს დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილები, ბარები, კლუბები, რესტორნებია. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მოწყობილობა, რომელიც ამ ხმაურს ციფრებში, დეციბალებში გამოსახავდა. მოწყობილობის დაწესებულებასთან დამონტაჟების შემდეგ მასზე ხმაურის დონის შესახებ დეტალური ინფორმაცია აისახება. მოწყობილობის დამონტაჟება გაჩერებებზეც შეიძლება, რაც ქალაქში კონკრეტულ ადგილებზე ხმაურის დონის განსაზღვრაში დაგვეხმარება. 

ჩვენ შევქმენით მობილურ აპლიკაციის პროტოტიპიც. აპლიკაციით ნებისმიერ ადამიანს ექნება წვდომა მონაცემებზე და ნახავს თუ სად როგორი ხმაურის დონეა. შევქმნით ვებ-გვერდსაც, სადაც თითოეულ დაწესებულებასთან დამონტაჟებული მოწყობილობა მონაცემებს ამ პლატფორმას გადასცემს, მათ ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ეს ვებ-გვერდი თბილისის მერიის კონტროლის მექანიზმი შეიძლება გახდეს. მისი მეშვეობით მუნიციპალიტეტი სისტემატურად მიიღებს მონაცემებს ხმაურით დაბინძურებაზე, მარტივად გააკონტროლებს და მართავს მას“.

II ადგილი - Denoiser

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტები: არჩილ შარაშენიძე, ივანე კალანდაძე, ნიკოლოზ საკანდელიძე

კატეგორია: ხმაურით გარემოს დაბინძურება

„ჩვენ შევქმენით მოწყობილობის პროტოტიპი, სახელად Denoiser 1.0. ეს პროდუქტი 85 დეციბალზე მაღალ ხმას აღიქვამს და არა მხოლოდ აფიქსირებს ხმაურის დონეს, არამედ, გადაჭარბების შემთხვევაში, გამაფრთხილებელ შეტყობინებასაც უგზავნის დაწესებულებას. 

ასევე, შეიქმნება ვებ პლატფორმა და აპლიკაცია, სადაც მონაცემთა ერთიანი ბაზის ნახვა ნებისმიერს შეეძლება. აქ თავს მოიყრის სტატისტიკური ინფორმაცია ხმაურით დაბინძურებაზე უბნების, ქუჩების, დღეების, კვირების, თვეების მიხედვით. ეს მონაცემები მნიშვენლოვანია არა მხოლოდ ქალაქში მაცხოვრებლებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. ეს ბაზა, როგორც ფაქტი ისე იარსებებს, აღარც მომჩივანს მოუწევს სიმართლის დამტკიცება და აღარც დაწესებულებას“.

III ადგილი - Night Coin

ანრი იაგანაშვილი  UI/UX დიზაინერი
გურამ ნიაზაშვილი  Interface Developer
ანრი ობოლაძე  Back-End Developer
ტატო ბექთაშაშვილი  ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
გიორგი გელაშვილი  Back-End Developer

კატეგორია: ტურიზმი, ღამის ცხოვრება და კულტურა

„ჩვენ შევქმენით აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები თამაშით დააგროვებენ ფულს და ამ ფულის დახარჯვას მხოლოდ ღამის საათებში შეძლებენ. ვფიქრობთ, ეს ღამის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

თამაშში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე მონეტები იქნება გაბნეული. რაიმე კონკრეტულ ადგილზე მოხვედრისას მომხარებელი იქ დაყრილ მონეტებს შეაგროვებს. მონეტები შემდეგ ლარებში დაკონვერტირდება. თუმცა მონეტების შეგროვებისას მას რეკლამების ნახვა მოუწევს. 

ფულს რეკლამის სანაცვლოდ თავად კომპანიები დააბანდებენ. ვთქვათ, მიტანის სერვისმა Wolt-მა რეკლამა ჩვენთან 13:00-14:00 საათზე განათავსა და მონეტები დაყარა იქ, სადაც ბევრი ოფისია. შენ ერთ-ერთ ოფისში მუშაობ, ხსნი აპლიკაციას და შენს ტერიტორიაზე მონეტების შეგროვებას იწყებ. ამ დროს Wolt-ის რეკლამა ჩნდება. და რადგანაც ლანჩის დროა, შესაძლოა, რეკლამამ სწორედ Wolt-ის გამოძახება გადაგაწყვეტინოს. ან სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან დგახარ, იქვე მიმობნეულ მონეტებს აგროვებ და სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მაღაზიის რეკლამას ხედავ. ამ მაღაზიაში შესვლის ალბათობა გაიზრდება.

ჩვენს აპლიკაციაში ისეთი კრიტერიუმებიცაა გათვალისწინებული, როგორიცაა სქესი, ასაკი, ინტერესები და ა.შ. რაც კომპანიებს უფრო მომგებიან პოზიციაში ჩააყენებს. აპლიკაციით რეკლამის დამკვეთს დეტალურ სტასტიკასთან მომენტალურად ექნება წვდომა. 

დღის განმავლობაში დაგროვებული ფული ღამით დაიხარჯება  ეს აპლიკაციის მთავარი მიზანია“. 

პროექტი Night Lab-ი აგრძელებს საჯარო ღონისძიებათა სერიას და ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვანი თემების წამოჭრას გეგმავს. 

 

პროექტის პარტნიორები არიან: GITA, Orient Logic, Grant Thornton Georgia, Spark, Edison, Dunkin, Wendy's და Night Pizza. პროექტის მთავარი მედიაპარტნიორია 4U.ge. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა